პატრიარქის ჯანმრთელობის, ხოლო სინოდის უსაფრთხოების მოტივით, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა ვერ შედგა. შესაბამისად, ბრალდებული დეკანოზი ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როდის მისცემს ჩვენებას ბრალდებული, ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო ორგანოებს სრულ ნდობას უცხადებს საპატრიარქო, საზოგადოებას კი მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ გამოძიების ეფექტურად წარმართვას.
საპატრიარქოსგან განსხვავებით, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს თავად ბრალდებული, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულმა დეკანოზმა, პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა დეკანოზის სურვილი იყო, დაკითხვამდე პატრიარქთან, ან სინოდის წევრებთან შეხვედრა.
პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს.
რაც შეეხება სინოდის წევრების შეხვედრას, მამა მიქაელის განმარტებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან. თუმცა, დაკავებულის ადვოკატების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ადვოკატებისა და წმინდა სინოდის წევრების შეხვედრა გაიმართოს.
„უწმინდესს, თითქოს სურვილი აქვს, შეხვდეს მამა გიორგის, საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებია. მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს. რაც შეეხება საკითხს მამალაძის საპატრიარქოში მოყვანასთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ კანონმდებლობით არ შეიძლება.
ასეთი სურვილის შემთხვევაში მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა მისი უწმინდესობა, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკითხი საპატრიარქოში არ განიხილება. სინოდის წევრებიც აცხადებენ და სახელმწიფოს თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება თავი შეიკავონ საპატრიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა“, – განაცახდა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
როგორც ცნობილია, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს წმინდა სინოდის ორი წევრი – ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე და გორისა და სამთავისის ხელმძღვანელი, მეუფე ანდრია შეხვდნენ. ორივე მათგანი დაკავებული დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ არ შეხვდნენ სინოდის წევრები ბრალდებულს. გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია რა საფრთხეზეა საუბარი.
„თუ მამა გიორგი საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ რატომ შეხვდნენ მას საპატიმროში სინოდის წევრები თავდაპირველად? ან თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ დეკანოზი პატრიარქისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს?! როგორც ჩანს, საპატრიარქო უარს ამბობს სასულიერო პირის მონახულებაზე. დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, შესაბამისად ის კვლავ სასულიერო პირია.
ჩემთვის გასაგებია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ილია მეორე ბრალდებულის მოსანახულებლად კლინიკაში მისვლას ვერ ახერხებს. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ მამა გიორგი მზად არის ჩვენება მისცეს. ეს პროკურატურამაც კარგად იცის, ამიტომ მათი ნებაა როდის მივლენ და დაკითხავენ. ვისაც უნდა მისვლა, მივიდეს“, – აცხადებს დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
ადვოკატის განცხადებით, იარაღი, რომელიც ბრალდებულის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნოდა. კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი დეკანოზის სახლში, ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგის ბრალი წარდგენილი აქვს სხვადასხვა მუხლით. არ უნდა დაგვავიწყდეს იარაღი. როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ მოახერხეს, რომ იარაღი მამა გიორგისთან აღმოჩნდა, მერე უკვე ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება. ხოლო, თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი მასთან, მამა გიორგი გამოძიებამდე ამის თქმას საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებისთვის აპირებდა. იარაღი, რომელიც მის სახლში აღმოაჩინეს, მამა გიორგის არ იყო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გაუთქმელობის პირობით სარგებლობა, რომლითაც ბრალდებული სარგებლობს, მიუღებელია მამა შალვა კეკელიასთვის, რომლის განცხადებით, მისთვის რომ ვინმეს მკვლელობა დაებრალებინა, გამოძიებასთან ვერ ითანამშრომლებდა და მდუმარებას ვერ შეინარჩუნებდა.
„გაუთქმელობის პირობა არ მესმის. თუ ადამიანი მართალია, როგორ შეიძლება ვინმემ რამე დააბრალოს? სასულიერი პირი, მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს? ვინმეს მკვლელობა დამაბრალონ და მე როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან? ასეთი ბრალდება დამადოს მე სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რაიმე პირობა დავიცვა?
გამორიცხულია მდუმარება შევინარჩუნო – გამორიციხულია! არ არსებობს! მე ამ შემთხვევაში არ დავემორჩილები სახელმწიფოს. მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ. რისი უნდა მეშინოდეს, მღვდელი ვარ, ღმერთმა ყველაფერი იცის ჩემთან დაკავშირებით. რა სასჯელი უნდა მომისაჯონ იმაზე მეტი, რომ ადამიანურად ამაზე მეტად დავისაჯო?“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
მისივე თქმით, ეკლესიას დასამალი არაფერი აქვს არავისთან და თუ ადამიანი დამნაშავეა, უნდა ითქვას, რომ ის დამნაშავეა, რაც უნდა ედებოდეს მას ბრალად, ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობა თუ პატრიარქის მკვლელობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს უნდა საჯაროდ ითქვას, რადგან საზოგადოებას ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს ამასთან დაკავშირებით. ადამიანებს აინტერესებთ, თუ რა მოხდა ეკლესიაში, რა ხდება და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.
პარალელურად, ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვენ სინოდის წევრები. ეპისკოპოსი მეუფე მელქისა აცხადებს, რომ სინოდის 6 წევრი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემა შიგნით უნდა მოგვარდეს, შემდეგ კი საქმის მასალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
„თუ რამე პრობლემაა ეკლესიაში, ეკლესიის შიგნით უნდა განიხილონ, ხოლო გადაწყვეტილებები ყველასთვის ღია უნდა გახდეს. პირველ რიგში, ეკლესიის შიგნით არაფერი უნდა იყოს დამალული. მე, როგორც საქართველოს წმინდა სინოდის წევრს, აღნიშნულ საკითხზე ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. ვფიქრობ, დეკანოზის საქმე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს“, – აცხადებს ეპისკოპოსი მელქისა.
თავის მხრივ, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაზე ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც ფირცხალაშვილი ამბობს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა მოინახულა.
„ხომ არ ხდება მასზე ზეწოლა სიმართლის დამალვის მიზნით? გაუგებარია სახელმწიფო მოხელეების და პრეზიდენტის ჩართულობა და აქტიურობა. მე აღვიქვამ პროკურატურაზე და საგამოძიებო უწყებაზე ზეწოლად ამ ყველაფერს. ამჟამად ვინმეს ხელის დაფარება და საქმის მიჩქმალვა უკიდურესად დაამძიმებს მომავალში ეკლესიის ცხოვრებას“, – აცხადებს ბართლომე ფირცხალაშვილი.