მიქაელ ბოტკოველი: „როგორც ჩანს, ამ ინტრიგებს დასასრული არ ექნება

მიქაელ ბოტკოველი: „როგორც ჩანს, ამ ინტრიგებს დასასრული არ ექნება

პროტესტის ნიშნად პატრიარქის მდივანმა,დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი- პატრიარქის დაცვის უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს. თავად ოხანაშვილმა აღნიშნული უარყო, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საპატრიარქოშია და ასრულებს თავის მოვალეობას და საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა,რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე, ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამ ინფორმაციას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი  ადასტურებს და აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. „მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მგონი გადადგა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მოხდა მთელი შემადგენლობით დაცვის შეცვლა“, – განაცხადა მეუფე დიმიტრი.

ოხანაშვილს განცხადების ტონს უწუნებენ საპატრიარქოში. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, მამა დავით შარაშენიძე აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, ეს იყო სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი. მისი თქმით, მამა მიქაელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითონ არ ჰყავდა ნანახი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში და არ უთქვამს, თუ რა პოზიციას იკავებს ის დღეს. შარაშენიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, აგრძელებს თუ არა ოხანაშვილი სამსახურს საპატრიარქოში.

„სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველს სიცრუეში დასდო ბრალი. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. მამა მიქაელმა ცალსახად გააკეთა განცხადება, რომ მას თვითონ არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და იქ არ იყო საუბარი, თუ რა პოზიციას იკავებს დღეს და აგრძელებს თუ არა სამსახურს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი. ეს არის სამწუხარო ფაქტი - ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. უახლოეს მომავალში იქნება სრულიად ცალსახა პოზიცია, აგრძელებს თუ არა ის (სოსო ოხანაშვილი) თავის სამსახურს საპატრიარქოში“, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ. 

საპატრიარქოში დაბრუნებას არ აპირებს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომლის განცხადებით, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით, მიმართავს თუ არა სასამართლოს, ამას იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტს.

რატომ არ შეუთანხმა პატრიარქს და რა ინტრიგები არსებობს საპატრიარქოში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა.

სოსო ოხანაშვილის განაცხადება იყო მიზეზი, რატომაც დატოვეთ თანამდებობა?

მიქაელ ბოტკოველი: ეს არ არის არსებითი მიზეზი. რა თქმა უნდა, იყო მაპროვოცირებელი, მაგრამ არა - არსებითი მიზეზი, რაზეც მე მოგვიანებით ვისაუბრებ. მაგრამ ვადასტურებ, რომ დავტოვე საპატრიარქო. პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები. ოფიციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩემთან აღარ დარეკოთ. ალბათ, გამოყოფენ ოფიციალურ პირს. მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ, არ მინახავს. ვთქვი ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში.

თქვენს განცხადებაში არ საუბრობთ, რომ გადადგა, ამბობთ, რომ არ გინახავთ. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ოხანაშვილის ასეთი აღშფოთება და რატომ თქვა, რომ თქვენ მოიტყუეთ?

– ალბათ, უნდა გადადგეს. როგორც ჩანს, მისთვის ისეთი შეურაცხმყოფელია ის, რომ უნდა გადადგეს, რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა მას.

რამდენადაც ვრცელდება ინფორმაცია, ის გადადგა და ამასვე ადასტურებს მეუფე დიმიტრი...

– დიახ, მეც ვნახე, რომ მეუფე დიმიტრი ადასტურებს მის გადადგომას. ნუ ახლა რა მნიშვნელობა აქვს?  გადამდგარი ყოფილა და კიდევ უარესი. რატომ ლანძღავს კათალიკოს-პატრიარქის მდივანს? რატომ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ პატრიარქის მდივანს შეურაცხყოფა მიაყენოს და თქვას, რომ ის მატყუარაა, როდესაც თქვა რეალობა და სიმართლე.

ვნახავ ერთი, რა ღონისძიებები გატარდება მასთან დაკავშირებით და ვინმე მოსთხოვს თუ არა პასუხს იმის შესახებ, რომ კათალიკოს-პატრიარქის ჯერ კიდევ მოქმედ მდივანს შეურაცხოფას აყენებს. მე მისთვის შეურაცხოფა არ მიმიყენებია. მე ვთქვი ის, რაც იყო სიმართლე. ამას დამიდასტურებს პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტიც, ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრები, ყველა, ვინც იმყოფებოდა საპატრიარქოში - რომ სოსო ოხანაშვილი არც ერთ შეხვედრაზე არ გამოჩენილა.

აბა რატომ აყენებს პატრიარქის მდივანს შეურაცხოფას? ეს ხომ არის უპასუხისმგებლობა და თავხედობა? როგორც ჩანს, მას წესად აქვს, შეურაცხყოფები მიაყენოს სასულიერო პირებს და მე არ ვარ ის სასულიერო პირი, რომ ასეთი შეურაცხყოფა მივიღო საპატრიარქოში და მე იქ დავრჩე ისევ სამსახურისთვის.

პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით, აპირებთ მიმართოთ სასამართლოს სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ?

–მე გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან და გავარკვევ, რისი ღირსი არის ის ამ შემთხვევაში. ის თავხედია, როცა საუბრობს ჩემზე. მე არ მითქვამს, რომ ის გაათავისუფლეს, მე ვთქვი, რომ ის არ მინახავს საპატრიარქოში.

პატრიარქი არის საქმის კურსში თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

– არა, არა. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის არაფერი არ შემიტყობინებია.

რატომ არ შეუთანხმეთ და რამდენად სწორია, როდესაც პატრიარქთან შეუთანხმებლად ტოვებთ საპატრიარქოს?

– მე თვითონაც მჭირდება დასვენება. მე არ ვარ ისეთ ასაკში, რომ ასეთი დაძაბული და აქტიური ცხოვრების წესით ვიცხოვრო. მე უფრო მეტი სიმშვიდე მჭირდება. ამიტომ, მირჩევნია, არ ვიყო საპატრიარქოში. როგორც ჩანს, ამ ინტრიგებს დასასრული არ ექნება და ამიტომ, ყველაფრისთვის მზად არ ვარ.