„მცხეთაში მიწების გასხვისება არ შეიძლება, რადგან გაჭირვებული ქართველი გაყიდის იმ მიწას და უცხო ტომელი დაეპატრონება ჩვენს უძველეს დედაქალაქს“, - ასეთია ქართველ მეცნიერთა აზრი.
ამის მიუხედავად, მცხეთელები საკუთარ ქალაქში მორატორიუმის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების უფლება ეზღუდებათ.
სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დიდი მცხეთა იმთავითვე სამეუფეო ქალაქად ითვლებოდა, ანუ ეს იყო სამეფო ქალაქი, ეკლესიურად კი ის იყო წმინდა ქალაქი.
„პატრიარქმა მცხეთას შარშან წმინდა ქალაქის სტატუსი მიანიჭა. თუკი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა გვინდა, მაშინ მოდით, დავუბრუნოთ ამ ქალაქს სხვა სახელიც - „დიდი მცხეთა“, რადგან დიდი მცხეთა უფრო ადრეულია, ვიდრე წმინდა ქალაქი. წმინდა ქალაქი მეორადია, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის მიღების შემდეგ გახდა მცხეთა წმინდა ქალაქი, როდესაც თბილისმა დედაქალაქობა ჩამოართვა დიდ მცხეთას. შესაბამისად, მე-5-6 საუკუნეებიდან მცხეთა დაემცრო, მხოლოდ საეკლესიო ცენტრად იქცა, ხოლო თბილისი აშენდა. ამ ისტორიის გათვალისწინებით, ვიდრე მცხეთის ქალაქის გენერალური გეგმა ნორმალურად არ შედგება (და არა ისე, როგორც ერთხელ უკვე წარადგინეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში), არ შეიძლება მცხეთის მიწების გასხვისება. ეს შეზღუდვა უნდა დაწესდეს არა იმიტომ, რომ მცხეთა წმინდა ქალაქია, არამედ იმიტომ, რომ მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია, არქეოლოგიური მექაა. აქ არ უნდა მოხდეს ის, რაც ქობულეთში მოხდა, სადაც ქართული მოსახლეობა, მე მგონი, მოკლე ხანში სანთლით საძებნელი გაგვიხდება. არ უნდა განმეორდეს ის, რაც ხდება ბათუმში, საიდანაც ნელ-ნელა ქართული მოსახლეობის, ან კონფესიურად ქრისტიანი მოსახლეობის გამოტუმბვა მიმდინარეობს. დავფიქრდეთ ქართველები, შესაძლოა, ჩვენი თანამემამულეები მშიერნი არ კვდებოდნენ, მაგრამ ფული არ აქვთ. ამიტომ, გამორიცხული არ არის, მათ ცდუნებას ვერ გაუძლონ და გაყიდონ ქართული მიწა, თუკი ჩვენი მეზობელი ტომებიდან რომელიმე მათგანი წარმოუდგენლად დიდ თანხას შესთავაზებს. საქართველომ ეს არაერთგზის გაიარა. კიდევ გვინდა, ეს გავიაროთ და ქართველებმა მცხეთაშიც გაყიდონ მიწა? კულტურის სამინისტრომ ამისთვის გარკვეული მექანიზმი შეიმუშავა, არსებობს სხვადასხვა კატეგორიის დამცავი ზონა, სადაც მშენებლობა არ შეიძლება (არქეოლოგიური ზონა, რეკრეაციული ზონა), მაგრამ თვითონაც უნდა დავფქირდეთ ქართველები“, - განმარტა თემურ ბიბილურმა.
მანვე იერუსალიმის მაგალითი გაიხსენა, სადაც ადგილობრივი მმართველობის ნებართვის გარეშე რაიმეს აშენება ან მიშენება ყველას ეკრძალება, განურჩევლად იმისა, არაბი იქნება, ებრაელი, თუ ძირძველი იერუსალიმელი.
ისტორიკოსი ეკა ჯაფოშვილი მიიჩნევს, რომ მცხეთა მარტო მცხეთელებს არ ეკუთვნით, ის ეკუთვნის მთელ საქართველოს და სულიერი, ისტორიული თუ ეროვნული დანიშნულების ქალაქია. ოფიციალურად მცხეთა წმინდა ქალაქად არის აღიარებული და ამ ქალაქში ჩვეულებრივი მშენებლობები გამორიცხულია. ამას საპატრიარქოდან, შესაბამისი სამსახურებიდან დასკვნა და სპეციალური ნებართვა სჭირდება.
„მახსოვს ადრე უბრალო მშენებლობა უნდა დაეწყოთ მცხეთაში ელიოზ მცხეთელის ნასახლარზე ძველ ხიდთან. ამის გამო იმხელა ბრძოლები გაიმართა საპატრიაქროში, რომ დღესაც შეჩერებულია ეს მშენებლობა. თანაც, ჩვენთან ბოლო ჟამის პერიოდია ბიბლიურად, უახლოეს პერიოდში დიდ მოვლენებთან გვექნება საქმე. წმინდა ქალაქად მცხეთის გამოცხადება შემთხვევით ხომ არ ხდება? ეს ძალიან დიდი რამ იყო, მთლიანი მცხეთა გამოაცხადეს წმინდა ქალაქად. მცხეთაში სულ სხვა გათვლებია, სულ სხვა მოვლენები მოხდება. მცხეთა აღიარებულია ახალ იერუსალიმად, მეორე იერუსალიმად და ამას მთელი ისტორია აქვს, ძველი წელთაღრიცხვის ბიბლიური ეპოქიდან დაწყებული, სულ სხვანაირი გათვლებია მანდ მშენებლობებისა და ნებისმიერი თვალსაზრისით“, - აცხადებს ეკა ჯაფოშვილი For.ge-სთან საუბრისას, მიიჩნევს რა, რომ მცხეთის ძირძველმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს თავისი ქალაქის წარსული.
ამდენად, მცხეთელებს კარგი ინფორმირება სჭირდებათ და, სავარაუდოდ, ამ საქმეში ჩაერთვებიან შესაბამისი ინსტანციები, საპატრიარქოდან დაწყებული, პატრიოტი ხალხით დამთავრებული.