პუტინის რუსეთი აპირებს, საბჭოთა რუსეთის პროპაგანდას გაუსწროს და გაცილებით ეფექტური პროპაგანდა აწარმოოს. ამიერიდან რუსული პროპაგანდა ოფიციალურად დაკანონდება. თუ აქამდე კრემლი თავის სამიზნე ქვეყნებში პროპაგანდას რბილი ძალის მეშვეობით, შედარებით ფარულად ახორციელებდა, ამიერიდან ეს პროპაგანდა გაცილებით ძლიერი და აშკარა გახდება.
საამისოდ რუსეთში უკვე შეიქმნა „საინფორმაციო ოპერაციების ჯარი“. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ აღნიშნული უწყება დაკავდება „გონივრული, პროფესიონალური და ეფექტური“ პროპაგანდით.
შოიგუ არ მალავს, რომ „საინფორმაციო ოპერაციების ჯარი“ გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის სამმართველო, რომელიც საბჭოთა პერიოდში პროპაგანდაზე მუშაობდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ყველაზე ძლიერადაა განვითარებული „კიბერჯარები“ (მასში 1000 ადამიანი მსახურობს და „კიბერჯარებზე“ წელიწადში 300 მილიონი დოლარი იხარჯება), აშკარაა, რომ კრემლის პროპაგანდა კიდევ უფრო შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
რა საფრთხე ემუქრება საქართველოს კრემლის „გონივრული, პროფესიონალური და ეფექტური“ პროპაგანდით და გაძლიერდება თუ არა მეხუთე კოლონა საქართველოში?!
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსული პოლიტიკისთვის პროპაგანდა დამახასიათებელია. თუმცა, რუსეთის მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, გია ხუხაშვილი მაინც არ უთვლის კრემლს მინუსად, როცა იგი ღიად აცხადებს პროპაგანდისტული ზრახვების შესახებ. ექსპერტს მიაჩნია, რომ მალულად რამის კეთება სულაც არა სჯობს გაცხადებულად რამის კეთებას. ამიტომ აჯობებს, მოსკოვმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.
„ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან ეს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებაა. იმ ფაქტის ხმამაღლა გაცხადება, „საინფორმაციო ოპერაციების ჯარს“ ვქმნითო, თავისთავად პროპაგანდისტული ნაბიჯია. რუსები ამით გვეუბნებიან, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაკეთებდით ადრეც და მომავალშიც გავაკეთებთ. პრინციპში, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა და არაერთი ინფორმაცია ვიცით ამის შესახებ. რუსეთი კი ახდენს დემონსტრირებას, რომ ისინი ძლიერები არიან არა მხოლოდ უხეში ძალით, არამედ მზად არიან ჰიბრიდული ტექნოლოგიური ომებისთვისაც. არა მგონია, საქართველოსთვის ამით რაიმე უარესობისკენ შეიცვალოს, უბრალოდ, გაცხადდა ის, რაც ისედაც ხდებოდა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, პროპაგანდის წარმოებას არც შეერთებული შტატები უარყოფს; შესაძლოა, ამერიკას ამის ასეთი ხმამაღალი დემონსტრირება არ მოუხდენია, მაგრამ, თუკი რუსეთი „გონივრული, პროფესიონალური და ეფექტური“ პროპაგანდისთვის 300 მილიონ დოლარს ხარჯავს, ამავე ამოცანებისთვის შეერთებული შტატები რამდენიმე მილიარდს, ანუ ბევრად უფრო მეტს ხარჯავს. თავისთავად, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, განსაკუთრებულია ის, რომ რუსეთმა ხმამაღლა გააკეთა ასეთი განაცხადი და ამაში პროპაგანდის ელემენტები უფრო მეტად ჩადო, ვიდრე შინაარსი.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ალბათ, რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ძლიერი პროპაგანდის დაფარვას აზრი არ ჰქონდა, ეს ისედაც ყველამ იცოდა და არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, რომ რუსეთის მთავრობა ამ მიმართულებით არაერთი წელია მუშაობდა. ამიტომაც რუსებმა ახლა გააერთიანეს, სახელმწიფო სტრუქტურად ჩამოაყალიბეს ეს ყველაფერი.
„პროპაგანდის მეშვეობით ბრძოლა რუსეთს დღეს არ დაუწყია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბომბების გარდა, საქართველოზე განხორციელდა სერიოზული კიბერშეტევა, რომელმაც მედიასაშუალებები და სამთავრობო რესურსები მწყობრიდან გამოიყვანა. დღესაც ვხედავთ, რომ რუსული პროპაგანდა მზარდია და ის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. ეს საქმიანობა სინქრონულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად, მოთმინებითა და მიზანმიმართულად წარმოებს საქართველოში, მათ შორის, დემოკრატიული რესურსების გამოყენებითაც.
დღევანდელობის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დემოკრატიული ღირებულებები ხშირად იარაღად იქცევა ხოლმე, დემოკრატია მძევლად აღმოჩნდება შინაარსობრივად დემოკრატიის მოწინააღმდეგე ძალებისთვის, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა იმპერიალისტური ძალები. საბედნიეროდ, დემოკრატიის არსი ისაა, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხი აკეთებს არჩევანს თავისუფლებისკენ და არა ძალადობისკენ. მართალია, რუსეთი ცდილობს ფორმალიზება მოახდინოს და სამხედრო რანგში აიყვანოს სახელმწიფო პროპაგანდა, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რუსეთისთვის წარმატებული აღმოჩნდება“, - მიიჩნევს ლევან ალაფიშვილი და არგუმენტად მოჰყავს რუსეთის შიგნით არსებული სერიოზული პრობლემები.
მისი აზრით, პროპაგანდის მიზნით რუსეთმა შეიძლება დახარჯოს განუსაზღვრელი რაოდენობის თანხა 1-2 ან 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს რესურსიც ამოწურვადია; მათ შორის, ამოწურვადია ადამიანური მოთმინების რესურსიც. პირველ რიგში, შიდა პრობლემები განაპირობებს იმას, რომ რუსეთს ან ახალი რეალობისადმი ადაპტაცია და დემოკრატიის გზაზე შედგომა მოუწევს, ან შესაძლოა, სახელმწიფიოებრიობაზე დამშვიდობებაც კი მოუწიოს. ახალი დემოკრატიული წესრიგის პირობებში, შესაძლოა, რუსეთი დაიშალოს ისევე, როგორც თავის დროზე შეიქმნა.
შეკითხვის საპასუხოდ, რომ რუსეთის ადგილზე, სხვა ნებისმიერი ქვეყანა თავის პროპაგანდისტულ მიზნებს, ალბათ, დაფარავდა, ლევან ალაფიშვილი აცხადებს:
„რასიუ უმომ ნი პანიაც“. რეალურად კი, თუკი გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, რუსეთი ყოველთვის ომობდა მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით პრობლემები ჰქონდა. საგარეო ფრონტზე ომი იწვევდა რუსების კონსოლიდაციას და ეს იმ ფონზე ხდებოდა, როცა ძალზე დაპირისპირებული იყო ერთმანეთთან საზოგადოება, ხელისუფლება და მისი მოწინააღმდეგეები.
რუსები ერთიანდებიან, როცა მათი ქვეყანა ეომება საქართველოს ან სხვა ქვეყანას. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთის ხელისუფლებამ, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, თოფიდან რომ გაისროლონ ტყვია, ეს ტყვია თოფში უნდა იყოს. განვითარება მხოლოდ დემოკრატიაშია, 21-ე საუკუნეში კი, ინტერნეტის სამყაროში ხიშტებით სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია“.