შპს „რუსთავის აზოტის“ მუშაკთა მასობრივმა გათავისუფლებამ დიდი პროტესტი გამოიწვია მთელი რიგი საწარმოების თანამშრომელთა და რესპუბლიკური პროფკავშირების წევრთა შორის. როგორც გაირკვა, ამ სკანდალში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცნობილმა ბიზნესმენმა, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის“ მფლობელმა რომან ფიფიამ. ამაში არც ისე ძნელია დარწმუნდე, თუ შევხედავთ, რად გადააქცია ოდესღაც სახელგანთქმული გუნდი ამ ადამიანის უცნაურმა მენეჯერულმა გადაწყვეტილებებმა.
რომან ფიფიას საფეხბურთო ბიზნეს-სტრატეგია - კონვეიერი გასაყიდად
ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს და სპეციალისტებს დღემდე ახსოვთ და უყვართ სწორედ ის სახელგანთქმული „დინამო თბილისი“ - გუცაევთან , დარასელიასთან, შენგელიასთან, ყიფიანთან, გაბელიასთან, ჩივაძესთან ერთად - კლუბი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ ევროპას და რომელმაც 1981 წელს საპატიო თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამ გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც თავისი ოსტატობით აღტაცებას იწვევდნენ ფეხბურთის ნებისმიერ დამფასებელში, ხუმრობით „ევროპელ ლათინოამერიკელებს ეძახდნენ“.
„დინამოს“ დღევანდელი გულშემატკივრებისთვის ეს მიღწევები ლეგენდად გამოიყურება. ბოლო დროს, მათ მხოლოდ გუნდის ნაციონალურ დონეზე გამოსვლები ახარებთ. თბილისელებმა ქვეყნის რამოდენიმე ჩემპიონატი და თასი მოიგეს. თუმცა ასეთი გამარჯვებების ტრადიციების მქონე გუნდისგან ცოტა თუ ვინმე ელოდა სხვა რამეს. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით დიდი კონკურენტები გუნდს მაინც ცოტა ყავს. თუმცა ევროთასების გათამაშებებში რომან ფიფიას გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავს და სწრაფად ვარდება ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირიდან.
რა თქმა უნდა, საფეხბურთო გრანდებთან მოგება ყველას არ შეუძლია, შეიძლება ამბიციების მოთოკვა და ქვეყნის შიგნით გამარჯვებებით დაკმაყოფილება, ხოლო საერთაშორისო წარმატებების მომავალი თაობებისთვის დატოვება. მაგრამ, როგორც ჩანს,“დინამომ“ შიდა ფრონტზეც დაკარგა თავისი უპირატესობები.
ქვეყნის ბოლო ჩემპიონატში გუნდმა, ყოფილი სარატოველი მაგნატის ხელმძღვანელობით, თავის ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ფლეი-ოფის ფინალში გასვლაზე თავის პირდაპირ კონკურენტთან - საჩხერის კლუბთან - თბილისელებმა თავიანთი გულშემატკივრების თვალწინ წააგეს, შემდეგ კი, ფლეი-ოფში დაუთმეს ბათუმის „დინამოს“. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონისთვის ეს სეზონის აშკარა ჩაგდებაა.
ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ, რომელიც რომან ფიფიამ გადმოიყვანა უკრაინული „გოვერლადან“. მწვრთნელის თქმით, „დინამოდან“ ჩაგდებული სეზონის წინ სამი ძირითადი ფეხბურთელი წავიდა, მათ შორის საქართველოს წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ქვილითაია. მათ ნაცვლად კლუბის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ახალგაზრდა ფეხბურთელების აყვანა, რათა, როგორც სპეციალისტები ასეთ შემთხვევებში ამბობენ, გაეზარდა ისინი „გასაყიდად“.
„კურსი, რომელიც თბილისი „დინამოს“ პრეზიდენტმა აირჩია - ეს არის კურსი აღებული იმაზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა არა მარტო გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშონ , არამედ მათგან პრაქტიკულად გუნდის ღერძი უნდა ჩამოყალიბდეს, -განმარტავს გროზნი. - ამ გუნდმა სამი სეზონის განმავლობაში, შედეგებისთვის საზიანოდაც კი უნდა მიაღწიოს ისეთ შედეგს, რომელსაც აჩვენებს ზაგრების დინამო. ეს გუნდი ყოველ წელს ყიდის მოთამაშეებს, აგროვებს ყველაზე ნიჭიერებს მთელი ბალკანეთიდან და არა მარტო. და ყოველ წელს ყიდის... ადამიანი ფულს დებს ამ საქმეში, ანუ, ის ირჩევს თავის გზას“.
„შედეგისთვის საზიანოდ“ - ეს ლამაზი სიტყვები არ არის, არამედ თავად ფიფიას პირადი მიზანია. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, კავკასიის ყველაზე სახელოვანი კლუბის გულშემატკივრები დიდ გამარჯვებებს შიდა დონეზეც კი არ უნდა ელოდნენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემადგენლობის ტოტალური გაახალგაზრდავება სულაც არ აძლევს გუნდს შემდგომი წარმატებების გარანტიას - აღსაზრდელები შეიძლება გადაიწვან, ტრამვები მიიღონ, გადავიდნენ სხვა გუნდებში მანამ, სანამ თავისი გუნდის გამარჯვებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ კი გულშემატკივრებს საერთოდ არაფერი დარჩებათ ბიზნესმენის პრეტენზიული დაპირებების გარდა.
„დიახ, ყველა მწვრთნელს ენდომება იბრძოლოს ჩემპიონობისთვის, თასისთვის სუპერთასისთვის, ევროთასებისთვის, ჩემპიონთა ლიგისთვის და ასე შემდეგ , - აგრძელებს უკრაინელი სპეციალისტი, -მაგრამ ამისთვის მეტი ფულის ჩადებაა საჭირო , რაც შეუძლებელია. არავინ არ ჩადებს ამ საქმეში დიდ ფულს. ამისთვის საჭიროა ტოპ- მოთამაშეები, მათ შორის უცხოელებიც.
რა გზით წავა გუნდის მფლობელი, მისი ბიოგრაფიიდან შეიძლება გავარკვიოთ.
სარატოველი ოლიგარქი - გზა მწვერვალისკენ
რომან (გულადი) ფიფია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. სხვადასხვა წყაროებში დაბადებისადგილად მითითებულია სხვადასხვა დასახლებული პუნქტი. სარატოველმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რომან ფიფიას ჰქონდა რამდენიმე პასპორტი. შესაბამისად, სხვადასხვა პასპორტში ის ფიგურირდება როგორც გულადი ,ასევე რომანი - განსხვავებული დაბადების თარიღებით. იგი 17 წლის იყო, როცა სარატოვში ჩავიდა და მალე დაიწყო ბრწყინვალე კარიერის გაკეთება. 1987 წელს იგი უკვე იყო 2 მსხვილი მაღაზიის დირექტორი, 1988 წელს კი დაარსა საკუთარი ფირმა სახელწოდებით "ორბი". გარკვეული დროის შემდეგ ბიზნესი განვითარდა და ფიფიამ გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, რომელიც ძეხვეულის წარმოებას ითვალისწინებდა.
ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანი იყო სარატოველი ფრინველთსაშენი სახელმწიფო კომბინატისთვის, რადგან, კოოპერატივების ბუმის პირობებში,‘’ორბი’’ გახდა რეალური ინსტრუმენტი ზემოგების მისაღებად. ამ საქმემ გააერთიანა მაშინ რომან ფიფია და კომბინატის ხელმძღვანელი დიმიტრი აიაკცოვი. ფიფიასთვის საინტერესო და საჭირო დრო მაშინ დადგა, როდესაც დიმიტრი აიაკცოვი სარატოვის გუბერნატორად დანიშნეს. 1996 წელს ფიფია ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი მწარმოებელიასოციაცია „ლიკსარისის“ ხელმძღვანელი გახდა. საწარმო მალე იქნა პრივატიზებული, რითაც რომან ფიფიას აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შერისხული ოლიგარქი საქართველოში ბრუნდება
2000 წლის დასაწყისში, აიაცკოვის გათავისუფლების შემდეგ, რომან ფიფიას სერიოზული პრობლემები შეექმნა ბიზნესში. მისი საქმიანობა, პროექტები და ქონება სარატოველი ჟურნალისტების ყურადღების საგანი გახდა. მათივე დასკვნით, ფიფიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სარატოვის სამეურნეო კომპლექსის დაშლაში. ასევე ბრალი ედება სარატოვის დიდი სანაოსნო და საჰაერო სატრანსპორტო კომპანიების გაკოტრებაში. ჟურნალისტებმა ღია წერილი გაუგზავნეს რუსეთის გენერალურ პროკურორს, სადაც ნათქვამია, რომ რომან ფიფიას ქმედებებში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულებები: თაღლითობა, გადასახედებისგან თავის არიდება, უკანონო გარიგებებში მონაწილეობა, ფულადი რესურსების დამალვა, არაკანონიერი გზით სამთავრობო კრედიტის მიღება ან მისი არამიზნობრივი გამოყენება, სახელმწიფო თანხის გადარიცხვა უცხოურ ანგარიშებზე. 2009 წლის აგვისტოს დიდი თანხების მითვისებისთვის, რომან ფიფიაზე რუსეთმა ძებნაც კი გამოაცხადა. დევნილი ფიფია პარიზს შეეხიზნა, შემდგომ კი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა.
სააკაშვილის მფარველობის ქვეშ - „ჰაიატის“ საპნის ოპერა
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მთელი საქართველო ჩართული იყო მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობაში. სამშენებლოს ბუმი დედაქალაქში დიდი გაქანებით წარიმართა. რომან ფიფიაც ჩაერთო ფერხულში და თბილისში ცნობილი რესტორან ‘’არაგვის’’ ადგილას დაიწყო სასტუმრო „ჰაიატის“ მშენებლობა. პროექტი შეფასებული იყო 150 მილიონ დოლარად, თუმცა, 2013 წელს ცნობილი გახდა რომ კომპანია ‘’ლოიალ ისთეითი“,რომელიც ამ სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, საბოლოოდ გაკოტრდა. კომპანიას კრედიტორების მიმართ 82,3 მილიონი ლარი ვალად დაედო. ფიფიას განცხადებით, მან ამ მშენებლობით 30 მილიონი დოლარის ზარალი ნახა.სამშენებლო პოლიგონი დღესაც გაჩერებულია. ფიფიას სხვა ბიზნესებსაც შეექმნა პრობლემები. ‘’დინამო’’ საწვრთნელი ბაზა „ვითიბი ბანკში“ იყო ჩადებული, ასევე გაყიდულ იქნა რუსთავის „აზოტის“ აქციები, რაც, საბოლოოდ, მისი სრული დაკარგვით დასრულდა.
ისევ „დინამო თბილისზე“, რომელიც რომან ფიფიამ დიდი გამარჯვებების მიღმა დატოვა
რუსული ოლიგარქიული მეთოდების გამოყენება, როგორც ჩანს, ფიფიამ საქართველოშიც გადაწყვიტა. 2010 წლის დეკემბერში, მან შეიძინა „დინამო თბილისი“და დადო პირობა, რომ გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებდა. კლუბის პრეზიდენტად ყოფნის ზუსტად ერთ თვეში მისი პირველი სერიოზული შენაძენი იყო არა სტადიონი, არა ცნობილი მოთამაშე გუნდის გასაძლიერებლად და არც საწვრთნელი ბაზა: ბიზნესმენმა თავის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიის „რუსთაველი პროპერტის“ გზით 13,2 მილიონ ლარად იყიდა იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა რუსთაველის გამზირზე. რაში ჭირდება გუნდს საოფისე შენობა დედაქალაქის ცენტრში? გოლების გატანაში დაეხმარება?
ამგვარად გამოდის, რომ ფიფიამ სამაგალითო დემაგოგობა გამოიჩინა , როცა კლუბს და დინამოს გულშემატკივრებს დიდი გამარჯვებების დაბრუნებას დაპირდა. „რუსთვის აზოტშიც“, რომლის გადაკეთებაშიც ამ მეწარმემ მონაწილეობა მიიღო, და „დინამოშიც“ მსგავსი სურათი იხატება - ისინი პრობლემებში გაიხლართნენ, თუმცა თვითონ ფიფიას, რომელმაც უძრავი ქონების ნამდვილი იმპერია შექმნა, ძველებურად ყველაფერი საუკეთესოდ აქვს.
ამჟამად უეფას კლუბების საერთო რეიტინგში „დინამო თბილისი“ მოკრძალებულ 244 ადგილს იკავებს, სულ რაღაც ერთი პუნქტით უსწრებს მეორე ქართულ კლუბს - „დილას“. თუმცა, „დილასგან“ არც არასდროს ელოდნენ ევროპულ გარღვევებს, მაშინ როცა დიადი კლუბის ისტორია და მისი პრეზიდენტის დაპირებები „დინამოს“ გულშემატკივრებს საბაბს აძლევდა რაიმე სახის წარმატებების იმედი მაინც ჰქონოდათ.
დროა გავიხსენოთ ქართული ფეხბურთის შიგნით არსებულ კონკურენციის შესახებაც. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ კლუბს „სამტრედიას“ იმავე რეიტინგში სულაც 420 -ე ადგილი უჭირავს. ერთ-ერთ ბოლო საერთაშორისო მატჩში თბილისელებმა ვერ შეძლეს უკრანის ჩემპიონატის ცხრილის შუაში მყოფი „ჩერნომორეცის“ დამარცხება, ოდესელებთან 2-1 წააგეს.
გახსოვთ, 2015 წელს როგორ ჩატარდა თბილისში ევროპის სუპერთასების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მატჩი? დასანანია, რომ მასში „ დინამო თბილისი“ კი არ თამაშობდა, არამედ ესპანეთის „ბარსელონა“ და „სევილია“. და, როგორც ჩანს , ფიფიას მიერ არჩეული კურსით ჩვენი გულშემატკივრები კიდევ დიდხანს ვერ ნახავენ საყვარელი გუნდის დიდ ტრიუმფს.