„აგვისტოს 5 დღე“ და წითელ ხალიჩაზე ამაყად ჩავლილი ქართული „მედიაბომონდი“

„აგვისტოს 5 დღე“ და წითელ ხალიჩაზე ამაყად ჩავლილი ქართული „მედიაბომონდი“

კობა ნაყოფიამ ბრძანა: „ვინც ამ ფილმს გააკრიტიკებს, სამშობლოს მოღალატეა“. მოქმედ დეპუტატს და „ნიჭიერ პროდიუსერს,“ ასევე მოქმედმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში და, ასევე „ნიჭიერმა პროდიუსერმა“ პაპუნა დავითაიამ „აუტკივარი თავი არ აატკივა“ და „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე მხოლოდ ის ჟურნალისტები მიიწვია, რომლებსაც ფილმის კრიტიკის არც თავი აქვთ და არც სურვილი.

წითელი ხალიჩა ქართული მედიის „ელიტის“ წარმოადგენლებმა: „პრაიმ-ტაიმის“, „რუსთავი-2“-ის, „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის „ვარსკვლავებმა“ გათელეს - ნინო გაბრიაძეს, ზაალ უდუმაშვილს, ნანა ინწკირველს, ნატო ნიჟარაძეს,  ხათუნა იოსავას,  შორენა კირვალიძეს, თაკო ფხაკაძეს, ლევან გახელაძეს, ელენა ბედველს  (ბლუმბერგის წარმომადგენელი საქართველოში), ალეკო ფარულავას და რაც მთავარია, ვანო მერაბიშვილის პირად ჟურნალისტებს - გურამ დონაძეს და კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორს, პრესა.გე–სა და Itv.ge-ს მთავარი რედაქტორს გიორგი კაპანაძეს.

მედიის დანარჩენი წარმომადგენლებისათვის წითელი ხალიჩა არავის გაუფენია, მათ ბილეთის ყიდვის საშუალება დაუტოვეს, თუმცა, როგორც პრემიერის, ისე - წინა დღესაც, კ/თ  „რუსთაველის“ სალაროებში ბილეთები არ იყიდებოდა. მოკლედ, „ელიტა“ „რუსთაველში“ სტოუნის სიახლოვეს, „არაელიტა“ - სტოუნიდან ძალიან შორს. ასეთი იყო ჩანაფიქრი.

არაოფიციალური მონაცემებით, პრემიერაზე დასწრება 1500-5000 ლარად შეიძლებოდა.  პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას კახა ლელაშვილი, „რუსთაველის“ მთავარი ეკონომისტი აცხადებს: „ბილეთის ფასი პრემიერის დღეს 8-14 ლარი ღირდა, ყველა კინოთეატრში ასეთი ფასი იყო და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, კინო „რუსთაველში“ დასწრების მსურველსაც შეეძლოთ ამ ფასად ეყიდათ ბილეთები. ხოლო, რამდენი ბილეთი გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ეს კონფიდენციალურია“.

პაპუნა დავითაიამ თავის ტკივილს „ელიტარული“ ჟურნალისტებიც აარიდა და მათ მოსაწვევები დაურიგა. რა ნიშნით შეარჩია ამ გაურკვეველი დანიშნულების სამინისტროს ხელმძღვანელმა პრემიერისთვის ჟურნალისტები, იმ უბრალო მიზეზით ვერ გავარკვიეთ, რომ დავითაიას „კუთვნილი“ სამინისტრო ჩვენთან კავშირზე არ გამოვიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბერძენიშვილმა, პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას კი განაცხადა: „მე რამდენადაც ვიცი მოსაწვევები პაპუნა დავითაიას სტრუქტურამ გაანაწილა. ჩვენგან იყო მიწვეული თამარ ურუშაძე, იმიტომ რომ იგი ომის დროს პირდაპირ ეთერში დაიჭრა და ამის გამო, ორდენი აქვს მიღებული. აგრეთვე  რატი მუჯირი, რომელიც ამ ფილმში მონაწილეობს, ვიყავით კიდევ მე და გიორგი ჭანტურია. გიორგი ჭანტურია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ერთ-ერთ აქტიური მონაწილე ომის დროს მიმდინარე პროცესების გაშუქებისა და მე, როგორც საინფორმაციოს ხელმძღვანელი“.

ამ ლოგიკით, სხვა საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს ომის პერიოდში ან ეძინათ, ან პლაჟზე ირუჯებოდნენ, ან საზღვარგარეთ მოგზაურობდნენ.

ნათია მიქიაშვილი, ტელეკომპანია „მაესტრო“-ს ჟურნალისტი პრესაგე.ტვ-სთან აცხადებს: „დიდად არ გამკვირვებია ეს არჩევანი, იმიტომ რომ პრემიერაზე ავტორიტეტული და სახელოვანი კინომცოდნეებიც კი არ იყვნენ მიწვეულები. ასე რომ, ჩემთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა, მე არ მიმიღია მოსაწვევი. სოსო თოფურიძე შერონ სტოუნის მძღოლი იყო და დიდი ამბავი, პაპუნა დავითაიას შეერჩია ჟურნალისტები“.  

პრემიერაზე არ მიუწვევიათ ბეჭდური მედიის არც ერთი წარმომადგენელი. ერთადერთი გამონაკლისი თაკო ფხაკაძე აღმოჩნდა. „პრაიმ-ტაიმის“ „წვლილი“ აგვისტოს ომის პერიოდის შემდგომ ეტაპზე გამოიხატა ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნების გამოცემაში. თუმცა, ეს ის წიგნებია, რომელზეც ამბობენ, რომ მისი გამოცემა თბილისის ბიუჯეტმა, რომელსაც ხალხისგან ამოღებული გადასახადებით ავსებენ, დააფინანსა და არა თავად რედაქციამ.

სამაგიეროდ, თაკო ფხაკაძის გაზეთი ერთადერთი გაზეთი იყო, რომელმაც კინოკრიტიკოსის, გოგი გვახარიას დაწუნებული ფილმი მსოფლიო კინოს შედევრად გამოაცხადა. ამ ფონზე მართლაც საცოდაობა იქნებოდა თაკო ფხაკაძეს „ლაივში“ ცალი თვალით მაინც არ დაენახა შერონ სტოუნი.

რატომ არ მიიწვიეს ფილმის პრემიერაზე ბეჭდური მედია - ამ კითხვაზე პაპუნა დავითაიას უნდა გაეცა პასუხი, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, სამინისტროს კარი პრესაგე.ტვ-სთვის დახურული აღმოჩნდა.

„ალია-ჰოლდინგის“ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, რომელიც ომის შემდეგ ახალგორში სეპატარისტებს ოთხი საათის განმავლობაში ყავდათ დაპატიმრებული, პრესაგე.ტვ-სთან საუბარში ამბობს: „ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამაც საკუთარ ხალხს 26 მაისი მოუწყო, არაფერია გასაკვირი. არ მგონია ეგრეთ წოდებულ ელიტარულ და არაელიტარულ ჟურნალისტებად მედია-სივრცის დაყოფა მისაღები იყოს. უბრალოდ, საქართველოში არსებობენ „ნაციონალი ჟურნალისტები“ და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც ხალხი ენდობა. მე ხალხს ვუყვარვარ და სულაც არ მინდა წამიერად, თუნდაც ლაივ-კადრში გარბენილ სტოუნს, პირღია მივაჩერდე. ეს „პრივილეგია“ იმათთვის დამითმია, ვინც ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ პრემიერაზე პაპუნა დავითაიამ მიიწვია.

სხვათა შორის, როცა ფილმის გადაღება დასრულდა და სააკაშვილს ეს „შედევრი“ აჩვენეს, მიშას ფილმი არ მოეწონა და, როგორც მაშინ ამბობდნენ, სააკაშვილმა დახურული ჩვენება მიატოვა. ეს ინფორმაცია მაშინ ნაწილობრივ, ნაციონალებმაც დაუდასტურეს ჩემს კოლეგას, გიორგი საკარულს, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა. თქვენ მეუბნებით, რომ ჟურნალისტები მიიწვიეს იმის მიხედვით, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ომის გაშუქებაში. „ალია-ჰოლდინგი“ და არა მარტო ჩვენ, ომში მიმდინარე პროცესებს დეტალურად და იმაზე მეტად ობიექტურად გადავცემდით, ვიდრე ეს სხვა გამოცემებმა შეძლეს. ამ ნიშნით რომ მიეწვიათ პრემიერაზე ჟურნალისტები, მაშინ იმ სურათში, რომელიც თქვენ მაჩვენეთ, გაცილებით მეტი ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული.

რატომ არ მიიწვიეს სხვები? პაპუნა დავითაია ნაციონალი კი არის, მაგრამ ჭკუა, როგორც ჩანს, აქვს - არცერთი დამოუკიდებელი და თავისუფალი ჟურნალისტი ამ პრემიერას არ დაესწრებოდა ნაციონალებთან ერთად. სისხლიანი 26 მაისის შემდეგ, როგორ შეიძლება ჟურნალისტი ხელისუფლებასთან ერთად, თუნდაც, შერონ სტოუნის და ენდი გარსიას ხათრით მისულიყო კინო „რუსთაველში“?

მე ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში ომის დროს და როგორ იხოხა ჩვენმა პრეზიდენტმა მიწაზე, როგორ „შეჭამა“ ჰალსტუხი და, როცა თუნდაც მსოფლიოში ყველაზე მაგარი რეჟისორი ფილმის პრემიერის დღეს იტყვის, რომ „ენდი გარსიას მდოგვიანი ჰალსტუხის ჭამა უყვარსო“ და ამის შემდეგ, ჩვენი პრეზიდენტი სიცილ-კისკისით მოატარებს  თბილისს, მე ვიტყოდი, უმადურ სტუმრებს საქართველოდან გაატანს ქართულ ოქროს და ათასგვარ სხვა ძვირადღირებულ საჩუქარს, რომელ თავმოყვარეობაზე და რომელ პატრიოტიზმზე შეიძლება ვილაპარაკოთ?

ის, რაც თქვა ვიღაც ამერიკელმა სააკაშვილზე, ჩვეულებრივ რიგით ქართველს რომ ეთქვა, ვანო მერაბიშვილი დაიჭერდა, ხოლო კუბლაშვილი სამუდამო პატირმრობას გამოუწერდა. როგორი შერჩევითი სამართალიც გვაქვს საქართველოში, ისეთივე შერჩევითია ყველაფერი...“