მთავარი პროკურატურა ბრალდებული დეკანოზის დაკითხვას არ ჩქარობს. პროკურატურის გამოძიებლების სამსაათიანი ვიზიტი მამა გიორგი მამალაძესთან მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღებით დასრულდა.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა დაკითხვის გადადების მიზეზად საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ საკმარისი დროის არქონა დაასახელა. როგორც არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, დნმ-ისა და ხმის ნიმუშების აღებას ბევრი დრო დასჭირდა, ამიტომ დაკითხვა ვეღარ მოესწრო. ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება მამა გიორგის დაკითხვა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დეკანოზი მზად არის ჩვენება მისცეს გამოძიებას, თუმცა, გამოძიება არ ჩქარობს. დაკავებული დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე. ადვოკატი მოუწოდებს პრემიერ–მინისტრს და შესაბამის უწყებებს, რომ შაბათ–კვირას დაიცვან დაკავებული დეკანოზის უსაფრთხოება. რამიშვილი ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, შაბათ-კვირას, მაშინ, როცა ადვოკატებს პატიმრის ნახვის უფლება არ აქვთ, თავად მოინახულოს დეკანოზი.
„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას. შაბათ-კვირას ადვოკატებს არ შეგვიძლია შესვლა. პროკურატურამ დეკანოზის დაკითხვა დროში განზრახ გაწელა. საპატიმროში შესვლის შემდეგ იყო თხოვნა, რომ ნიმუშების აღებას 45 წუთი დასჭირდებოდა და შემდეგ დაიწყებოდა დაკითხვა, თუმცა პროცესი დროში განზრახ გაწელეს.
თვითონ მამა გიორგიმ არაერთხელ გასცა პასუხი, რომ ის მზად იყო დილამდე, დაუყოვნებლივ, სრულყოფილად მიეცა ჩვენება, როგორც კი ნიმუშების აღება დასრულდა და მოვემზადეთ ჩვენების მისაცემად. პროკურატურის წარმომადგენლები ადგნენ და დააპირეს წასვლა, ჩვენ მოვთხოვეთ, დაბრძანებულიყვნენ იქ, სადაც უნდა მომხდარიყო ჩვენების მიცემა და მათ ვაჭრობა დაგვიწყეს, შევთანხმდეთ სხვა დროზე, სხვა რიცხვზეო“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, როდის მოხდება მამა გიორგის დაკითხვა და როდის მიეცემათ ადვოკატებს შესაძლებლობა, დეტალურად ისაუბრონ საქმის მასალებზე. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ადვოკატების განცხადება, რომ მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ადვოკატები გაფრთხილებულები არიან, საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე, თუმცა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. არჩილ ტყეშელაშვილი ,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის არ საუბრობს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
მისივე თქმით, ამ და სხვა სახის დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს და მედიას შეუძლია დაეყრდნოს პროკურატურის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. საქმის პროკურორს არ აქვს ინფორმაცია, გააცნო თუ არა პროკურატურამ წმინდა სინოდის წარმომადგენლებს საქმეში არსებული მასალები, ისევე როგორც არ აქვს ინფორმაცია, მამა გიორგის გარდა, დადგება თუ არა სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
„ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ მასალებით და განმარტებებით, რომლებიც გააკეთა პროკურატურამ. გარკვეულ დეტალებზე ღიად საუბარმა შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს. როდესაც ასეთი საფრთხე აღარ იქნება, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. თუ როდის მოხდება ეს, ამის წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - როგორც კი აღარ იქნება აღნიშნული საფრთხე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება“, – აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ე.წ. მატროსოვის პარლელურად, ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში, რომელსაც ბოლო სამი წელია დეკანოზი ხელმძღვანელობს. სკოლის დირექტორის მოადგილის, მარიამ ტარიელაძეს განცხადებით, პირმა, რომელმაც სკოლას მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თავი აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა.
„მოვიდა ახალგაზრდა და წარმომიდგინა აჭარის პროკურატურაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არ ვიცი, რამდენად სანდო იყო. მართლა არის თუ არა პროკურატურის თანამშრომელი. უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ იგი მამა გიორგის ნებისმიერი სახის ხელნაწერებს ითხოვდა, თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს.
მე ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი იყო მოგზავნილი იმიტომ, რომ პერიოდულად ვიღაცას ტელეფონზე ეკონტაქტებოდა. სამჯერ წავიდა და უკან დაბრუნდა. ვუთხარი, რომ არა მაქვს მსგავსი რამ. მოსულიყო შესაბამისი განჩინებით და ჩავახედებდით დოკუმენტაციაში, მაგრამ ის კატეგორიულად ითხოვდა ამის მაშინვე გაკეთებას“, – ამბობს მარიამ ტარიელაძე.
საგამოძიები უწყებაში ადასტურებენ, რომ პირი, რომელმაც დაკავებული დეკანოზის ხელნაწერი დოკუმენტები მოითხოვა, ნამდვილად პროკურატურის თანამშრომელია. ირაკლი შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ მოცემულ საქმეზე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან ერთად დაგეგმილია გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება. დასკვნის გასაცემად ექსპერტიზის ბიუროს უნდა წარედგინოს ბრალდებულის ხელწერის ნიმუშები.
ე.წ. ციანიდის საქმეში არსებობს ხელწერილი, სადაც გიორგი მამალაძე საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ხელწერილით თხოვს ციანიდის მოპოვებას. for.ge-სთან საუბრისას საქმის ერთ–ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ აუდოჩანაწერის გარდა, საქმეში არსებობს გარკვეული წერილობითი მტკიცებულებაც.