პატრიარქს არ სჯერა, რომ მის მოწამვლას გეგმავდნენ. არც სასულიერო პირთა ნაწილს სჯერა, რომ საქართველოში იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც უწმინდესის წინააღმდეგ ასეთი აზრი გაუჩნდება. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
მამა გიორგის მეგობარი, ტბელ აბუსელიძის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია თურმანიძე, ვისთან ერთადაც დაიწყო მამა გიორგის სასულიერო მოღვაწეობა, აცხადებს, რომ პირადად იგი ახლა აგონიაშია და, რაც ახლა ხდება, სიზმარში ჰგონია. დეკანოზი ანდრია დღემდე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ისე უყვარს პატრიარქი, მის გამო ტყვიას გადაეფარება. ანდრია თურმანიძის აზრით, მომხდარი ფაქტი არანაკლები სიმძიმისაა, რაც იყო ბერბიჭაშვილის მიერ ილიას მკვლელობა. ამიტომ „ეს ჩირქია ჯერ მისი ოჯახისთვის, მერე ჩვენი კუთხისთვის“.
დაახლოებით ერთი წელია, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისში გადმოვიდა. მანამდე იგი ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა, წარსულში ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით კი ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ-ერთ საგანს ასწავლიდა. პარალელურად მსახურობდა ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა გიორგის განათლება უკრაინაში აქვს მიღებული. რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორიას საკმაოდ უცნაურად მიიჩნევს იმის გათვალისწინებით, რომ ილია მეორე სამკურნალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მისული სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებენ. საპატრიარქოში დილიდან 35-მდე სასულიერო პირი შევიდა, თუმცა არც ერთმა მათგანმა ვრცლად საუბარი არ ისურვა.
მამა მიქაელ ბრეგვაძე იმის თქმით შემოიფარგლა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. კითხვაზე, უშვებდა თუ არა ვერსიას პატრიარქის მოწამვლის შესახებ, სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერია შესაძლებელი.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და განმარტავს, რომ, თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ამას მარტო ვერ გააკეთებდა.
მომხდართან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია თითქმის ერთგვაროვანია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე მამა გიორგი მამალაძეზე ხელის დადება საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ანარეკლია საპატრიარქოც და იქაც პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარმა პროკურორმა გარკვევით სამჯერ თქვა, რომ არ არის დაკონკრეტებული მაღალი იერარქიის წარმომადგენლის ვინაობა. ამიტომ არავინ იცის, ეს რომელიმე მიტროპოლიტის, მეუფის, ეპისკოპოსის თუ ჩვენი უწმინდესის მოწამვლის მცდელობა იყო. თუმცა მომხდარში ხელაღებით ვინმეს დადანაშაულება ძალიან რთულია.
„ღმერთმა დაიფაროს ყველა, ყველა ღვთისშვილია. გული გამისკდა, როცა მოვისმინე, პატრიარქის მკვლელობის მცდელობაო. ეკლესიაში რომ დაჯგუფებებია, თვითონ ეკლესია აღარ მალავს ამას. ღმერთო მაპატიე, პატრიარქის სიკვდილს ზოგ-ზოგიერთები ელოდებიან. მეეჭვება, ეს გარეშე ძალების ინტერესი ყოფილიყო. გარეშე ძალებს ეს რომ სდომოდათ, ამას მაშინ გააკეთებდნენ, პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის ოქროს ხანა როცა იდგა, ანუ სულ რაღაც 5-6 წლის წინ. 2000 წელს მომსწრე ვარ, როცა მოსკოვში მაცხოვრის ტაძრის ხელახლა აგების შემდეგ იმდროინდელმა პატრიაქმა ალექსეიმ საგანგებოდ ორ-სამჯერ თხოვნით მიმართა ჩვენს უწმინდესს, ეკლესიის კურთხევაზე ჩაბრძანებულიყო. ეს კადრები დღესაც მახსოვს, როგორც შვილი მამას, ისე ემთხვია ალექსეი ჩვენს უწმინდესს. როგორი მოწიწებით შეხვდნენ ჩვენს პატრიარქს ევროპული და არაევროპული ეკლესიების წარმომადგენლები, მათ შორის, არაქრისტიანებიც. ერთი ნაბიჯით უკან იდგა ყველა და ეს არ ყოფილა პროტოკოლი, ეს იყო ღირსების დაცვა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ყველა აფასებდა.
არ ვთვლი, რომ მოწამვლის მცდელობა გლობალიზაციის მომხრე ძალების ნამოქმედარია. გლობალიზაცია ყოველთვის იყო, სწორედ გლობალიზაციის გამო აუტეხეს ერთი ამბავი ჩვენს პატრიარქს, როცა იგი მსოფლიო საეკლესიო კრების პრეზიდენტად აირჩიეს. რა არ დააბრალეს მაშინ, რუსეთის აგენტობა და სხვა. სწორედ ეს იყო გარედან მართული პროცესი. იმ დროს ჩვენმა პატრიარქმა უარი განაცხადა ამ სტატუსზე, გადადგა და ზუსტად ერთ წელიწადში რუსეთის პატრიარქმა კირილემ დაიკავა მისი ადგილი.
ივანე მრისხანედან მოყოლებული, რუსეთს მუდამ ჰქონდა მცდელობა, ჩვენი კუთვნილი ადგილი წაერთმია, ავტოკეფალიაც ჩამოგვართვა, გაგვაუბედურა, თუმცა ჩვენი პატრიარქისა და სხვა საერო თუ სასულიერო პირების მეშვეობით, აღვიდგინეთ ავტოკეფალია, კუთვნილი ადგილი დავიბრუნეთ და ჩვენი ხმა უფრო მეტად გაისმა“, - აღნიშნა თემურ ბიბილურმა.
მანვე საეკლესიო შიდა დაპირისპირებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ზოგიერთებმა იგრძნეს, ასაკშია ადამიანი, ამიტომ ჩქარობენ, სულმოუთმენლობას იჩენენ. სავარაუდოდ, ეს გნიასი კიდევ უფრო გაძლიერდება. რომის პაპებთან მიმართებითაც იყო ასეთი პრეცედენტები, მოწამლვაც მომხდარა, გადატრიალებაც, სახელმწიფოებიც ეჯახებოდნენ ერთმანეთს რომის პაპის ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამის მაგალითია ესპანეთ-საფრანგეთ-იტალიის ისტორია.
„აბა, გაიხსენეთ გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფია? ბაგრატ მეოთხემ რომ ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რა დახვდა აქ? დაქსაქსულ-დანგრეული ქვეყანა, დამშეული მრევლი. თვითონ მისი ძმისშვილიც კი, 14 წლის ბიჭი რაქიტით იყო დაავადებული, მუცელ და თავგასიებული შიმშილისგან. არადა, მთაწმინდელები დიდგვაროვნები იყვნენ. სამაგიეროდ, მეორე მხარეს რა ნახა? ახალი ეკლესიების მშენებლობა, ოქროთი გულმკერდდამძიმებული მაშინდელი ეპისკოპოსები და მღვდლები, ნეპოტიზმი ყვაოდა ეკლესიაში. დიდხანს ებრძოლა ამ მოვლენას, ბოლოს დაწყევლა ქართული სამღვდელოება და წავიდა თავის უდაბნოში, გადაიხვეწა კაცი. ეს მის არაადაპტირებულ ბიოგრაფიაში წერია. დავით აღმაშენებელმა რატომ მოიწვია რუის-ურბნისის კრება? ამიტომ, ილია ჭავჭავაძის ნათქვამის არ იყოს, ხანდახან შეძახილი გვჭირდება. თუმცა ახლა მთავარია, უდანაშაულობის პრეზუმპცია დავიცვათ. საზოგადოებაში არაჯანსაღი ინტერესი არ უნდა გაჩნდეს, პატრიარქის მოწამვლა უნდოდათო. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში? მინდა, რომ არ გამართლდეს ის, რაც მამა გიორგი მამალაძის მისამართით ითქვა“.
ისტორიკოსი ეკა ჯაფოშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იესო ქრისტეს კვართის ისტორიას იკვლევდა, For.ge-სთან საუბარში არაფერს გამორიცხავს. მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს დედამიწაზე, მაგრამ ღმერთი პატრიარქის წინააღმდეგ ასეთ უბედურებას რომ არ დაუშვებს, ესეც ცხადია.
„ყველაფერი ღვთის ხელშია. მესმის, რომ სასულიერო პირია აყვანილი, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელია, რომ საპატრიარქოს წრეებში, სულიერების მქადაგებელ ადამიანებს შორის ასეთი რამ მომხდარიყო. რეალურად ჩვენ არ ვიცით, რა ხდება, ღმერთმა იცის ყველაფერი და გამოჩნდება აუცილებლად. ისეთ წუთისოფელში ვცხოვრობთ და ისეთი ძალები მოქმედებენ საქართველოშიც და მთელ დედამიწაზეც, რომ შესაძლოა, სხვა დროსაც ჰქონდათ პატრიარქის მოწამვლის მცდელობა. პატრიარქი კი არა, ღმერთს ებრძვიან და ღვთისმებრძოლობა არსებობს და ახლა პატრიარქს რომ შეებრძოლონ, გასაკვირი არაა“, - აღნიშნა ეკა ჯაფოშვილმა და განმარტა, რომ პატრიარქთან ბრძოლა საქართველოს სულიერ მისიას უკავშირდება. ამიტომ რა ძალები იქნებიან აქ დარაზმულნი, ეს ყველასათვის გასაგებია. შესაბამისად, მომხდარის მიღმა გლობალური ძალებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.