„პეტრე ცაავას ზურგი არის ოდესაში, რომლის ინტერესშია მართლმადიდებლური ეკლესია იყოს შერყეული“

„პეტრე ცაავას ზურგი არის ოდესაში, რომლის ინტერესშია მართლმადიდებლური ეკლესია იყოს შერყეული“

ეკლესიისა და პატრიარქის მდივან რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეს სამიზნე ხელისუფლება გახდა. ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს იცნობდა, როგორც პატიოსან, მორწმუნე და ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ფიქრობს, რომ ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში პრინციპულობის პრობლემა გვაქვს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი დეზინფორმირებულია მამა გიორგი მამალაძის საკითხში და მან სიტუაციაში გასარკვევად სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადადგას და დაამტკიცოს, რომ მართავს პროცესებს.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტს, რომელიც სასულერო პირებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშულებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ მათი პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს მეუფე პეტრე. კაკაბაძე საგამოძიებო ორგანოს მიმართავს დაინტერესდნენ როგორ აიძულებდა მეუფე ნაციონალების დაკვეთით მოქალაქეებს ქონების სახელმწიფოს სასრგებლოდ გადაცემას.

for.ge ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეკლესიას ბრლას სდებს კორუფციაში, ამბობს, რომ პატრიარქი კი არ მართავს ეკლესიას, არამედ შორენა თეთრუაშვილი, აკონტროლებს 48 ეპისკოპოსს. რამდენად საფუძვლიანია მეუფე პეტრეს ბრალდებები?

ნანა კაკაბაძე: არ მაქვს სურვილი, რომ მას მეუფე ვუწოდო. თავისი საქციელიდან გამომდინარე, არავითარი მეუფე არ არის, ის არის ვიღაცა პეტრე. მისი პიროვნების შესახებ ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი, მაგრამ იძულებული ვარ, საზოგადოებას ვუთხრა, სინამდვილეში რას წარმოადგენს და ვინ არის ეს ადამიანი. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ იგი შორს დგას იმ ტიტულისგან, რასაც ატარებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანს ეწოდოს მეუფე.

რატომ დგას შორს ამ ტიტულისგან? ბრალდებების მიუხედავად, საპატრიარქო მას როგორც მეუფეს ისე მოიხსენიებს...

- რატომ შეიძლებოდა, რომ ქრისტეს მოციქულებიდან იუდას წოდებულიყო მოციქულად? იუდა იყო ქრისტეს გამყიდველი და არა მისი მოციქული. ის რაც გააკეთა ამ ვიღაცა პეტრემ თავისი უმსგავსო განცხადებებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში, ამ არხის ვარსკვლავად გადაიქცა, თუმცა, ის ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ვარსკვლავი. მისი განცხადებები ცხადყოფს, რომ იერიში მიიტანა არა თითქოს იმ ადამიანებზე, რომლზედაც ის საუბრობდა, შორენა თეთრუაშვილი იქნება ეს თუ სხვა ეპისკოპოსები, არამედ მან რეალურად იერიში მიიტანა პატრიარქზე.

როდესაც ეს უზნეო პეტრე საუბრობს, რომ თურმე პატრიარქი ვერ მართავს ეკლესიას და, რომ შორენა თეთრუაშვილი მართავს ეკლესიას და აკონტროლებს 48 ეპისკოპოსს, სხვა რა არის, თუ არა პატრიარქის დამცრობა? თურმე თეთრუაშვილი აცვლევინებს გადაწყვეტილებებს პატრიარქს და ა.შ. ვისზეა დარტყმა, შორენა თეთრუაშვილზე, თუ პატრიარქზე? ეს უკვე საზოგადოებისთვის მიმინდია. ვფიქრობ, ეს იყო შეტევა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მის ურყევ და უდიდესი ავტორიტეტის მქონე კათლიკოს პატრიარქზე.

როდესაც ამბობთ, რომ დარტყმა მიაყენა ეკლესიას და უშუალოდ კათლიკოს პატრიარქს, ამით მეუფე პეტრემ ვინმეს დაკვეთა შეასრულა?

- რა თქმა უნდა, მისი ლოგიკით გამოდის, რომ ყველაფერი, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, როდესაც ქვეყანა ინგრეოდა და ეკლესია შენდებოდა, ესეც შორენას დამსახურება ყოფილა. ის, რომ ამოდენა მრევლი გაუჩნდა ეკლესიას, ეს პატრირქის დამსახურება არ ყოფილა.

ჩემთვის ნათელია რა მიზანს ემსახურება მისი უმსაგვსობა. საპატრიარქოდან ერთადერთი ადამიანი იყო პეტრე, რომელიც დაახლოებული იყო ნაციონალებთან. მეტიც, იგი მიშა სააკაშვილის და სანდრა რულოვსის სულიერი მამაა. ასევე, ის არის ახალაიების ოჯახის სულიერი მამა. არ ვიცი რომელს გააჩნია სული, მაგრამ ეს იყო რეალობა. ზუსტად, პეტრე მოიქცა ისე, როგორ უნდა მოქცეულიყო ამ სტატუსის მქონე ადამიანი. პეტრემ თავისი ბინძური განცხადებებით დასცა ეკლესიის რეიტინგი.

გაქვთ უახლოესი მონაცემები, რომელიც ეკლესიის რეიტინგის დაცემას ადასტურებს?

- NDI-ის კვლევის მიხედვით სულ მცირე 87- 88% იყო მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი, მაგრამ პეტრეს ამ ბინძური განცხადების შემდეგ თუ ჩატარდება კვლევა, ჩვენ დავინახავთ, როგორი ვარდნა განიცადა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

ახლა მე გეკითხებით, ვინ იზარალა, შორენამ, რომელსაც ნამდვილად არასოდეს არ მოიშორებს გვერდიდან პატრიარქი, თუ იზარალა პატრიარქმა? ვინ თუ არა, პატრირქმა იცის, რომ შორენა არის მისი უერთგულესი ადამიანი. არაერთხელ გამოსცადა მისი ერთუგლება საპატრიარქოსა და პირადად მის მიმართ. ეკლესიის თავი არის პატრიარქი და დიახ, ეკლესიამ და პატრიარქმა ერთად მიიღეს ის დარტყმა პეტრეს ბინძური განცხადებებით.

მეუფე ამ შემთხვევაშინაციონალური მოძრაობისდაკვეთით მოქმედებდა?

- დიახ და ეს ჩემი აზრია. „ნაციონალური მოძრაობის“ და პირდად მიხეილ სააკაშვილის მიზანი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ძალამ დაკარგა ძალაუფლება ერთადერთი მიზანი არის საქართველოს ნგრევა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ეს არაერთხელ აისახა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში. საქართველოს ყველაზე ეფექტური ნგრევა სად შეიძლება, თუ არა ეკლესიაში. სწორედ, რომ ყველაზე ძლიერ, ყველაზე ფუნდამენტურ და მაღალრეიტინგიან ინსტიტუტს მიაყენა უზარმაზარი დარტყმა პეტრემ.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ წინმსწრებადრუსთავი 2“-ის სიუჟეტი და განცხადება, რომ პატრიარქს უსმენენ, ეს პოლიტიკურად იყო მოტივირებული?

- რა თქმა უნდა, საინტერესოა წინმსწრებად რატომ გაავრცელა „რუსთავი 2“-მა და საიდან იცოდა ეს ყველაფერი და საერთოდ, რატომ არის, რომ ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციები ყოველთვის „რუსთვი2“-მა იცის, თუ თვითონ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებთან ერთად ამ უბედურების ავტორი?! თვითონ არიან ავტორები იმ სიბინძურეების, რაც ქვეყანაში ხდება. დიახ, დღევანდელი ხელისუფლების დანაშულებრივი პოლიტიკის შედეგია ეს. ის, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ ჩამოშორდა ქვეყანას და არ გამოცხადდა, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ამით იზარალა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც ქვეყნის დედაბოძია. აი, ეს ბოძი გადახერხეს პეტრეს ხელით.

რაც შეეხება თავად მეუფე პეტრეს საქმიანობას, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ინფრომაციით, მისი ხელით ხდებოდა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა და როგორც ამბობენ, მუფე პეტრემ თავადაც მიიღო სარგებელი. თქვენ გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია?

- გაუპატიურების და ადამიანის მწამებლების პარტიას რომ გვერდით უდგეხარ და დღემდე მიშა სააკაშვილის სურათი გიკიდია ეპერქიაში, ამას რად უნდა ლაპარაკი, ის მოტივაციის გარეშე არაფერს აკეთებდა. რა მრწამსი შეიძლება ჰქონოდა, გაუპატიურება მოსწონდა, თუ ქვეყნის ნგრევა და ტერიტორიების გასხვისება მოსწონდა? რატომ იდგა ამ პარტიის გევრდით? - იმიტომ, რომ პირადი ინტერესები ჰქონდა.

მაშინ როდესაც გაიჟღერა პატრიარქის შესაძლო მკვლელობის ვერსიამ, ამ დროს ადამიანს ამაზე არ უჩნდება შფოთი და კითხვები, რა ხდება. არამედ, იხსენებს თითქოსდა გიორგი მამალაძის მიერ დაწერილ წერილს, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მამალაძის დაწერილი არ არის. როდესაც შენი ეკლესიის პირველ პირს ეხება საქმე, რა კორუფციული სქემები გახსენდება შენ დალოცვლილო, თუ პოლიტიკურად არ არის მოტივირებული შენი ქმედება, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მისი უწმინდესის დისკრედიტაციისკენ.

რაც შეეხება სულხან მოლაშვილის სახლის ისტორიას, მეუფე ამბობს, რომ საპატრიარქოს - სახლი N3, ერთ-ერთი მეუფის განკარგულებაში იყო და იქ მეძავი ქალები მიჰყავდათ და როგორც თავად ამბობს, ეს სულხან მოლაშვილმა უთხრა. აქ არის ერთი დეტალი, მეუფე ამბობს, რომ სახლის გადაცემის საკითხი როდესაც დააყენა, მაშინ ერთ-ერთი ქალბატონი ჩაერია, რამდენადაც ვიცი მეუფე თქვენ გგულისხმობდათ. სახლის საპატრიარქოს კუთვნილებაში გადაცემამდე, სახელმწიფოს ბალანსზე იყო, მაშინ ხშირად სტუმრობდნენ მოლაშვილისთვის წართმეულ სახლს მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები...

- ნამდვილად ასე იყო. ვადასტურებ, რომ მე ვიყავი ის ქალი, ვისზეც ილაპარაკა პეტრემ. როდესაც დავიწყეთ ამ სახლის დაბრუნებაზე მუშაობა, დეტალური ინფორმაცია მოგვცა საპატრიარქომ. ჩვენ გვინდოდა მიგვემართა ხელისუფლებისთვის და მივმართეთ კიდევაც, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ, გამოსახლების შემდეგ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ. ამ საქმეში ჩართული იყო გიორგი ანდრიაძე, რომელიც სამართლებრივ საკითხებს აგვარებდა და ასევე იყო შორენა თეთრუაშვილი.

რამდენადაც ვიცი, პატრიაქი არ იყო საქმის კურსში, რომ მოლაშვილის სახლი საპატრიარქოს კუთვნილებაში იყო...

- დიახ. ერთადერთი სიმართლე, რაც პეტრემ თქვა გახლდათ ის, რომ როდესაც გაიგო პატრიარქმა, რომ სულხან მოლაშვილის სახლი გადაფორმებული იყო საპატრიარქოზე, მან გაოცებით იკითხა, რატომ იყო ჩვენს ბალანსზეო. ასე იყო ნამდვილად და მაშინ შორენამ უპასუხა, რომ უწმინდესო ჩვენ ვინმემ გვკითხა ამის შესახებო?! მერე ავუხსენი, რომ ეს სახლი არ იყო საპატრიარქოს ბალანსზე, არამედ სახელმწიფოს ბალანსზე იყო, მაგრამ მიშამ გააკეთა ისე, რომ ეს იყო უზურფრუქტით გადაცემული ქონება, ანუ მოხმარების უფლებით გადასულიყო საპატრიარქოზე და სწორედ ამის მოხსნა გვინდა ახლა-თქო.

პატრიარქი გაოგნებული იყო ამის გამო. შორენა იყო ჩართული ამ საქმეში, იურისტებს ეძახოდა თუ როგორ შეიძლებოდა ამ სახლის გადაცემა ოჯახისთვის. იმიტომ, რომ იქ იყო ვალდებულებები და მარტივად არ იყო საქმე. სწორედ შორენა თეთრუაშვილის უზარმაზარი წვლილით მოხდა ის, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანეთ წესრიგში. პატრიარქი ძალიან შეწუხებული იყო.

ძალიან საინტერესოა, რომ როდესაც მოლაშვილზე საუბრობდა მეუფე პეტრე, მას არ უსაუბრია, როგორ აწამა სწორედ იმნაციონალურმა მოძრაობამსულხან მოლაშვილი და მიიყავანა სამარის კარამდე.

- ეს ადამიანი სულხან მოლაშვილს ეუბნებოდა საჩივარი გამოეტანა სტრასბურგიდან. სულხანმა ქვეყანა დატოვა სწორედ პეტრეს გამო. პირადად მითხრა, რა ვქნა, ჩემი სულიერი მამა მომიგზავნესო, ამას ვერ გავუძლებ და ქვეყნიდან უნდა წავიდეო. ამის შემდეგ რაზეა ლაპარაკი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე და ნაციონალები ერთად მოქმედებენ. ახლა მთავარია, გამოძიებამ გამოაშკარავოს ის ძაფი, რომელიც პეტრეს ოდესასთან აკავშირებს.

როდესაც საუბარია მისი მონაწილეობით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გადაფორმებაზე, ეს საკმარისი საფუძველია ითქვას, რომ მეუფე პეტრენაციონალურ მოძრაობასთანერთად კორუფცლიულ გარიგებაში იყო ჩართული?

- ეს სამართლებრივად უნდა დადგინდეს. მე, რა თქმა უნდა, მაქვს შინაგანი რწმენა და ინფორმაციაც, რომ ეს ვითომ მეუფე პეტრე ჩართული იყო კორუფციაში, მაგრამ ეს უნდა თქვას საგამოძიებო ორგანოებმა. უნდა დაიწყოს გამოძიება - რატომ და ვისი დავალებით განიზრახა ამ ადამიანმა პატრიარქის და მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფა. არ არსებობს, რომ ეს მის ტვინში მოხარშულიყო. დამოუკიდებლად ამას ვერ გაბედავდა ეს არარაობა, რომ არა სერიოზული ზურგი და ვინ არის მაგის ზურგი, ეს არის გამოსაძიებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ცაავას ზურგი არის ოდესაში, რომლის ინტერესშია მართლმადიდებლური ეკლესია იყოს შერყეული.