„შესაძლოა, ამერიკამ მსოფლიო ლიდერის როლი დაკარგოს“,-ასეთ დასკვნას აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.
მოგერინი ირწმუნება, რომ არასოდეს უნახავს აშშ ასე პოლარიზებული, გაყოფილი და კონფლიქტებით დატვირთული, როგორც ახლა არის. ის კი, ვისაც მართლა სურს მსოფლიო ლიდერის როლის თამაში, შიგნიდან ძლიერი, დაჯერებული და გაერთიანებული უნდა იყოს.
„როდესაც მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია ასეთ განსაცდელშია, ეს შეიძლება დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა მოგერინიმ და აშშ-ს ურჩია, არ ჩაერიოს ევროპის პოლიტიკაში ისევე, როგორც ევროპა არ ერევა აშშ-ის პოლიტიკაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროპელები შემოსწყრნენ ამერიკას. ამ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრემიერმა-ბერნარ კაზნიოვმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნონ აშშ-ისა და მისი ახალი პრეზიდენტის წინაშე, გააძლიერონ სოლიდარობა და არ შეშინდნენ ტრამპის განცხადებების გამო.
„ევროპამ თვითონ უნდა განსაზღვროს თავისი ბედი და სხვა სახელმწიფოთა მეთაურები არ უნდა ეუბნებოდნენ ევროპას, თუ რა უნდა სურდეს მას“.
რას ნიშნავს ფედერიკა მოგერინის ნათქვამი ამერიკის მიერ მსოფლიო ლიდერის როლის დაკარგვის თაობაზე და მართლაც კნინდება თუ არა მსოფლიო წესრიგის განმაპირობებელი ამერიკის ფაქტორი მთელ მსოფლიოში?!
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფედერიკა მოგერინის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. ერთი მხრივ, ის ედავება აშშ-ს და აფრთხილებს, რომ მან შეიძლება ლიდერის როლი დაკარგოს, მეორე მხრივ კი, მოუწოდებს, არ ჩაერიოს ევროპის საქმეებში. ექსპერტის აზრით, ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურჩევნია - ამერიკის ქოლგის ქვეშ გააგრძელოს ცხოვრება, თუ თვითონვე გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა.
„მოგერინის ეს განცხადება პარადოქსულია, რადგან ევროპელები თავად ვერ ატარებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას. მოგერინი ამბობს, ამერიკა არ ჩაერიოს ჩემს საქმეებშიო, მაგრამ ევროპელებს ამერიკელების ფული სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს დაბნეულობით გამოწვეული ისტერიული რეაქციაა მოგერინის მხრიდან. ლოგიკური ჯაჭვის დაჭერა ძნელია“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ კარგავს ამერიკა მსოფლიო ლიდერის ფუნქციას, განმარტავს: „რა არის, იცით? სამყარო იცვლება და ეს ცალსახაა. ლიდერობა სხვადასხვა ტიპისაა. მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე ქვეყანას ყველაზე დიდი ეკონომიკა და კეთილდღეობა აქვს. ამ მხრივ შეერთებულ შტატებს არაფერი ემუქრება, ის ყველაზე დიდი ეკონომიკის, კეთილდღეობისა და ყველაზე კარგად დაცული ქვეყანაა. ეს განსაზღვრავს კიდეც მის ლიდერობას“.
ამდენად, გია ხუხაშვილის აზრით, თუ ევროპელები „მსოფლიო ლიდერის“ ცნებაში გულისხმობენ სამაგალითო ქვეყნის ნიმუშს, საითკენაც ყველა უნდა ისწრაფოდეს, ეს გასაგებია, ხოლო, თუ ისინი გულისხმობენ, რომ ამერიკა მსოფლიო პოლიტიკის ერთგვარი განმსაზღვრელია და იქიდან იმართება სამყარო, მაშინ ამას ლიდერი კი არა, დირექტორი ჰქვია.
„რას ნიშნავს, არ ჩაერიოს შეერთებული შტატები ევროპულ პოლიტიკაში? რა, პრობლემები არ აქვთ ევროპელებს? ევროპაში პრობლემები დაიწყო ბრექსიტის სახით და არა მარტო ბრექსიტის. ჩვენ ვაკვირდებით, რა ხდება ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნაში, რა შეიძლება მოხდეს წელს ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. ეს საკმაოდ რთული პროცესია. რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში, ამ პრინციპს ვიზიარებ და ამას სწორად ამბობს მოგერინი, მაგრამ თვითონ რატომ ერევა ამერიკის საქმეებში, როცა აკრიტიკებს ამერიკულ პოლიტიკას და ამბობს, ლიდერობას დაკარგავსო? რატომ არის ასე „შეშფოთებული“, რაც ძალიან უყვართ ევროპელებს?! შეშფოთდებიან ხოლმე ყველაფერზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ. მოგერინის შეშფოთებაც, გარკვეულწილად, ამერიკულ პოლიტიკაში ჩარევაა“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოგერინიმ დაადასტურა ის, რის შესახებაც მიმდინარე წლის დასაწყისში პირადად იგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ამერიკა დაკარგავდა ლიდერობის სტატუს-კვოს და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად გადაიქცეოდა. როგორც ჩანს, ეს ასეც ხდება, რაც ტრამპის ნეოიზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკური კურსითაა გამოწვეული. ჯერჯერობით ისიც უცნობია, როგორ დააკომპლექტებს ტრამპი საგარეო კურსის გუნდის წევრებს. ამ ეტაპზე დანიშნულია მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი რექს ტილერსონი, რომელიც ნავთობის მენეჯერია, თავის დროზე კი სამხედრო პირი იყო. ახლახანს ტრამპმა წარადგინა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი, რომელიც ამ სამიოდე დღის წინ სკანდალურად გადაჰყვა არაფორმალურ შეხვედრებს რუსეთის ელჩთან - კისლიაკთან.
„ტრამპის პირველი გადაწყვეტილება წმინდა ეკონომიკური ხასიათის იყო და საგარეო პრიორიტეტები მას ჯერაც არ ჩამოუყალიბებია. ეს კიდევ უფრო ამტკიცებს თეზისს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა ნეოიზოლაციონიზმისკენ დაბრუნება იქნება. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელებმა უარი თქვეს მსოფლიო პოლიტიკურ ჰეგემონობაზე, ისინი ჩვეულებრივ გეოპოლიტიკურ გავლენის ცენტრებად გადაიქცევიან და გზას დაუთმობენ სხვა გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრებს, რათა სხვებმაც მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში. ამერიკის, ევროკავშირის, ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით კვადრიპოლარული მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება. მოგერინის პოზიცია ეხება სურვილს, რომ ამერიკა უარყოფითად არ ჩაერიოს და არ დაიწყოს სავაჭრო ომები ამერიკასა და ევროკავშირს შორის, რაც დიდ გავლენას იქონიებს ტრანსატლანტიკური სოლიდარობის პირობების გაუარესებაზე. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ გამოხატა მხარდაჭერა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლაზე. ტრამპის ასეთი პოზიცია, ფაქტობრივად, ევროკავშირის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მოგერინიმ“, -აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და დანანებით შენიშნა სულ ახლახანს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკული ვოიაჟის შესახებ, რომელიც შეხვედრად შეხვედრისთვის შეიძლება ჩაითვალოს.
ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ჩვენ წინ გავუსწარით მოვლენებს, არ დაველოდეთ დუღილის ჩაწყნარებას ამერიკაში და აღმოჩნდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ლობირების მომენტი სწორი არ ყოფილა.
„მიხეილ ჯანელიძე ამერიკაში ჩაიყვანეს, შეახვედრეს მაიკლ ფლინს და ორ დღეში ფლინი სკანდალურად გადადგა. ეს არასწორად შერჩეული დრო იყო, ჩვენ გავაკეთეთ ფუჭი გასროლა. „ავრორის“ ფუჭი გასროლით ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ და თავისი საქმეები გააკეთეს, ჩვენს მიერ მომხდარ ფუჭ გასროლას კი „ავრორის“ ეფექტი არ ექნება. რაც შეეხება სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს, რომელსაც, ასევე, შეხვდა მინისტრი ჯანელიძე, მას მიღებული აქვს სპეციალური საერთაშორისო ჯილდო რუსული ისტებლიშმენტისგან და კრემლმა იგი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა“.