„სახელმწიფო ბრალდებაში მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე საუბარი არ არის“, – ეს დეკანოზი გიორგი მამალაძის პირველი განცხადებაა, რომელიც სახალხო დამცველმა გაავრცელა. დეკანოზის თხოვნის მიუხედავად, საკითხის პოლიტიზირება უკვე მოხდა. საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებს ხედავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი და შიშობს, რომ ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია.
„ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ. პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე რომ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი“, – აღნიშნა რადიოსადგური НСН-ის ეთერში ვსევოლოდ ჩაპლინმა.
აღსანიშნავია, რომ NDI–ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე დიდი მოწონებით სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სარგებლობს. ტრადიციულად, მოწონებათა რეიტინგში პატრიარქი 96%–ით ლიდერობს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური იყო ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელშიც იმყოფებოდა, რაც ნატოს ისტორიაში იშვიათი მოვლენაა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა ყოველთვის იყო. მისი თქმით, რა ინფორმაციაც გამოდის საპატრიარქოდან, მიანიშნებს, რომ საქართველოს ეკლესიამ, ისევე როგორც არასოდეს, პოზიტიური მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„პრაქტიკულად, მან გზა და სივრცე მისცა ამ პროცესს. ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ ეკლესიაში იყო სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურული ქსელი. ბუნებრივია, ამის უარყოფა თეორიულ დონეზეც შეუძლებელია და მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი იყო რუსული ნარატივი. ამიტომაც, შესაძლებელია, მთელი ეს პროცესი უკავშირდებოდეს რუსულ ნარატივს. იმიტომ, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ბევრად უფრო ნათელი და ცალსახა გახდა. ამიტომ, ჩემი გადასახედიდან მთავარი სამიზნე უნდა გამხდარიყო პატრიარქი, როგორც ეკლესიის პოზიციის მთავარი შემქმნელი და წარმმართველი“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.
რაც შეეხება სიცოცხლისთვის საშიშ შხამიან ნივთიერებას – ციანიდს, რომლითაც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა, გავრცელებული ინფორმაციით, ის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობია, რომელმაც ბოლო პერიოდში პატრიარქის გარემოცვა ამხილა და ბრალი დასდო პატრიარქის უსაფრთხოების ხელყოფაში. როგორც არჩილ გამზარდია for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ქორეპისკოპოსის ქცევა განპირობებულია პირადად პატრიარქის სიცოცხლის დაცვის მოტივით.
„ბუნებრივია, თუკი ქორეპისკოპოსის მოშორების ვერსიას შესაძლებლად ჩავთვლით, პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება იქნებოდა პირველი საშუალება, რომ პატრიარქამდე უფრო ადვილად მისულიყვნენ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსი იაკობი ხელს უშლის პატრიარქის ლიკვიდაციის პროცესს, ამიტომაც ამ ჯგუფებისათვის მოსაშორებელი სუბიექტი უნდა იყოს ქორეპისკოპოსი იაკობი. პირველი ძალისხმევა იქნებოდა პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება და შემდეგ უკვე პირდაპირ პატრიარქზე გასვლა, აი, ეს სურათი იხატება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
აქვე გამზარდია დასძენს, რომ ეკლესიაში არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც საზოგადოება რუსულ ნარატივებს უკავშირებს და ეს არის ე.წ. ფუნდამენტალიზმთა ჯგუფი, რომელიც საერთო ჯამში, ეკლესიის დისკრედიტაციას ეწევა. მისივე თქმით, ეკლესიაში არსებული პრორუსული ნარატივი პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. ამბობს, რომ ეს არის შიდა პროცესი, როგორც ინსტრუმენტი, თუმცა საერთო ჯამში შემდგარია გარემახასიათებლებისგან, კერძოდ, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების საერთო მუშაობის დაინტერესების კუთხით.
„ამ შემთხვევაში ეს არის მართლმადიდებელ კავშირთა ე.წ. სულიერი ლიდერები, სამღვდელო პირები, რომელიც ცნობილია რუსული ნარატივით, ეკლესიის წინააღმდეგ გამოხატული პოზიციებით. ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ ისეთ ქცევა–პოზიციებს, რომელიც ეკლესიას საბოდიშო რეჟიმში აგდებდა და მათ ქცევას არასოდეს არ ეთანხმებოდა.
გავრცელებული ხმით, ამ ჯგუფს მიტროპოლიტ დიმიტრის უკავშირებენ, როგორც მათ მფარველ პირველ პირს, რომელზედაც ასევე არის საუბარი, რომ დაინტერესებულია პატრიარქის სტატუსითაც. ასევე, ამ ადამიანს უკავშირებენ დაცვის სამსახურის უფროსს, რომელიც მისი სიძეა და ჩანს, რომ მისი სამუშაო სახელმწიფომ ნეგატიურად შეაფასა.
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირადად დაეცვა პატრიარქი, რადგან ხედავდა, რომ დაცვის სამსახურის ქმედება არასაკმარისი იყო, ან სხვა ინტერესები იკვეთებოდა. ასევე ცნობილია, რომ დაკავებული დეკანოზი მიტროპოლიტი დიმიტრის ჯგუფს წარმოადგენს. ამიტომ, ეს ჯგუფი შესაძლოა დავინახოთ მიტროპოლიტი დიმიტრის ირგვლივ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს, ჭყონდიდელის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე პეტრეს, რომლის შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის დაკავება მოხდა სერიოზული პრობლემების გადასაფარად. მისივე თქმით, მომხდარი გაგრძელებაა საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების.
მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგის მიერ აღმოჩენილმა დარღვევებმა ყველაზე დიდი დისკომფორტი და პრობლემა თეთრუაშვილს შეუქმნა, რომელიც დეკანოზ გიორგის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე თვითონ განაგებდა ამ საქმეს. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მომხდარში გარე ძალების ჩარევა იკვეთება, მათ შორის საქართველოს პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის.
„ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა, რომ ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს. მაღალ პროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართული, რადგან გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლოებაში, საზოგადოებაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა, თუ სხვადასხვა ფაქტებისა, ასევე, ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ იქნა აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხები, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ“, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ვერც თითის გაშვერა, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს. ამბობს, რომ სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩანს, რომ ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან.
„ბოდვით შეპყრობილი ადამიანები, მთავრობის მოძულეები და მოყვარულები, „ნაცების“ ეგზალტირებული მომხრეები და ზიზღით შეპყრობილები... ყველანი საუბრობენ ერთი თემის ირგვლივ და ეს თემა მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაა (მოწამვლა). ზოგს სჯერა, ზოგსაც - არა. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას ჩვენი სუბიექტური ან ობიექტური შეხედულება გაგვაჩნია. სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩანს, რომ ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან. ყველა თავის ვერსიას ქმნის - იმას შორენა არ უყვარს, იმას ის და იმას ის... დადგა ბრალდებების კორიანტელი.
ვიღაც ამბობს უწმიდესს არ სჯერა, მოწამვლას რომ უპირებდნენო. აბა, უწმიდესი რისი უწმიდესია პანიკაში თუ ჩავარდა?! პატრიარქს არ სჩვევია შიში, იგი ყოველთვის სიმტკიცის მაგალითია. უბედურება რომ მომხდრიყო, მაშინ იტყოდნენ, სად არის უნიათო მთავრობა და მისი სპეცსამსახურებიო?! ვერც თითის გაშვერა, ვერც სხვაზე გადაბრალება, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა, ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს“, – წერს ბართლომე ფირცხალაიშვილი.