კონკრეტული პიროვნება, ვის მიმართაც მზადდებოდა მკვლელობის მცდელობა, იდენტიფიცირებულია, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც და გამოძიება გრძელდება. ირაკლი შოთაძე არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას. ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით გამოკვეთილია კონკრეტული პიროვნებები, თუმცა შოთაძე ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ამან შეიძლება საგამოძიებო ინტერესები დააზიანოს.
დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მას „გაუთქმელობის პირობა“ აქვს ჩამორთმეული და შესაბამის დოკუმენტზე ხელი მოწერილი. შესაბამისად, მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებულ ბრალსა და საქმის არსებით გარემოებებზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც აღნიშნული ვალდებულება აღარ ექნება.
„ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას ჩვენი სიმართლე გავაცნოთ. აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და კანონმდებლობას ვერ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისაგან ისმის შინაარსოვბრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოებას ჩვენი სიმართლე ვუთხრათ. თხოვნით მივმართავ პროკურატურას, მოხდეს ჩვენს მიერ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, ვინაიდან საზოგადოება ცალმხრივად არ იყოს ინფორმირებული“, – აცხადებს გიორგი ფანცულაია.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. კერძოდ, სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის გამოყენებით, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მისი უწმინდესობის მოწამვლა იმ კლინიკაში იგეგმებოდა, სადაც მკურნალობას გადის.
რაც შეეხება ფარულად შენახულ შხამიანი ნივთიერებას, კალიუმის ციანიდს, რომელიც დაკავებულ დეკანოზს აღმოუჩინეს, სიცოცხლისთვის საშიშია. ეს ქიმიური ფორმულა არაორგანული ნივთიერებაა და ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს წარმოადგენს. ციანიდი თეთრი ფერის ნივთიერება, არსებობს როგორც სითხის, ასევე მყარი სახით და ფხვნილის სახითაც. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ადამიანის უეცარ სიკვდილს იწვევს. ქიმიურ ფხვნილს ხშირ შემთხვევაში ჯაშუშები იყენებენ. სასიკვდილო დოზის მიღებიდან რამდენიმე წამში, ადამიანი კვდება, სისხლში მოხვედრისას, ციანო ჯგუფი ჟანგბადის მაგივრად, უერთდება სისხლში არსებულ რკინას, რაც იწვევს ჰიპოქსიას, ადამიანი კი სუნთქავს ჟანგბადს, მაგრამ იგი ვერ შედის უჯრედებში. ციანიდით მოწამვლის სიმპტომებია კრუნჩხვა და პირიდან გამონადენი დუჟი.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკველობა ვერ შედგა. ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, გერმანიაში გაემგზავრა სახელმწიფო დაცვის სამსახური უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. მთავარი პროკურორის განცხადებით, როდესაც მიიღეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პიროვნება აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, დაგეგმეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
„მე მქონდა კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან ექმნებოდა საფრთხე უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ჩვენი ქვეყნისთვის. პრემიერის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მის თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოება და გაძლიერებულიყო დაცვა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია ძალიან მწირია, მაგრამ გამოძიებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, კერძოდ, რამდენად ჰქონდა ახლო ურთიერთობა დაკავებულს პატრიარქთან, შეეძლოა თუ არა მარტო მოქმედება და ხომ არ არის კიდევ სხვა პირი. როგორც ალადაშვილი ამბობს, დასადგენია მოტივები, ეს იყო პოლიტიკური თუ პიროვნული. გარდა ამისა, დასადგენია, ჩართული იყო თუ არა სხვა სახელმწიფო.
„ძალიან ბევრი კითხვაა, როგორც მოვისმინეთ, დაკავებული ჩვენებას არ აძლევს გამოძიებას, დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღირებს. მაღალი რანგის საჯარო პირის დაცვა, სპეციალური დებულებებით რეგულირდება. შესაბამისად, პატრიარქის დაცვაც შესაბამისი დებულებით და შინაგანი წესით ხდება.
ალბათ, თქვენც გენიშნათ, რომ ბოლო თვეები კრიტიკული დამოკიდებულება იყო პატრიარქის დაცვისადმი. ზოგიერთი მღვდელმსახურები აპროტესტებდნენ დაცვის გაძლიერებას, ამიტომ ეს ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. იმიტომ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ალბათ, დაიწყო გარკვეული ღია თუ ფარული მოძრაობები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას იარკლი ალადაშვილმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი პრემიერ–მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილზე ადრე მიმგზავრება და პირადად მოინახულებს მისი უწმინდესობას.
„პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას. გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები.
ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ, ქვეყანას ეროვნული ტრაგედია თავიდან ააცილა. თუმცა, თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მკვლელობის ორგანიზებაზეა საუბარი.
„როგორც დასტურდება, ტრაგედიას გადავრჩით. ეს ტრაგედია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა. ყველა ჩვენთაგანისთვის ეს ეროვნული ტრაგედია იქნებოდა. დანაშაული, რომელიც მთავარი პროკურორის განცხადებიდან ჩანს, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იყო თუ არა, კარგად გათვლილი გეგმა, ამაზე საუბარი უჭირს საპატრიარქოს ფონდის ხელძღვანელს ლაშა ჟვანიას, რომლის განცხადებით, ნებისმიერი აზრის და ვარაუდის გამოთქმა ზედმეტია, რადგან ვფიქრობს, რომ ეს საქმეს მხოლოდ ავნებს.
„ჩემი მხრიდან მაღალია ნდობა საგამოძიებო ორგანოების მიმართ. ნებისმიერი საუბარი იმაზე, რას ვფიქრობ და რას ვვარაუდობ, ვნებს საქმეს, რომლის ბოლომდე მიყვანის მოლოდინი აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. დაველოდოთ პროკურატურას, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც პროკურატურამ თქვა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია რაღაცა ქმედებებთან დაკავშირებით და ამის პრევენცია ეფექტურად განახორციელა სახელმწიფომ.
უმძიმესი ფაქტია, საუბარია კონკრეტული სასულიერო პირის მიერ რაღაცა კონკრეტული ქმედების ჩადენის მცდელობასთან. თუმცა, კანონი ყველას გვავალდებულებს შევინარჩუნოთ უდანაშაულობის პრევენცია. ეს არის თემა, რომელსაც შეძლება საუკუნის თემა დავარქვათ. კატასტროფული ამბავია ყველა ჩვენთაგანისთვის.
უფრო მეტად დაბნეული ვარ, ვიდრე რაიმე ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. არც მინდა აზრი ჩამომიყალიბდეს, როდესაც ასეთ ფაქტთან გვაქვს ადგილი. მოდით მივანდოთ პროფესიონალებს. მით უმეტეს, როცა ნდობა გვაქვს. ეს საკითხი უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაემთხვა და მადლობა ღმერთს, რომ მისი უწმინდესობა კარგად არის, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დანარჩენს ყველაფერს მოევლება. დაველოდოთ, დაველოდოთ პროკურატურას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლაშა ჟვანიამ.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მისი უწმინდესობის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ანზორ ჩუბინიძეს კარგად იცნობს და მისადმი მაღალი ნდობა აქვს.
„აღარ ვლაპარაკობ პრემიერ–მინისტრზე, რომლის მიმართ ძალიან მაღალი ნდობა მაქვს. ის რასაც გადაწყვეტს ხელისუფლება, ეს მისაღებია ჩვენთვის. იცით, რომ ისრაელში ვარ ნამუშევარი, სადაც უსაფრთხოება მაღალ რანგზეა აყვანილი. ძალიან ხშირად მქონია საუბარი უსაფრთხოების სამსახურებთან, ძალიან ხშირად მაღალი დაცვის ობიექტს არ სიამოვნებს როდესაც უსაფრთხოება მის გარშემო ტრიალებს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა არ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. იმიტომ, რომ მათ პროფესიონალური დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ. ამიტომ, მივანდოთ პროფესიონალებს. ყველაზე კარგი გამოსავალია, ნაკლებად შეუშალოთ ხელი გამოძიებას ჩვენი კომენტარებით და საუბრებით“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ლაშა ჟვანია.