„მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილსინდისიერების ხარისხი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საეროსი, რა ხარვეზებიც უნდა ვეძებოთ“

„მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილსინდისიერების ხარისხი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საეროსი, რა ხარვეზებიც უნდა ვეძებოთ“

მმართველი გუნდი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული წესის გახედვას არ აპირებს და „რესპუბლიკური პარტიის“ მოწოდებას ეკლესიის მიმართ შეტევის ახალ ეტაპად აფასებს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის შესწავლას ურჩევს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, საპატრიარქოს დაფინანსება მიმდინარე წელს კვლავ 25 მილიონი ლარი იქნება, თუმცა მართმადიდებლურ ეკლესიას შეუნარჩუნდება თუ არა დაფინანსება, ამის თაობაზე ბოლო სიტყვას მთავრობა იტყვის.

მთავრობა სანამ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, მანამდე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ ეკლესიას ფულადი სახით 200 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული, ხოლო მიწის სახით, ერთ მილიონ ჰექტარზე მეტი.

კორძაია ფიქრობს, რომ ეკლესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს ტაბუ აეხსნა და დისკუსია დაიწყო, შესაბამისად, საპატრიარქოს დაფინანსების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს რეალობაა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კორუფციაში არიან ჩართულები და საერთო ბიზნესი აქვთ“, - ამბობს კორძაია, რომლის საპასუხოდ, for.ge-მ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება შეისწავლა.

კონკორდატში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი და სახელმწიფოსგან მისი დამოუკიდებლობა აღიარებულია.

უმრავლესობა საკონსტიტუციო შეთანხმებაში არსებულ ამ ჩანაწერზე აპელირებს, რომელსაც როგორც მართმადიდებლური ეკლესიის დომინანტობას და ასევე მისთვის გამოყოფილ თანხებს უკავშირებს.

როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, დაფინანსების და ეკლესიისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერის რეგულაციები განსხვავებული რომ უნდა იყოს, ეს კონსტიტუციურ შეთანხმებაში წერია. მისი თქმით, მართმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლისა და ფუნქციიდან გამომდინარე, სახელმწიფო მის სტატუსს აღიარებს, თუმცა, აქვე ამბობს, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთის საქმეებში არ ერევიან.

„რა თქმა უნდა, ეს განსხვავებულ ფინანსურ რეგულაციებს ნიშნავს, მაგრამ ამავე დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმეს რაიმე ტიპის კითხვა გაუჩნდება, შეუძლია, ეს ინფორმაცია მოთხოვოს და მიიღოს, მაგრამ ის, რომ ეკლესიის მიმართ შეტევის ახალი ეტაპის განხორციელება ამ ფორმით მოხდეს, მიუღებელია, რადგან ეს ყველაფერი ორკესტრირებული პოლიტიკური პროცესი მგონია“, - აცხადებს ბესელია.

თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მართმადიდებლური ეკლესიის დომინანტობაზე აპელირებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების 17 საუკუნოვანი ისტორია ეკლესიასთან ძალიან გადაჯაჭვულია და ფაქტიურად ერთი გზაა, რომელიც სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად გაიარეს. ამდენად, ბიუჯეტის თანხები უნდა კონტროლდებოდეს, ეს ვის მიმართაც არ უნდა იყოს - იქნება ეკლესია თუ სხვა ინსტიტუცია, მაგრამ დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი კატეგორიულია.

„გრიგოლ ხანძთელს ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში ნათამაშები არც ერთ საერო პირზე ნაკლები როლი არ აქვს. სჯობს, საპატრიარქოსთან კონსულტაციები იყოს, მიზნობრივი პროექტები დაფინანსდეს, რადგან მართმადიდებლურ ეკლესიას სულიერების გარდა, სოციალური ფუნქციაც აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიასა და მონასტრებს მიკედლებული არიან და დახმარებას იქედან იღებენ. საპატრიარქოსთან ერთად შეიძლება მოწყალების სახლები გავაკეთოთ. ყველა ღვთის ქოლგის ქვეშ ვართ და საპატრიარქო ის დაწესებულებაა, რომელიც დომინანტია. ყველა სახელმწიფოშია რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც უფრო უმრავლესობაშია და სულიერ განვითარებაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს. საქართველოში ასეთი მართმადიდებლური ეკლესიაა და მისი კეთილსინდისიერების ხარისხი უფრო მაღალია იქნება, ვიდრე საეროსი, რა ხარვეზებიც არ უნდა ვეძებოთ“, - აღნიშნავს ფოფხაძე. ფიფხაძის მსგავსად, დაფინანსების გადახედვის წინააღმდეგია უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. როგორც for.ge-ს მათიკაშვილმა განუცხადა, მართმადიდებლურ ეკლესიას სათანადო ადგილი უკავია, როგორც კონსტიტუციით, ასევე ქვეყნის რეალობაში, ეკლესიას განსაზღვრული სტატუსი გააჩნია და ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარეა გადაწყვეტილი დაფინანსების საკითხიც.

„არ მგონია, რომ დაფინანსება რაიმე პრობლემას ქმნიდეს. თუკი რაიმე პრობლემა სადმეა, ეს არის არა დაფინანსებაში, არამედ შემდგომ მოვლენებში და გამორიცხული არსად არაფერია. დაფინანსების საკითხი კორუფციის განმაპირობებელი ნამდვილად არ არის. დაფინანსების არსებული წესი სავსებით მისაღებია. ვინმეს განსაკუთრებული იმუნიტეტი არ იცავს და თუ ვინმე რაიმე სახის გადაცდომას ჩაიდენს, მან პასუხი უნდა აგოს. მოსახლეობის განწყობა და ნდობა საპატრიარქოსა და ეკლესიის მიმართ იცით, რაც განსაკუთრებული ურთიერთობის განმაპირობებელია“, - ამბობს მათიკაშვილი.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის განწყობას, უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი for.ge-სთან აცხადებს, რომ შესაძლებელია, კორექციის საგანი გახდეს ის, როგორ უნდა განხორციელდეს დაფინანსება და რა რაოდენობით უნდა იყოს. სახელმწიფო ეკლესიას ეხმარება და უპირატესობა მართმადიდებლურ ეკლესიას ენიჭება მისი როლიდან და იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც მან კომუნისტური რეჟიმის პირობებში მიიღო.

„ამის აღსრულება როგორ ხდება, ეს მეორე საკითხია. კომისია მუშაობდა, რომელიც როგორც ქონების გადაცემას, ასევე ფინანსების გამოყოფას გარკვეული კრიტერიუმებით ახდენდა. ამ თემებზე მსჯელობა შეიძლება, მით უმეტეს, თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, რომ რაღაც ირღვევა და თანხების ათვისება არასწორად ხდება. არ ვფიქრობ, რომ რაც საპატრიარქოში ხდება, ეს მოვლენები იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ შეტევა საკონსტიტუციო შეთანხმებაზე განხორციელდეს, რადგან კონკორდატი სწორი ფორმაა, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს გამიჯნავს და ძირითადად პრინციპებს განსაზღვრავს, თუმცა თანხები უნდა კონტროლდებოდეს და ამისთვის მთავრობას ყველა ბერკეტი აქვს“, - აღნიშნავს წერეთელი.

საკონსტიტუციო შეთანხმების მნიშვნელობაზე აქცენტირებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ნატო ჩხეიძე. როგორც for.ge-ს ჩხეიძემ განუცხადა, მართმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება იმ ზარალის ანაზღაურებაა, რაც მან ბოლშევიკების მმართველობის დასაწყისში მიიღო, როცა სამღვდელოების და მართმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ქმედებები განხორციელდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსება სწორია და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

„ეს სამართლებრივად სწორია და ზნეობრივადაც. კონსტიტუციით, ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია და თანხები თავად უნდა განკარგოს“, - აცხადებს დეპუტატი.

ჩხეიძე საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ პროცესებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ვარაუდები, ჭორები და ვერსიები მეტი ჩნდება. შესაბამისად, პროცესების ახსნა პროკურატურამ უნდა იპოვოს.

„ძალიან ძნელია სიმართლე გაირკვეს. როცა ასეთი დაძაბულობა იქმნება ხოლმე, ამას რაღაც ნიადაგი აქვს, მაგრამ ეს ისეთი დაძაბულობა არაა, როგორც გარეთ გამოდის. ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები რაღაცას ზოგჯერ უფრო მეტად აზვიადებენ, ან ჩქმალავენ. თუ რაღაცა ცოტა არ დალაგდა, ძნელია ლოგიკა იპოვო, მაგრამ ლოგიკა უნდა ვიპოვოთ“, - ამბობს ჩხეიძე.

თუ რამდენად მზარდია საპატრიარქოს დაფინანსება, ამის გარკვევას for.ge შეეცადა. როგოც აღმოჩნდა, ეს საკითხი შესწავლილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქვს შესწავლილი, რომლის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში - 4,803,300 და 4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს - 12,933,400 ლარი გახდა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საპატრიარქოს დაფინანსება 26,394,900 ლარამდე გაიზარდა, რომელიც 2011 წელს 24,391,700 ლარამდე შემცირდა, 2012 წელს 22,800,000 ლარამდე, 2013 წლიდან დღემდე კი, 25,000,000 ლარია.

ბიუჯეტიდან ირკვევა, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი თანხა 14 მილიონ 683 ათასი ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის მუხლში იხარჯება.