„ჩანაწერები, რომელიც ირაკლი მამალაძემ ჩვენ გვაჩვენა, გარკვეულწილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეში, ერთ-ერთი მოწმეა. გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, ადვოკატი დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ჩანაწერები, რომელიც მამალაძემ მოასმენინა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. მისი თქმით, ჩანაწერში საუბარია გარკვეულ სასულერო პირებზე, მათ შორის შორენა თეთრუაშვილზე.
for.ge ირმა ჭკადუას ესაუბრა.
როგორ გახდით ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე, რა დამატებით ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე?
ირმა ჭკადუა: ვცდილობ ამ საქემეზე კომენტარი არ გავაკეთო. დადებული მაქვს ხელწერილი, არ მაქვს უფლება გავახმაურო ფაქტები და დეტალები, რომ გამოძიების ინტერესი არ დაზარალდეს. მივეცი ჩვენება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ვიცოდი. ძალიან სენსიტიური საკითხია და თუ გამოძიებას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ იმუშავონ და ყველა მხრივ გასცენ კითხვებს პასუხი, ძალიან კარგი იქნება.
რა თქმა უნდა, მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული საქმის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა მოხდა რეალურად. ვარ ადავოკატი და ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა საკითხებზე გადის კონსულტაციებს. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც, ირაკლი მამალაძემ ჩემთან და ლილიკო გელაშვილთან გაიარა კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფლობდა რაღაცა ინფორმაციას.
გითხრათ რა ინფორმაციას ფლობდა?
- არა. თავიდან არ უთქვია, თქვა, რომ რაღაცა დანაშაულის მომზადებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია. მართალი გითხრათ, ძალიან არასერიოზულად მივიჩნიე, არ დავიჯერე, მით უფრო, როცა მითხრა რა დაწესებულებას ეხებოდა. მერე იძულებელი გახდა, ეთქვა, რომ მას აქვს გარკვეული მტკიცებულებები და გამოთქვამდა გარკვეულ შიშებს.
მტკიცებულებები, რომელიც ჩანაწერის სახით გადასცა პროკურატურას? თქვენ თუ მოუსმინეთ ამ ჩანაწერს?
- მან მანახა რაღაცა ჩანაწერი და გარკვეული წერილობითი მტკიცებულება. მთხოვა, მერჩია რა უნდა გაეკეთებინა. მართალი გითხრათ, მიუხედავად მოსმენილისა, ეჭვი შევიტანე ამ ყველაფერში, ხომ არ იყო ეს ყველაფერი რაღაცა დადგმული და შემდეგ, უკვე მან კიდევ მაჩვენა დამატებითი ჩანაწერი, რამაც აბსოლუტურად ახადა ფარდა ყოველგვარ ეჭვებს. ერთადერთი რაც ვურჩიე, უნდა წასულიყო პროკურატურაში და მიეწოდებინა ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში თვითონ იქნებოდა ან თანამონაწილე, ან დაფარავდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.
ჩანაწერები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს?
- აშაკარად, ის ჩანაწერები, რომელიც ჩვენ გვაჩვენა, გარკვეულწილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. სხვათა შორის, თვითონ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ პოზიცია. ფიქრობდა, რომ ხომ არ გამოექვეყნებინა პრევენციისთვის.
როდის მოგმართათ თქვენ მამალაძემ?
- ეს იყო 24 იანვარს. დაახლოებით ერთ კვირაში ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა, საფრთხეები და რეალური დანაშაულის კონტურები გამოიკვეთა, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ მიემართა სამართალდამცავებისთვის. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ მე და ლილიკო გელაშვილს დაგვიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და გვითხრეს, რომ მოწმის სახით უნდა დავკითხულიყავით.
მართალი გითხრათ გამიკვიდა, რასთან დაკავშირებით უნდა დავეკითხეთ. ირაკლი მამალაძეს რომ არ ეთქვა, ჩვენ ჩაგვაყენა საქმის კურსში, ბუნებრივია, ამ საქმის მოწმე არანაირად არ ვიქნებოდით. რეალურად, მე ვარ მოხლოდ იმის მოწმე, რომ ირაკლი მამალაძეს ჰქოდა გარკვეული მტკიცებულებები და რჩევის სახით გაიარა კონსულტაცია. ამ მოტივით გავხდით ამ საქმის მოწმე. ვინაიდან, საქმის დეტალები და ფაქტები არ ვიცი, არ მიმაჩნია, რომ რაღაცა განსაკუთრებული მოწმე ვარ. ეს არის სულ, რაც შემიძლია გითხრათ. მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ის რაც მოგვასმენინა მამალაძემ, იყო ძალიან მძიმე მოსასმენი.
ამ ჩანაწერში საუბარი არის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაზე?
- გამომდინარე ხელწერილიდან, უბრალოდ დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ძალიან მძიმე საუბრებია.
უშუალოდ მამა გიორგი მამალაძე არის ამ საუბრის მონაწილე?
- დიახ.
რამდენადაც იცნობთ საქმის მასალებს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ვისი მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, თუ შორენა თეთრუაშვილზე? დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, მას ბრალი წარდგენილი აქვს შორენა თეთრუაშვილის მკველობის საქმეზე...
- არ დაგიდასტურებთ, რომ მე ვიცნობ საქმის მასალებს. მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებების ნაწილს ვიცნობ, რომელიც ირაკლი მამალაძემ წარადგინა პროკურატურაში. მინდა გითხრათ, რომ იმ ჩანაწერების გარდა, რომელიც ჩვენ გვაჩვენა, მას კიდევ ჰქონდა სხვა ჩანაწერები, უბრალოდ მე სხვა ჩანაწერები არ მინახაია. მაგრამ ჩანაწერები, რომელიც მე ვნახე, საუბარია გარკვეულ სასულერო პირებზე და მათ შორის შორენა თეთრუაშვილზე.
ჩანაწერში ფიგურირებს პატრიარქი?
- ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ.
თქვენი პატრიარქთან შეხვედრის თემა იყო ფარული ჩანაწერები? რას ფიქრობს ამ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეზე?
- მე ორჯერ შევხვდი პატრიარქს, ძალიან აინტერებდა ეს საკითხი და მისი პოზიციაა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიეცეს საშუალება, ყოველმხრივ ობიექტურად გამოიძიონ ეს საქმე ისე, რომ საზოგადოების არც ერთ წევრს არ დარჩეს არანაირი ეჭვი. ამავდროულად, მისმა უწმინდესმა ბრძანა, რომ ხალხი ითხოვს პასუხს და მათ პასუხი უნდა გაეცეს. რას გულისხმობს, ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო თავად გააკეთებს განმარტებას. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაირკვევა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ მისი უწმინდესობა არის ძალიან გონიერი ადამიანი. ის ყველას უსმენს და ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს თავად ღებულობს.
რაც შეეხება პროკურატურის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, როგორ შეიძლება აიხსნას პროკურატურის გაურკვევლობა?
- როგორც მოვისმინე თავდაპირველ განცხადებაში საუბარი იყო იმ განცხადების შინაარსზე, რა განცხადებითაც მოქალაქემ მიმართა. ანუ, შინაარსი გამოდიოდა მოქალაქის განცხადებიდან, ხოლო გამოძიების მიმდინარეობისას რა გამოიკევთა და რა გამოიკვეთება კიდევ (იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარებს სხვადასხვა მიმართულებით), ამას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ.
თუმცა, ვიცით, რომ იმ პერიოდში მისი უწმინდესობა იყო საავადმყოფოში და გარკვეული შეზღუდულობა, ინფორმაციის გაცვლა, არგაცვლის მიზანი იყო ისიც, რომ რაიმე ფორმით დამატებით არ ტკენოდა გული პატრიარქს და ყოფილიყო დაცული იმ ნეგატივისგან, რა ნეგატივიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ მასალების გასაჯაროვებას.
დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, გაუთქმელობის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ, მაგრამ ბრალდების მხარე არ სარგებლობს ამ შეზღუდვით. ამ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან დარღვეული არ არის თანასწორობის პრინციპი?
- ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მინდა განვმარტო, რომ ხელწერილი, რომელიც მეც მაქვს დადებული და ბუნებრივია, ბრალდებულის ადვოკატებსაც, საუბარია იმაზე, რომ არ გასაჯაროვდეს ის მტკიცებულებები, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ სამართლებრივად აქ წერია, რომ მტკიცებულებები, რომელსაც ბრალდებული, ან ბრალდებულის ადვოკატები გაეცნენ, თუკი იმის საპირისპირო, გამამართლებელი მტკიცებულებები გააჩნიათ და, რომელზეც არანაირი ხელწერილი არ დაუდიათ, აქვთ უფლება, რომ გაასაჯაროონ.
მათი მტკიცებულებების წარდგენაზე, ჩვენების მიცემაზე და მის გასაჯაროვებაზე არანაირი ხელწერილი დადებული არ აქვთ. ბუნებრივია, რომ ეს თავისუფლება აქვთ და ძალიან ცუდია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. თუმცა, ერთი მხრივ, როგორც ადვოკატმა, შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდებულს ჰყავს ძალიან კომპეტენტური ადვოკატები და კარგი სტრატეგია აქვთ არჩეული.
რაც შეეხება ირაკლი მამალაძის კომუნიკაციას თქვენთან, არ გაგიჩნდათ კითხვა რატომ მოვიდა მაინცდამაინც თქვენთან და არა სხვა ადვოკატებთან?
- რა თქმა უნდა, და ვკითხე კიდევაც. მინდა გითხრათ, რომ ირაკლი მამალაძემ დეკემბრის თვეში გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია საპატრიარქოს წინააღმდეგ. ეს ეხებოდა მეუფე თეოდორეს და საპატრიარქოში მიმდინარე რაღაცა მოვლენებს. სოციალურ ქსელში გამოვეხმაურე და ღიად ვწერდი მას, რომ ნუ იქნებოდა ბრმა იარაღი და ნუ აკეთებდა ასეთ ცალმხრივ ინტერვიუებს, რადგან აუცილებელი იყო ბრალდების ადრესატებისთვისაც ეკითხა პოზიცია. რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. როდესაც ვკითხე, რატომ მე? სწორედ ეს მითხრა, რომ შემომივარდი და რაღაცა კომენტარები დამიწერეო, მაგიტომ გადავწყვიტე, რომ შენთვის მეთქვაო.
შესაძლებელია მამალაძე ამ შემთხვევაში ბრმა იარაღად იყოს გამოყენებული?
- ამაზე ჯობია თვითონ ირაკლის კითხოთ. მე არ ვიცი, ის რანაირად იყო დაკავშირებული. მან აღიარა, რომ ის აქვეყნებდა გარკვეულ შეკვეთილ სტატიებს, თუმცა ნახა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მას ამ სტატიებს უკვეთავდნენ, ძალიან შორს, ღრმად შეტოპეს.