პარლამენტში არქიტექტორებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატიავა შევიდა. კანონპროექტი ითვალისწინებს სამშენებლო სფეროში ლიცენზირება-სერთიფიცირების შემოღებას, რათა მშენებლობა მხოლოდ პროფესიონალებმა განახორციელონ.
აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და დაგვიანებულადაც მიიჩნევს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე. მისი აზრით, აქამდეც მშენებლობა მხოლოდ პროფესიონალებს რომ განეხორციელებინათ, ასეთ სავალალო შედეგამდე არ მივიდოდით.
„სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს ცვლილებები. არაფერი საძებნელი არ არის, ძველად არსებობდა სალიცენზიო კანონმდებლობა, რომელიც გააუქმეს და ის უნდა აღდგეს. უნდა ვიცოდეთ, მშენებლობის დამწყებს რეალურად რა პროფესია აქვს, სამშენებლო ინდუსტრიაში გამოცდილება თუ გააჩნია, სტაჟირება სად გაუვლია. პირველ რიგში, ლიცენზია არ უნდა მისცენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი სამშენებლო ლაბორატორია. ადრე ლიცენზიების გაცემისას სწორედ ეს იყო პირველი მოთხოვნა და, ვისაც თავისი სამშენებლო ლაბორატორია არ ჰქონდა, უარს ეუბნებოდნენ. სხვათა შორის, ადრე ამას აკეთებდა კომპანია „არსი“, იგი დღესაც მოქმედია, მაგრამ რაღაც არ ჩანს, ეტყობა, სამშენებლო ბაზარზე პრობლემები შეექმნა. ამ დეველოპერულ კომპანიას „მონოლითმშენთან“ ჰქონდა კონტრაქტი და ისე აშენებდა ობიექტებს. „მონოლითმშენი“ კი მშენებლობის სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული სამშენებლო ტრესტი იყო, რომელსაც საკუთარი ლაბორატორია, რკინა-ბეტონის ქარხანა ჰქონდა, ლაბორატორიულად ხდებოდა საქარხნო შემოწმება. შემდეგ უკვე საშენი მასალების ინსტიტუტი ამოწმებდა აშენებულს, ე.ი. ორმაგი კონტროლი ხორციელდებოდა, იყო ურთიერთკონტროლი და ბეტონის უხარისხობაზე აღარავინ ლაპარაკობდა“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, თუკი კანონმდებელი მკაცრად მოითხოვს, რომ მშენებლობა მხოლოდ პროფესიონალებმა განახორციელონ, ეს მშენებლობის პროცესს შეაბრკოლებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ნაკლები რაოდენობის ნაგებობებს ააშენებენ, რადგან რასაც აშენებენ, ყველაფერი დასანგრევია. განსაკუთრებით, ეს ეხება მაღლივ კორპუსებს, სადაც ელემენტარულ კანონს არღვევენ, ვინაიდან არ შეიძლება რკინა-ბეტონის კარკასული შენობა 12 სართულზე მაღალი იყოს. მართალია, საზღვარგარეთ ცათამბჯენები შენდება, მაგრამ იქ სულ სხვა ტექნოლოგიებია. აქ კი ნახევარი საუკუნის წინანდელი სამშენებლო ტექნოლოგიით მუშაობენ და იმ ტექნოლოგიით, რაც ჩადებულია კონკრეტული შენობის კონსტრუქციულ ნაწილში, არაფრით შეიძლება 12 სართულზე მეტის აშენება. ეს შენობები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეამოწმოს, რადგან, რაც თბილისის ტერიტორიაზე შენდება, საბოლოო ჯამში, უნდა ჩაიბაროს მერიამ და მხოლოდ ამის მერე შევიდეს ხალხი საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ამ ელემენტარულ ნორმებს საქართველოში არავინ აქცევს ყურადღებას.
„ამის პრეცედენტი ჩვენ შევქმენით, როცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 12-სართულიანის ნაცვლად 32-სართულიანი სახლი შენდებოდა. სამი სასამართლო მოვიგეთ და შევაჩერებინეთ მშენებლობა. ეს შეზღუდვა რკინა-ბეტონის კარკასულ შენობას შეეხება, თორემ ე.წ. ურიგელო შენობებში, სადაც სართულების მთლიანი დაბეტონება ხდება, არ შეიძლება 5 და 7 სართულზე მეტი ააშენონ. ამ დროს 5 და 7-სართულიანის ნაცვლად, 30-სართულიანებია აშენებული. პროფესიონალები უცხოეთში არიან, ან სახლში სხედან და არ მუშაობენ. არავის პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ სამშენებლო სფერო ხელში ჩაიგდეს ბანკირებმა, ექიმებმა, მშენებლობის გაგებაში რომ არ არიან. პროფესიონალი მშენებელიც არ აიყვანეს, არ ემეტებათ ფული, რომ პროფესიონალი დააყენონ ობიექტზე, მაინცდამაინც იაფფასიან მუშახელს დაეძებენ. გაუმაძღრობას იჩენენ, 200-300 და 500%-იან მაქსიმალურ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ხალხის უსაფრთხოებას არაფრად დაგიდევენ. ამიტომ უნდა შეჩერდეს მშენებლობები, განსაკუთრებით, 5 სართულზე ზემოთ მაღალი მშენებლობა ყველა შესამოწმებელია და ეს კანონი 2010 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს“.
„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არქიტექტორებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატიავა დროულია, რადგან არა მარტო სამშენებლო, არამედ ნებისმიერი საქმე უნდა განახორციელონ პროფესიონალებმა.
„სამშენებლო სფეროში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, დაწყებული გეოლოგიური კვლევიდან, დამთავრებული ფასადის მოპირკეთებით. მე მგონია, რომ ახლანდელი მოწვევის პარლამენტი უფრო წინ უნდა წავიდეს, ეს ინიციატივა უნდა განაზოგადოს და ყველა დარგში შემოიღოს ლიცენზირება. ყველას უნდა ჰქონდეს შესაბამისობის სერთიფიკატი“.