პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ბრალის შეცვლას გეგმავს

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ბრალის შეცვლას გეგმავს

„მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით გააკეთა. პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესია, ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია.

ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეული ინტერპრეტაცია წარმოადგინეს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებენ.

ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა. პროკურატურა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებული დეკანოზისთვის ბრალის შეცვლას გეგმავს.

საია-ში ფიქრობენ, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთი მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს. შესაბამისად, მიმართავენ პროკურატურას დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები. მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ცვლის.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დადგება დრო, პროკურატურას თითოეული სიტყვის უკან წაღება მოუწევს. ადვოკატის განცხადებით, როცა ბრალდებები მხოლოდ ერთი მხრიდან ისმის და არ ისმის საპასუხო არგუმენტები მეორე მხრიდან, ეს არის რთული, რადგან გაუთქმელობის პირობის გამო, ის შეზღუდულია ისაუბროს საქმის დეტალებაზე, შესაბამისად, გიორგი ფანცულაია პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბრის აკრძალვის მოხსნას ითხოვს.

„თუ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ჩვენ ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბროთ, საზოგადოებას ნამდვილად დავარწმუნებთ იმის თაობაზე, რომ მამა გიორგის, რასაც ედავებიან, აბსურდული ბრალდებაა. ჩემი სიტყვები რომ მართალია, ეს დღითიდღე მართლდება“, - ამბობს გიორგი ფანცულაია.

დაკავებული დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხეში მონახულა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ. მეუფე ამბობს, რომ პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე მამა გიორგი ციხიდან უნდა გამოვიდეს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, შეიძლება გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს აღემატებოდეს.

„მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი.

ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

თუ ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის, მეუფე პეტრეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ამბობს, რომ დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში.

„სამწუხაროდ, ამ ქალის - შორენა თეთრუაშვილის მმართველობა ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარამოდგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - აღნიშნა ჟურანალისტებთან საუბრისას მეუფე პეტრემ.

თავის მხრივ, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ შეიძლება გამოძიებამ დაადგინოს, რომ დაკავებულს ციანიდი გასაყიდად მიჰქონდა და ვიღაცამ ის შეუკვეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოსადმი სერიოზული დარტყმის მიყენების პერსპექტივა.

„პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას. სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ ბოროტმოქმედების სამიზნე სასულიერო პირია, თუ სამოქალაქო პირი, ზედმეტია. ეს თემა არის ძიების პროცესში.

რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე მხოლოდ გავიმეორებ იმას, რომ ფაქტია, ადამიანი დაკავებულია იმის გამო, რომ მან შეიძინა ციანიდი და მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. ეს არის მოცემულობა. გამოძიება დაადგენს, ვინ იყო შესაძლო მოწამვლის მსხვერპლი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლას ითხოვენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. სერგო რატიანის განცხადებით, ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოება ხედავს პროკურატურის მხრიდან ძალიან მძიმე დანაშაულებს და ძალიან მძიმე ცილისწამებებს, მაგრამ, ბევრი საქმე არ არის გახსნილი.

„შეგახსენებთ რაფალიანცის, თათუხაშვილის და კიწმარიშვილის საქმეებს. ეს პირველ შემთხვევაში იყო ცილისწამება იმ ფონზე, როცა საქმე გამოძიებული არ იყო, მეორე შემთხვევაში ადამიანია გარდაცვლილი და მესამე შემთხვევაში გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ არაერთხელ მოგვითხოვია, რომ სამივე ამ საქმეზე შექმნილიყო საგამოძიებო ჯგუფი, თუმცა ეს არ მოხდა, ვინაიდან ხელისუფლება იცავს პროკურატურას, რომელსაც აღარავინ ენდობა.

მაგრამ ამ დღეების განმავლობაში, უკვე, პროკურატურა ყველა ზღვარს გადავიდა და მოსახლეობას უტიფრად ატყუებს. ორი დღის წინ მოგვატყუეს, ახლა ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ რაც ვთქვით, თურმე ის არ ყოფილა, რაც ვთქვითო. რაც არ არის მხოლოდ პროკურატურის საქმე, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.