„სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტებს ანგრევენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს“

„სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტებს ანგრევენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს“

ე.წ. „ციანიდის საქმემ“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობის თემა ზოგიერთებმა აიტაცეს და სათავისოდ გამოიყენეს. საკითხმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და ერთმანეთში აირია სიტყვები „ციანიდის შხამი“, შორენა თეთრუაშვილის „ოქროს თევზები“, „რუის-ურბნისის კრება“, „პატრიარქის ტახტის დაკავება“, „დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გამოშვება“, „გამოძიების შესაძლო შეცდომა“ და სხვა.

„ნაციონალები“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმიანობაში ერევა და, შესაბამისად, არაჯანსაღი ვითარება გამოდის სააშკარაოზე. დანარჩენები თავს წარმოაჩენენ ზნეობრივი პრინციპების დამცველებად და სხვებს უზნეობაში „ამხელენ“. სასულიერო პირები ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ, ამ ყველაფრის შემყურე „რესპუბლიკელები“ კი საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვენ. ერთადერთი, ამ პროცესების მთავარი სამიზნე - პატრიარქი კი დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს.

რა პროცესები მიმდინარეობს ეკლესიასთან მიმართებით და ვის ინტერესშია ის, რაც ხდება?

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო დღეებში აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკურ ჭრილში საეკლესიო საკითხების გადატანა, ურთიერთბრალდებები და პირდაპირი ვერდიქტის გამოტანა. ამ მხრივ ხელისუფლებაც სცოდავს, როდესაც საკმარისზე მეტ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე არსებობს რაღაც შეთქმულება, კიევის ბილეთები და სხვა.

„ათასი სისულელე ილაპარაკეს. პოლიტიკოსები არად დაგიდევენ საკითხის სიმძიმეს და თავს უფლებას აძლევენ, ასეთი პოლიტიკური შეფუთვით კიდევ უფრო დაამძიმონ ისედაც მძიმე ვითარება. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ დარჩა დაზიანების გარეშე. ერთადერთი, თითქოსდა, ხელშეუხებელი ინსტიტუტი იყო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც უპირობო ავტორიტეტი გახლდათ წლების განმავლობაში. შეგნებულად თუ შეუგნებლად, დღეს ამ ინსტიტუტის პირდაპირი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თვითონ ეკლესიის შიგნით არსებულმა მოვლენებმა მისცა ბიძგი. სასულიერო პირები ერთმანეთის მიმართ კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა ტელევიზიებში. ეს სახიფათო პროცესია. სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტები აღარ არსებობენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

საზოგადოება მაშინ ვითარდება, როდესაც თავის წიაღში წარმოშობს მორალურ თუ ინტელექტუალურ ავტორიტეტებს და მერე მთელი საზოგადოება ეკვრება ამ ავტორიტეტს, ვითარდება და წინ მიდის. ნაცვლად ამისა, დღეს სრული დეგრადაციის პროცესს ვაკვირდებით, თითქოს ვიღაც ცდილობს, სახელმწიფოებრივი ცოცხალი ქსოვილის ადგილი აღარ დატოვოს ქვეყანაში “, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მართულია ეს პროცესი თუ, უბრალოდ, ქაოსის ბრალია, ამის თქმა ექსპერტისთვის რთულია, მაგრამ მიიჩნევს, რომ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ მძიმე დანაშაულზე, ანუ მკვლელობის შესაძლო მცდელობაზე, მაშინ რა შუაშია საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტა, რასაც ზოგიერთები მოითხოვენ?! ეს ხომ იმის მცდელობაა, რომ როგორმე ცეცხლზე ნავთი დაასხან და ვითარება კიდევ უფრო დაამძიმონ?!

გია ხუხაშვილის აზრით, პროკურატურის განცხადებებიც არ იყო მთლად კარგად შეფუთული, რამაც ბიძგი მისცა მთელ ამ პროცესს. როდესაც საზოგადოებას აწვდი ნახევარ ინფორმაციას და მერე პოლიტიკოსებს უტოვებ ფანტაზიისთვის ველს, უნდა გაითვალისწინო კიდეც ჩვენი პოლიტიკოსების მახინჯი ფანტაზიის უნარი. ამიტომ, ექსპერტი თვლის, რომ პროკურატურას ან მთლიანად უნდა გაესაიდუმლოებინა მომხდარი და არაფერი ეთქვა. რადგან სათქმელი უკვე თქვეს, ის მაინც უნდა დაადასტურონ, ვისზე მზადდებოდა თავდასხმა, პატრიარქზე თუ სხვა ვინმეზე?!

„ამ ფაქტმა გააშიშვლა ის მძიმე ვითარება, რაც საპატრიარქოს შიგნითაა. ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან და ამის პროვოცირება მოახდინა სწორედ ნახევრად სიმართლემ. ნახევრად სიმართლე, ხშირ შემთხვევაში, ტყუილზე უარესია. ტყუილის პრევენცია კიდევ შესაძლებელია, ნახევარსიმართლე კი დიდ დიაპაზონს იძლევა ათასნაირი სპეკულაციისა და ინსინუაციებისთვის. საკმაოდ მოუზომავი განცხადებები გაკეთდა, რაც არ ეკადრებათ საეკლესიო მოღვაწეებს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ კონკრეტულ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე და არა მთელ კომპლესზე პრობლემებისა, რადგან მთავარი საკითხი იკარგება და ყველაფერი ეს გადადის ინსტიტუტების ნგრევაში. უპერსპექტივობით გათანგული ადამიანებისთვის დარჩა ეკლესია და ახლა ამის ნგრევაც მიდის არაპირდაპირი გაგებით. აღარ დარჩა ნავთსაყუდელი, სადაც შეიძლება ვეძებოთ ან ამქვეყნიური, ან იმქვეყნიური სამართალი და სიმშვიდე“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და რომელიმე სასულიერო პირი პატრიარქის ტახტის დაკავებას ოცნებობს, ეს არ არის ქრისტიანული საქციელი. მისივე თქმით, იმდენად უცნაური და ბუნდოვანია პროკურატურის ნათქვამი, რომ ჯერჯერობით ვარაუდიც კი ძნელია რამეზე. ადამიანს ბრალდება მკვლელობის მომზადება, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა რეალურად. რაღაც რომ მოხდა, ესეც ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა ტყუილუბრალოდ ამხელა საქმეს არ წამოიწყებდა და ასე საჯაროდ არ განაცხადებდა. ამიტომ ან რაღაც მართლა მზადდებოდა, ან ეს არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია, ოღონდ ვისი მხრიდან, უცნობია.

„ეს არ უკავშირდება ამ კონკრეტულ თემას, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, როდესაც საპატრიარქოს მიეცა ამხელა ფინანსური სახსრები და უძრავ-მოძრავი ქონება, თავისთავად, ეს აჩენდა საფრთხეს, რომ იქ არაპატიოსან ადამიანებს არ მოეყარათ თავი, რომლებიც მოინდომებდნენ ამ თანხის განკარგვას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები საპატრიარქოს წარმომადგენლები იქნებოდნენ, თუ ეკლესიის. შეიძლება, საერთოდ, ისინი ყოფილიყვნენ გარეშე მდგომი პირებიც, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო იქ, სადაც ფული ტრიალებდა. კონტროლის პალატას შეეძლო ყველგან გაეკონტროლებინა თითოეული თეთრი, გარდა საპატრიარქოსი, რომელსაც სახელწიფო ბიუჯეტიდან აძლევდა 20 მილიონზე მეტს. თითქოს ეს კარგი სამსახური იყო ეკლესიისთვის, მაგრამ, პირიქით, დათვური სამსახური გაუწიეს. ამიტომ, თუკი სახელმწიფო აძლევს თანხას, გააკონტროლოს კიდეც, რადგან საპატრიარქოს არ აქვს ამის მექანიზმი.

კორუფციული ადამიანი რომ ვიყო, ცხადია, შევეცდებოდი, თბილისის ცენტრში რომელიღაც ობიექტი ჩამეგდო ხელში, მაგალითად, საავადმყოფო. ამას ჯერ გადავცემდი საპატრიარქოს, შემდეგ უკანვე მივიღებდი. პატრიარქმა არ იცის ასეთი შემთხვევების შესახებ. ახლა შორენა თეთრუაშვილის როლის შესახებაც ბევრს საუბრობენ. მე თვითონ საპატრიარქოს პრესცენტრში ვმუშაობდი და შორენას როლის შესახებ ზედმეტს ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ეს ადამიანი პატრიარქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უკვე რამდენი წელია, თითქმის მთელი მისი პატრიარქობის განმავლობაში მისი დამხმარე ასისტენტია“,-აცხადებს ლევან აბაშიძე, რომლის თქმითაც, უწმინდესი შორენა თეთრუაშვილს ენდობა. ამიტომ, როდესაც ქალბატონ შორენას საპატრიარქოს მართვას აბრალებენ ყოველგვარი საბუთის გარეშე, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით პატრიარქსაც ჩრდილს აყენებენ.