კონსტიტუციონალისტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მომხრეა, მეორე ნაწილი - შენარჩუნების. ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი 2010 წელს ამოქმედდა, პირველი სასამართლო პროცესი 2011 წელს გაიმართა, განსჯადობის არეალიც გაფართოვდა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმებიც დაიხვეწა, მაგრამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საკითხის გაუქმება/შენარჩუნებაზე მსჯელობა მაინც მოუწევს, რადგან საკითხს დღის წესრიგში კომისიის წევრები სვამენ.
ჯონი ხეცურიანი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია, მიიჩნევს, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, რადგან მან თავისი დრო მოჭამა და კანონის უზენაესობას, სამართლიან და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას ვერ უზრუნველყოფს.
for.ge-სთან საუბარში ხეცურიანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შექმნის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ეს სისტემა შუა საუკუნეებში ინგლისში წარმოიშვა, რათა მართლმსაჯულების განხორცილებაში საზოგადოების ჩართულობა ყოფილიყო გათვალისწინებული. მისი თქმით, სისტემა მოუქნელი და არაეფექტიანია, რადგან ბრალის - ფაქტის საკითხს ცალკე ჟიური იხილავს, სამართლის საკითხზე კი მოსამართლები მსჯელობენ.
„ის თავის დადებით როლს მაშინ და საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა, მაგრამ მან თავისი დრო მოჭამა. 19-ე საუკუნის ბოლოს, მე-20-ე საუკუნის დასაწყისში, ეს სისტემა იმ ქვეყნებში მაქსიმალურად შეიზღუდა, რომელიც მისი სამშობლო იყო - ინგლისში. ის მხოლოდ საერთო სამართლის ქვეყნებს შემორჩა. თანამედროვე პირობებში ამის აღდგენა და მიღება გაუმართლებელია, რადგან გადაწყვეტილება არაპროფესიონალებს გამოაქვთ. საზღვარგარეთ ზომები მიღებულია, რომ მისი გამოყენება მაქსიმალურად შეიზღუდოს, რადგან მისი გამოყენება არაპოპულარულია“, - ამბობს ხეცურიანი.
კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ნაფიც მსაჯულების შერჩევა ძალიან რთულია, თუმცა ამავდროულად, ის ძვირადღირებული სისტემაა, რომელიც კანონის უზენაესობას იმ მასშტაბით ვერ უზრუნველყოფს, რისთვისაც სახელმწიფო დიდ ხარჯებს სწევს.
ხეცურიანი ამბობს, რომ თუკი ქვეყანას ნაფიც მსაჯულთა სისტემის შენარჩუნება მაინც და მაინც სურს, შერეული სისტემაზე მსჯელობა შეიძლება, ეს როგორც გერმანიაშია, როცა მსაჯულებიც და მოსამართლეებიც თანაბარუფლებიანი არიან და გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ და არა ცალ-ცალკე.
„ჩვენთან სასამართლო პროცესები რთულ საქმეებს იხილავს და საზოგადოება მზად იმისათვის არ არის, რომ პროცესში უშუალოდ ჩაერთოს და გადაწყვეტილება მიიღოს. ამ ინსტიტუტის გამოყენებას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოება სახტად დარჩა, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს და აშკარად მკვლელი გაამართლეს. თუნდაც, სიმპსონის საქმე ნახეთ“, - აცხადებს ხეცურიანი, რომელიც ამერიკაში გამართულ „საუკუნის პროცესს“ გულისხმობს, როცა სამართალდამცველებმა პროფესიონალური ფეხბურთის ვარსკვლავი სიმპსონი ცოლის ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონისა და მისი მეგობრის მკვლელობაში დაადანაშაულეს, თუმცა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა, რომელიც საბოლოო ჯამში, 2008 წელს ძარცვისთვის გაასამართლეს.
ხეცურიანისგან განსხვავებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ცალსახა უარის თქმა ამ ეტაპზე უჭირს და ამის მიზეზებს for.ge-სთან საუბარში განმარტავს.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საკმაოდ რთული და მრავალპარამეტრიანია, რადგან გასათვალისწინებელი ბევრი რამეა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, სჯობს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არსებობდეს, რადგან არაობიექტურმა მოსამართლემ შესაძლოა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არასამართლიანად გამოიტანოს, ასეთ პირობებში კი, ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, უდანაშაულობის ვერდიქტი გამოიტანონ და პირი უდანაშაულოდ ცნონ.
„ამ თვალსაზრისით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი კარგია, მაგრამ ამ ინსტიტუტს თავისი პრობლემებიც აქვს, რაც არის თავად ნაფიც მსაჯულების მოქალაქეობრივი პოზიცია, მათი განათლება, მათი შესაძლო კავშირები ბრალდებულთან ან დაზარალებულთან. საქართველო პატარა ქვეყანაა და ზოგი შეიძლება ბიძაშვილის მამიდაშვილი აღმოჩნდეს, ზოგი მამიდაშვილის თანაკლასელი და ა.შ. რისკი იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება მიიღება არა სამართლებრივი არგუმენტებით, არამედ არასამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე, არცთუ დაბალია. შესაბამისად, შესაძლებელია, დამნაშავე გათავისუფლებული აღმოჩნდეს და დამნაშავე დაიმალოს“, - აღნიშნავს ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტი ნაფიც მსაჯულთა სისტემის იმ ნაკლოვანებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მსაჯულების პროფესიას ეხება.
ხმალაძის მოსაზრებით, პრობლემაა ის, რომ ნაფიც მსაჯულებმა, რომლებიც იურისტები არ არიან, შეიძლება არსებითი შეცდომა დაუშვან თავად ფაქტების შეფასებისას და ეს გააკეთონ არა შეგნებულად, არამედ არასაკმარისი განათლების გამო, რომლის შედეგად მიღებული იქნება ისეთი არასწორი გადაწყვეტილება, რომლის გამოსწორებაც უაღრესად რთულია ან შეუძლებელი.
„ვფიქრობ, რომ ჩვენთან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერ იმუშავებს, თუმცა ამასაც გადაჭრით ვერ ვამბობ, მაშინ პრობლემა - ობიექტური სასამართლოსი გვრჩება. ობიექტური სასამართლო რომ არსებობდეს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ცალსახა უარს ვიტყოდი, დღეს კი, პასუხის გაცემა მიჭირს“, - დასძენს ხმალაძე, რომლისგან განსხვავებით, სისტემის ერთპიროვნულად გაუქმების მომხრეა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა.
როგორც for.ge-ს გუგავამ განუცხადა, საქართველოში ეს სისტემა ვერ იმუშავებს.
გუგავა აღნიშნავს, რომ ამ სისტემაზე იმ ქვეყნებშიც უარს ამბობენ, სადაც დაიბადა და ისტორიული როლი შეასრულა, მათ შორის ამერიკასა და ბრიტანეთში.
„იქედან გამომდინარე, რომ მცირე მოსახლეობის ერი ვართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნათესაობას, მეგობრობას, ტომობრივ ფაქტორს. შესაბამისად, იმდენი ნაფიც მსაჯულის მონახვა გაძნელდება, რომლებიც საქმეებს განიხილავენ. მით უმეტეს, გათვალისწინებულია ბევრი პროფესია, რომლის წარმომადგენელიც არ შეიძლება ნაფიც მსაჯული იყოს. ასევე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება პროფესიონალებმა - სამართლის მცოდნეებმა უნდა გამოიტანონ“, - აღნიშნავს გუგავა, რომლის მსგავსად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ ოპტიმისტური განწყობა არ აქვს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს.
for.ge-სთან საუბარში კახიანი აცხადებს, რომ იურისტების გარკვეული წრე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილია. მისი თქმით, პირადად მისი განწყობებიც ზედმეტად ოპტიმისტური არ არის.
„ანუ, საქართველოში ამ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები მაქვს, მაგრამ ვინაიდან, ახალი შექმნილია და ახალი ამუშავებულია, გარკვეული დრო საჭიროა, რომ დასკვნები გავაკეთოთ იმის თაობაზე თუ რამდენად ეფექტურად იფუნქციონირებს“, - დასძენს კახიანი.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა სისტემის შენარჩუნების მომხრეებს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე საკუთარ პოზიციაზე რჩება და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მაქსიმალურად მეტი მოცულობით უნდა დაინერგოს და რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს ერთ-ერთი რეალური ბერკეტია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
ყოფილი კანონმდებელის განცხადებით, სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო ვერ მიიღო, რადგან ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ სასამართლო ხელისუფლება დაექვემდებარებინა და ამას საკმაოდ წარმატებით აღწევდნენ კიდეც.
„სააკაშვილის ხელისუფლებაც ვნახეთ და ისიც გვახსოვს, მათ პირობებში პოლიტიკური ხელისუფლების კონტროლი როგორი იყო, რასაც საზოგადოებაში უსამართლობის მწვავე განცდა მოჰყვა. დღესაც იგივეს ვხედავთ. ამის მაგალითია „კაბელების საქმე“ და „ტრაქტორების საქმე“. ვხედავთ, ხელისუფლება სასამართლოს როგორ იყენებს იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ზე კონტროლი განახორციელოს და მისი წილები ისეთ მეპატრონეს გადასცეს, რომლის მეშვეობითაც ამ კომპანიას თავად გააკონტროლებს. როცა ასეთი რეალობა გვაქვს, ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია. ამ მექანიზმზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არც კი მალავს, რომ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების დიდი სურვილი აქვს“, - ამბობს შავგულიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შენარჩუნების მომხრეა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორც for.ge-ს ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ამ სისტემის არსებობის პირობებში, ხალხს მეტი ნდობა უჩნდება, რომ მართლმსაჯულების პროცესში თავად მონაწილეობს.
დეპუტატის მოსაზრებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს გავლენა აქვს საზოგადოების სამართლებრივ და სამოქალაქო შეგნებაზე, რადგან ასეთ სამართალწარმოებაში თავად ხალხი მონაწილეობს.
„მხარს ვუჭერ, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შენარჩუნდეს და პირიქით, კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს. შოტლანდიაც პატარა ქვეყანაა, სადაც ეს ინსტიტუტი მოქმედებს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სისტემის დაწუნება უადგილოა. ისეთი სისტემის აგება შეიძლება, რომელიც ხარვეზებს გამორიცხავს“, - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფრო მაღალ სტანდარტს პროკურატურას უყენებს, რომ მყარი მტკიცებულებები წარმოადგინოს ადამიანის დანაშაულის დასასაბუთებლად.
„ვხედავთ, პროკურატურა როგორი პოლიტიზირებულია და სასამართლო პოლიტიკურ ნება-სურვილებს როგორ არის დამორჩილებული. პროკურატურა ცდილობს, ფაქტები შეაკოწიწოს და შემდეგ მოსამართლე უკანა კარიდან დაარწმუნოს, რომ ეს მტკიცებულებები გაიზიაროს. ასევე მნიშვნელოვანია, მტკიცებულებების სანდოობაში ნაფიც მსაჯულები დაარწმუნო. ნაფიც მსაჯულების მიმზიდველობა სწორედ იმაშია, რომ თუ 12 ადამიანის უდანაშაულობაში ან პირიქით საპირისპიროში დარწმუნებას ახერხებ, ე.ი. საზოგადოებას ესაუბრები. საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკეთესო გზაა“, - დასძენს ჭიაბერაშვილი.
მმართველი გუნდი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს გააუქმებს თუ პირიქით განავითარებს, ამის თქმა რთულია, თუმცა for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობის წარმომადგენელი იურისტები მომხრე არიან, რომ ეს სისტემა შენარჩუნებული იყოს, რადგან ისინი სისტემის დემოკრატიულ მხარეებზე მიანიშნებენ. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლება მოახდენს თუ არა კლასიკური - ინგლისური მოდელის კორექტირებას და სისტემას „ქვეყნის სტილს“ მოარგებს თუ არა, ეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში გახდება ცნობილი.