გრიფით „საიდუმლო“ – ვინ დაუკვეთა დეკანოზს უწმინდესის მკვლელობა?

გრიფით „საიდუმლო“ – ვინ დაუკვეთა დეკანოზს უწმინდესის მკვლელობა?

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, ვისი მკვლელობაც მზადდებოდა, იდენტიფიცირებულია. მთავარი პროკურორი არ აკონკრეტებს, დაკავებულია თუ არა, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. თუმცა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზი მამალაძე ანგარების მოტივით მოქმედებდა. საქმის მასალებში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები – აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, თუმცა მათი გასაჯაროება პროკურატურას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია  საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე, თუმცა, ვინ შეუკვეთა მამალაძეს მაღალი სასულერო პირის მკვლელობა, პროკურატურა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ–ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ თხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მამა გიორგი მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდამოეხდინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს თხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის, პირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გამოძიებით ირკვევა მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძემ მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მიზნით გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შეიძინა შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

თუმცა, მამალაძემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. 2017 წლის 10 თებერვალს პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. პარალელურად, მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება –„ნატრიუმის ციანიდი“. ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მოკვლას გეგმავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს.

როგორც გაირკვა მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

აღნიშნულ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. საქმეზე პროკურატურამ პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი დაკითხა, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა. კითხვები პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ოხანაშვილმა საქართველო დატოვა და ისევ გერმანიაში გაემგზავრა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მამა გიორგი მამალაძის საქმეში საპატრიარქოს იურისტები ჩართულები არ არიან და შესაბამისად, მის ინტერესებს არ იცავენ. საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებს საპატრიარქოსგან ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია ოფიციალურად არ გამოუთხოვიათ.

„საქმეში საპატრიარქოს იურისტები არ არიან ჩართულები, ვინაიდან ადვოკატის უფლებამოსილების მქონე მარტო მე ვარ. მე კი მის ინტერესებს არ ვიცავ. ამ საქმეზე ინფორმაცია არ გამაჩნია. როგორც წესი, უნდა მოგვმართოს პროკურატურამ წერილით ან თხოვნით შესაბამის მოქმედებებთან დაკავშირებით. მსგავს დოკუმენტებს იურისტები ვამზადებთ, ჩვენთან კი ასეთი რამ შემოსული არაა.

წერილობით მომართვა ხდება ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაზე ან უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ან გარკვეულ პირთან დაკავშირებით კითხვის არსებობის შემთხვევაში და ა.შ. საგამოძიებო უწყება უფლებამოსილია შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს დოკუმენტების გამოთხოვის მიუხედავად“, – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

ბერლინში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომლის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოება დაცულია. როგორც ჩუბინიძე აცხადებს, პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიეირების საჭიროება დღის წესრიგში არ იყო, თუმცა, სდსს-მ საჭიროდ ჩათვალა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პირადად შეემოწმებინა.

„მე გერმანიაში ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით. ჩემი ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო და გადავწყვიტე, აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა. რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროს, ჯობს სოსომ თავად გააკეთოს კომენტარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც ჩავიდა საქართველოში და დაეხმარა გამოძიებაში შესაბამის ორგანოებს. ვფიქრობ, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის სწორად ფუნქციონირებას. სოსო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. მასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არის“, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. დეკანოზი წარმოშობით ქობულეთიდანაა, წლების განმავლობაში მსახურობდა ბათუმში წმინდა ბარბარეს ტაძარში, დაახლოებით ორი წელია კი თბილისშია და იოკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო, ასევე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, რომლის გარემოცვას წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე, აცხადებს, რომ იზიარებს პროკურატურის ვერსიას. „მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მამა ნიკოლოზი, რომელიც გერმანიაში იმყოფება, აცხადებს, რომ პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო. გარდა ამისა, მიტროპოლიტს  თავადაც არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვინც პატრიარქის მკვლელობას დაგეგმავს და განახორციელებს.

„ჩემს აზრსაც გეტყვით და - თვითონ პატრიარქისასაც. მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს. რა მოხდა, არავინ იცის. არც პატრიარქს ჯერა ამის. ეგეთი რამ საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო“, – აცხადებს მიტროპოლიტი მამა ნიკოლოზი.

საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მამა გიორგი მამალაძის დაკავების მიზეზები უცნობია. მღვდელმსახურები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიიდან იგებენ და დამატებითი ცნობები არ აქვთ. თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეს არანაკლები სიმძიმისაა, რაც იყო ბერბიჭაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. თვლიან, რომ საშვილთაშვილო ბრალდებაა.

„მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალების მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! ამათ ღმერთი არასდროს წამდათ. სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... არავის დააფარონ ხელი“, – ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელით, დეკანოზ მამალაძის დაკავებას თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე.