„ლავროვისთვის მაშინვე უნდა ეკითხათ, რომელი „ბოევიკი“ და ტერორისტი დაიჭირეს საქართველოში?“

„ლავროვისთვის მაშინვე უნდა ეკითხათ, რომელი „ბოევიკი“ და ტერორისტი დაიჭირეს საქართველოში?“

სერგეი ლავროვის ნათქვამს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი „ბოევიკებისა“ და ტერორისტების მარშრუტი ხდება, ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

„საქართველოსთან მიმართებით ვერანაირად ვერ მივიღებთ ლავროვის სიტყვებს“, - ასეთ პოზიციაზეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც თავად შეახსენებს რუსეთს, რომ სწორედ რუსეთიდან წავიდა 2000 მოქალაქე სირიასა და ერაყში.

აბაშიძე იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს ქართველებმა გააუქმეს სავიზო მოთხოვნები რუსებისთვის და შარშან რეკორდული რაოდენობის-1 მილიონი ტურისტი სწორედ რუსეთიდან ჩამოვიდა. ეს კი ადასტურებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია, რაზეც მეტყველებს მრავალი საერთაშორისო კვლევაც.

საქართველოსა და ტერორისტული სამყაროს ერთმანეთთან დაკავშირება რუსი პოლიტიკოსების საყვარელი თემაა. მსგავსი ბრალდება გასულ წელსაც გაისმა ლავროვის მხრიდან, რის საპასუხოდაც ჩვენი დეპუტატები პანკისის ხეობას ეწვივნენ იმის დასადასტურებლად, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.

სერგეი ლავროვმა გასული წლის იანვარშიც ვიზების თემა ტერორიზმის თემას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ პანკისის ძნელადმისადგომ ტერიტორიას „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები იყენებდნენ, რათა ევარჯიშათ, დაესვენათ და მარაგი შეევსოთ. იმხანად ლავროვის ნათქვამი დაუყოვნებლივ გააქარწყლა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და რუსები დაამშვიდა, რომ, მართალია, პანკისის ხეობიდან რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე უმკაცრესი კონტროლი იყო დაწესებული და საქართველოში მათთვის სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებდა.

უფრო შორს წავიდა პუტინი, როცა ამ ორიოდე წლის წინ „როსიას“ ეთერით ამცნო მსოფლიოს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩრდილო კავკასიელ „ბოევიკებთან“ ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლობა დაადასტურეს.

საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები სერიოზული რისკის შემცველია იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია თავისი უსაფრთხოების დოკუმენტებში ხშირად იმეორებს, რომ მზად არის მესამე ქვეყანაში განახორციელოს სამხედრო ოპერაცია და წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს იქ არსებულ ტერორისტულ ბაზებს, თუკი ისინი საფრთხეს შეუქმნიან რუსეთს.

დღეს, როცა „ისლამურ სახელმწიფოს“ ისეთი „მიზიდულობა“ გააჩნია, რომ ბევრი რადიკალი ისლამისტი მიემართება მასში გასაწევრიანებლად და, როცა ყველა საზღვარი (მათ შორის, რუსეთის საზღვარიც) დაუცველია, რა ფასი აქვს ლავროვის სიტყვებს?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ორიოდე დღის წინ, როცა ლავროვს შეეკითხნენ ჩერნოგორიის პუტჩში რუსეთის მონაწილეობის შესახებ, ლავროვმა თქვა, რომ ეს მხოლოდ ცარიელი განცხადება იყო და ამის დამამტკიცებელი არავითარი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათო. შესაბამისად, საქართველოსაც შეუძლია დაიმოწმოს ლავროვის სიტყვები, თუკი იგი მტკიცებულებების გარეშე ბრალის წაყენებას არ თვლის არგუმენტად, მაშინ თვითონვე მტკიცებულებების გარეშე ტერორისტების მარშრუტად რატომ აცხადებს სამხრეთ კავკასიის რეგიონს?! რეალურად ხომ ერთ შემთხვევასაც ვერ გაიხსენებს ლავროვი, როცა საქართველოდან რუსეთში ტერორისტი შევიდა?!

„ზოგადად, რუსების პოზიციაა, „ნი პოიმან ვორ, ნი ვორ“. რუსეთს რომ ეუბნებიან, დონბასში თქვენი წარგზავნილები მოქმედებენო, ის აცხადებს, ერთი მაგალითი მაინც მითხარითო. თუმცა ამის მაგალითი მილიონია. საქართველოსთან მიმართებით კი ერთი მაგალითიც არ აქვს რუსეთს. ლავროვმა რატომაც თქვა ეს, გასაგებია - მადა ჭამაში მოდის. „გაზპრომის“ გარიგების შემდეგ რუსებმა ნახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეიძლება მიწოლით რაღაცებს მიაღწიონ. ლავროვმა უვიზო რეჟიმის აღდგენა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას დაუკავშირა, დიპლომატიური ურთიერთობა რომ არ გვაქვს, ამიტომ რუსი და ქართველი სამართალდამცავები ვერ თანამშრომლობენო. ნახეთ, როგორი ჯაჭვური რეაქცია გააკეთა. რუსეთის ამოცანაა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რადგან ეს მათ იმიჯზე მოქმედებს. თავისთავად, რუსეთს საქართველო დიდად არაფრად უღირს. რაც დაიპყრო, დაიპყრო, რაც მიითვისა, მიითვისა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა რომ არ აქვს და აგრესორის სტილში გამოდის, ეს არ აწყობს. თანაც, ამის მაგალითია უკრაინა, რომელთანაც რუსეთს ომი აქვს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია უკრაინას. დიპლომატიის თეორიტიკოსი გახლავართ და ერთი რამ ვიცი, არ შეიძლება, დიპლომატია აქციო ცალმხრივი მოძრაობის ქუჩად. არ შეიძლება, გამოვიდეთ და ვთქვათ, თუნდაც „გაზპრომთან“ მიმართებით სხვა გზა არ გვქონდა, რადგან სხვა გზა უარესი იქნებოდაო. ხომ არ ვიცით, როგორი იქნებოდა ის სხვა გზა?! მსოფლიო პრაქტიკაში ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ სხვა გზა უარესი იქნებოდა“, -აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რომ საქართველოდან ისლამური სამყაროს რიგებში სულ რაღაც 5-6 ისლამისტია წასული და ისიც, ბოლო ორ-სამ წელიწადში არავინ წასულა, ამ დროს კი რუსები თავისი ქვეყნიდან ისლამურ სახელმწიფოში გადასულად მხოლოდ 2 ათას რადიკალ ისლამისტს აღიარებენ, მაგრამ რუსეთის ოპოზიციასა და პრესაში გაცილებით მეტი, 3500 რადიკალური ისლამის მომხრე სახელდება. ამიტომ სჯობს, რუსეთმა თავის ტერიტორიას მიხედოს. თუმცა, სამწუხაროა, რომ ლავროვის ნათქვამთან დაკავშირებით ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს. არადა, ამაზე რეაქცია მყისიერი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, ისეთ ტურბულენტურ რეალობაში ვცხოვრობთ და ისე სწრაფად იცვლება სინამდვილე, რომ სამი დღის შემდეგ ლავროვის ნათქვამი არავის ეხსომება და პროტესტსაც ფასი არ ექნება. ამიტომ პროტესტი მყისიერი უნდა ყოფილიყო და ლავროვისთვის მაშინვე უნდა ეკითხათ, რომელი „ბოევიკი“ და ტერორისტი დაიჭირეს საქართველოში?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ლავროვის რიტორიკაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, დასავლეთის მიმართულებით საქართველოს სვლა შეაფერხოს და საქმე ისეთნაირად წარმოაჩინოს, თითქოს დასავლეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„ასეთ ფრაზებს რუსები შემთხვევით არ წარმოთქვამენ ხოლმე. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ კვლავაც გრძელდება. შეიძლება, ლავროვის ნათქვამი დამატებითი გავლენის მოპოვების ელემენტი იყოს საქართველოზე. როგორც ჩანს, რუსეთი რაღაცისთვის ემზადება და პროვოკაციული ელემენტების გამოყენებას ცდილობს სამხედრო ზეგავლენის მოსახდენად. სირიაში ომის შემდეგ რუსეთის მიზანია, კავკასიაზე გავლენა გააძლიეროს. ცხადია, რუსეთიდანაც გადიან მუსლიმანები. უფრო მეტიც, რუსებმა სპეციალურად გარეკეს ადგილობრივი ისლამისტები, ჯიჰადისტები სირიასა და აღმოსავლეთში და ეს ძალები სირიის შიდა პროცესებში ჩასარევად და ასადის რეჟიმის გასაძლიერებლად გამოიყენეს“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.