რა გზა გამოიარა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში და რატომ ებრძოდნენ მას ლენინი, ტროცკი, ხრუშჩოვი და თანამედროვე ნეოლიბერასტები თუ ნეოტროცკისტები? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბოლო წლებში უამრავი შეტევა იწვნია, რაც ძირითადად ე. წ. თავისუფლების ინსტიტუტებს ამოფარებული ადამიანებისგან მომდინარეობდა. ეკლესიას ებრძოდნენ დემოკრატობით შენიღბული ადამიანები. ეკლესიის პოზიცია კი ყოველთვის ასეთი იყო - „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას“; ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტს მაინც ვერაფერი შეარყევს. დღესაც ეკლესიასთან მიმართებით არაჯანსაღი პროცესები ვითარდება. ვინ დარჩება ამით მოგებული - გარეშე ძალები თუ შიდა დაპირისპირების მოსურნენი?
- ზნეობრივი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, როგორც მრევლის წევრი, ნაკლებად ვცდილობ, ჩავერიო დედაეკლესიისა და ჩვენი სულიერი მოძღვრების შიდა საქმეებში. თუმცა ჩემთვის სამწუხარო იყო, რომ „რუსთავი 2“-ი შეეცადა, ჩემი სულიერი მოძღვარი, ჩემი უახლოესი მეგობარი, პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე ცუდ კონტექსტში წარმოეჩინა. ეს ადამიანი ჩემთვის ზეაღმატებულია, „რუსთავი 2“ კი რასაც წარმოადგენს, ყველას კარგად მოეხსენება. „რუსთავი 2“-ს ერთგვარი პროვოცირება და პროცესების პოლიტიზაცია ახასიათებს. ბუნებრივია, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ბრძოლას თავისი გეოპოლიტიკური კონტექსტი გააჩნია. ჯერ ერთი, რელიგია და ეკლესია ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი და სახელმწიფო პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი. ამას ნებისმიერი პოლიტოლოგი დაგიდასტურებთ. მეოთხე საუკუნიდან მართლმადიდებლობა ჩვენი ოფიციალური რელიგია გახდა, აქედან მოყოლებული, მართლმადიდებლობა პოლიტიკური ღირებულებაც გახდა ჩვენთვის, ამ ღირებულებისთვის ბევრი ადამიანი ეწამა საქართველოში და ეს იყო გეოპოლიტიკური დაპირისპირების პირდაპირი სარბიელი. 1918-21 წლებშიც, როცა საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ხოლო ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა, მაშინაც მიმდინარეობდა პირდაპირი პოლიტიკური ბრძოლა გარკვეულ ძალებს შორის. იმ პერიოდშიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპა უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი კირიონ მეორე და მაშინდელმა დემოკრატიულმა მთავრობამ ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო მკვლელობის კუთხით.
მაშინაც გარედან ინსპირირებული იყო მოვლენები.
- ბუნებრივია, მაშინაც მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. როგორც ჩანს, 1918-21 წლების ისტორიული პრეცედენტი მეორდება. მართლმადიდებლურ გეოსოციუმში, საზოგადოებაში ქართული ეკლესია უდიდეს როლს თამაშობს. ის ანეიტრალებს თუნდაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან მომდინარე საფრთხეს და გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც ასრულებს თავის მისიას. ის, რაც საქართველოს პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე პოლიტიკურმა ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს, სწორედ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განახორციელა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზეც ვრცელდება. ანუ თეოკრატიული ელემენტების ფორმატში იქაც ვრცელდება ჩვენი სარწმუნოებრივი იურისდიქცია.
ვის ინტერესშია ქართულ ეკლესიაში დაძაბულობა - რუსული თუ გლობალური ძალების?
- აქ გეოპოლიტიკური ელემენტებიც არის. როგორც ჩანს, იკვეთება ორი ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ლიბერტარიანელებისგან დაწყებული ბრძოლა. ლიბერტარიანელები ისეთივე ათეისტები არიან, როგორებიც იყვნენ კომუნისტები და ანარქისტები. ნეოლიბერტარიანელების შემოტევა აშკარაა. დასავლეთში არის ასეთი მიმართულება - ნეოლიბერტარიანიზმი, ფაქტობრივად, ისინი წარმოადგენენ ტროცკისტულ მიმართულებას, ხოლო ამერიკაში ნეოკონსერვატორების სახითაა წარმოდგენილი ეს ძალა. ეს არის პროტესტანტული რელიგიური წიაღიდან აღმოცენებული პოლიტიზირებული რადიკალური იდეოლოგიზირებული ჯგუფი, რომელიც ებრძვის საქართველოს დედაეკლესიას. მეორე მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლურ სივრცეში რუსული ეკლესიის მხრიდან წამოსულ შეტევებსაც არ გამოვრიცხავ. აქ ერთმანეთს ერწყმის, დასავლეთიდან ნეოლიბერტარიანელების შემოტევა, ხოლო ევრაზიელებიდან რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ზრახვები. როგორც მართლმადებელი, პატივს ვცემ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დააკარგვინა საქართველოს ავტოკეფალია, რელიგიური დამოუკიდებლობა.
სხვათა შორის, ქართული ეკლესიის დიდი მიღწევა ის არის, რომ 1439 წელს სწორედ ქართული ეკლესიის განსაკუთრებული პოზიციის გამო ჩაიშალა ე.წ. უნიის აქტი. მოგეხსენებათ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ძალაუფლება უნდა აეღო ხელში და ბიზანტიის ფაქტორის გამო ის უნდა გამხდარიყო მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი. ბიზანტიისა და ბერძნულმა ეკლესიებმა მიმართეს რომის პაპს, ანუ კათოლიკურ ეკლესიას, რომ ისინი მიეღოთ მის ქვეშევრდომობაში, რათა დაეცვათ თურქ-სელჩუკებისაგან. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის გათვალისწინებით უნიის კავშირი არ შედგა, ჩვენ შევინარჩუნეთ მართლმადიდებლობა და ჭეშმარიტი რელიგიური ფასეულობები. 1801 წლიდან მოყოლებული, ჯერ აღმოსავლეთ, შემდეგ დასავლეთ საქართველოს ოკუპაციის კვალობაზე, რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რელიგიური დამოუკიდებლობაც დაგვაკარგვინა. სამწუხაროდ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს კრემლის ინსტრუმენტია, რბილი ძალის კონტექტსში. ამდენად, ამ რეალობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ ზემოქმედების ელემენტების გადათამაშებას და ამაში ნეოლიბერტარიანელები, ანუ დასავლეთის ფლანგიდან წამოსული ძალებიც მონაწილეობენ. სხვათა შორის, დასავლეთი ყოველთვის კარგ კონტექსტში არ უნდა მივიღოთ. დასავლეთშიც არიან ძალები, რომლებიც შეიძლება საქართველოს მტრებად შევრაცხოთ ისევე, როგორც ევრაზიულ ფლანგზე. ყველგან შეიძლება იყოს შავიც და თეთრიც. მთლიანობაში, ორივე ფლანგიდან წამოსული ძალები ჩვენი გეოპოლიტიკური მეტოქეები არიან, რომლებიც საქართველოს ეკლესიას ებრძვიან.
ამითაც აიხსნება, რომ „რესპუბლიკელებმა“ ელვის უსწრაფესად მოითხოვეს საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტა?
- რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელების“ იდეოლოგია ნეოლიბერტარიანულია. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ლიბერალურსა და ლიბერტარიანულს შორის დიდი განსხვავებაა. მიხეილ სააკაშვილმაც ლიბერტარიანული იდეოლოგიის დამკვიდრება დაიწყო საქართველოში, ოღონდ ამერიკული ნეოკონსერვატორული ელემენტების თანხლებით. ეს ისეთივე ექსტრემისტული იდეოლოგიაა, როგორც ფაშიზმი და კომუნიზმი. ვიმეორებ, ეს არის ნეოტროცკისტული, ტროცკიდან წამოსული იდეოლოგიური ფრთა და ტროცკისეული საშიში ტოტალიტარული იდეოლოგია.
ლიბერტარიანიზმის აპოლოგეტი იყო ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ფლანგშიც თავის დროზე მოიაზრებოდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და მათი სტრატეგიული კოალიციის წევრები. როდესაც ისინი ასეთ განცხადებას აკეთებენ, მათ ავიწყდებათ, რომ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებულია კონკორდატი და ამით გამოკვეთილია ქრისტიანობის როლი. რატომ არ არის კონკორდატი დადებული სხვა რელიგიური აღმსარებლობის მიმართ? იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის როლი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების საქმეში უდიდესია. ეს უნდა გვიხაროდეს, რადგან ჩვენ ვართ მართლმადიდებლობის ფორპოსტი, მათ შორის, პოლიტიკურ სამყაროშიც. ამით ვამაყობ, რომ მე ვარ მართლმადიდებელი და მე ვარ ქართველი. ასე დავაყენებდი ამ ფორმულირებას და, ვინც როგორც უნდა ისე შეხედოს ამ ფაქტს, სულაც არ მაინტერესებს. „მე ვარ მართლმადიდებელი და მე ვარ ქართველი“, მე მგონი, ეს უნდა იყოს მთავარი პრელუდია და არა ის, რომ „მე ვარ ევროპელი და მე ვარ ქართველი“. ბუნებრივია, მე ევროპელიც ვარ, მაგრამ ჯერ მართლმადიდებელი და მერე უკვე ქართველი ვარ. ქართული ენა იყო ქართველობის გამომხატველი სიმბოლო, რომელზეც პირველად მოევლინა ქართული რელიგიური წერილობითი დოკუმენტები. ამას ემატება ქართულად მიმდინარე წირვა-ლოცვაც, ეს ყველაფერი მიღწევაა, რადგან ბევრ ერს ასეთი ფუფუნება არც გააჩნია.
კონკორდატის თანახმად, განსაკუთრებული როლი იმიტომაც მიენიჭა ქართულ ეკლესიას, რომ საბჭოთა რეპრესიების დროს, სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ზარალი მას მიადგა.
- გეთანხებით, ყველაზე მეტად რეპრესირებული ჩვენი ეკლესია იყო, გვყავდნენ რეპრესირებული სასულიერო პირები, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქიც. თუნდაც გავიხსენოთ ამბროსი ხელაიას მოწამეობრივი ცხოვრება და მოღვაწეობა. ამას ემატება ისიც, წლების განმავლობაში აკრძალული იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის არსებობა, რასაც დაერთო ხრუშჩოვის უპრეცედენტო შემოტევა ქართულ ეკლესიაზე. ასე რომ, ჩვენი ეკლესიის პირველი მტერი იყო ლენინი და ტროცკი, ბუნებრივია, სტალინიც. თუმცა სტალინმა მერე აღადგინა ეკლესიები.
ეკლესიები ომის შემდეგ აღადგინა. თორემ, მანამდე ებრძოდა და უამრავი სასულიერო პირი შეიწირა.
- დიახ, მაგრამ რომ აღადგინა, ეგეც კარგია. სტალინი მაინც ათეისტი იყო. ტროცკი კი თავიდანვე ებრძოდა ქართულ ეკლესიას. ტროცკის შთამომავლებმა კი გააგრძელეს ბრძოლა ეკლესიასთან სააკაშვილისა და მისი მიმდევარი ნეოლიბერტარიანელების სახით. ისტორია მეორდება.
ცნობილია, რომ ხრუშჩოვს ქართველების აყრა უნდოდა საქართველოდან. ქართულ ეკლესიასთან მიმართებით მისი ბრძოლა რაში გამოიხატებოდა?
- ზემოთ დასახელებულთა მსგავსად, ქართული ეკლესიის ანალოგიური მტერი იყო ხრუშჩოვიც. მის დროს რამდენიმე ეკლესია დაიხურა, დაიწყო რეპრესიები ქართველი სასულიერო პირების მიმართ. რამდენადაც ვიცი, ერთი პერიოდი, ქართული წირვის აკრძალვაც მოხდა, მიმდინარეობდა აგრესიული ბრძოლა, რომელიც 20-იან წლებში მებრძოლი ათეისტების მიერ ტროცკის იდეებით დაიწყო. აგრესიული ბრძოლის მეორე ტალღა სწორედ ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდს ემთხვეოდა. ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა, ბრეჟნევის დროს შესუსტდა ეკლესიებზე ძალადობა, მის დროს ხომ მაინც „ზასტოი“, ანუ უძრაობის ხანა იყო.