მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი არა პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ „ერთ-ერთი პირის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი. პროკურატურის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ფიქრობს, რომ პროკურატურის მხრიდან საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება. მით უმეტეს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი საზოგადოებრივი ინტერესი არც ერთი თემის მიმართ არ ყოფილა.
for.ge ლაშა ჟვანიას ესაუბრა.
ურთიერთგამომრიცხავია პროკურატურის პოზიცია, 13 თებერვალს ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, ვისი მკვლელობაც მზადდებოდა, იდენტიფიცირებულია. მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია მამა გიორგი მამალაძე. დღეს უკვე ბრალდების მხარე საპირისპიროს აცხადებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელოვნურად მოხდა ამ ორი ფაქტის, პატრიარქის ოპერაციისა და შემდეგ უკვე მკვლელობის ფაქტის დაკავშირება?
ლაშა ჟვანია: არ ვიცი, ვერ დავუკავშირებ ერთმანეთს. ალბათ, უფრო დამთხვევაა, ვიდრე შეგნებულად გაკეთებული. ფაქტია ერთია - ის რაც ხდება, საზიანოა მთლიანად საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიაზე არ მაქვს მარტო ლაპარაკი.
ის რომ პროკურატურა ცვლის პოზიციას, ეს არ ბადებს კითხვებს?
- გამოძიების მიმართ ამ ეტაპზე კითხვები არ მაქვს. მე თხოვნა მაქვს საზოგადოების მიმართ, დავაცადოთ გამოძიებას, რომ დადგინდეს ამ საქმეზე ჭეშმარიტიება. მივცეთ საშუალება, რომ ობიექტურად წარიმართოს გამოძიება. ასევე, მოგვეცეს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ მივიღოთ. არ ვიცი, რამდენადაც შეიძლება დროულად იყოს ეს გაკეთებული იმიტომ, რომ ხანდახან სიჩქარემ შეიძლება დააზიანოს საქმე. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფორმაციის გავრცელებამ არ დააზიანოს ბრალდებული. ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია და რა ფარგლებშიც, დროულად უნდა იყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის. ისევე როგორც ყველა, მეც ველოდები გამოძიების შედეგებს, რომ დაიდოს უფრო მეტი დეტალი. როდესაც არ არის დეტალი, საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი უკვე საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს, ვარაუდი არის მცდარი, რაც ხელს არ უწყობს საქმის გამოძიებას.
რაც შეეხება დაკავებულ დეკანოზს, ისევ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ არ სჯერა იმის, რა ბრალსაც უყენებენ. ადვოკატის გადმოცემით, როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. ლოცვა-კურთხევის მიღება აუციელებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ბრალდებულმა გამოძიებას მისცეს ჩვენება?
- არა, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, ადვოკატი ვერ ერკვევა ამ საკითხებში, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასე არის საჭირო. ჩვენების მისაცემად სასულიერო, თუ საერო პირს არ სჭირდება ლოცა-კურთხევა, ეს არსად არ წერია. ერთადერთი რაც სასულერო პირს, მღვდელს ათავისუფლებს გამოძიებასთან მიმართებაში, ეს არის აღსარების არგათქმა. დანარჩენი, როცა ის ბრალდებულია, თუნდაც მოწმის სტატუსით სხვა საქმეზე იკითხებოდეს, ვალდებულია მისცეს ჩვენება და ბუნებრივია, ამას არავითარი ლოცა-კურთხევა არ სჭირდება.
რაც შეეხება ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ საპატრიარქოში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა, თუმცა ბრალდება არ ყოფილა მტიცებულებებით გამყარებული. საფუძველი რამდენად აქვს მის ბრალდებას და რამდენად ითხოვს ეს ფაქტები რეაგირებას?
- პირველი, ჩემთვის სიახლე იყო მეუფე პეტრეს მხრიდან გაჟღერებული ეს ბრალდებები. მე ვისურვებდი, რომ როდესაც ამაზე საუბრობს, იქვე დოკუმენტალური მასალა მოიყვანოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველეს. მეორე - თუ მეუფე პეტრე სიმართლეს ამბობს, თუკი არის სადმე პრობლემა, მაშინ ყველას ინტერესი უნდა იყოს, ჩემი, თქვენი, ეკლესიის, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი აუდიტი და გაირკვეს ყველაფერი ქონებასთან დაკავშირებით. ვისურვებდი, რომ მეუფე პეტრეს ბრალდება გამყარებული იყოს დოკუმენტალურად. ეს ფაქტები, ეს ინფორმაციები, ჩემთვის არის მხოლოდ ინფორმაცია, მხოლოდ ნააზრევი, თუ მას არ ახლავს დოკუმენტალური გამყარება.
როგორც ჩანს, პრობლემები არის ეკლესიის გარშემო, რასაც ვერ დავმალავთ და რაზეც აუცილებელია რეაგირება...
- რა თქმა უნდა, და ამიტომ, უნდა ჩატარდეს აუდიტი და იქ უნდა გაირკვეს. თავად საპატრიარქომ უნდა გაარკვიოს, მისი ქონება გარკვეული პირების გადაწყვეტილებით რატომ არის მითვისებული და სხვის მოხმარებაში, საიდანაც სიკეთეს იღებს არა ეკლესია, არამედ კერძო პირები. თუკი ასეა, მაშინ ის თანხები ისევ ეკლესიის სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული და ისე არა, რომ დადგინდა და მართალი ყოფილა. არა, აუცილებელია იმის გარკვევა, ეს გადაწყვეტილება ისე იქნა თუ არა მიღებული, რომ არ იყო შეთანხმებული ეკლესიის შესაბამის განყოფილებასთან, საპატრიარქოსთან და მის უწმინდესობასთან. თუ არ იყო, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა.
უპრობლემო დედამიწაზე არაფერია, მაგრამ მეუფე პეტრეს მიერ პირდაპირი მინიშნება იყო იმაზე, რომ ეკლესიის ქონებით სარგებლობენ გარკვეული კერძო პირები. მე ვიყავი ეკონომიკის მინისტრი და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი ქონება გადავეცით ეკლესიას. სახელმწიფომ მოიკლო და გადასცა ეკლესიას, მაგრამ იმისთვის არ მომიწერია ხელი ამ ქონების გადაცემაზე, რომ ვიღაცამ მოითბოს ხელი.
ამიტომ, ჩემი როგორც საზოგადოების წევრის, ინტერესია გაირკვეს მართალს ამბობს თუ არა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ამ ქონებებთან დაკავშირებით. აუცილებელია აუდიტის სამსახურის ჩართვა, ეს ალბათ იქნება დაახლოებით 6-თვიანი პროცესი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ წერილის შინაარსი, რომელიც გაჟღერდა და რომლის ავთენტურობა არ დადასტურებულა, მაგრამ ითქვა, რომ მამა გიორგის მიერ არის მიწერილი უწმინდესისთვის.
ამიტომ, აუცილებელია, დადგინდეს, არის თუ არა არსებული ქონება 100%-ით გამოყენებული ეკლესიის მიზნებისთვის. ჩემი ინფორმაციით, ბევრი ქონება არის გამოყენებული ეკლესიის სიკეთისთვის. იგივე, მეუფე პეტრეს მიერ გუშინ დასახელებული ჩამორთმეული სახლი. იქ გახლდათ დედათა და ბავშვთა პანსიონი და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი. ამ სახლს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მეუფე პეტრე შეცდომაში იყო შეყვანილი.
ამასთან, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული პოლიტიკის შეწყვეტა და გადახედვაც მოითხოვა. რამდენად სწორია საუბარი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე?
- ყველა ადამიანის აზრი მაინტერებს, მაგრამ აი, „რესპუბლიკელების“ აზრი არ მაინტერესებს... როგორ არ მაინტერესებს იცით! უკვე ბევრი დრო დავკარგეთ „რესპუბლიკელებზე“ საუბრით. დღეს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესშია, როგორი იქნება გამოძიების შედეგები, რადგანაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი საზოგადოებრივი ინტერესი არც ერთი თემის მიმართ არ ყოფილა.