„არც მარგველაშვილის ცოლის ნათესავი არ ავღმოჩნდი და მისი ნათესავი, ან მასთან დაახლოებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრის ახლობელი რომ ვყოფილვიყავი, დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ციხეში არ ვიქნებოდი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნიკა ჩემია, რომელიც „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით11 წლიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა არ გააკეთა იგივე, რასაც წინ ხელისუფლების ახლობლების და მათთან დაახლოებული პირების შემთხვევაში აკეთებს.
for.ge ნიკა ჩემიას ესაუბრა.
პროკურატურამ დაადასტურა, რომ თქვენ არ მოგიკლავთ ნიკა ლომინაძე, მაგრამ მოკლულის მამას არ სჯერა თქვენი უდანაშაულობის. ნოდარ ლომინაძე ამბობს, რომ მკვლელები გამოუშვეს. მისი პოზიციიდან ძალიან ძნელია, ალბათ, ამ ფაქტის მიღება, მაგრამ რთულია იმ დანაშაულისთვის იჯდე ციხეში, რომელიც არ ჩაგიდენია. მოკლულის მამ ამბობს, რომ თქვენ ხართ მკვლელები, რას იტყვით მის ამ განცხადებაზე?
ნიკა ჩემია: მთელი 11 წლის განმავლობაში ვთავაზობდით, რომ აეყვანა ადვოკატი. იცით, რომ არ ჰყავდა ადვოკატი და მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ჯიუტად იმეორებდა, რომ არ მინდა ადვოკატიო. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, მან საქმის მასალები არ იცის. მესმის, რომ შვილმკვდარი მამაა, მესმის, რომ ძნელია როდესაც პროკურატურას არ შეუძლია შესთავაზოს ნამდვილი მკვლელები და ძნელია მისთვის ამ რეალობის მიღება, მაგრამ ერთადერთი შემიძლია ვთხოვო, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან. იქნებ აიყვანოს ადვოკატი და ნებისმიერ ადგილას, სადაც თვითონ იტყვის, ნებისმიერ ფორმატში, უნდა სატელევიზიო ფორმატში, ახსნას რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებას. თუ მის გვერდით იქნებიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ ემოციების გარეშე შეხედონ ფაქტებს, მათ დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ამ მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ასე უბრალოდ ადამიანმა იძახოს, რომ ესენი მკვლელები არიან, ვფიქრობ, რომ არ შეიძლება.
მაშინ პროკურატურამ დამალა ფაქტები, მათ შორის დნმ-ის პასუხები, რითაც დასტურდებოდა, რომ გვიჩიანი და ჩემია არ იყვნენ ნიკა ლომინაძის მკვლელები...
- არა მარტო დამალა პროკურატურამ მთელი რიგი მტკიცებულებები, არამედ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებისთვის აუცილებელი პროცედურები არ ჩაატარა, რაც ახალი გამოძიების პირობებში ჩატარდა. როდესაც ჩატრადა სრულყოფილი გამოძიება, გამოიკვეთა ნათელი და მკვეთრი სურათი.
რისიც არ სჯერა ნოდარ ლომინაძეს...
- წარმოიდგინეთ, ისე გაგვასამართლეს, იმის საშუალებაც კი არ მოგვცეს, ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ბალიშის პირი, რომელიც საქმეში ერთ-ერთ სერიოზულ მტკიცებულებად ითვლებოდა, სასამართლოზე წარმოგვედგინა. ისე გაანადგურა პროკურატურამ ის ბალიშის პირი, რომ ვიზუალურად ვერავინ ნახა. იმ ბალიშის პირიდან ბევრი რაღაცის გარკვევა შეიძლებოდა.
მიზანმიმართულად მოხდა, რომ თავიდანვე არასწორი მიმართულებით წასულიყო ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე?
- რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემობებია. იცით, აქ მტკიცება, არმტკიცების ფორმაზე არ დგას საკითხი. ძალიან მარტივად დგას საკითხი. არსებოს უტყუარად დადასტურებული ფაქტები, მათ შორის ამონაწერი საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან და სასჯელაღსრულებიდან, თუ ობიექტური ადამიანი ამ ყველაფერს და სავარაუდო დროს გადახედავს, ნოდარ გვიჩიანის ციხიდან გამოსვლიდან და ნიკა ლომინაძის მკვლელობამდე, უბრალოდ, ერთ დღესაც ვერ ნახავს, სად შეიძლებოდა მე და ნოდარ გვიჩიანს კვეთა გვქონოდა.
11 წელია ჩვენმა ოჯახებმა ჩვენთან ერთად გადაიტანეს მთელი ეს უბედურება. ამ უკანონი განაჩენს გვიჩიანის მამა შეეწირა, შეეწირა დედაჩემი, ჩემ ძმას ინსულტი დაემართა. არაფრისთვის ამდენი უბედურება გვაქვს გამოვლილი, ამ დროს გამოდის ეს ადამიანი და ასე უარგუმენტოდ იძახის, რომ ეგენი მკვლელები არიანო. ცოტა არ იყოს, არასწორია.
ფაქტია, რომ ნოდარ ლომინაძეს უჭირს კონკრეტული მტკიცებულების, როგორც რეალობის მიღება...
- ადამიანს, რომ გქონდეს საკუთარი აზრი რაღაცა კონკრეტული თემის შესახებ, როგორც მინიმუმ, იმის შეგნება უნდა გქონდეს, რომ ამ აზრის დასამტკიცებლად რაღაცა რაციონალური არგუმენტი გაგაჩნდეს. როდესაც არგუმენტებით აღარ საუბრობ და უარგუმენტოდ იმეორებ ერთი და იგივეს, რომ ესენი მკვლელები არიან და არ ცდილობ რაიმე არგუმენტი წარმოადგინო, ეს უკვე შენი საკუთარი აზრი არ არის, ეს არის შენი სურვილი სიტყვებში გამოხატული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ ფორმატში და დეტალურად დავულაგებ ყველაფერს.
გენერალი დავით კეკუა იყო ერთ-ერთი ის ფიგურა, რომელმაც არასწორი მიმართულებით წაიყვანა საქმის ძიება. მისი თვითმკვლელობაც სწორედ, რომ უკავშირდება ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეს და რამდენადაც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, კეკუა შეძლებდა დამოუკიდებლად საქმის არასწორი მიმართულებით წაყვანას, რომ არა მაღალი თანამდებობის პირთა სურვილი?
- ჩვენს დაკავებასთან და იმ პრობლემებთან, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს შეგვექნმა, უშუალოდ კეკუას არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ იმავდროულად, იყო ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც ამ ერთგვარ „გორდიას კვანძს“ გახსნიდა.
რაში გამოიხატება?
- როდესაც ნიკა ლომინაძის მკვლელობა მოხდა, კეკუა ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. საკამოდ ნიჭიერი ოპერი იყო. 2002 წელს კლავენ ნიკა ლომინაძეს და რატომღაც კეკუას უჩნდება იმის სურვილი, რომ მოიპოვოს რაღაცა ტყვიის გულა, წაიღოს შემთხვევის დათვალიერების ადგილზე. ჯერ მკვდარიც არ აქვს ნანახი და ტყვია მიაქვს გასაყალბებლად, ეს ხომ ელემენტარულად ეწინააღმდეგება საღ აზრს?!
ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა წაიღოს ტყვია გასაყალბებლად, როდესაც ჯერ მკვლელობის ადგილზე არ ჩაუტარებია მთელი რიგი საგამოძიებო ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები, არავინ დაუკითხავთ? შეიძლება ცხელ კვალზე ხსნის დანაშაულს და რატომ უნდა გაუჩნდეს კეკუას სხვა ტყვიის გულის ჩაგდების სურვილი, ეს ხომ აბსურდია? მაგას ყველაზე უნიჭო ოპერიც არ გააკეთებს. იმიტომ, რომ შეიძლება საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, ნამდვილ მკვლელზე გახვიდე და ამ შენი ჩაგდებული ტყვიით გაინადგურო მთელი მტკიცებულება, რაც ხელთ გაქვს.
არის ვარაუდი, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა დავით კეკუა, ტყვიის გულა, რითაც მოკლეს ლონინაძე ნამდვილად ამოიღეს. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- კერძო საუბრებიდან ვიცი, რომ ამოიღეს. ამ შემთხვევის დათვალიერების ოქმს ხელს აწერს ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრები, მეზობლები, საბურთალოს რაიონის იმდროინდელი პროკურორი და მოადგილე, პოლიციის უფროსი, დაახლოებით ათი კაცი აწერს ხელს ოქმს, რომ ტყვია იქ ნაპოვნი არის. ნახეთ კეკუას განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, შემთხვევის დათვალიერების ოქმი და ნახავთ რა ხდება. კეკუამ ტყვიის გულა ამოიღო, წაიღო ექსპერტიზაზე შესამოწმებლად და ეჭვი აიღეს ვინმე მჭედლიძეზე.
კეკუას და ორი ექსპერტის განაჩენით დადგენილია, რომ კეკუა აძალებდა ექსპერტს, ტყვია, რომელიც ლომინაძის ბინიდან წამოიღო, მჭედლიძის ტყვიას დამთხვეოდა, რაზეც ექსპერტმა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ ამერიკელები არიან საქმეში ჩარეული, შეამოწმებენ და ამხელა ფალსიფიკაციას ხელს ვერ მოვაწერო.
ასევე, ამავე განაჩენით შემიძლია გითხრათ, რომ კეკუამ მჭედლიძის იარაღით მოახდინა კიდევ ერთი გასროლა, მერე ორი ეთნაირი ტყვიის გულა შეადარეს ერთმანეთს და ასე დაჯდა თითქოსდა ლომინაძის ბინიდან ამოღებული ტყვიის გულასთან პასუხი. სააპელაციო სასამართლოში მოვითხოვეთ კეკუას დაკითხვა. მარტივი კითხვა გვქონდა - ჩააგდო თუ არა ტყვია.
რაც არ დააკამაყოფილა მოსამართლემ, რადგან პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ კეკუას დაკითვა...
- პროკურატურა წინააღმდეგი წავიდა. შემდეგ დააკავეს კეკუა. წარმოიდგინეთ, რომ პროკურორი ანზორ ხვადაგიანი ტელეკომპანია „ობიექტივზე“ , სადაც ასევე იმყოფებოდა ნოდარ ლომინაძე, ყვება, როგორ ეუბნებოდა კეკუა - სირცხვილით თავი გარეთ არ გამომეყოფა, ეს რა გავაკეთე, ტყვია გავაყალბე და თავი უნდა მოვიკლაო. მე ვეუბნებოდი, არ მოიკლა თავი, მაგრამ მაინც მოიკლაო. ამას ეთერში ყვება ხვადაგიანი.
როდესაც ადამიანი დანაშაულის ჩადენის შესახებ საუბრობს და მით უმეტეს, რომ ამას პროკურორს ეუბნება და ის არ მიმართავს გამოძიებას, რომ გენერალი კეკუა დანაშაულის შესახებ საუბრობს და თვითმკვლეობას გეგმავს, ეს არის დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც ასევე დანაშაულია...
- რა თქმა უნდა. 11 წელი მე თვითონ გამოვიარე ის სისტემა, ასეა, თუ ისე, ცოტათი რაღაცა დამეჯერება, არსებობს ისეთი მეთოდები, რომ შეიძლება ადამიანი მართლა გატეხონ ისე, მიიყვანონ იმ ზომამდე, რომ თვითონ ჩამოიკიდოს თავი. დარწმუნებული ვარ, კეკუა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მას ძალიან მარტივ შეკითხვას დავუსვმდით და რა პასუხიც არ უნდა გაეცა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი საქმე ამდენი წელი არ გაიწელებოდა.
დღემდე არ მჯერა, რომ კეკუა თავს მოიკლავდა. დაინტერესდით მისი პიროვნებით, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, თავს არ მოიკლავდა. მიკვირს, რატომ არის მისი ოჯახი ასე ჩუმად, რატომ არ აინტერესებთ ეს თემა. ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს. თავისი საქმე, თვითონ იციან, მაგრამ მე არ მჯერა, რომ კეკუა ისე შეაწუხა ნამუსმა, რომ თავი მოიკლა. ცხვირს ვერ გამოვყოფ გარეთ, იმიტომ, რომ ტყვია გავაყალბეო და თავი მოიკლა? კარგით რა.
წარმოიდგინეთ როგორ იცნობს ნოდარ ლომინაძე საქმეს - იმ ინტერვიუში ხვადაგიანი ამბობს, რომ ჩემიამ მოახდინა გასროლა, ტყვია გავიდა თავში, ჩამოვარდა და იატაკზე დაეცა ტყვიის გულაო. ჩემია დაიხარა, აიღო ეს ტყვიის გულა ჩაიდო ჯიბეში და წავიდაო. ამ ყველაფერს უსმენს ნოდარ ლომინაძე, რომელიც იძახის, რომ ყველაფერი ვიციო და ამ დროს საქმეში სულ სხვანაიარად არის აღწერილი, რომ თითქოს ბალიშის პირიდან ავიღე ტყვია. უსმენს ხვადაგიანის აბსურდს და პროტესტის გრძნობაც კი არ გასჩენია ეთქვა, - ანზორ საქმეში ასე არ არის, რომ იატაკზე არ დავარდნილა ტყვია, იქ გიწერია ბალაშის პირიდან არის ამოღებული ტყვიაო. მითხარით, რა უნდა ვთქვა, ეს კაცი ან ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს, ან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ადამიანურად მესმის მისი, შვილმკვდარი მამა არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში იყვნენ.
თქვენი საქმის პროკურორი იყო ირაკლი შოთაძე, თუ დღევანდელი გადაწყვეტილებით ვიმსჯელებთ, გააცნობიერა ის დაშვებული ხარვეზები, რომელიც, მან როგორც პროკურომა დაუშვა მაშინ?
- გამოძიების საწყის ეტაპზე და არც გამოძიების მსვლელობის დროს, ირაკლი შოთაძეს ამ საქმესთან შეხება არ ჰქონია. ჩაერთო პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესში, როგორც სტაჟიორი პროკურორი. მეორე ინსტანციაში უკვე პროკურორის სტატუსით იყო. ყველა პროცესზე არ დადიოდა. ეტყობოდა, რომ ბოლომდე ჩახედული არ იყო და არც ჩაახედებდნენ მას.
როდესაც გახდა მთავარი პროკურორი და როდესაც ადვოკატებმა უთხრეს რა იყო დარღვევა ამ საქმეში, თქვა, რომ შემიძლია გამოვყო ძლიერი საგამოძიებო ჯგუფი, შეისწავლიან ამ საქმეს, ყველაფერი იქნება ობიექტურობის ფარგლებში და რა შედეგიც იქნება, მე ამ შედეგს არ შევუშინდებიო. ასეც მოხდა. მერწმუნეთ, რომ მარტივი არ არის 26 ტომის წაკითხვა, გამოკვლევა და მერე მსჯავრდებულს ელაპარაკო კონკრეტულ დეტალებზე.
საგამოძიებო ჯგუფმა იმუშავა, დაინახეს რეალური სურათი და დაალაგეს ფაქტები. მარტო მაყუჩიანი, თუ არამაყუჩიანი იარაღის თემა არ არის, ბევრი სხვა დეტალებია. სათქმელად იოლია თქვა, - შეიძლება რაღაცა შეცდომაში დანაშაული მიმიძღოდეს, მაგრამ გამოვასწორებო, მაგრამ მერწმუნეთ, რომ გაკეთებით ყველა ვერ გააკეთებს. შოთაძე არ შეუშინდა იმას, რომ თვითონ რაღაცა მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, არ შეუშინდა დაზარალებული მამის პოზიციას, რომ წინააღმდეგი იყო ჩვენი გამართლების და გაშვების, მაგრამ ადამიანმა თქვა სიმართლე, რომელიც ბევრს გაეჩხირა ყელში.
სასამრთლომ გაგანთავისუფლათ, მაგრამ არ შეგიწყალათ პრეზიდენტმა, რომელიც ამბობდა, რომ საქმე ეხება მკვლელობას და სასამართლოში უნდა დაადასტურონ უდანაშაულობაო. საინტერესოა დღეს რას იტყვით?
- ჩვენ პრეზიდენტს მივმართეთ არა შეწყალებით, არამედ მოვითხოვეთ უკანონო სასჯელის დარჩენილი ნაწილისგან განთვისუფლება. ჩვენ შეწყალებას არ ვთხოვდით. ვეუბნებოდით, რომ გამოეყენებინა კონსტიტუციური უფლება და ყველაზე მარტივი გზით გავენთავისუფლებინეთ უკანონო სასჯელის დარჩენილი ნაწილისგან. შეწყალების კომისიამ ორჯერ დადებითი რეკომენდაცია მისცა ჩვენს საქმეზე, პირისპირაც ელაპარაკა სახალხო დამცველი, მაგრამ საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, რომ იგივე გაკეთებინა ჩემს შემთხვევაში, რასაც წინ ხელისუფლების ახლობლების და მათთან დაახლოებული პირების შემთხვევაში აკეთებს.
მისი ნათესავი, ან მასთან დაახლოებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრის ახლობელი რომ ვყოფილვიყავი, დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ციხეში არ ვიქნებოდი. ამის მერე რა უნდა ვილაპარაკო მარგველაშვილზე, მან უბრალოდ ვერ გამოიყენა ის მდგომარეობა, რამაც უზრუნველყო მისი პრეზიდენტობა. მარგველაშვილმა ვერ გამოძერწა თავისი პოლიტიკური ფიგურა.