"პირამიდებში" გამქრალი ათეულობით მილიონი

სისხლის სამართლის საქმე ფინანსური პირამიდის მიმდევარი კიდევ ერთი კომპანიის მფლობელთა წინააღმდეგ აღიძრა. ბოლო თვენახევარში ეს უკვე მეორე ფაქტია. ორივე შემთხვევაში დაზარალებულია ათასობით მეანაბრე, ხოლო დაუბრუნებელი თანხის ოდენობა 300 მლნ დოლარის ფარგლებშია.

საფინანსო კომპანია MFX Broker Georgia-ს წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა. დაზარალებული მეანაბრეების ადვოკატის კახა მაღრაძის ინფორმაციით, საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.

ადვოკატის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოდან წასულია და დაკითხულიც არ არის. „კომპანიას 100-ზე მეტი მეანაბრე ჰყავს, თუმცა ნაწილი გამოჩენისგან თავს იკავებს, ჰგონიათ, რომ გადაუხდიან. პირადად მე ვარ 50 მეანაბრის ადვოკატი, კომპანიას მათ მიმართ 900 000 დოლარის დავალიანება აქვს. მთლიანად, საუბარია დაახლოებით, 2 მილიონი დოლარის ოდენობის ანაბარზე", - განაცხადა მაღრაძემ.

MFX Broker Georgia-ის ერთ-ერთი მეანაბრე, მამუკა კაპანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გაჩერებულები არიან, თუმცა თუ მათი საკითხი არ მოგვარდა, მეანაბრეები პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ.

როგორც ერთი თვის წინ კაპანაძე "კომერსანტთან" აცხადებდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებდნენ ვერც საპროცენტო სარგებელს და ვერც ანაბარის თანხას. მათ აქციები გამართეს და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან რეაგირება მოითხოვეს.

MFX Broker Georgia რეგისტრირებულია ოფშორულ ბელიზიში. ეს ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკის სამხრეთით მდებარეობს და ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოაცენტრალურ ამერიკაში. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას აქტივები საქართველოში არ აქვს, გარდა მისი აქაური ხელმძღვანელის სახელზე გაფორმებული სახლისა და ავტომანქანისა.

ბოლო თვენახევარში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფინანსური პირამიდით დაკავებული კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პირველი მათგანი საფინანსო კომპანია "საქართველოს" უკავშირდებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, კომაპნია "საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფინანსური პირამიდის ორგანიზებისთვის ორივე მათგანს 7-11 წლით პატიმრობა ემუქრება.

მათი ქმედების შედეგად მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2648 მეანაბრეს. კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით.

დაზარალებული მეანაბრეები თანხების დაბრუნებას მუდმივად მოითხოვენ. კვირა არ გავა, რომ მათ სხვადასხვა სახელმწფიო უწყების წინ აქციები არ გამართონ.