ქართული კომპანიების ავღანური პერსპექტივა

ქართული კომპანიების ავღანური პერსპექტივა

ქართულ კომპანიებს შესაძლოა, ავღანეთში ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ავღანეთთან ურთიერთობაში სულ სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება. 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა დააკონკრეტა, რომ მხარეებმა ტრანსპორტის, ლოჯისტიკასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიების შესაძლო მონაწილეობას. თავის მხრივ, ავღანეთის პრეზიდენტმა სრული მზაობა გამოხატა, რომ ავღანელები დიდი სიამოვნებით განიხილავენ აღნიშნულ წინადადებას. 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტენდერებში მონაწილეობის კუთხით ქართული კომპანიებისთვის პერსპექტივა არსებობს. ეს დამატებითი შემოსავლების წყარო და დამატებითი ბიზნესკომუნიკაციების განვითარებაა ჩვენი კომპანიებისთვის. ამით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამერიკის პარტნიორად. 

„სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ამერიკულ შეკვეთებს უკავშირდება. რაც შეეხება საფრთხეს, არა მგონია, სერიოზულ საფრთხეს შეიცავდეს ეს ქმედება. ეს იქნება ჩვენი წვლილის შეტანა ავღანეთის ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და შეკითხვის საპასუხოდ, ისურვებენ თუ არა ქართული კომპანიები ავღანელებთან თანამშრომლობას,

განმარტავს, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშია, ნებისმიერი საშუალება ჩვენთვის ჟანგბადის ბალიში იქნება. 
მისივე თქმით, ეკონომიკის თვალსაზრისით, ავღანეთს მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა არ აქვს და ეს ქვეყანა დამოკიდებულია ამერიკის დახმარებაზე. თუმცა არის ცალკეული სფეროები, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ავღანეთის რესურსები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავღანეთიდან საქართველოში რესურსის გადმოტანა რთული იქნება. უბრალოდ, ჩვენ შეიძლება კონტრაქტორები ვიყოთ და ეს არის ჩვენი კომპანიების მორიგი დახმარება ამერიკის მხრიდან. თუმცა სამშვიდობო მისია როცა დაასრულებს მოღვაწეობას ავღანეთში, საფრთხე იქ ისევ შეიქმნება. 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპის კარი გავაღეთ, თითქოს თავისუფალი ვაჭრობის მილიარდიანი ბაზარი ვიშოვეთ ევროპაში და ამ დროს ქართული კომპანიების ავღანეთში შესვლა გაუგებარია. მით უფრო, რომ გუშინწინ 15 კაცი დაიღუპა ქაბულის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შემდეგ. 

„დღეს ავღანეთი ვიღას აინტერესებს?! დღეს დიდ სააგენტოებს, „როიტერიდან“ დაწყებული, გაზეთებით დამთავრებული, მხოლოდ ის აინტერესებთ, „ტვიტერში“ ტრამპი რას წერს. იმით არის დაკავებული მთელი მსოფლიო, რომ, აი, თურმე ტრამპი დაითანხმეს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდეს. ჩერნოგორია თითქოს მიიღეს ნატოში, მაგრამ პუტინმა და ტრამპმა თურმე ილაპარაკეს ჩერნოგორიაზე და ნატოს 28 წევრი ქვეყნიდან ოთხი ქვეყანა უკვე თავს იკავებს ჩერნოგორიის გაწევრიანებაზე. ეს ოთხი ქვეყანა კი ამერიკა, კანადა, ჰოლანდია (ანუ ნატოს დამფუძნებელი ქვეყნები) და ესპანეთია. ახლაც ტრამპის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, ახლო მომავალში ჩვენ არ ვგეგმავთ ხელშეკრულების რატიფიცირებასო. ეს ნიშნავს, რომ ჩერნოგორია დარტყმის ქვეშ დატოვეს. ვიღას ახსოვს ავღანეთი. ტრამპს სულ გამოჰყავს საკუთარი ჯარები ავღანეთიდან, მისმა მრჩევლებმა პირდაპირ თქვეს, ავღანეთი კი არა, მთავარია, აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფო დავამარცხოთო. ასე რომ, ავღანეთის მთავრობა განწირულია. ავღანეთში სულს ღაფავს იქაური ხელისუფლება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ეჭვობს, რომელიმე ქართველმა ბიზნესმენმა ისურვოს ავღანეთში წასვლა. მით უმეტეს, ეს დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და ერთ ბიზნესმენს, ალბათ, 30 მცველი დასჭირდება.