„ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ჩიხური სიტუაცია არ იცვლება. ტყუილ-მართლის გარკვევა რთულია, სამაგიეროდ, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები კვლავაც აქტუალურია. პატრიარქიც გამოეხმაურა ამ სიტუაციას და აღნიშნა, „ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს, საქართველოში შეიქმნა უცნაური სიტუაცია, რაც საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს“.
მომხდართან დაკავშირებით ვერსიები მრავალგვარია. არის მოსაზრება, რომ ეს იყო შიდა დაპირისპირების მცდელობა ეკლესიის შიგნით არსებულ ე.წ. პრორუსულ და პროევროპულ, ასევე, პროსახელისუფლებო და არასახელისუფლო ძალებს შორის.
„ნაციონალურად“ მოაზროვნე ადამიანები კონკრეტულ პერსონებზეც საუბრობენ. კერძოდ, მათი ინტერპრეტაციით, ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი თურმე ხელისუფლების ფავორიტია, განსხვავებით, პატრიარქის ძმისშვილის - მეუფე დიმიტრი შიოლაშვილისგან, რომელსაც ეკლესიაში რეალური ბერკეტები გააჩნია.
რა პროცესი მიმდინარეობს საპატრიარქოში და არის თუ არა ეს შეთქმულება დედაეკლესიის წინააღმდეგ?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
ვაჟა ბერიძე: პასუხს ცოტა შორიდან დავიწყებ და მიმდინარე მოვლენებიდან დისტანცირებას მოვახდენ, რადგან შესაძლოა, ბევრ რამეს მრუდე სარკეში ვხედავდეთ. ადამიანი არ არის სრულყოფილი და მედიაშიც აირეკლება ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები, ინტერესთა ჭიდილი, დაპირისპირება. ჯერ ჩვენ არ გვაქვს ისეთი მედია, რომელიც გაფილტრავს ამ მღვრიე დინებებს.
მარტო მედიაზე რთულია საუბარი, ალბათ, პოლიტიკოსებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით.
- პოლიტიკოსები ამ თემის კიდევ სხვა ასპექტია. მოცემულ შემთხვევაში, მე მხოლოდ რეალობასა და მის ასახვაზე ვსაუბრობ მედიასივრცეში, რომელიც დღეს მრავალპლანიანია. ძალიან ძნელია, საქართველოში ჭეშმარიტებას მიაგნოს მედიამ, რადგან მედია შეჭირვებულია, სარეკლამო ბაზარი შეზღუდული აქვს, მედია ვერ იქცა ჩვენთან ბიზნესად. ამიტომ ჩვენ რაც ვიცით, ეს არის, ერთი მხრივ, მედიაზე დაყრდნობით და მეორეა ხმები, რომლებიც ხშირად მცდარია.
დღეს ეკლესიას სათავეში უდგას ღვაწლმოსილი, მხცოვანი პიროვნება, რომლის დამსახურებაცაა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის 90%-ზე მეტი რეიტინგი და ავტორიტეტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ეკლესიის მიმართ ნდობითაა განწყობილი და ეს ნდობა დიდწილად უწმინდესის და უნეტარესის მოღვაწეობის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც რწმენის სფერო და საერო ხელისუფლება კანონმდებლობით ერთმანეთისგან გამიჯნულია, ასეთი უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი პოლიტიკურ ცხოვრებაზე მაინც ძლიერ ზეგავლენას ახდენს. ხშირად ეკლესიის პოზიციაზეა დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შედეგები, საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა. ამიტომ სიტუაციის პრაქტიკულ ასპექტს უნდა დავაკვირდეთ.
პატრიარქი ემზადება ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელობის 40-წლიანი მიჯნის აღსანიშნავად. ის მხცოვანია და, ბუნებრივია, საზოგადოებას ქვეცნობიერში უყალიბდება მისი მემკვიდრის თემა. მართალია, ჩვენს ეკლესიაში სინოდალური მმართველობა არ გვაქვს, მაგრამ სინოდის მნიშვნელობა მაინც ძალიან დიდია. თუმცა პატრიარქის როლი და მნიშვნელობა ქართულ ეკლესიაში ყველაზე გადამწყვეტია. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ეკლესია. აქედან გამომდინარე, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება გეოგრაფიულადაც და გეოპოლიტიკურადაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის თემას.
მოსალოდნელიც იყო, რომ რაც უფრო მოემატებოდა წლები უწმინდესს, უფრო დიდი იქნებოდა პატრიარქის მემკვიდრის თემის მიმართ ინტერესი. აქ დაინტერესებული მსოფლიო პოლიტიკის ყველა მთავარი მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდ გავლენას მსოფლიოში მოვლენათა განვითარებაზე ვერ ვახდენთ. უფრო მეტიც, ვერც რეგიონში ვახდენთ მნიშვნელოვან ზეგავლენას. ეს მაშინ, როცა ისტორიულად სულ ჩვენ ვიყავით წამყვანი ძალა კავკასიაში. დღეს ამას ვეღარ ვახერხებთ, ჩვენი სოციალური და ტერიტორიული პრობლემები გვაქვს, რაც გვაიძულებს, მოვლენების კუდში მივჩანჩალებდეთ.
ამ პატარა ტერიტორიისა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიუხედავად, ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა გვაქვს რეგიონულ და მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ფაქტია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა მთავარი მოთამაშე მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციით და, აქედან გამომდინარე, მომავალი პატრიარქის ვინაობით.
როდიდან დაიწყო ეს ინტერესი მსოფლიოში ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიმართ?
- მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო შესაბამისი გავლენის ცენტრების დაინტერესება ჩვენი ეკლესიით და იქ არსებული მდგომარეობით. ეს პროცესი თანდათან უფრო მძაფრდება. სწორედ ამ გამძაფრების გამოძახილი მგონია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული ფაქტიც და ამ ფაქტის აღქმაც ქვეყნის შიგნითა და გარეთ. შეიძლება მკითხოთ, ვინ არიან დაინტერესებულნი საქართველოში და ჩვენს დედაეკლესიაში არსებული მდგომარეობით?! ყველა მთავარი მოთამაშე -ამერიკელები, ევროპელები, რუსები, თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები. უწინარეს ყოვლისა, ეს არის ჯგუფი ქვეყნების, სახელმწიფოების, გავლენის ცენტრების.
გავლენის ცენტრები უშუალოდ ერევიან ჩვენს საქმეებში?
- მათ ვერ დავაბრალებ ჩარევის მცდელობას მოვლენათა განვითარებაში, მაგრამ ამ დაინტერესების გამოძახილს ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებაში უდავოდ ვხედავ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ იყო დადებული კონკორდატი, ანუ შეთანხმება ჩვენს ეკლესიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის, მაშინვე მძაფრად იგრძნობოდა ეს ინტერესები. იმ პერიოდში ვმუშაობდი ჯგუფში, რომელსაც სახელმწიფო კანცელარიაში უნდა მოემზადებინა აღნიშნული კანონპროექტი. ჯერ კიდევ მაშინვე იგრძნობოდა თვალსაზრისების სერიოზული ჭიდილი და სერიოზული დაპირისპირება. სწორედ ამ ქვეყნებიდან იგრძნობოდა მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენა ისევე, როგორც კონკრეტულად ეკლესიაშიც იყვნენ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვანაირად უყურებდნენ ქვეყნის მომავალსა და ურთიერთობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.
უკიდურესობებს შორის მოგვიხდა გავლა. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს საქართველოში, როგორითაც ნებისმიერი ტრადიციული თუ ახალი მიმართულება საქართველოში, არანაირი სხვა პრივილეგია მას არ უნდა ჰქონდეს; მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოგვეცხადებინა ქართული მართლმადიდებლური რელიგია. დიდი ჭიდილისა და დუღილის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკეთესი იყო, თუ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელშეკრულება დაიდებოდა. შემდგომში, უკვე მას შემდეგ, რაც მე ამ ჯგუფში აღარ ვმუშაობდი, ეს ხელშეკრულება კონკორდატად ჩამოყალიბდა. დღეს საკონსტიტუციო მოცემულობა ასეთია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული როლი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში დაკანონებულია. ეს გარკვეულ მდგომარეობას ქმნის და არანაირი დამცრობის წინაპირობა არ არის ტრადიციული თუ ახალი რელიგიური მიმართულებების მიმართ. ეს იმ მოცემულობას ასახავს ობიექტურად, რა ღვაწლიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა და აქვს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივდივართ კონკრეტიკამდე და კონკრეტიკას ჩვენ ვხედავთ მრუდე სარკეში. ჩვენი პოლიტიკური სიმწიფეც ამ ეტაპზე იმ დონეზე არ არის, რომ ასეთი ფაქტების გასაჯაროება, კვლევა, სასამართლო პროცესი და შედეგის აღქმა ადეკვატური იყოს. ჩვენთან თავის ფუნქციას ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ ასრულებს. აქედან გამომდინარე, არის ეჭვები, ჭორები ასეთ სერიოზულ თემაზე, როგორიცაა უწმინდესისა და უნეტარესის მომავალი, კონკრეტული კრიმინალის გამოძიება და აღქმა, საშინელი კრიმინალის ჩადენის მცდელობა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს რეალურია, მეორენი მიიჩნევენ, რომ გამოგონილი ფაქტია და საზოგადოება უმწეო მდგომარეობაშია.
ამიტომაც პატრიარქი ბრძანებს, რომ ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. გაურკვევლობას იმანაც ხომ არ დაუდო სათავე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ ეტაპზე ცდილობს, არ გაახმაუროს რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანისთვის უმთავრესია სიმართლის მსახურებას შეუწყოს ხელი, ხომ არ აგვიანებს მამა გიორგი, მხოლოდ პატრიარქს უნდა შეხვდეს და ამის შემდეგ უნდა თქვას სიმართლე?
- კონკრეტული დეტალების განხილვაში ვერ შევალ. უბრალოდ, შევნიშნავ, რომ ჩვენი პატრიარქი ბრძენი ადამიანია, რომელმაც უამრავ ქარტეხილს გაუძლო თავისი საჭეთმპყრობელობის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სერიოზული მიმდინარეობები და გავლენიანი ადამიანები მის მიმართ უაღრესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, ამ ადამიანმა ერის სულიერი ლიდერისა და მამის მისია ღირსეულად ატარა. მართლაც ის მარტივად და გენიალურად ამბობს, ხალხი ღელავს და პასუხს ითხოვს. თორემ მას თავისი თავი და სიცოცხლე არად მიაჩნია, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს. უწმინდესმა იცის, რომ მარტო ხალხის ღელვით არ დასრულდება ეს ყველაფერი და შესაძლოა, დესტაბილიზაციის წინაპირობაც გახდეს ასეთ მნიშვნელოვან პიროვნებასთან დაკავშირებული ამბები, თუ ის სამართლიანად არ იქნა გამოძიებული და მრუდე სარკეში გადატყდა. ვინ მართალია და მტყუანია, ეს გამჭვირვალე გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს. უნდა გასაჯაროვდეს ამ გამოძიების ყველა დეტალი, ფაქტების ნაწილი უეჭველად დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, დანაშაულის მცდელობა მართლაც იყო, თუ არ ყოფილა.
ჩვენ მოვისმინეთ სერიოზული მცდელობის თაობაზე უმაღლესი სასულიერო იერარქების მიმართ, შემდეგ დაზუსტდა, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო არა უწმინდესი და უნეტარესი, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტი. თავისთავად, ადამიანის მოკვდინების ცოდვა იმდენად შემაშფოთებელია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიმართაც არ უნდა ყოფილიყო ეს მცდელობა. ერთადერთი, მინდა, რომ არ მოხდეს ზეგავლენა გამოძიების პროცესზე. გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ყალბად გაგებული ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ყალბად გაგებული პრესტიჟის გამო არ მოხდეს რეალურად არსებული სურათის გაყალბება, რის საფრთხესაც არ გამოვრიცხავ.
თავის დროზე ილია მეორეს ებრძოდნენ ცალკეული სასულიერო პირები, თეოლოგები, „თავისუფლების ინსტიტუტი“. უცებ ჩაწყნარდა ეს აგრესია და ახლა ისევ განმეორდა. შესაძლოა, პარალელები გაგვიჩნდეს რევოლუციურ საქართველოსთან, როცა რევოლუციური ჰიმნების ფონზე ხდებოდა ეკლესიიდან ზარების ჩამოხსნა, ხატების დაწვა, ნაცვლად იმისა, რომ სასულიერო პირები იმდროინდელი კათალიკოსის - ამბროსის გარშემო დარაზმულიყვნენ, ისინი მოექცნენ ე.წ. რეფორმატორების გავლენის ქვეშ. ხელისუფლებისგან წაქეზებულმა ე.წ. რეფორმატორებმა იერიში მიიტანეს საკათალიკოსო საბჭოსა და უწმინდეს ამბროსიზე, უკანონოდ გამოაცხადეს მიტროპოლიტ კალისტრატე ცინცაძის მოსაყდრეობა, მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და მიტროპოლიტად გამოაცხადეს დავით კაჭახიძე. მოგვიანებით პატრიარქი ამბროსი გარდაიცვალა. დღეს თუ ხედავთ დღევანდელი „რეფორმატორების“ კვალს ამ პროცესში?
- შესანიშნავი პარალალები მოიხმეთ ისტორიიდან. აბსოლუტურად ასეა, ჩვენ ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ეკლესიის წინაშე. ჩვენ ვართ მემკვიდრე როგორც ჩვენი გმირი წინაპრების, ისე ცოდვილების. ამიტომ ეს სიმძიმე ჩვენ გვაწევს. დასაფიქრებელი ისტორია მრავალჯერ ჰქონია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც მცხეთაში ვახტანგ გორგასალის დროს ცეცხლთაყვანისმცემელი მოგვი დასვეს სპარსელებმა და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციეს კათალიკოსი. ეს დაპირისპირება იმით გადაჭრა ვახტანგმა, რომ ბიზანტიიდან გამოიწვია ახალი კათალიკოსი. მაშინ ასე სჭირდებოდა ქვეყნის ინტერესებს.
ვიყოთ გულახდილნი, დღესაც არ გვეპატიება არაგულწრფელობა, ყველა მთავარ მოთამაშეს ქვეყნის შიგნითა და გარეთ სურს თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირის ხილვა კათალიკოს-პატრიარქის ტახტზე. სწორედ ეს ამღვრევს სიტუაციას. ამიტომ საზოგადოება სეკულარული პრინციპების ერთგული უნდა იყოს. სხვა გზა საქართველოს არ აქვს, თავისი სპეციფიკიდან და ისტორიიდან გამომდინარე. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვერეოდეთ ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესებში, უნდა ვიცნობდეთ სასულიერო პირებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფრო მეტი საჯაროობის პირობებში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა, თუ მას სურს წამყვანი სასულიერო ორგანიზაციისა და ქართველთა დედაეკლესიის როლის შენარჩუნება. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მანამდე ბრალდებულს უფლება უნდა მიეცეს, თავი დაიცვას ღიად და არ შეილახოს მისი უფლებები. ამავე დროს, არ უნდა დავუშვათ ზეწოლა მთავარ მოწმეზე, რომელიც ადამიანების ერთმა ჯგუფმა ლამის ანათემას გადასცა. თუ მართალია ეს ყველაფერი, მაშინ იმ ადამიანმა დიდ უბედურებას ააშორა საზოგადოება, ხოლო, თუ არ არის მართალი, მაშინ მოვუსმინოთ ბრალდებულს, მის დაცვას. უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ბრძენ და დინჯ 50-საუკუნოვან ქართველ ერს ეკადრება და არა როგორც 25 წლის წინ დამოუკიდებლობა აღდგენილ ერს, რომელსაც სახელმწიფო ცხოვრების გამოცდილება არ აქვს. სხვა შემთხვევაში, დავრჩებით, როგორც მსხვერპლი. ეს ყველაფერი კათალიკოს-პატრიარქს ვერ დააზარალებს, ის ნამდვილად ჭეშმარიტი ლიდერია, თავისი ერის სულიერი მამაა, მაგრამ დაზარალდება ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის ბედი, სტაბილურობის იდეა, რადგან ყველაფერი დაკავშირებულია იმ ინტერესების დაპირისპირებასთან, რაც სწორედ კავკასიაში იკვანძება დასავლეთსა და აღმოსავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის.
ბევრჯერ მითქვამს, არ უნდა დავუშვათ საქართველოს სირიიზაციის პერსპექტივა. ამ საფრთხისკენ ჩვენ მივყავართ ნებისმიერ რეზონანსულ ქეისს, საქმეს, შემთხვევას და ასეთი შემთხვევაა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც.