ავტოკატასტროფების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდება

ავტოკატასტროფების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდება

საკანონმდებლო ორგანოში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღების თაობაზე თანხმდებიან, აზრთა სხვადასხვაობას კი, უკანტაქტო პატრულირების სისტემა იწვევს, რის გამოც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, დახურულ ფორმატში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გაივლიან.

პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის განხილვას ერთი წლის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა, თუმცა იმის გამო, რომ კანონმდებელთა ნაწილს უკანტაქტო პატრულირების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები აქვს, ცვლილებები განსახილველად სავარაუდოდ მარტის პლენარულ სხდომებზე გავა, მანამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც for.ge-ს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროექტი და დამატებით რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული, ქვეყანას მომავალი წლისთვის ისეთ ეფექტს მისცემს, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ განახევრდება და ამ პრობლემას წელში გადატეხვა მოხდება.

ხუციშვილი განმარტავს, რომ ცვლილებების მიხედვით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირება შემოდის და თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.

„ქულათა სისტემა იმას გულისხმობს, რომ წლის განმავლობაში მძღოლს საშუალოდ ხუთი-შვიდი დარღვევის უფლება აქვს, მაგრამ თუ ამას გადააჭარბებს, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე დღესაა. როცა მძღოლის ქულები 20 ქულამდე შემცირდება და სარისკო ზღვარს მიუახლოვდება, მძღოლი გაფრთხილებას სმს-ის საშუალებით მიიღებს, რომ მას რისკი აქვს, მართვის მოწმობა შეუჩერდეს. ასევე თითოეულ ჯარიმაზე გამოსახული იქნება ქულის ოდენობა, რომლითაც შემცირდება მართვის მოწმობაზე არსებული ქულები. ანუ, მოქალაქე მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული“, - აღნიშნავს ხუციშვილი.

მინისტრის მოადგილის ცნობით, ასევე იგეგმება უკონტაქტო პატრულირების შემოღება, რომელსაც გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის პოლიცია იყენებენ და  რომელიც გზებსადა ავტომაგისტრალებზე სიჩქარის გადაჭარბების და აგრესიული მანევრის თავიდან ასაცილებლად ძალიან კარგი შედეგის მომტანია.

„შსს ითხოვს, რომ ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, როცა ეს შესაძლებლობა განვითარებულ ქვეყნებშია, და ჩვენც შეგვიძლია დავნერგოთ, ეს უფლება პარლამეტმა მოგვცეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმული რისკები ადვილად მოგვარებადია. თუნდაც ის, რომ რაც მინისტრის ბრძანებით უნდა გაწერილიყო, კანონით მოწესრიგდეს“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკონტაქტო პატრულირების სისტემით პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოებიგამოიყენოს. აღნიშნულ შემთხვევებში, პოლიციელს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან უშუალო კონტაქტი არ ექნება და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნება.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შემოღების გარდა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ისეთი ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების სისტემა იქნება შემოღებული.

„ასევე - „ჭკვიანი კამერების“ განთავსება მოხდება მთელ ქალაქში და როგორც რეგულაციების გამკაცრების რაციონალური პოლიტიკით, ასევე უფრო მეტი ტექნოლოგიის გამოყენებით გარდატეხას შევიტანთ, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ, რადგან 2005 წლიდან ისეთი წელიწადი არ არის, რომ 550 ადამიანზე ნაკლები გარდაცვლილი არ  იყოს. წლებია - გარდაცვლილთა რაოდენობა 700-800 ადამიანზე ადის, რაც უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე კრიმინალი და ხანძარი. რესურსი გვაქვს იმისა, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ“, - დასძენს ხუციშვილი, რომლის ცნობითაც, 11 წლის განმავლობაში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 7625 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში არსებულ საგანგაშო სტატისტიკაზე აპელირებს სამოქალაქო სექტორიც, რომელიც ძალოვან უწყებას რეგულაციების გამკაცრებისთვის მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც for.ge-ს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ განუცხადა, მთავარია ნაბიჯები გადაიდგას, რათა გზებზე ადამიანები არ დაიღუპონ და არ დასახიჩრდნენ.

ოგბაიძე ამბობს, რომ ქულების დაწესების საერთაშორისო გამოცდილება არსებობს და ეს იმ მძღოლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ერთსა და იმავე თავხედურ, უტიფარ დარღვევას იმეორებენ, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და ა.შ.

„თუ ჯარიმათა სისტემა არ იმუშავებს, ფაქტიურად, ეს ადამიანები ქუჩებში დარღვევით მოძრაობის ინდულგენციას ყიდულობენ“, - დასძენს ოგბაიძე, რომლის პათოსს იზიარებს  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი.

for.ge-ს კითხვაზე - „შეძლებს თუ არა კანონის გამკაცრება კატასტროფული შედეგების შემცირებას“, ლალიაშვილი პასუხობს, რომ საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ქულათა სისტემამ ძალიან ეფექტურად იმოქმედა და მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კარგი შედეგები იქნება.

ლალიაშვილის თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს იმას, რომ ქვეყანაში საგზაო შემთხვევები შემცირდეს და ადამიანთა სიცოცხლე გადარჩეს.

„ქულათა სისტემის შემოღებას მხარდაჭერას ვუცხადებთ. დეპუტატების განწყობაც საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა საკითხი დავაყენეთ, რომ მძღოლების ნასვამობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებაც იქნას განხილული, რადგან მართვის მოწმობის ექვსთვიანი შეჩერება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების რაოდენობა შემცირდეს. კანონპროექტის მიზანია, ქვეყნაში შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები. მოსალოდნელი, რომ  ავტოკატასტროფების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდება“, - ამბობს ლალიაშვილი.

იმის გათვალისწინებით, რომ 100-ქულიანი სისტემის შემოღება მიმდინარე წლის 1 ივნისიდან მოხდება, დეპუტატები პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მარტიდან გეგმავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ცვლილებების მნიშვნელობაზე კანონმდებლებიც საუბრობენ. როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, კანონპროექტის შიგთავსი ისეთია, რომელიც აუცილებლად შეუწყობს ხელს საგზაო მოძრაობის წესების რეგულაციას.

მისი მოსაზრებით, საფრთხეები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებიდან გამომდინარე არსებობს, უნდა შემცირდეს და მისი მინიმალიზაცია უნდა მოხდეს.

„100-ქულიანი სისტემის შემოღებაც და უკონტაქტო პატრულირებაც ამას ემსახურება. საგზაო მოძრაობის წესები უსაფრთხო უნდა იყოს და მოქალაქეები უფრო მეტად დაცულები უნდა იყვნენ“, - ამბობს მათიკაშვილი, რომლის მსგავსად ცვლილებების მომზადებას მიესალმება უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში.

for.ge-სთან საუბარში ტუღუში აცხადებს, რომ ფაქტია, რომ ეს პრობლემები რეალურად არსებობს, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი სწორედ გადაჭარბებულ სიჩქარე ხდება.

მისი შეფასებით, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა და როგორც ჩანს, ზომების გამკაცრება აუცილებელია.

კანონმდებელის თქმით, კანონის გამკაცრება არასამთავრობო სექტორის ახირება არ არის, მათ ამ მიმართულებით ბევრი აქვთ ნამუშევარი.

„მიუხედავად იმისა, რომ სანქციები არსებობს, ბევრი მძღოლი ამას არაფრად აგდებს და წესებს მაინც უხეშად არღვევს. ამას გარდა, მძღოლები იმ სათვალთვალო სისტემით აქტიურად მანიპულირებენ, რომელიც არსებობს. ანუ, ე.წ. რადარები. ქულების სისტემა და უკონტაქტო პატრული როგორ იმუშავებენ, ამის თაობაზე ბევრი კითხვა არსებობს. კერძოდ ის, თუ რამდენად იქნება ცვლილებები შესაბამისობაში იმ ნორმებთან, რომელიც პირადი მონაცემების დაცვას ეხება. უკონტაქტო პატრულირების სისტემა დეტალურად იქნება გავლილი, რადგან, როგორც ჩანს, პრობლემები მაინც არის. მიზანი უნდა იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაგდება, რადგან იმას სტატისტიკაც არ სჭირდება, რამდენი ადამიანია დასახიჩრებული და ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენი ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა მოჰყვა. მომხრე ვარ, რომ გზებზე მეტი უსაფრთხოება იყოს“, - აღნიშნავს ტუღუში.