ბაიდენმა სააკაშვილს მსო-ს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვა

ბაიდენმა სააკაშვილს მსო-ს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვა

[ეკა ბაქრაძე]

ბაიდენმა სააკაშვილს რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კარი გაახსნევინა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ოპოზიცია. თუკი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს თვალს შევავლებთ, შესაძლოა, ოპოზიციის ეჭვი მართალიც აღმოჩნდეს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას უპირობოდ დაეთანხმა. როგორც პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სარწმუნო წყაროზე დაყრდნობითაა ნათქვამი, რამდენიმე დღის წინათ რომში მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა.

„ინფორმირებული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ დაეთანხმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ავღანეთში საქართველოს კონტინგენტი გააორმაგოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს ინფორმაცია წესიერად გავრცელებული არ იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების ორმა ყველაზე ტკბილმა ტანდემმა ერთმანეთის მსგავსი განცხადება გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილმა და ვერონიკა ქობალიამ თავისი ლოიალური პოზიციებით თითქმის დაადასტურეს ოპოზიციონერთა ეჭვები.

გადადებული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას უკავშირდება, საქართველოს პირველი პირი საყურადღებო განცხადებას აკეთებს.

„ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხარჯზე საკუთარი პრობლემების მოგვარებას.

თითქმის იმავეს იმეორებს პრეზიდენტის ფავორიტი მინისტრი ვერა ქობალიაც. „როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციებს შეასრულებს, საქართველო მისი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება“, - აცხადებს საქართველოს მდგრადი მინისტრი.

„პირობები არ შეცვლილა. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის ის, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც მსო-ში წევრიანდება, ამ ორგანიაზაციის წესებით უნდა იხელმძღვანელოს. როგორც ცნობილია, მსო-ს კონკრეტული რეგულაციები გააჩნია, მათ შორის კი საბაჟო საზღვარი. როდესაც რუსეთი ამ ყველა მოთხოვნას შეასრულებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებას არ შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ქობალიამ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიენებაზე რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცახდა, მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი შუამავალი მხარის, შვეიცარიის, თხოვნით, გადაიდო.  ამ უკანასკნელმა შეხვედრებზე დასაყენებელი წინადადებების მოსამზადებლად დამატებითი დრო ითხოვა. მისი განახლების თარიღი მხარეების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი 2 ივნისს ჟენევაში უნდა გამართულიყო.