„ჩვენი სიმართლე რადიკალურად სხვაა, ჩვენი სამართალი აბსოლუტურად სხვაა და ამაში ბევრი რამეა ნაგულისხმები“

„ჩვენი სიმართლე რადიკალურად სხვაა, ჩვენი სამართალი აბსოლუტურად სხვაა და ამაში ბევრი რამეა ნაგულისხმები“

პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე მთავარი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, საკუთარი თავისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას და სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს, რათა კანონიკური წესებიდან გამომდინარე, კურთხევა მიიღოს და წაყენებულ ბრალდებაზე კომპლექსურად ისაუბროს.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზს მიეცემა თუ არა სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლება, ეს ჯერჯერობით არ კონკრეტდება, მაგრამ მას დღის განმავლობაში, როგორც ადვოკატი გიორგი ფანცულაია, ასევე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდნენ.

თუ დაცვის მხარე მთავარ პროკურატურას გაუთქმელობის პირობის დარღვევას სთხოვს, ომბუდსმენი საზოგადოებას გიორგი მამალაძესთან გამართული შეხვედრის დეტალებს აცნობს და დეკანოზის პოზიციას ახმოვანებს, რომ ის მსხვერპლია.

სახალხო დამცველისგან განსხვავებით, გიორგი ფანცულაია დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა ირწმუნება, რომ ძალიან ბევრი სათქმელი აქვთ.

„პროკურატურისგან გაუთქმელობის პირობის გაუქმებას ვითხოვ, რადგან ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს. გვინდა, პროკურატურასთან თანამშრომლობით სიმართლე დადგინდეს. სიმართლე ნამდვილად არ არის ის, რისი ტირაჟირებაც ხდება. ჩვენი სიმართლე რადიკალურად სხვაა, ჩვენი სამართალი აბსოლუტურად სხვაა და ამაში ბევრი რამეა ნაგულისხმები. სანამ პროკურატურის ნებართვა არ იქნება, მანამდე დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, მათ შორის პროცედურულ დარღვევებზე“, - აცხადებს ფანცულაია, რომლის მსგავსად, პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილის ცნობით, პროცედურული დარღვევები იყო თუნდაც ის, რომ დაკავების დროს, ბრალდებულს ზარის განხორციელების საშუალება არ მიეცა და დაკავების მიზეზი არ განუმარტეს. მისი თქმით, მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა და იბრძოლებს, რომ სიმართლე გაირკვეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე ასევე ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას წარედგინა, საერთოდ არ არის საუბარი სასულიერო პირზე და შესაბამისად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე.

„დეკანოზი სიმართლის დადგენაში ყველას დახმარებას სთხოვს. სახალხო დამცველი ჩართული იქნება, რომ აღნიშნული საქმე დეტალურად შევისწავლოთ. ბევრი დეტალი უნდა გაირკვეს, მათ შორის, რატომ მიდის საქმე მხოლოდ ერთი მიმართულებით?! მას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს და საუბრობს იმაზე, რომ ამ საქმეს მომზადების ნიშნები ეტყობა - რაც მოხდა, დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო და ის ფიქრობს, რომ მსხვერპლია. რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ლოგიკაში რაღაცები არ ჯდება“, - აცხადებს ნანუაშვილი, რომლის მსგავსად, საქმეზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც.

თუ რამდენად ობიექტური იქნება პროკურატურა და თუ რამდენად მყარ მტკიცებულებებს წარმოადგენს, ამის დაკონკრეტება პოლიტიკოსებს უჭირთ, თუმცა ოპოზიცია-პოზიცია საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამს.

როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, საგამოძიებო პროცესი რაც უფრო გაიწელება და ნაკლები ინფორმაცია იქნება, მით უფრო მეტი ვერსია იარსებებს.

დეპუტატი ეჭვს გამოთქვამს, ეს საქმე ხელისუფლებას იმისთვის ხომ არ აწყობს, რომ სხვა მოვლენები გადაფაროს და ხალხმა მხოლოდ ამაზე ილაპარაკოს და იფიქროს.

„შეიძლება ამ გზითაც წავიდნენ, მაგრამ სახალხო დამცველის ინფორმაციით შესაძლოა, სულ სხვა ვერსიები გაჩნდეს. ეს ადამიანი ითხოვს, რომ მას საუბრის საშუალება მიეცეს. ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ ბრალდებაში საუბარი არ არის სასულიერო პირზე, რამაც შესაძლოა, საგამოძიებო მიმართულება დიამეტრალურად შეცვალოს. ასევე წერილიც არსებობს. ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია და მოკლე დროში უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რადგან ასეთი რეზონანსული და მნიშვნელოვანი საქმის პირობებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მათ არაფერი არ უნდა გაეპაროთ. წესით, როცა ასეთ საქმეზეა საუბარია, ყველა სამხილი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ასეთი დანაშაულის ორგანიზება ვინმეს დააბრალო“, - აცხადებს კანონმდებელი.

წერეთელის განცხადებით, უწმინდესის ჯანმრთელად ყოფნა ყველასთვის სასიხარულო მოვლენაა, ის საქართველოში რამდენიმე დღეში იქნება და ალბათ, განცხადებას გააკეთებს, როგორია მისი შეხედულება ამ საქმესთან დაკავშირებით.

„შესაძლოა, პატრიარქის განცხადებამ და მისმა ინფორმაციამ ბევრი რამ შეცვალოს“, - ამბობს წერეთელი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ მთავარი პროკურატურა თანმიმდევრულია.

for.ge-სთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ პროკურატურის ქმედებები სრულიად ლოგიკურია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა მიიჩნევს, რომ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვება საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, ამას გააკეთებენ კიდეც, მაგრამ პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, გამოძიების ინტერსისთვის რა უფრო უკეთესია - საიდუმლო ინფორმაციაზე კომენტარებისთვის თავის არიდება, თუ პირიქით.

„ეს თემა იმდენად სენსიტიური და რეზონანსულია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. მათ შორის პროკურატურამ“, - დასძენს კახიანი.

სამართლებრივი საკითხების განხილვაში არ შედის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აქცენტს მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე აკეთებს. მდინარაძე ამბობს, რომ პროკურატურის განცხადებიდან გაცხადდა, რომ სერიოზული დანაშაული აღიკვეთა, რისთვისაც პროკურატურას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.

„როცა პოლიტიკურ შეფასებაზეა საუბარი, ამისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალიან სენსიტიური თემაა. საქმე დედა ეკლესიას და პატრიარქის გარემოცვას ეხება. აქედან გამომდინარე, განცხადებების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, განსაკუთრებით პოლიტიკური ქულების დაწერისგან. ეს ის საქმეა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და პროკურატურა ვალდებულია, დეტალებს კიდევ უფრო მეტი დაბეჯითდებით მეტი ყურადღება მიაქციოს, რათა საბოლოო ჯამში კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, - აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებით - ციანიდით მოწამვლა იგეგმებოდა.