მოსამართლე მამუკა ახვლედიანსა და ნიკა გვარამიას შორის გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ 3 ოქტომბერს ინტერნეტში „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორისა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ჩანაწერი საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, დამონტაჟებული არ არის, ხოლო მასში დაფიქსირებული ხმები კი, ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.
ინტერნტეში გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს 6 მილიონიდან წილს სთავაზობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მაშინ აცხადებდა, რომ მამუკა ახვლედიანთან ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება მოხდა, რაც მისივე მტკიცებით, საერთაშორისო პრაქტიკაა, შესაბამისად, ქრთამზე საუბარი აბსურდულია.
„რუსთავი 2“– ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა, შესაბამისად, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გვარამია კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებას იყენებს და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს. პარალელურად, მინდობილობა უკვე გაცემული აქვს და მისი დაკავების შემთხვევაში, ტელევიზიას ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გვარამიამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ფულზე არ უსაუბრია და განმარტა, რომ ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არა ნახევარ საათს, არამედ საათანხევარს მოიცავდა და იქ არა მხოლოდ გვარამია–ახვლედიანი, არამედ სამი პირის საუბარი იყო ასახული. გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ მამუკა ახვლედიანს გადადგომის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.
„მეგობრებო, ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული, ის მიმდინარეობს საათნახევარი და არის სამ პირს შორის. ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები „რუსთავი 2“-ის ვალებზე. ეს ადამიანი არის ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე, რადგან ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას.
რაც შეეხება ბატონ მამუკა ახვლედიანს, რა ვუთხარი მე მას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი და ჩემს მიერვე არის ცნობილი. როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ეს ჩანაწერი გაგვეკეთებინა. თუ მე ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს ფულზე, სად მივიღე შედეგი? რატომ არ გადადგა? პირიქით, ის უკანონოდ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის, რომ თავი აღიდგინოს. შესაბამისად, ქრთამის შემადგენლობა ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა გვარამიას მხრიდან 6 მილიონიანი წილის შეთავაზების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აზუსტებს, რომ არც ერთ საქმეს არ იხილავდა და არც რაიმე გადაწყვეტილების მიმღები ყოფილა. როგორც მამუკა ახვლედიანი აცხადებს, გვარამიამ ნამდვილად უთხრა, რომ გარკვეული სახის დახმარების გაწევა შეეძლო, თუმცა ამბობს, რომ ამაზე ყურადღება არც კი მიუქცევია. რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობას, ახვლედიანის განცხადებით, გამოძიება დაიწყო იმაზე, რომ ვიღაცის კომპიუტერიდან ჩანაწერები მოიპარეს და გაავრცელეს, დღეს კი დაადგინეს, რომ ჩანაწერი ავთენტურია.
„მაინტერესებს, სად არის ლოგიკა? ჩემთან არასდროს არავის არანაირ ფულზე არ უსაუბრია. სუფრასთან თუ სხვადასხვა სიტუაციაში პირველი პირებიდან დაწყებული ყველას შევხვედრივარ და მისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცხოვრებაში ჩემთან არავის არ ჰქონია ფულზე საუბარი. ვინ რა დაამონტაჟა, ვინ ვის რა ესაუბრა, ვინ ვის რას სთავაზობს და რა ფულს უხდის - ერთმანეთში გაარკვიონ. ამ სისულელებზე რა პასუხი უნდა გავცე?
დღევანდელი გამოძიება არის სასაცილო. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არც თავმოყვარეობა და არც სახელმწიფოს განცდა არ აქვთ. გამოძიება დაიწყო კომპიუტერიდან ჩანაწერების მოპარვით და რა გამოიძიეს, რომ ჩანაწერი ავთენტურია? რას იძიებდნენ და რა დაადგინეს? რა შუაშია ავთენტურობა ამ საკითხთან? ლოგიკა მაინტერესებს. საუბარი ბევრ ადგილზე შედგა, დიდი ნაწილი აღებულია, მაგრამ რისი გასაღებაც უნდათ, რომ ფულზე საუბრობენ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გვარამია ვის ესაუბრება, ეს ნაკლებად მაინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
„საუბარია ბატონ მამუკა ახვლედიანის შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ, მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
მისივე თქმით, სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან და ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება. თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ ასევე სწრაფად იქნება გამოძიებული, რეალურად აქვს თუ არა ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის შემთხვევას, ვინაიდან თანხები, რომელიც მის განკარგვაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.
უმრავლესობის ლიდერის განცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავენ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ბოლო დავალებების შესრულებაზე და ეს დავალება გამოიხატება „რუსთავი 2“-ის განეიტრალებაში.
„ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ბოლო დავალებების შესრულებაზე. ეს დავალება თავიდანვე იყო „რუსთავი 2“-ის განეიტრალება. ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკა გვარამიას პირველი დაკავება. უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ამჟამად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე მიიტანოს იერიში და დაიქვემდებაროს ყველაფერი, მათ შორის დამოუკიდებელი მედია და სასამართლო, თუმცა მას ეს არ გამოუვა. შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ ნიკა გვარამიას, რადგანაც გამწვავებული ფონია, როდესაც ბევრი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გადაფარვის მცდელობაა, ეს გამორიცხული არ არის“, – აცხადებს ნინო კალანდაძე.