ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევის შემდეგ, შესაძლოა, ქართველებს გზა მეორე მიმართულებითაც გაეხსნათ. მოსკოვი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს, ოღონდ ერთი დათქმით - მოსკოვის პოზიცია სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიდწილად ისევ ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული.
ჯერ კიდევ 2016 წელს პუტინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა. 1990-იან წლებში რუსეთს ჩვენს ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ პანკისის ხეობიდან ტერორისტების შეღწევის საფრთხის არგუმენტით, რუსეთმა 2000 წლიდან სავიზო რეჟიმი დაგვიწესა. აგვისტოს ომის შემდეგ კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლად აღიარების გამო საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას მაინც ახერხებდნენ. თავად ქართველებს რუსეთში წასასვლელად მთელი რიგი დოკუმენტების გაფორმება უწევდათ, რაც დროსა და მეტ ძალისხმევას მოითხოვდა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გააუქმა, არც რუსეთი თანხმდებოდა ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. დღეს კი შესაძლოა, რუსეთმა გარისკოს კიდეც და, ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. თუმცა რუსი ექსპერტების აზრით, ვიზები რომც გაუქმდეს, ქართველები მასობრივად მაინც ვერ შეძლებენ „უიკ-ენდების“ გატარებას ჩრდილოეთ მეზობელთან, როგორც ამას ახერხებენ რუსები საქართველოში. ეს ქართველებისა და რუსების განსხვავებული მატერიალური მდგომარეობით აიხსნება, რადგან ქართველთა უმეტესობას მოგზაურობა ძვირი უჯდება.
იმ ფონზე, როცა ქართველებს ორგვარი შესაძლებლობა ეძლევათ, საინტერესოა, რომელს მიანიჭებენ უპირატესობას - ევროპაში 90-დღიან ვოიაჟს, თუ რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, სადაც ძველი კავშირები ისევ შემორჩათ?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველი ადამიანისთვის რუსეთში ფულის შოვნის ასჯერ მეტია შანსია, ვიდრე ევროპაში. წარმოუდგენელია, ევროპაში ჩავიდეს ქართველი და გახდეს მილიონერი. ქართველმა გენეტიკურად იცის, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ ევროპელთან როგორი ურთიერთობაა საჭირო, ამას კიდევ თაობები სჭირდება. რუსეთი ჩვენ გავიცანით, რუსეთმა ჩვენ გაგვიცნო, კარგად ვიცით ერთმანეთის ბუნება, ვიცით, სად არ უნდა ვენდოთ, სად უნდა ვიყოთ ფრხილად რუსებთან. ამიტომ სოსო ცინცაძის აზრით, თუ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება, ძალიან ბევრი ქართველი წავა თუნდაც ბიზნესის საკეთებლად. საეჭვოა, ბიზნესის საკეთებლად ვინმე ევროპაში წავიდეს, სადაც უამრავი რეგულაციაა. ამ დროს რუს ჩინოვნიკს ქრთამს მისცემ და კანონს ისე უცებ შეატრიალებს, რომ ერთ საათში კანონიერად გაგრძნობინებს თავს.
„ევროპაში ეს წარმოუდგენელია. ქართველ ბიზნესმენებს გენეტიკური თაღლითობა ჯერ კიდევ ძლიერი აქვთ, თანაც, პირველი თაობის ბიზნესმენებში გადაგდებები, კარტელური გარიგებები მოსულა. ევროპაში კარტელურ გარიგებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოუღეს ბოლო, ჩვენთან ეს ყვავის. ზურაბ აბაშიძე ელჩად რომ იყო, ამბობდა, რუსეთში დაახლოებით ათასამდე ქართველი მილიონერი ვიციო. ალბათ, ძალიან დიდი სურვილი აქვს კარასინს იქიდან, აბაშიძეს აქედან, რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენა პერსონალურად მიიწერონ და ქართული თუ რუსული დიპლომატიის წარმატებად წარმოაჩინონ, თუმცა ფაქტია, რომ ამას უნდა ვუმადლოდეთ ისევ ევროპას. რუსეთს სულაც არ აწყობს, ევროპასთან ისე დავახლოვდეთ, რომ რუსეთს დავშორდეთ.
სანამ არც ევროპაში გვიშვებდნენ ასე ხელგაშლილად და არც რუსეთში, რუსეთი კომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან დიდი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას მაინც არ გააჩნდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპას არ ჩამორჩეს, მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო არ გაძლიერდეს გაუცხოება საქართველოსა და რუსეთს შორის, უვიზო რეჟიმის აღდგენა, უფრო სწორად, ამ რეჟიმის გამარტივება მოსალოდნელია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და შეგვახსენებს, რომ, როცა რუსულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, აქ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის.
სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ცხინვალისთვის სახელის გადარქმევა, ანუ რუსეთი ერთი ხელით დაახლოებისკენ გვიბიძგებს, მეორე ხელით კი ბარიერებს გვიქმნის. ნდობა არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის და რუსეთს არც ერთ მეზობელთან ნდობა არ აქვს. ამ ფონზე ქართველები ვტრაბახობთ, რომ ახლა სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ ხმას არავინ იღებს, რომ სამი დღის წინ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეობის განვითარების სტრატეგია გამოაქვეყნა. ამ სტრატეგიის თანახმად, სამხრეთ რუსეთში 200 ათას ჰექტარზე უნდა გაშენდეს ვენახები, რათა რუსეთი ნაკლებად იყოს სხვაზე დამოკიდებული ღვინის მიწოდების მხრივ და აქ იგულისხმება საქართველო. ეს გვიბიძგებს, რომ უფრო გავაფართოოთ ექსპორტი. ამ დროს ევროპის ბაზრების დახლებზე ერთი მილიმეტრი თავისუფალი ადგილიც არ არის, სადაც ჩვენს ნახევრად ფალსიფიცირებულ პროდუქტს მივიტანთ და დავდებთ.
პოლიტოლოგის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის დაწესებულ ვიზას მხოლოდ გაამარტივებს და ეს არ ნიშნავს მთლიან გაუქმებას. მით უმეტეს, მთლიანად არც ევროპასთან გაუქმებულა ვიზა და ჩვენ მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას მივაღწიეთ.
„აგერ, რუსეთი ბელორუსიასთანაც აუქმებს უვიზო რეჟიმს და სასაზღვრო ზონა შემოაქვს ამ დღეებში, იმ ბელორუსიასთან, რომელიც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოა. ბელორუსიასთან რუსეთს არც საზღვრები ჰქონდა, არც ვიზები, არც საბაჟო, ახლა კი საბაჟოც აქვს და საზღვრებიც. ამ ყველაფერს ამყარებს რუსეთი და ახლა საქართველოსთან გახსნის მთლიანად უვიზო რეჟიმს? მით უმეტეს, რუსეთი სულ ცდილობდა, რომ უვიზო რეჟიმის ბერკეტი ერთ პაკეტში გადაება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან, რადგან საქართველო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთს. უკრაინასთან გახურებული ომია, მაგრამ უკრაინა ჯერ დსთ-დან არც გასულა. ესეც უჩვეულო ამბავია, ძველი რომიდან მოყოლებული, მსოფლიო ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი იყოს და, ამავე დროს, დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდეს, მაგრამ იქ სხვა სიტუაციაა. ამიტომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალზე წამგებიანი იქნება, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ. ის კი არა, იმას ვერ ბედავს ჩვენი მთავრობა, ზურაბ აბაშიძეს ფუნქციები გაუზარდოს და მარტო კიტრსა და პომიდირზე არ ილაპარაკოს რუსეთში. ცოტა სერიოზულ რამეებზეც იყოს საუბარი.
იქიდან არსებობს მიპატიჟება უმაღლეს დონეზე სასაუბროდ. პუტინი და მედვედევი იმიტომ ეპატიჟებოდნენ საქართველოდან პირველ პირებს, რომ ქინძსა და პეტრუშკაზე ელაპარაკათ? სერიოზული საკითხები პირველი პირების დონეზე წყდება, მაგრამ აქედან საამისო სამზადისიც არ ჩანს, შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება“.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უვიზო ან გამარტივებული რეჟიმის შემთხვევაში, ევროპასა და რუსეთში საქართველოდან წამსვლელთა ნაკადი თანაბრად გაიზრდება. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ელოდება 90-დღიანი მოგზაურობის შესაძლებლობას ევროპაში, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ. უამრავი ადამიანი მუშაობს საბერძნეთში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი მოახერხებს იქ დარჩენას. ასევე მოხდება რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც ამდენი ხანია, არ გვქონია ურთიერთობა. ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვართ და, თუკი სავიზო რეჟიმი გაუქმდება, უამრავი ადამიანი წავა რუსეთში, სადაც ძველი კავშირები არსებობს.
„საბოლოო ჯამში, ორივე მიმართულება გაზრდის ემიგრანტების რაოდენობას, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უაღრესად სახიფათოა. ამაზე მსჯელობას ქართული ისტებლიშმენტი თავს არიდებს, ხოლო ოფიციალური სტრუქტურები არც ღია და არც დახურულ ფორმატში ამ საფრთხის შესახებ არ საუბრობენ, კეკლუცობენ რა დასავლელი პარტნიორების წინაშე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ შრომითი რესურსისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და ჩვენ ნამდვილი ევროპელები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ, თუ დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გავიდა საზღვარგარეთ, მაშინ დამოუკიდებლობა რისთვის მოვიპოვეთ და სუვერენული სახელმწიფო რისთვის გავხდით? ამაზე პასუხი დღემდე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.
რა თქმა უნდა, სასურველია უვიზო რეჟიმი შემოღებულ იქნას რუსეთთანაც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სადღაც 800 ათასამდე, რუსეთში ლუკმა-პურის საშოვრად არის წასული, მათ უჭირთ უკან დაბრუნება და ისევ რუსეთში წასვლა. ამავე დროს, ვიყოთ გულახდილნი, რომ რუსეთში წასულების საქართველოში დაბრუნების პერსპექტივა უფრო რეალურია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში მყოფების. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლას რუსეთთანაც უნდა მივესალმოთ, უბრალოდ, ტექნიკურად და პრაქტიკულად ძნელი განსახორციელებელია ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ამის გაკეთება გაჭირდება, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აფერხებს სამი საელჩოს არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ამ ჩიხურ ფაქტს როგორმე მოევლება და ჩვენ მოვიფიქრებთ როგორ ავუაროთ გვერდი, ეს უკვე მოლაპარაკებების თემაა რუსეთთან, რომ არც ჩვენი ეროვნული ღირსება შეილახოს და რუსეთთანაც საჭირო ურთიერობები დამყარდეს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
ამასთან მიიჩნევს, რომ, სიძნელის მიუხედავად, აუცილებელია რუსეთთან დიალოგი და ეს ტრამპის ფაქტორმაც ცხადყო. ჩვენ შეიძლება გვინდოდეს, ამერიკის მეშვეობით ველაპარაკოთ რუსეთს, მაგრამ შესაძლოა, ამერიკამ ეს არ მოისურვოს. მაშინ იძულებულნი გავხდებით რუსეთთან უშუალო დიალოგი დავიწყოთ და ეს მცდელობა დაგვიანებული იქნება. მით უმეტეს, რუსეთი დიდი ქვეყანაა და შეეცდება, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებას სამხედრო ძლიერებისა და ეკონომიკის შესაძლებლობის მეშვეობით.