პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოში. მოგვიანებით პატრიარქმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხალხს უნდა მიეცეს პასუხი, რადგან ხალხი ღელავს. ილია მეორის განცხადებით, გასული კვირა ძალიან რთული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით და მოუწია სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა, რა დროსაც შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც, მისივე განცხადებით, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს.
„საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ეს არის ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება.
ამიტომ ჩვენ უნდა დაგვეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“, - განაცხადა პატრიარქმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პატრიარქთან შეხვედრა გამართა მთავარმა პროკურორმა. შეხვედრას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდნენ მაღალი იერარქიიის სასულიერო პირები და ე. წ. ციანიდის საქმის მოწმე ირმა ჭკადუა. შეხვედრას არ დასწრებია საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე.
for.ge-ს ინფორმაციით ირაკლი შოთაძემ პატრიარქს და რამოდენიმე სასულერო პირს, ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერები მოასმენინა, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი მტკიცებულებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ხვალ გაავრცელებს.
როგორც უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა ერთ აზრზეა, გარდა მამა პეტრესი, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო.
„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველანი თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო.
ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს, მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია. პატრიარქს ეს ჩანაწერი არ უნახავს, ყოველი შემთხვევისთვის - ამ დრომდე. ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძემ.
პატრიარქმა მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე, დაკავებული მამა გიორგი მამალაძის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მისი ადვოკატისგან, მიხეილ რამიშვილისგან მიიღო. როგორც რამიშვილი აცხადებს, პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია მამა გიორგის პოზიციასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„პატრიარქის ღირსეულ გრძნობასა და სიყვარულში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველაფერი კარგად გამიგო და მის გულისხმიერებაშიც დარწმუნებული ვარ. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო და რაც მთლიანად შეიძლებოდა პატრიარქს სცოდნოდა. პატრიარქმა მომისმინა, რამდენიმე კითხვა დამისვა მამა გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგვლოცა და წამოვედით“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ადვოკატი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს და სრულყოფილ ჩვენებას მისცემს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას.
„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა, რომლის განცხადებით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე და არანაირი საშიშროება პატრიარქს არ ემუქრებოდა.
საქმის დეტალები იყო კათოლიკოს პატრიარქისა და სახალხო დამცველის შეხვედრის მთავარი საკითხი. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, მასთან შეხვედრისას ილია მეორემ დაკავებული დეკანოზის მონახულების სურვილი გამოთქვა. ასევე, დაინტერესდა შეწყალების პროცედურებით.
„პატრიარქი დაინტერესებულია გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ასევე საუბრობს, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, რომელიც დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შეხვედრას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს იყო ძალიან ღია და საინტერესო დისკუსია, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებით ვითარდება.
„ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე. ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე.
როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს თუნდაც თავისი წილი დანაშაულის ან უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. მე არ შევდივარ გამოძიების დეტალებში. მე არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი და არც მოსამართლე, მაგრამ პოლიტიკურად მოგახსენებთ, რომ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თუმცა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მხარეები არ უნდა იყვნენ, მათ შორის არც პრეზიდენტი და არც სახალხო დამცველი. ეკა ბესელიას განმარტებით, ის არ ამბობს, რომ მარგველაშვილი და ნანუაშვილი მხარეები არიან, თუმცა როგორც აღნიშნავს, კარგი იქნებოდა, თუ რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ გამოჩნდება, როგორც მხარე.
„არ შეიძლება ჩვენ ვიდგეთ რომელიმე მხარეს. ეს ხელს უშლის პროცესს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, რომ სიმართლე დადგინდეს და გამოძიებას ხელოვნური ბარიერები მოვარიდოთ. ასეთი ბარიერები გაჩნდა პირველივე დღიდან. ძალიან საეჭვოა, რომ რომელიმე პირი, ეს იქნება საჯარო პირი თუ მედიასაშუალება, ჩნდება როგორც მხარე პროცესში და ეს იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს. ეს აზიანებს პროცესს და ქმნის ბევრ კითხვას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პრეტენზია მიუღებელია უჩა ნანუაშვილისთვის, რომლის განცხადებით, ის არის მხარე, ოღონდ ამ მხარეს ჰქვია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა.