დიდი დაპირისპირება დაზღვევის გამიჯვნის გამო

დიდი დაპირისპირება დაზღვევის გამიჯვნის გამო

ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დაპირისპირებაა. კერძო და სახელმწიფო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნას მზღვეველები მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, მთავრობა უკან დახევას არ აპირებს.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილს მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა აუცილებელია. გამიჯვნით სამინისტრო ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევს.

„საყოველთაო ჯანდაცვა მთელ მსოფლიოში ესმით, როგორც საყოველთაო წვდომა სტანდარტულ, ბაზისურ მომსახურებაზე. ეს ჩვენთან მაშინვე არ იყო უზრუნველყოფილი იმიტომ, რომ სადაზღვევო პაკეტები იყო განსხვავებული - ზოგს მეტი ჰქონდა ჰოსპიტალური, ზოგს ნაკლები და ა.შ. ჩვენი სადაზღვეო პროდუქტები, როგორც წესი, უფრო მობილიზებულია სერვისების დაფინანსებაზე.

როდესაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა ადამიანების, რომელთაც ჰქონდათ და დაკარგეს დაზღვევა და მოხვდნენ საყოველთაოს მინიმალურ პაკეტში. ამ ადამიანებს წვდომა არ ჰქონდათ იმ ბაზისზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში იყო გამოცხადებული“, - განუცხადა „კომერსანტს“ ხეჩინაშვილმა და იმ ნეგატიურ შედეგზეც ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული ცვლილების განხორციელებას მოჰყვება.

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვეულების გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ. იგივეს ფიქრობენ „ჯიპიაი ჰოლდინგშიც“, სადაც ვარაუდობენ, რომ ცვლილება მოქალაქეებს კერძო დაზღვევის გაუქმების სტიმულს მისცემს, რაც საბიუჯეტო დანახარჯის დაზოგვის ნაცვლად, მის ზრდას გამოიწვევს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ მოხდება ადამიანების გადადინება კერძო სექტორიდან სახელმწიფოს დაზღვევაზე, რისი ნიშნებიც უკვე არის - დაზღვევის გაუქმების თაობაზე კომპანიებს უკვე ურეკავენ. ამასთან, როდესაც წინა რიცხვით ხდება დადგენილების მიღება, ადამიანებს არ რჩებათ დრო თადარიგის დაჭერისთვის და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.

სტამბოლიშვილის ინფორმაციით, „ჯიპიაი ჰოლდინგს“ მოუწევს მოქმედი კონტრაქტების გადახედვა, რაც მტკივნეული პროცესია, პირველ რიგში, დაზღვეულებისთვის და ამასთანავე, სადაზღვევო ბაზრის დინამიკაზე უარყოფითად აისახება, რადგან შემცირდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი.

საყოველთაო ჯანდაცვიდან კერძო სადაზღვევო პაკეტებით მოსარგებლეთა გამიჯვნას და სადაზღვევო ინდუსტრიის უარყოფით შეფასებებს პირველი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გადავიდეს მეორე ეტაპზე და გაიზარდოს ხარისხობრივი მაჩვენებლები. მან გაიხსენა 2013 წელი, როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. მაშინ ერთ-ერთი ინდიკატორი იყოს სწორედ ის, რომ მომხდარიყო გამიჯვნა და მოსახლეობის ის ნაწილი გაწევრიანებულიყო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაში, რომელიც არანაირ დაზღვევას არ იღებდა.

„ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ზოგიერთი ბენეფიციარი ეთიშებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიას, თუმცა ისინი სრულად ვერ გადმოდიოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რჩებოდნენ საბაზისო პაკეტის მიღმა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 115 000 ადამიანი, რომელმაც დაკარგა კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარის სტატუსი, დარჩა ამ პაკეტის მიღმა“, - აღნიშნა „ჯიბისისთან“ საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ პარალელურად ათეულათასობით ადამიანი აღმოჩნდა ორმაგი დაფინანსების პრინციპით მოსარგებლე, რაც არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა ბაზარზე ფუნქციონირება გააგრძელონ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაგრამ ძირითადი მიზანი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და ხარჯთეფექტური“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გაცილებით კატეგორიული აღმოჩნდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. „შეუძლიათ ამაზე ფიქრი დაივიწყონ“, - ასე უპასუხა მან შეკითხვას, დაკმაყოფილდება თუ არა სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნა, შეჩერდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კერძო დაზღვევის მქონე პირებზე საყოველთაო ჯანდაცვა აღარ გავრცელდება.

„დღევანდელი დემარშით ამ კომპანიებმა საგრძნობლად გაირთულეს მდგომარეობა. მე არ ვიტყვი, რომ შეუქცევადად, მაგრამ საგრძნობლად“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, დღეს სადაზღვევო კომპანიები გარკვეულ რისკებზე საუბრობენ და აპოკალიპსურ სურათს ხატავენ, რომ დაზღვევა გაძვირდება, თუმცა ამ რისკის გაანალიზების შესაძლებლობა მათ წინა წლებში ჰქონდათ, როდესაც სამინისტრო მათთან კონსულტაციებს მართავდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემ რადიო „კომერსანტთა“ ის ცვლილებები განმარტა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2017 წლის პირველი მარტიდან უნდა განხორციელდეს.

„ამ ცვლილებით განხორციელდა ორი რამ. პირველი - ეს გახლავთ მექანიკური ცვლილება 2017 წლის სადაზღვევო სიების მიხედვით. ის ადამიანები, რომლებმაც 2013 წლის შემდეგ დაკარგეს კერძო დაზღვევა და ვეღარ შეიძინეს 2017 წლის 1-ლი იანვრის მონაცემების საფუძველზე, სრულფასოვნად ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვაში.

რაც შეეხება დაშენებულ პაკეტს, რა თქმა უნდა, რიგი ადამიანებისთვის გარკვეული შეზღუდვა მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე აქვთ რაღაც ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტი. ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ მეტად მორგებული იყოს იმ ფინანსურ საჭიროებებზე, რომლებიც მოსახლეობას გააჩნია“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, დიფერენცირება მოქალაქეების შემოსავლების მიხედვით მოხდება, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდის.