„ამერიკელები იგივე შეცდომას არ დაუშვებენ, რომ რუსეთს უფრო მეტი მანევრის საშუალება მისცენ“

„ამერიკელები იგივე შეცდომას არ დაუშვებენ, რომ რუსეთს უფრო მეტი მანევრის საშუალება მისცენ“

გადაწყვეტილება მიღებულია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჩატარდება მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში პროვოკაციაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ-ერთია ნატოს შეკავებისა და თავდაცვითი სისტემის ადაპტაციის საერთო სტრატეგიის კომპონენტებიდან, გაცილებით რთული პირობებისადმი უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.

„ჩვენი ყოფნა გაძლიერდება, მაგრამ მას ექნება ზედმიწევნით გააზრებული, თავდაცვითი ხასიათი და არანაირი სახით არ მოახდენს რაიმე სახის კონფლიქტების პროვოცირებას და დაძაბულობის ესკალაციას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ისინი არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, აშშ-მა შესაძლოა მათთან ურთიერთობა შეცვალოს. მეტისი აქვე აცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნებმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ძალის პოზიციიდან საუბარს არ გამორიცხავს. მისივე თქმით, ამერიკა მზად არ არის უარი თქვას ალიანსის ღირებულებებზე და საშუალება მისცეს რუსეთს თავისი ქმედებებით უფრო ხმამაღლა ისაუბროს.

„უნდა განგიმარტოთ პოლიტიკური რეალობა აშშ-ში და გადმოგცეთ ჩემი ქვეყნის, ხალხის სამართლიანი მოთხოვნა. ამერიკა შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ თუ თქვენს ქვეყნებს არ უნდათ, რომ ამერიკამ შეცვალოს ალიანსისადმი აღებული თავისი ვალდებულებები, თითოეულ თქვენთაგანმა უნდა აჩვენოს მხარდაჭერა ჩვენი საერთო თავდაცვისუნარიანობისთვის. ამერიკელი გადამხდელები მეტად არ გაიღებენ არაპროპორციულ წილს დასავლური ღირებულებების დაცვაში. ამერიკელებს არ შეუძლიათ უფრო მეტად იზრუნონ თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე, ვიდრე თქვენ ზრუნავთ. სამხედრო მზადყოფნის უგულებელყოფა აჩვენებს უპატივცემულობას ჩვენი თავისადმი, ალიანსისადმი და იმ თავისუფლებებისადმი, რომელიც ახლა საფრთხის ქვეშაა“, - აღნიშნა ჯეიმს მეტისმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს წამყვანი ქვეყნები თავდაცვაზე მინიმალურ მშპ-ს 2%-იან განაკვეთს არ ხარჯავენ. მხოლოდ ხუთი ქვეყანა - აშშ, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმს. აშშ-ს ნატო-ს თავდაცვით ბიუჯეტში თავისი მშპ-ს 3.6% შეაქვს. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მეტისის მოთხოვა მოკავშირეების მიმართ იყო აუცილებელი, ვინაიდან ბევრი ქვეყანა და მათ შორის გერმანია, არ ასრულებს შეთანხმებს. მისივე თქმით, როდესაც საუბარია კოლექტიური დავდაცვის გაძლიერებაზე, ყველამ თანაბრად უნდა აიღოს ეს ტვრითი.

„მოთხოვნაა კონკრეტული ციფრების გადახდა, ანუ 2%-ის ფარაგლებში მოხდეს თავდაცვის ხარჯების გამოყოფა ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი მონაწილეობის მიღების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები შეცვლიან თავის მიდგომებს მოკავშირეების მიმართ, რადგან ყველაზე დიდი ხარჯი მოდის ამერიკაზე და ამას ყველა აღიარებს.

ამერიკა ამბობს, რომ ისინი იქნებიან თანასწორი, თანასწორთა შორის. რაც აბსოლუტურად სწორია. ყველა ქვეყანამ რომ გაიღოს 2% ეს საკამოდ სოლიდური თანხა იქნება, მერე უკვე ნატოს არ ექნება დამატებითი ხარჯების მოძიების პრობელმა, რომ სწორედ უზრუნველყოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც მაისაია აცხადებს, რუსეთის, სირიის და ისლამური ხალიფატის ფაქტორის გათვალისწინებით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ თავდაცვაზე მინიმალური თანხის ხარჯავა, მაშინ, როდესაც ნატოს ვარშავის სამიტზე რუსეთი და ისლმაური სახალიფო ოფიციალურად დასახელდა როგორც მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ სივრცეს.

„აქ საუბარია სამხედრო საფრთხეზე. ეს დადასტურებული ფაქტია და შედეგების მიხედვით იქნა გამოტანილი ეს დასკვნა. ამიტომ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამუშავებს გეგემას, რომლის მიხედვით ეს ორი საფრთხე უნდა იქნას განეიტრალებული. ფაქტიურად, შავი ზღვის გაძლიერების ტენდენციაც ამისკენ არის მიმართული, რომ მოხდეს რუსეთის ჰეგემონიის ერთგვარი შემცირება.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ახალი ცივი ომის საზღვარი შავ ზღვაზე გადის. ვიცით, რომ შავ ზღვაში არის ნატოს წევრი ქვეყნები - რუმინეთ, ბულგარეთი და თურქეთი. საქართველო და უკრაინა ნატოსკენ მიისწრაფვის და დარჩა ერთი ქვეყანა, ეს არის რუსეთი. გასაგებია, რომ ყველაფერი მიმართულია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ზურაბ აგლაძე ეთანხმება გენერალი მეტისის პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა დროა გაზარდონ და იზრუნონ თავის თავდაცვისუნარიანობაზე. მისივე თქმით, დადგენილ კრიტერიუმს მხოლოდ ხუთი ქვეყანა - აშშ, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი აკმაყოფილებენ. შესაბამისად, აგლაძე თვლის, რომ დროა, სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა ევროპის გლობალური თავდაცვის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

„ნათელი მესიჯი გაუგზავნა გენერალმა მეტისმა რუსეთს, რომ აშშ არ აპირებს დათმობას. მეტისი საუბრობს იმაზე, რომ ძალის პოზიციიდან დაელაპარალებიან რუსეთს. ვიცით, რომ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო მცდელობა, მომხდარიყო გადატვირთვის პოლიტიკა, რომ თანასწორუფლებიანი, კონსტრუქციული მუშაობა ყოფილიყო რუსეთსა და ამერიკას შორის, რაც არ შედგა.

ახალ ადმინისტრაციას არ სურს გადატვირთვის პოლიტიკის მოფიქრება და იგივე მდინარეშე შესვლა. ყურადსაღებია ისიც, რომ ტრამპის მრჩეველი გერენალი ფლინი გადადგა. ის იყო გამორჩეული ფიგურა, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთს, ასევე მომხრე იყო სანქციების მოხსნის. მეტისმა ისაუბრა მინისტერიალზე თუ რა დამოკიდებულება აქვს ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთისა და თავის პარტნიორების მიმართ.

ვხედვათ, რომ ტრამპის პოზიციაც შერბილებულია ნატოსა და პარტნიორების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ამერიკელები იგივე შეცდომას არ დაუშვებენ, რომ რუსეთს უფრო მეტი მანევრის საშუალება მისცენ“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას, შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნის გაძლიერებას, აგლაძე ამბობს, რომ დროა ნატო შემოვიდეს შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა უსაფრთხოების გარემო, შესაბამისად, ნატოს შავი ზღვის რეგიონში ყოფნა არის აქტუალური.

„რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევრაკუნძულის ანექსია, გაზარდა თავისი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ბუნებრივია, ნატოს გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი შავი ზღვის რეგიონში და დაეხმაროს მოკავშირე ქვეყნებს. შავი ზღვის რეგიონში გაცილებით მეტი ქვეყანა არის ნატოს და ამერიკელების პარტნიორები, ვიდრე რუსეთის, რომელიც პრაქტიკულად მარტო არის დარჩენილი ამ რეგიონში.

კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო და ვფიქრობ, რომ ნატოს და დასაველთის ყოფნა რეგიონში გაიზრდება, რაც პოლიტიკურ კომპონენტთან ერთად, სამხედრო კომპონენტსაც გულისხმობს. ყინული დაიძრა. დასავლეთი ჩვენს სამეზობლოშიც გაფართოვდება და რაც შეიძლება მეტად იქნება წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში, რაც საქართველოსთვის გადამწყვეტია. ვიღებთ უსაფრთხოებას, რაზეც აგებულია ჩვენი სახელმწიფოს წარმატება.

ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენ გვაქვს ეს არის უსაფრთხოება - დასავლეთი არის უსაფრთხოება. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის - გავხდეთ ნატოს წევრი და დასავლეთი შემოვიდეს შავი ზღვის რეგინში, რაც არა მარტო უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური აღმავლობის კუთხითაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.