გვიჩიანი პრეზიდენტმა არ შეიწყალა, სასამართლომ კი, უდანაშაულოდ ცნო

გვიჩიანი პრეზიდენტმა არ შეიწყალა, სასამართლომ კი, უდანაშაულოდ ცნო

„მკვლელები გამოუშვეს. რეალური მკვლელები იყვნენ ესინი“, - აცხადებს, „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მამა, ნოდარ ლომინაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ პროკურატურა მისი შვილის მკველობის საქმეს დახურავს.

ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულების, გია გვიჩიანისა და ნიკოლოზ ჩემიას 11 წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა. ბრალდებულები წარდგენილ დანაშულში გამართლდნენ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 15 აგვისტოს „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა. ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს. მათ შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა ისინი არ შეიწყალა.

საქმეში არსებული ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა, შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, მომხდარიყო განაჩენის გადასინჯვა.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა შს სამინისტრო. ვინაიდან, მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა.

ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებდა. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებდნენ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ. ასევე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა დაკავებულების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ.

მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ჩამდენ პირთა დადგენა, დაკავების მიზნით, ასევე ყოფილი მოხელეების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

საქმის პროკურორი გვანცა გვიმრაძე ამბობს, რომ პროკურორს ჰქონდა გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ვინაიდან ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებდა მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე.

„ამ დროისთვის ნიკოლოზ ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით მთავარ პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი მხრიდან განხორციელდება ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგინდეს ნიკოლოზ ლომინაძის რეალური მკვლელი. პროკურატურა ასევე აგრძელებს ძიებას სამოხელეო დანაშაულის მიმართულებითაც“, - აღნიშნა გვანცა გვიმრაძემ.

ნიკა ლომინაძის საქმეზე ბრალდებული გია გვიჩიანი, ამბობს რომ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წავიდა. ხოლო ყოფილმა ხელისუფლებამ ის სანდრო გირგვლიანი მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარად დააპატიმრა.

„11 წლის წინ, ვცადეთ სასამართლო სამართლიანი კუთხით წასულიყო, კერძოდ, ვამბობდი, რომ პოლიციის გენერალი დავით კეკუას სხვა კუთით წაეყვანა საქმე. ამაზე დაზარალებულის ოჯახსაც ველაპარაკე, მაგრამ არავინ მომისმინა, გამოძიება თავიდანვე არასწორი კუთხით მიმდინარეობდა. ჩემს საქმეში ჩარეული იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. ჩემი დაკავება ორჯერ მოხდა, პირველი იყო სამდღიანი, მეორედ კი სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება არის პირველის გაგრძელება. მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის საქმის არასწორი გახსნის გადასაფარად. მე მზად ვარ, ნიკა ლომინაძის ოჯახის ყველა ბრალდებას ვუპასუხო“, - აცხადებს გია გვიჩიანი.

გია გვიჩიანმა არ დააკონკრეტა მოითხოვს თუ არა სახელწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა. როგორც ამბობს, საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულია ზიანის ანაზღაურება. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილია არც ისე პატარა თანხა ზიანის ასანაზღაურებლად.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ამ საქმეზე ბრალმდებელი იყო ირაკლი შოთაძე. თუ განაჩენით ვიმსჯელებთ, მოქმედმა მთავარმა პროკურორმა პრაქტიკულად აღიარა ამ საქმეში მის მიერვე დაშვებული ხარვეზები. როგორც საქმის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, სასამართლომ მიიღო ძალიან ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება.

„იცით, რომ ამ საქმეზე ბრალმდებელი იყო იყო ირაკლი. ჩვენ გარკვეულწილად ვშიშობდით, ხომ არ იქნებოდა ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა შემაფერხებელი გარემოება, თუმცა დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ აღიარა მისი პროკურორობის დროს ამ საქმეში დაშვებული გარკვეული ხარვეზები, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე გამოძიებულიყო ობიექტურად, რაც დღევანდელი განაჩენის საფუძველი გახდა.

ნიკა ჩემია სრულად გამართლდა ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, თუმცა სხვა დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც პაპაჩაშვილი და ხერკელაშვილი გასამართლდნენ, გამატყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“,- აცხადებს ირმა ჭკადუა.