მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, მთავარი პროკურატურა ახალ ვერსიას ანვითარებას. პირველ განცხადებაში ვარაუდი იყო პატრიარქის შესაძლო მკვლელობაზე, შემდეგ ითქვა, რომ ეს არ იყო პატრიარქი და პროკურატურა ამბობს, რომ შეიძლება იგეგმებოდა ერთი, ან შეიძლება რამდენიმე პირის მკვლელობა. პროკურატურას ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა იდენტიფიცირებული სასულიერო პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან გადადგეს.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია შესთავაზა საზოგადოებას. როგორ ფიქობთ, რატომ ცვლის პროკურატურა ვერსიებს, ასეთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე?
დავით ზარდიაშვილი: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პროკურატურამ მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, შემდეგ თვითონვე გაიხლართა ამ მოუმზადებლ განცხადებებში. არც ვიცით, რა ბრალი აქვს წაყენებული დაკავებულ დეკანოზს, მაგრამ უცნაურია, ასეთ ვითარებაში ხელისუფლების უმაღლესი პირების ჩართვა და გულზე მჯიღის ცემა, რომ უბედურება ავიცილეთ.
ეს არის მძიმე შეცდომა, რომელსაც საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა და აბსოლუტურად სამართლიანად. წარმოიდგინეთ, რა ბრალდებაზეა საუბარი და თუ ფაქტებით არ არის გამყარებული ეს ბრალდება, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია პროკურატურა. გარდა ამისა, პოლიტიკოსების კომენტარები უფრო ამძიმებდა სიტუაციას. ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ეს გამოყენებული იქნა საპატრიარქოზე თავდასხმისთვის.
რეალურად ასე მოხდა?
– რა თქმა უნდა, მერე ამაში ჩაერთო ეპისკოპოსი პეტრე, იქეთ ნაციონალებმა გააკეთეს ძალიან უცნაური განცხადება და ასევე, ძალიან მოულოდნელი იყო უმრავლესობის წარმომადგენლების კომენტარები, რაც ძალიან არაკვალიფიციური იყო. ბოლოს გია ვოლსკიმ თქვა, რომ იქნებ გასაყიდად მიჰქონდაო.
უმრავლესობის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურამ შეცვალა პოზიცია, რაც ასევე აჩენს დამატებით კითხვებს და თითქოს პროკურატურის პოზიციის „გაპრავება“ ხდება...
– დიახ, ეს ყველაფერი დაემსაგავსა ტრაგიკომიკურ ფარსს. წარმოიდგინეთ, რომ გერმანიაში ვინმემ ციანიდი წაიღოს, თანაც ანაფორიანმა ადამიანმა და ბერლინის ქუჩებში დაიწყოს ციანიდის გაყიდვა. ეს სასაცილოც აღარ არის უკვე. აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემა არის. სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პროკურატურამ მოუმზადებელი საჯარო განცხადება გააკეთა.
რაც პირველი შემთხვევა არ არის. ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე გააკეთა პროკურატურმა მოუმზადებელი განცხადება, მათ შორის მაღალჩინოსნების საქმეზე და შედეგად ყველა საქმე წააგო სასამართლოში. პროკურატურის ასეთი მოუმზადებლობა არ ვნებს სახელმწიფოს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბაჩო ახალაიას ბრალი წარდგენილი აქვს ვაშლის გათლაზე, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! საერთოდ გადასახედია პროკურატურის როლი და ადგილი. ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იფიქროს საკონსტიტუციო კომისიამ. 1985 წლის კონსტიტუციაში პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების ნაწილი იყო. ის იყო სახელმწიფო ბრალმდებელი და მიეკუთვნებოდა სასამართლო ხელისუფლებას. როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიტანეს, ძალიან დიდია მცდელობა და მით უმეტეს ასეთი პოლიტიკური ანგაჟირების პირობებში, რომ ეს გამოყენებული იქნეს ინტრიგების იარაღად, რაც ძალიან ცუდია.
ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ინტრიგების იარაღად არის გამოყენებული პროკურატურა?
– ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხელისუფლება არ არის ერთიანი, მაგრამ ვინ დგას ამ ინტრიგების უკან, ეს არის გაუგებარი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის უმრავლესობის და ხელისუფლების ინტერესი.
მთავარი პროკურორის განცხადებას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რასაც ტირაჟირებას უკეთებდა „რუსთავი 2“, საუბარი იყო ფარულ ჩანაწერებზე, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი პატრიარქზე. ეს იყო პოლიტიკური გეგმის ნაწილი, რომელშიც თავისი არაკომპეტენტურობით აღმოჩნდა გახვეული პროკურატურა?
– მტკიცებით ფორმაში ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეჭვის საფუძველი უდავოდ არის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წვრილმანი და ზოგიერთ შემთხვევაში მსხვილმანი პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენება. ამ პოლიტიკურ პროცესებში თვითონ პროკურატურა გამოდის არა როგორც ნეიტრალური, არამედ როგორც მოთამაშე. ეს არის დაუშვებელი და ძალიან საშიში.
ანუ, ვერსია, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად გათვლილი მოქმედება, აქვს არსებობის უფლება? მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პროკურატურაში მუშაობენ ნაციონალებთან დაახლოებული კადრები...
– ნუ წარმოიდგენთ ისე, რომ მონოლითური არის „ნაციონალური მოძრაობა“, ასე არ არის. იქ არის სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები აქვთ და სამწუხაროა, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს ხელისუფლების მხარესაც. შეიძლება, გარკვეულ პირობებში ამ ჯგუფების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვას და ინტრიგების ხლართვა დაიწყონ.
ვნახეთ, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებით გამოირკვა ძალიან მძიმე მდგომარეობა. ერთ–ერთი ეპისკოპოსი პრაქტიკულად პატრიარქს სდებს ბრალს, რომ პატრიარქის პირადი მდივანი შორენა თეთრუაშვილი მართავს ეკლესიას, რაც უმძიმესი ბარლდებაა. მე მაქვს ძალიან ცუდი ინფორმაცია მეუფე პეტრეზე.
რამდენადაც ცნობილია, მეუფე პეტრე დაახლოებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად კურირებდა სამეგრელოში ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესს, ანუ შუამავალი იყო პროკურატურასა და დაკავებულებს შორის. ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანის ბრალდება ქმნის დამაჯერებლობას?
– ეს არის პირდაპირი შეტევა საპტრიარქოზე და უშუალოდ პატრიარქზე, რაც უმძიმესი ფაქტია. რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ძალიან ცუდი ინფორმაცია მაქვს მის მოღვაწეობაზე და არა ყურმოკვრით, არამედ ფაქტებით გამყარებული. ჩემს ახლობელს, რომელიც წარმოშობით მარტვილის რაიონი, სოფელი სალხინოდან არის, პირდაპირი შეხება ჰქონდა ეპისკოპოს პეტრესთან და იმ პროცესებთან, რასაც ჰქვია ქონების გადანაწილება.
ზუსტად, ვიცი, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსი არ არის, „დელეცია“, საბჭოთა კავშირის დროს, ქონების ხელში ჩასაგდებად რაღაც კომბინაციებს რომ ატრიალებდა, აი ასეთი პირია მეუფე პეტრე. თანაც წარმოიდგინეთ, რომ ის არის ახალაიების სულიერი მოძღვარი, რაზეა საერთოდ ლაპარაკი. საპატრიარქოში არსებული ვითარება გამოვიდა გარეთ. საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს საპატრიარქოს განსჯად საკითხებში ასეთ პირდაპირ ჩარევაზე, რაც ძალიან ცუდი და საშიშია.
მით უფრო, როცა თემა პოლიტიკურად მოტივირებულია...
– რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში პოლიტიკურად არის მოტივირებული. აქ ლაპარაკია ძალაუფლების, გავლენებისა და ქონების გადანაწილებაზე. ამ ვითარებაში რასაკვირველია, უნდა ვაცადოთ პატრიარქს, რომელიც ალბათ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, არა ისე, რომ საზოგადოებამ პირზე ბოქლომი დაიდოს და არაფერი არ თქვას, მაგრამ ძალიან ანგაჟირებული დამოკიდებულებაც არ იქნება კარგი და მისაღები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში არის მძიმე ვითარება. ხან ერთი სკანდალური თემა გამოჩნდება, ხან მეორე, ხან მესამე. სინამდვილეში რაც არის საფიქრალი და განსაკუთრებული, ყურადღების მიღმა რჩება.
ხომ არ ფიქრობთ, რომ არასტაბილურობის ფონის შექმნა არის „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პოლიტიკური მოტივი?
– რა თქმა უნდა, ასეა. „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ჯგუფები ქმნიან ამ ვითარებას, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას აქვს პროცესების მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ უნდა მართოს პროცესები და არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც არ უნდა ვიძახოთ და ხელი გავიშვიროთ „ნაციონალური მოძრაობისაკენ“, საუბედუროდ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მთელი დღის წესრიგი რაც საქართველოს წინაშე დგას, აბსოლუტურად ხელოვნურია.
ავიღოთ „რუსთავი 2“–ის თემა, გნებავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თემა, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ დავაბრალოთ, თვითონ ხელისუფლების წიაღიდან მოდის. გაუგებარია რა უნდათ. ისეთი ვითარებაა, რომ ერთმანეთის მიყოლებით ხდება სკანდალი და ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება საკონსტიტუციო პროცესი, სადაც ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები ირკვევა და რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ეს თითქოს არავის აინტერესებს და აინტერესებთ ე.წ. ციანიდი... რაღაცა სიგიჟეა. ამ თვალსაზრისით აბსოლუტური გაუგებრობა იქმნება ქვეყანაში.
თუ დადასტურდა, რომ დაკავებული დეკანოზი არის მართალი, გამოდის, რომ სახელმწიფომ მიაყენა უდიდესი დარტყმა ეკლესიას და არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ამ პროცესების თანამონაწილეა?
– რა თქმა უნდა, აქ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დღითიდღე მძიმდება ეს ფონი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთავრობა კი არ მართავს, არამედ მთავრობას მართავენ სხვადასხვა ინტრიგების მეშვეობით. ვხედავთ, რომ მთავრობა ერთი სკანდალიდან, მეორე სკანდალში ეხვევა, ეს არის ძალიან მძიმე.
როდესაც პროკურატურა სასულიერო პირს უყენებს უმძიმეს ბრალდებას და ამას აკეთებს მოუმზადებლად, მთავარმა პროკურორმა უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა?
– პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს ხელისუფლებამ. მაგრამ ეს იქნება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ვინ დასვას პასუხისმგებლობის საკითხს, ვის ჩაეთვლება პლუსად და ვინ დაიწერს ქულებს. ამიტომ ვამბობ, რომ პრინციპული გადაწყვეტილება არის მისაღები. ეს რისკი რომ თავიდან ავიცილოთ, პროკურატურა უნდა გავიდეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.
აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გასვლა იქნება საკმარისი გარანტია, რომ პროკურატურა გახდეს ნეიტრალური?
– არა რასაკვირველია, მაგრამ უფრო მეტი საფუძველი გვექნება ვიფიქრობთ, პროკურატურა ნეიტრალურია, მაგრამ აუცილებელია გავიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან. რაც შეება პასუხისმგებლობის საკითხს, ბუნებრივია, უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ეს ბრალდება არ დადასტურდა, რაც წაუყენეს სასულიერო პირს, ბუნებრივია, ირაკლი შოთაძემ უნდა აგოს პასუხი. ელემენტარულად, შოთაძეს უნდა ეყოს კაცობა და თვითონ წავიდეს თანამდებობიდან.
აქვე საინტერესოა უმრავლესობის პოზიცია, იგივე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჟურნალისტებს, როდესაც უმრავლესობა ცდილობს გაამართლოს პროკურატურის მოუმზადებლობა, ეს რამდენად არის სწორი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვიცით, რა შედეგი მოუტანა ნაციონალებს ძალოვანების მიერ ჩადენილი უკანონობის გამართლებამ...
– ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი. პროკურატურის პოლიტიკაში და პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოყენება, აბსოლუტურად დაუშვებელია. მართლაც, ეს გვაგონებს იმ შავ 9-წლიან პერიოდს, როდესაც გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის და ქუჩაში დახოცილები ბიჭების გაპრავება ხდებოდა, ეს არ შეიძლება, დაუშვებელია. ამ ვითარებაში იგივე ბესელია არის მძევალი, ცდილობს გაამართლოს ის, რაც გაუმართლებელი და ძალიან მძიმე შედეგის მომტანია.
ეს იგივეა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა პროკურატურაში, ფარული ჩანაწერები, წინასწარ დადგმული პროვოკაციები, ინსინუაციების დადგმა, ასეთი ბევრი შემთხვევა გვახსოვს. შეიძლება მართლა ასე მოხდა, მამა გიორგის მოუწყვეს პროვოკაცია, ასეთი რამეც შესაძლებელია. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია პროკურატურის რეფორმა და იგი ინსტიტუციურად უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
დღეს პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და მასზე პასუხისმგებელი არის მთავრობის ხელმძღვანელი, რაც დაუშვებელია. ყოვეთვის იქნება საფრთხე, რომ ხელისუფლება თვითონ გახდეს პროკურატურის მძევალი. ისეთი ვითარება იქმნება, რომ პროკურატურას შეუძლია მთავრობის მართვა, წარმოუდგებელი რამეა, აბსურდში შევდივართ.
რა ჯგუფი დგას პროკურატურის უკან?
– ეს იმდენად რთული ამბავია. შეიძლება ხელისუფლების გარკვეული ძალები დგანან, ასევე „ნაცინალური მოძრაობის“ და ღმერთმა უწყის კიდევ ვის რა ინტერესი აქვს. ამიტომ არის აუცილებელი ინსტიტუციური ცვლილება. როდესაც პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, გვინდა თუ არა, შემოდის პოლიტიკურ ველზე, ლაპარაკობს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და ხელისუფლება ეძებს გამამართლებელ არგუმენტებს, რომ დაიცვას პროკურატურა. ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან საშიში. ამიტომ ვამბობ, რომ ინსტიტუციურად არის მისაღები გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნაწილი უნდა ჩამოშორდეს პროკურატურას და გადავიდეს სასამართლოს კონტროლს ქვეშ, რაც ალბათ არის გამოსავალი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ დადასტურდა, რომ ეს არის ცრუ ბრალდება და როგორც ჩანს, აქითკენ მიდის საქმე, ეს უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ შემთვევაში არა მარტო უნდა გადადგეს შოთაძე, გამოძიება უნდა ჩატარდეს, რატომ დაიგეგმა ეს პროვოკაცია და რა მიზანი ჰქონდა ამას. დარწმუნებული ვარ, რომ გამოიკვეთება დანაშაული და ასეთ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ სკანდალურ საქმეში მონაწილეობდა.
თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური ნაწილი უნდა ჩამოშორდეს პროკურატურას და გადავიდეს სასამართლოს კონტროლს ქვეშ, მაგრამ ვხედავთ, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი ნაციონალების გავლენისგან, ამ მიმართულებითაც სახელმწიფო ძალიან სუსტია...
– საერთოდ ცალკე თემაა ნაციონალების გავლენები. მათ არა მარტო პროკურატურაზე და სასამართლოზე აქვთ გავლენები, არამედ ბევრ სხვა ინსტიტუტეტბზე აქვთ გავლენა და ამას ყველა ვხედვათ, რაც კიდევ არის ერთი პრობლემა. ვხედავთ, რომ არასწორი განცხადების გამო, მთელი ხელისუფლება აღმოჩნდა პროკურატურის არასწორი განცხადების მძევალი და ეს მიგვიყვანს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე,
ხალხის თვალში კარგავს ნდობას. სწრაფ განვითარებაზე აკეთებ განცხადებას და ამ დროს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კრიზისი ვითარდება ძალიან სწრაფად. რაღაცა უნდა ქნან, ასე არ შეიძლება. ისეთი ვითარება იქმნება, რომ მთავრობა კი არ მართავს ქვეყანას და სიტუაციას, არამედ პირიქით, მთავარობა იმართება სკანდალიდან სკანდალამდე, რაღაცა გარემოებებით, რაც დაუშვებელია. ამიტომ, მისაღები არის გადამწყვეტი ზომები.
ოპოზიცია მოითხოვს, რომ ბოდიში მოიხადოს პრემიერ–მინისტრმა, რომელმაც მთავარი პროკურორის განცხადებიდან ძალიან მალე გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანამ დიდი უბედურება აიცილა თავიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროცესი პოლიტიკურად იყო მართული, მიზანი იყო პრემიერის რეიტინგზე დარტყმა, რომელსაც აქვს საზოგადოებაში დიდი ნდობა?
– მთელი ხელისუფლება აღმოჩნდა პროკურატურის მოუმზადებელი საქმის თანაავტორი. არის ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი და ამის მძევალი გახდა მთელი ხელისუფლება. სწორედ, ეს არის შედეგი იმისა, რომ პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. რეალურად, ხელისუფლება ინაწილებს პასუხისმგებლობას პროკურატურის არასწორ ნაბიჯებზე.