დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დაკავებული დეკანოზის საქმეში დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია. შესაბამისად, იგი არ აპირებს ხელი მოაწეროს გაუთქმელობის ხელწერილს, რასაც პროკურატურა მას შემდეგ ითხოვს, რაც ადვოკატმა საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი გაასაჯაროვა.
კერძოდ, საბრალდებო დასკვნის თანახმად, დაკავებულ მამა გიორგის ბრალი წარდგენილი აქვს მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის.
რატომ იყო მამა გიორგი 6 საათი და 40 წუთი შეზღუდული დაკავშირებოდა ადვოკატს და სად ჩატარდა პირადი ნივთების ჩხრეკა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დაკავებული დეკანოზის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.
თქვენი განცხადებით, საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, რომ იგეგმებოდა არა მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობა, არამედ საუბარია მდივან-რეფერენტზე შორენა თეთრუაშვილზე. ბატონო მიხეილ, თქვენ გქონდათ საქმის მასალებზე წვდომა, რის საფუძველზე აცხადებდა პროკურატურა, რომ არ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა?
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგის ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. როგორც მამა გიორგიმ ჩემთან საუბრისას განაცხადა, როდესაც გააცნეს საბრალდებო დასკვნა და ყველა ის მტკიცებულებები, რომელიც ამ შემთხვევაში პროკურატურას ჰქონდა, იქ საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილზე.
ანუ, ამ შემთხვევაში თქვენ მამა გიორგის განცხადების საფუძველზე ლაპარაკობთ და არა საქმის მასალებიდან გამომდინარე?
- სავალდებულო არ არის საქმის გაცნობა და ფურცელ-ფურცელ მისი წაკითხვა. რა კითხვებიც მქონდა, ყველა კითხვაზე მამა გიორგიმ შესაბამისი პასუხები გამსცა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანისგან ინფორმაციის მიღება ჩემთვის გარკვეული მტკიცებულებაა.
რომ დავაზუსტოთ, მამა გიორგი ამბობს, რომ ბრალი წარუდგინეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე და არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაზე?
- დიახ, დიახ ასე იყო. ბრალი წარუდგინეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაზე.
რაც შეეხება დაკავებას, სახალხო დამცველთან საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, გადიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში და მას არ მისცეს ადვოკატთან გასაუბრების შესაძლებლობა. ეს ინფორმაცია თუ დაგიდასტურათ მამა გიორგიმ, ანუ იყო პროცესუალური დარღვევები?
- რა თქმა უნდა, დამიდასტურა. მამა გიორგი პირდაპირ უთითებს დროს, რომ 6 საათი და 40 წუთი ყველანაირად შეზღუდული იყო, არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა ადვოკატს.
რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, დაკავებისას მამა გიორგის აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი, რომელიც გამოძიების მტკიცებით ხელჩანთაში ჰქონდა. ადასტურებს ციანიდის არსებობს?
- 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მოხდა მისი პირადი ბარგის მოტანა. რაც შეეხება ჩხრეკის ჩატარების ფორმას, როდესაც შენ ეძებ რაიმე ნივთის, მას სჭირდება სხვანაირი ფორმით ჩხრეკის ჩატარება. უნდა მოხდეს ყველაფრის ამოლაგება ჩანთიდან და ყველაფრის დეტალურად შემოწმება. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, როგორც მამა გიორგი აღნიშნავს, პირდაპირ ამოიღეს ჩანთიდან ის ნივთი, რომელიც, თითქოსდა, მის ჩანთაში აღმოაჩინეს. მისი განმარტებით და ჩემი შეფასებით, ე.წ. ციანიდი არის ჩადებული.
რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ელემენტარულია, თუ ადამიანს ჩანთაში აქვს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მის ამოღებას 6 საათი და 40 წუთი არ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ადგილზე უნდა მოახდინო ჩხრეკა და დადო შესაბამისი ოქმი, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული დარღვევაა და ეჭვი ჩნდება, როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, ის ბარგი, რომელშიც ამბობენ, რომ აღმოჩენილია ე.წ. ციანიდი 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს, სადაც მამა გიორგი იყო.
თვითმხილველები თუ ჰყავს ე.წ. ციანიდის ამოღების ფაქტს?
- არა. ელემენტარულად, არავინ არ დაასწრეს. როგორც გითხარით, ადვოკატის მოწვევის უფლებაც არ მისცეს.
თვითონ მამა გიორგი რას უკავშირებს მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას? გარდა ამისა არსებობს ჩანაწერი და არსებობს მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მას მამა გიორგიმ სთხოვა ციანიდის შეძენა გერმანიაში წასაღებად...
- ამ თემაზე ძალიან კონკრეტულად ბრძანა მამა გიორგიმ, რომ ამის თაობაზე როდესაც იქნება საპატრიარქოსთან გარკვეული ურთიერთობები, ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი.
გასაგებია, მაგრამ მოწმე ირაკლი მამალაძის ინფორმაციას, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, მასთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ დახმარებოდა მომწამვლელი ნივთიერების შეძენაში, რომელიც გერმანიაში წასაღებად უნდოდა, ამას არ ადასტურებს დაკავებული მამა გიორგი?
- ურთიერთობა და კომუნიკაცია არავისთან არ არის უარყოფილი, მაგრამ ესეც არის დეტალები. უკვე ძალიან მალე, როდესაც პატრიარქის გადაწყვეტილება იქნება, ყველას ეცოდინება მამა გიორგის პოზიცია. სხვა მეტს ვერაფერს ამ ეტაპაზე ვერ ვიტყვი.
როგორ ფიქრობთ, რატომ ითქვა მთავარი პროკურატურის მხრიდან, რომ ბრალი სწორედ მაღალი იერაქრიის პირის მკვლელობის ფაქტზე მოხდა დაკავებაო?
- უმჯობესია, ეს კითხვა დაუსვათ მთავარ პროკუროს. მე ვამბობ, რომ არავითარი უბედურება ქვეყანას არ ემუქრებოდა. ინფორმაციას, თითქოს, პატრიარქის წინააღმდეგ ხორციელდებოდა რაღაცა ქმედება, მოჰყვა გარკვეული მაღალი თანმდებობის პირების კომენტარები, რომ საქართველო გადარჩა. მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ გადარჩა საქართველო, რა ხდებოდა, ან რატომ დაუშვეს ასეთი განცხადება. ყველანაირ ვერსიას გააჩნია არსებობის უფლება, მაგრამ ელემენტარულად, ძალიან მკაფიოდ და ზედმიწევნით უნდა ყოფილიყო საქმის გარკვევა და შემდეგ კომენტარები. რატომ დაუშვეს ეს, ამაზე მათ უნდა ისაუბრონ.
თქვენ გამომძიებელმა გაგაფრთხილათ, რომ თუ ხელს არ მოაწერდით გაუთქმელობის ხელწერილს, თქვენს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. რას აპირებთ?
- მე გარკვევით ვთქვი, რომ გაუთქმელობის შესახებ ხელწერილს ხელს არ მოვაწერ. არანაირი ისეთი ინფორმაციის გავრცელებას არ ვაპირებ, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას, რომ აბსოლუტურად დაარღვიოს თანასწორობის უფლება. მე ძალიან კარგად ვიცი სამართალი და კარგად ვიცი რისი უფლება მაქვს. არ შემიძლია დავუშვა ის, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებას შელახავს.
თქვენ კარგად იცით, რაზე ამბობთ უარს, მზად ხართ პროცესების შემდგომი განვითარებისთვის?
- რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რაზე ვამბობ უარს. მათი საქმეა, თუ უნდათ აღძრან სისხლის სამართლის საქმე და მიმცენ პასუხისმგებაში, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის.
რომ დავაზუსტოთ, როდის მოგთხოვათ პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილის დადება?
- კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამომძიებელ ექსპერტებთან ერთად ვიმყოფებოდი, რა დროსაც გამომძიებელმა კატეგორიულად მომთხოვა ხელწერილის დადება გაუთქმელობის თაობაზე, რაზეც მე მას უარი ვუთხარი. მან გამაფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი ხელწერილს, რაზეც ჩემს კოლეგებს აქვთ ხელი მოწერილი, ანუ გაუთქმელობის პირობაზე, მაშინ ჩემს წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე.
ხელმეორედ ვუთხარი უარი და დავუფიქსირე, რომ სანამ საგამოძიებო ორგანოებიდან მე სრულ მასალას არ მივიღებ, არ ვაპირებ არანაირი ხელწერილის დადებას გაუთქმელობის თაობაზე. მაგათ თუ მიაჩნიათ, რომ მე უფლება არ მაქვს ბრალდებულთან ურთიერთობის, შესაბამისად, მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ ის საჯარო გავხადო, ეს მათი პრობლემაა. ნუ ეცდებიან ჩემს დაშინებას ან შეშინებას ხელწერილებით ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ვიმეორებ, მე ხელს არ მოვაწერ.
მინდა მივმართო მთავარ პროკურატურას და ვურჩიო ერთი რამ - ჩემს კოლეგებს, რომლებსაც გაუთქმელობის თაობაზე ხელწერილი აქვთ დაწერილი და პროკურატურას დღემდე პასუხი არ გაუცია, მოუხსნან, რათა საქმიდან გამომდინარე, საზოგადოებამ იცოდეს რა ხდება. მარტო ერთი მხარის მტკიცებულებით საზოგადოების ინფორმირებულობა დიდ ეჭვს გააჩენს შემდგომში.
ასევე მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურა აპირებს საქმის მასალების საპატრიარქოსთვის გაცნობას. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მეორე მხარეც, ჩვენ, ადვოკატები ვაცხადებთ, რომ უფრო საინტერესო და რეალური იქნება თუ სურვილი ექნებათ, ჩვენც მოგვისმინონ, ჩვენს პოზიციასაც მოუსმინონ რასთან გვაქვს საქმე.
მამა გიორგიმ რამდენიმე სახეობის ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, მაგრამ განცდა და ემოციური ფონი, ყველა ადამიანზე მოქმედებს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ემოციური ფონი ნამდვილად არის. ამ მომენტისთვის მისი ჯანმრთელობის მდოგმარეობა სტაბილურია.
თვითონ რას უკავშირებს მის დაკავებას? სახალხო დამცველთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია, ანუ წინასწარ დადგულ სცენარზე საუბრობს. დღესაც ასე ფიქრობს?
- თუ ასეთი რაღაცა განაცხადა, ე.ი. აქვს ამის საფუძველი. მას აქვს ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული. შესაძლებელია წინასწარ მზადდებოდა მის წინააღმდეგ ეს ყველაფერი. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით.
როგორც მისი ადვოკატი, არ აპირებთ პატრიაქთან შეხვედრას და საქმის დეტალების გაცნობას?
- მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ. მისმა უწმინდესმა უნდა გადაწყვიტოს შეხვედრის საკითხი და მამა გიორგის მონახულებაც.
როგორც ცნობილია, მამა გიორგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შესაძლებელია აღკვეთი ღონისძიების შეცვლა?
- თუ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეიძლება დადგეს შუამდგომლობა, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს. გააჩნია როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.