„დაიცავი სიტყვის თავისუფლება“, „თავისუფალი სიტყვა ჩვენი არჩევანია“, „რუსთავი 2“ ხალხის ტელევიზიაა“, „ივანიშვილო შენთანაც მოვალთ!“ – ამ ლოზუნგებით და თავისუფალი სიტყვის „დაცვის“ მოტივით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარმა საკოორდინაციო საბჭომ პერმანენტული ხასიათის აქციები დაანონსეს. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ხელისუფლებამ თავისუფალ სიტყვას ომი გამოუცხადა.
თუმცა, ასე არ ფიქრობს, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. როგორც for.ge–სთან საუბრისას იგი აცხადებს, ყოფილ სახელისუფლებო გუნდს, რომელიც დამოუკიდებელ მედიას სპეცრაზმის საშუალებით გაუსწორდა და ქვეყანაში კრიტიკული მედია ჩაახშო, კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობის აუცილებლობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
„იბერია“, „მზე“ „იმედი“, „მაესტორო“, „ობიექტივი“, „პრესა. ჯე“ – ეს იმ მედია–საშუალების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც „ნაცინალური მოძრაობა“ სპეცდანიშნულების რაზმით გაუსწორდა მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკულად განწყობილი მედია ნაციონალური ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. „სიტყვის თავიუფლების“ დაცვის მოტივით აქციას გამართვის საშუალება აქვს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას?
რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლების ბრალია, რომ არ დაისაჯა ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ფორმულა, ყველას ხომ არ დავსჯით, ვიყოთ ჰუმანური, რაღაცა კუთხით შეიძლება გასაგებია, მაგრამ შედეგად ვიღებთ იმას, რომ დანაშული და მორალზე გადაბიჯება თუ არ დაისჯება, მერე მუდმივად აბიჯებენ ამ ფორმულას.
სამწუხაროდ, ერთი მხრივ მოქალაქეებს არ აქვთ პასუხისმგებლობა იმაზე, რას აკეთებენ, მეორე მხრივ, მოსახლეობის მეორე ნაწილი შეგუებულია იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს ვიღაცა, მას არაფერი არ მოეთხოვება. ანუ, სრული ზნეობრივი ნიჰილიზმი მყარდება, რაშიც პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელმაც არათუ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა, არამედ შეაჩერა სამართლიანობის აღდგენა.
ის, რომ შეაჩერა სამართლიანობის აღდგენა, არის ამაში ლოგიკა?
– თავის მხრივ არის ლოგიკა. მართლაც ყველას ხომ არ დაიჭერდი. ანალოგიურად, საბჭოთა პერიოდში ბევრი დამნაშავე, როგორც ქვედა, ასევე ზედა დონეზე, დაუსჯელი აღმოჩნდა. საბჭოთა წყობის რეპრესიებზე პასუხი არავინ აგო. ჰიტლერულ გერმანიაშიც ზედა ეშელონები დაისაჯა, დანარჩენი არა. მაგრამ იმავე ჰიტლერულ გერმანიაში ზედა ეშელონის დასჯა გერმანელმა ხალხმა საკუთარ შეცდომად აღიქვა, რადგან მათ მოიყვანეს ჰიტლერი ხელისუფლებაში და დღემდე ბოდიშს იხდის ამ ნაბიჯის გადადგმისთვის. ამ მხრივ გერმანია, როგორც ქვეყანა დაისაჯა.
საქართველოს შემთხვევაში, რამდენიმე თვე ჰქონდათ შიშის განცდა ნაციონალებს, შიშის განცდა იმისა, რომ პასუხი არ მოეთხოვათ. როდესაც ნახეს, რომ მხოლოდ რამდენიმეზე გადატყდა პასუხისმგებლობის თემა, მერე გახსნეს პოლიტიკური პროცესები და მაქსიმალურად უტევენ ყველა მიმართულებით, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის მორალური უფლება.
მორალზე პასუხიმგებლობის პირველი მაგალითი უნდა ეჩვენებინა ხელისუფლებას, მაგრამ უკან დაიხია. ამიტომ, მორალურობის საკითხი დღეს უკვე არ დგას, რამდენიც უნდა იძახონ პარლამენტში უმრავლესობის ტრიბუნიდან, რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთო. მორალური უფლების ძახილით მორალს ვერ გააღვიძებ. უნდა მომხდარიყო დანაშაულზე პასუხისმგებლობა, ან მინიმუმ, გამოვლინება მაინც, არც ერთი და არც მეორე არ მომხდარა.
სწორედ ეს არის შედეგი, რომ 8 პოლიტიკური პარტია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც წესი საქართველოში არასამთავროები „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან), ამ ხელისუფლებისგან „იცავენ“ სიტყვის თავისუფლებას...
– გეთანხმებით. ამასაც „ვარდების რევოლუციამ“ ჩაუყარა საფუძველი. ამ პარტიულ ცხოვრებას აყოლილი არასამთავრობო ორგანიზაციები წამყვანი ძალა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს. თანამდებობები მიიღეს ვარდების მთავრობაში. მას მერე მოჰყვება არასამთავროებს პოლიტიკასთან თამაში. საქართველოში მოქმედი არასამთავროების 90% პოლიტიკურად მოტივირებულია. აი, ეს არასამთავროები დგანან ნაციონალებთან, იმ მოტივით, რომ მათი მხარდაჭერილი პარტია თუ გაიმარჯვებს, მათაც რაღაცა შეხვდება.
ამიტომ, ყველა არასამთავრობოს შეიძლება მივაწეროთ რაღაცისტური და არა საზოგადოების წარმომადგენლები. ასეთი ნაციონალისტური არასამთავროები დგანან ამ პროცესში, რაც ლოგიკურია, მაგრამ მორალურად გამართლებული არ არის. რატომ, იმიტომ, რომ ხელისუფლების პასიურობა სამართლიანობის აღდგენაზე, უსმართლობას აღვიძებს.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ნაციონალებმა გააცოცხლეს გია თორთლაძე, როგორც თავისუფალი სიტყვის ერთ–ერთი „დამცველი“...
– წევრობის თვალსაზრისით გაშიფვრა არ სჭირდება თორთლაძეს, რადგან ცხადია, რა პოლიტიკური ორიენტაციის ჯგუფებს გაახსენდათ დღეს „სიტყვის თავისუფლება“. ამ პროცესის ერთ–ერთ ინიციატორს ვკითხე, სად იყავით მაშინ, როდესაც თავისუფალ სიტყვას ხელისუფლება სპეცრაზით მოსდევდა–თქო, მითხრა, რომ მაშინ საქართველოში არ ვიყავიო. გასაგებია, მაგრამ ვუთხარი – ახლა როგორც სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებმა შეაფასეთ ის 9 წელიწადი და მერე შეიძლება გენდოთ ადამიანი, რომ დღეს რეალურად გაწუხებთ სიტყვის თავისუფლება და არა პოლიტიკური მოტივი-თქო. ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივი დგას, ვიდრე ზრუნვა სიტყვის თავისუფლებაზე?
– სწორედ პოლიტიკური მოტივი აწუხეთ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი დაუსჯელები იყვნენ. მე ხელისუფლება გავაკრიტიკე, მაგრამ ხელისუფლებაც არ არის მიზეზთა მიზეზი. მის პასიურობასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. ამ პასიურობის მიზეზი იყო დასავლეთი და ახსენა კიდეც ივანიშვილმა, რომ მოითხოვდნენ ხელი არ გვეხლო ნაციონალებისთვისო. ასე რომ, დასავლეთის ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ჩვენ დასავლეთზე დამოკიდებული ვართ.
დასავლეთზე, რომელზეც მუშაობდნენ ნაციონალები სწორედ ამ მეთოდით და აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ იჭერენ პოლიტიკური მოტივით. ეს იყო თვითგადარჩენის კამპანიის ნაწილი...
– ნამდვილად ასე იყო, აგერ სიტვის თავისუფლებას ახშობენ, იქით რუსეთზე აქვთ ორიენტაცია... ოღონდ რუსეთზე ორიენტაცია არ გამოუვიდათ, რადგან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა დასავლეთის მიმართ. ნაციონალები მუშაობენ იმ პრინციპით – შენ დააბრალე, მოახერხებს თუ არა ჩამოწმენდას, ეს სხვა საკითხია. ამიტომ, ასეთი დაბრალების მეთოდმა შედეგი მისცა ნაციონალებს. დიდწილად სამართლებრივი კუთხით გადაარჩინა ნაციობალები. რამაც შედეგი მისცა, იმას აგრძელებენ. როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, რეალურად ისინი ხელისუფლებისთვის კი არ იბრძვიან, იბრძვიან იმისთვის, რომ მათ თანაგუნდელებს გადაეფაროს დასავლეთის ქოლგა. ნაციონალების მოტივია, გადაურჩნენ სამართლებრივ პროცესს და სხვა არაფერი. რეიტინგიც არ არის საჭირო, აგერ არჩევნების შედეგებიც უჩვენებს, რომ ეს პარტია ძალიან დაშორებულია სახელისუფლებო ბარიერს.