„სიბინძურის ნიაღვარი ისმოდა „რუსთავი 2“-ის ეთერიდან“

„სიბინძურის ნიაღვარი ისმოდა „რუსთავი 2“-ის ეთერიდან“

„ციანიდის საქმე“ – ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურული სისხლის სამართლის საქმეზე, მთავარი პროკურატურა ორ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. 13 თებერვალს მთავარმა პოკურორმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა პროკურატურას, მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების, ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მაღალი იერარქიის სასულერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მომხდარიყო.

ირაკლი შოთაძეს მაღალი იერარქიის სასულერო პირი არ დაუსახელებია, მაგრამ თუ რეგალიებს გავითვალისწინებთ, მაღალი იერარქიის სასულერო პირი საქართველოს პატრიარქია. აღსანიშნავია, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი.

თუმცა, მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ - პატრიარქი. განმარტება ამ საკითხზე პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა გააკეთა.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა ჰკითხეს, რომ შეიძლება თუ არა ეს იყოს პატრიარქიო, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, მე არსად მიხსენებია, რომ ის არის პატრიარქიო“, - ამბობს ნათია სუხიაშვილი.

რაც შეეხება „რეზონანსთან“ ინტერვიუში ნათქვამ კიდევ ერთ ფრაზას, რომ განცხადებაში არც „მაღალი იერარქიის სასულიერო პირი“ იყო ნახსენები, სუხიაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ნათია სუხიაშვილის განცხადების საფუძველზე, ოპოზიცია ხელისუფლებას პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებაში ადანაშაულებს.

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს საქმის მასალებზე წვდომა არა აქვს, ისევე როგორც წვდომა არა აქვს დეპუტატებს. დეპუტატის განცხადებით, რა არის საქმის მასალებში, ამას გამოძიება მას შემდეგ იტყვის, როცა ყველა მტკიცებულება შეგროვდება.

„ამ საქმეზე სპეკულაციებით, რომელიც ალბათ, არის ყველაზე მაღალი ინტერესის მატარებელი საქმე, პოლიტიკური ველის შემზადება ხდებოდა, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს. „რუსთავი 2“ ორი დღით ადრე გველაპარაკებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე. კიდევ უფრო ადრე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის სხდომაზე სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტში. ხდებოდა პოლიტიკური ველის შემზადება, რაც ბევრ კითხვას ბადებს.

ამ საქმეს ძალიან მაღალი ინტერესი ახლავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანომ, რომელიც გამოძიებას ატარებს, განაგრძოს საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ რა სიახლეებია გამოძიების შემდგომ ეტაპზე. ამ დროისთვის საჯაროდ არის ცნობილი, რომ ადამიანი არის დაკავებული მკვლელობის მომზადების ეტაპზე, რომელსაც საზღვარზე საწამლავი გადაჰქონდა გერმანიაში მიდიოდა, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა. რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეს იყო ხელისუფლების პირველი ვალდებულება“, - აცხადებს ეკა ბესელია

მიუხედავად დღეს გავრცელებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტი უარყო, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განმარტა, რომ არავითარ გაუგებრობას ადგილი არ აქვს და სამართალდამცველებმა ქვეყანას ტრაგედია ააცილეს.

„ქვეყანას ავაცილეთ თავიდან ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არა ერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომელზეც ბატონმა შოთაძემ უკვე ისაუბრა, არის სახეზე. უტყუარია ის ფაქტი, რომ პრევენციული, სამართლებრივი ღონისძიების შედეგად, ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ გერმანიაში პრევენციის მიზნით ჩავიდა, რათა დაეცვა პატრიარქის უსაფრთხოება. „თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც დაკავებულია არაკანონიერი, მომწამვლელი საშუალებით, თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიამლურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი რამის. არ მქონდა იმის გარანტია, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა“, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

ბერლინში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და მას აკავებენ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. პრემიერი ამბობს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს.

„ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებთ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ უადგილოა. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა კი, ხელისუფლებას პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებაში ადანაშაულებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ბოლო 5 წელია, გამოირჩეოდნენ რელიგიური თემით, მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით უტიფარი სპეკულირებით და შავრაზმელობით.

„ახლა არის საოცარი უტიფრობის კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებდნენ და ახლა კიდევ უფრო უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც რეალურად გვითხრეს, თურმე ასე არ იყო და ქვეშიდან გამოსვლას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტანდარტი საკუთარ თავთანაც კი და ყველაფერზე წამსვლელია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ე.წ. „ციანიდის საქმეს“ ჰყავს მოწმეები, მათ შორის არის ადვოკატი ირამა ჭკადუა, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის მასალებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და ამ პროცესში გაირკვა კონკრეტული გარემოებები, კონკრეტული ბრალის წასაყენებლად.

„პროკურატურამ თქვა, რომ მოქალაქე, რომელმაც მათ მიმართა, ამბობდა, რომ ადამიანი გეგმავდა მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას. თუკი კარგად წავიკითხვათ განცხადებას, ჩვეულებრივად გავიგებთ. გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა კონკრეტული გარემოებები, კონკრეტული ბრალის წასაყენებლად. ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება შეწყდა. გამოძიება მიმდინარებს რამდენიმე მიმართულებით და გამოძიების სპეკულირება არის დაუშვებელი. ვინ, ვინ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომ პატრიარქს ახსენებენ, ეს საერთო ამაზრზენია“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ცდილობენ თემა მეათე ხარისხოვანი გახადონ და წინა პლანზე გადმოიტანონ ინტრიგები.

„რუსთავი 2“, ამ საქმეში არის მხარე. „რუსთავი 2“-ის ეკრანიდან კარგად გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც აწყობთ ეკლესიაში განხეთქილება. ამ დღეებში სიბინძურის ნიაღვარი ისმოდა „რუსთავი 2“-ის ეთერიდან. სამარცხვინოა იმ მიტროპოლიტის და დედაოს გამოსვლები, რომლებიც შიდა დაპირისპირებებზე საუბარობენ. ფაქტია, რომ არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ ეკლესია გაიხლიჩოს და ამ შიდა დაპირისპირების გაღვივებისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე, რომელმაც აუდო ჩანაწერი გააკეთა და, რაც ამ საქმეში სახელმწიფო ბრალდებისთვის მთავარი მტკიცებულებაა, აცხადებს, რომ ყველა მტკიცებულება გამოქვეყნდება და საზოგადოება საბოლოო ჯამში მტკიცებულების სახით გაიგებს სიმართლეს.

„არაფერი დაბნეულობა არ შეუტანია, პროკურატურა მუშაობს მაღალ დონეზე და ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. დანარჩენი, მე არ ვიცი. ყველაფერი გამოიკვეთება, ყველა მასალა დაიდება, ყველა მტკიცებულება გამოქვეყნდება, ეს აჟიოტაჟი ზოგადი ფონია. ვისთვის უნდოდა, როგორ და რანაიარად, ეს მან თვითონ უნდა თქვას და მოიხსნას დუმილის უფლება. მე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და სრულად ვენდობი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მამალაძემ.