„ახლა მიდის ბრძოლა 45 მილიონისთვის“

„ახლა მიდის ბრძოლა 45 მილიონისთვის“

„საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ 1250-მა თანამშრომელმა ერთი წლის განმავლობაში არსად იმუშაოს, არ დაგეგმოს მომავალი და ბუნდოვანებაში დარჩეს, ტოვებენ თუ უშვებენ ტელევიზიიდან“. მაუწყებელში შექმნილი ვითარების შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

ნაციონალების“ დროს გვახსოვს პერიოდული მივარდნები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სამარცხვინო დერეფნებში ჟურნალისტების გატარება, პროტესტის გრძნობა, რომ მოქალაქეების ფული არამიზნობრივად იხარჯებოდა. ზოგადად, ყოველთვის ჟურნალისტებზე ტყდებოდა ჯოხი, მაგრამ რა ხდება დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით? რამდენად წაადგებათ ხისტი პოზიციის დაკავება იმ ფონზე, როცანაციონალებიცუკვე ისხამენ თავისუფალი სიტყვის დამცველთა მანტიას?

- საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმის განხორციელება რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს, არც ტელევიზიის თანამშრომლები, არც საზოგადოება. ოპტიმიზაციაც რომ უნდა განხორციელდეს, ამაზეც საერთო აზრი აქვს ყველას. უბრალოდ, აქ ეჭვქვეშ დგება რეფორმის რადიკალური ხასიათი, რამდენად სწორი იყო ასეთი ზომების შეთავაზება მაუწყებელში მომუშავე 1250 კაცისთვის. ჩემი თვალსაზრისით, ეს სათუოა, რადგან როდესაც რეფორმას ატარებ, კარგად უნდა გათვალო ის რეალობა, რომელშიც მოქმედება გიხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსცესებისა და დაძაბული ვითარების მოწმენი გავხდებით, რაც არც საზოგადოებრივ მაუწყებელს წაადგება და არც ქართულ სახელმწიფოს.

ხომ არ იჩქარა ვასილ მაღლაფერიძემ და მისმა გუნდმა რადიკალური რეფორმის გატარება?

- ვასილ მაღლაფერიძისა და მისი ჯგუფის წევრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ მისულან მაუწყებელში იმ იმედით, რომ მაღალი ხელფასები მიეღოთ. ის თანმდევი ნეგატივი, რაც მოიაზრებოდა ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიაში, ვასილ მაღლაფერიძის გუნდის მიმართ გამორიცხულია. უბრალოდ, საკითხი რადიკალურად წამოსწიეს და ამით ეჭვქვეშ დააყენეს თავიანთი მომავალი საქმიანობაც „პირველ არხზე“. ის თანმიმდევრულობა, რომლითაც რადიკალური რეფორმა უნდა განხორციელდეს, საჭიროებს არა მარტო პრინციპულ ხედვებს, არამედ რეალისტურ მიდგომებს, რომ რეფორმამ უკუეფექტი არ მოგვცეს და საზოგადოებაში დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს.

ასე უკრიტიკოდ ვერ მივიღებთ შემოთავაზებულ ვერსიას ერთი წლით გადაცემების გაჩერების თაობაზე. ცხადია, ერთი წლის შემდეგ „პირველი არხის“ მენეჯმენტი გამოაცხადებს კონკურსს, გარკვეულ გადაცემებს დააბრუნებს ეთერში, გარკვეულ გადაცემებს არა, აქედან გამომდინარე, ხალხის ნაწილს სამსახურიდან გაუშვებს. ერთი წელი გავჩერდეთ, მხოლოდ „მოამბემ“ იმუშაოს, ამ სიტყვების მიღმა იგულისხმება, რომ, ვინც არ იმუშავებს, ის ხელფასს ვერ მიიღებს. გამოდის, ერთი წლის განმავლობაში ადამიანებმა არსად არ უნდა დაიწყონ მუშაობა, არ უნდა დაგეგმონ მომავალი, უნდა იყოს ბუნდოვანი, რჩებიან თუ მიდიან ტელევიზიიდან. ისიც განსაჯეთ, რომ სამუშაოს დაწყება საქართველოში იოლი არ არის. საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებენ ჟურნალისტებს და ასეთი მიდგომა საფრთხის შემცველია.

ამ მომენტსნაციონალებიზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გამოიყენებენ?

- ბუნებრივია, ზნეობრივი მაქსიმებით მოქმედებას ვერავის მოვთხოვთ. ოპოზიციური ძალები, პარტიები, დღევანდელი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ამას საკუთარი თავის წარმოსაჩენადაც გამოიყენებს და პოლიტიკური ქულების დასაგროვებლადაც. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქის სიმშვიდესა და სოციალურ დაცულობაზე. ფაქტობრივად, ახლა მიდის ბრძოლა 45 მილიონისთვის. ეს თანხა არაეფექტურად იხარჯებოდა, გამომდინარე იმ პროდუქტის ხარისხიდან, რასაც გვაწვდიდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმ მოარული ხმებიდან, რაც მაუწყებლის გარშემო იყო წლების განმავლობაში.

ველოდები, რომ შესაბამისი უწყებები გამოიკვლევენ, როგორ და რა გზით იხარჯებოდა ეს თანხები. გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ვავსებთ ბიუჯეტს და 45 მილიონს ვაწვდით საზოგადოებრივ მაუწყებელს მაღალი ტიპის მაუწყებლის წარმოებისთვის, გვჭირდება პასუხი, რატომ იყო ამდენი უმისამართო ხარჯვა, ამდენი მკვდარი სული; ან თუ არ იყო, ამაზეც მკაფიო პასუხი გვჭირდება მაკონტროლებელი უწყებების მხრიდან.

რეფორმას ისე ვერ განახორციელებ, თუ ადეკვატურად არ შეფასდა გაწეული საქმიანობა. მეორე მხრივ, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება მხოლოდ რეიტინგზე მიბმული სტრუქტურა. ის ვალდებულია, გააშუქოს ბევრი ისეთი პრობლემა, რომელზეც კომერციული ტელეარხები დროსა და სახსრებს არ დახარჯავენ. ამ არხზე პირდაპირ მიბმას არავინ სთხოვს საზოგადოებას, მაგრამ არც 2%-ზე ნაკლები რეიტინგი უნდა ჰქონდეს 45-მილიონიან ორგანიზაციას. ამ საკითხების განსჯა უნდა მოხდეს მიუკერძოებელ მშვიდ გარემოში და არა ისე, როგორც „რუსთავი 2“-ზე მოხდა, როდესაც ერთ კომპეტენტურ და წესიერ ახალგაზრდა კაცს ექვსი დახვეწილი პოლემისტი უტევდა და ცდილობდა, მისთვის თავს მოეხვია მცდარი ფორმულირებები. მესმის, რომ მედია ყოვლისშემძლეა, მაგრამ დისკუსიის დროს, თუნდაც რაოდენობრივი თვალსაზრისით, შესაძლებლობების თანაბრობა გათვალისწინებული უნდა იყოს. იმედი მაქვს, 45 მილიონისთვის ომი კომპრომისული გადაწყვეტილებით დასრულდება.

ყველა გადაცემის ერთი წლით გაჩერების პერსპექტივის რეალურობას ვერ ვხედავ, მაგრამ ვერც იმ შესაძლებლობას ვხედავ, რომ 1250-კაციანი საზოგადოებრივი მაუწყებელი ძველებურად გააგრძელებს მაუწყებლობას და შექმნის იმავე ხარისხის პროდუქციას, რაც დღემდე იქმნებოდა. აუცილებელია ოპტიმიზაცია, ამდენი ხალხი ამ ტელეკომპანიას არ სჭირდება, მაგრამ იმასაც არ დავუშვებ საზოგადოებასთან ერთად, რომ ისეთი ძველი ჟურნალისტები, რომლებმაც არასახარბიელო პირობებში შექმნეს სამყარო, ჩამოშორდნენ ტელევიზიას. ესენი კვალიფიციური ადამიანები არიან, თუნდაც იგივე გოგი ჩოკოშვილი, ლელა ვაშაკიძე, მაკა ასათიანი, ახალგაზრდებიდან ზვიად ავალიანი, რატი ამაღლობელი, ბასა ჯანიკაშვილი, ირაკლი ტაბლიაშვილი, ნინო ზაუტაშვილი და სხვები, რომელთაც შეუძლიათ მედიაბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის გამოტანა. ვფიქრობ, მათ არ ემუქრებათ გაშვება, მაგრამ ხედვა, რომლის გაბიაბურებასაც ახლა ცდილობენ და, რომელიც წარადგინა ვასილ მაღლაფერიძის, ია ანთაძისა და ნოდარ ჭიჭინაძისგან შემდგარმა ჯგუფმა, უაღრესად დროული, პრინციპული და სარისკოა, რადგან არ გამორიცხავს თავად ამ ადამიანების წასვლას არხიდან, თუკი საზოგადოება რადიკალურ ცვლილებებს არ მიიღებს.

მაინც მგონია, რომ ეს განხილვა ტელევიაზიასთან ბალაგანში არ გადაიზრდება და ორივე მხარე - ტელევიზიის კოლექტივი და მენეჯმენტი კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწევს. ბოლოს და ბოლოს, თავის ფუნქციას შეასრულებს სამეურვეო საბჭო, რომელშიც სერიოზული ხალხია წარმოდგენილი, მაგრამ ერთი გამოდის მესამე სექტორის სახელით და ლოგიკას მოკლებულ არგუმენტებს იშველიებს პოპულისტური მიზნით, ხოლო მეორე ცალსახად სამთავრობო პოზიციას აფიქსირებს. ასეთი მიდგომა სწორი არ არის.

ძველი და გამოცდილი ჟურნალისტები ახსენეთ, ზოგადად, დამსახურებული ჟურნალისტების გაყრის ტენდენცია ამ ტელევიზიას ახასიათებს. წლების წინ ამ ტელევიზიის წინ დამსახურებული ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, რადგან ისინი ქუჩაში გაყრისთვის გაიმეტეს. ჩვენთან საუბარში ჟურნალისტი დოდო შონავა იშველიებს ფინეთის ტელევიზიის მაგალითს, რომელსაც სამჯერ მეტი დაფინანსება აქვს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაში იქნებ, რაღაც არარაციონალურია?

- არის ქვეყნები, სადაც სულაც არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ საინფორმაციო სივრცე დემოკრატიულადაა ორგანიზებული. ასევე, არის ქვეყნები (განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნები), სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არსებობს და საზოგადოებრივი მაუწყებლის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ჩვენ ვსახავთ იდეალად, BBC-ია. სწორად შენიშნავს ქალბატონი დოდო, ფინეთში მეტი თანხები ეძლევა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ფინეთის ბიუჯეტი გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოსი. სამწუხაროდ, ჩვენი მწირი სახსრები არ გვყოფნის პენსიების გასაზრდელად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულად დასაფინანსებლად. ამ დროს, თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ მაუწყებლის იდეა საქართველოსთვის სასარგებლო და მისაღებია, თანხები უნდა გავიღოთ. მეც მიმაჩნია, რომ ეს იდეა მისაღებია და საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა არსებობდეს, მაგრამ მაშინ 45 მილიონი გამჭვირვალედ უნდა დაიხარჯოს. ოფიციალურად ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, ოღონდ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაპირისპირდებოდა ხელისუფლებას და შესაბამისი მაკონტროლებელი სტრუქტურები ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. როგორც ამბობენ, მაუწყებელთან დაკავშირებით 2012 წლამდე ხარჯვის დოკუმენტაცია ან არ არსებობს, ან უაღრესად არასრულია და მხოლოდ მერე იწყება რაღაც დოკუმენტების შექმნა. ასეთ პირობებში ცოტა რთულია გადაწყვეტილებების მიღება. თუ კომპრომისი დროულად არ განხორციელდა, ალბათ, ტელევიზიასთან აქციების მოწმენი გავხდებით.

ნაციონალებისმედროშეობით?

- არა მარტო „ნაციონალების“. ჩვენი ღარიბი პარტიებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი უფასო არენაა თავიანთი შეხედულებების გასავრცელებლად. ელემენტარული პრაგმატიზმიდან გამომდინარე, ბევრი პარტია გამოვა და დაუჭერს მხარს, რათა შემდგომში ჰქონდეს ტრიბუნა. თუკი ჟურნალისტები დაიმახსოვრებენ მათ აქტიურობას, გარანტირებული ტრიბუნა ექნებათ კიდეც, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს, დროის თვალსაზრისით, დიდი შესაძლებლობები აქვს. ამ აქციებს შეუერთდება უცხოური გრანტებით დაფინანსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც იმიტომ აფინანსებენ, რომ ევროკავშირისა და დასავლეთის ინტერესები დაიცვან ქვეყანაში. თუმცა მათ სპეციფიკურად ესმით ამ ინტერესთა დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციას, რეფორმას გარკვეული მხარდაჭერა დასჭირდება, რათა განიმარტოს ამ რეორგანიზაციის მიზნები. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც არხის რეორგანიზაციას აპირებს, ასე მოუმზადებლად ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა.

თუმცა ვიმეორებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა აუცილებელია და ამ ჯგუფის გაბედულებაც მისასალმებელია. ერთადერთი, ვერ დავეთანხმები მაუწყებლის ერთი წლით გაჩერებას და ამდენი ხალხის უხელფასოდ დატოვებას. 1250 ჟურნალისტის უკან 1250 ოჯახია. არა მგონია, ის მილიონები ჩემს მიერ დასახელებული ძველი პროფესიონალების ხელფასებზე აისახებოდეს. ეს ყველაფერი კომპლექსურად გასათვალისწინებელია, რათა ისევ ეჭვქვეშ არ დადგეს ევროპისკენ და რეალური ცივილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სათანადოდ არ იყო მომზადებული ხელისუფლების მიერ. ხელისუფლებამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.

ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლებასთან ლოიალურ დამოკიდებულებაში იყო შემჩნეული. რა გარანტია გვაქვს, რომ ერთი წლის მერე, როცა აღდგება ან არ აღდგება გადაცემები, აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება? ჩვენ გვახსოვს იმ ტიპის გადაცემები, როგორიც იყომჯერადა სხვა.

- აქ საუბარია მაუწყებლობის ხარისხზე, რეიტინგზე, იმ პროდუქციის ეფექტურობაზე, რასაც ეს არხი ქმნის. თორემ დაბალანსების თვალსაზრისით ბოლო წლებში მაუწყებელს პრობლემა არ ჰქონია. აქ ყველას ნახავდით, როგორც ხელისუფლების, ისე სხვადასხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელს. ვერავინ იტყვის, რომ აქ პერსონალიების ნაკლებობა იყო. ერთადერთი, შეიძლება „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდეს პრეტენზია ამ ტელევიზიასთან, რადგან მისი საქმიანობა ნაკლებად შუქდებოდა, ვიდრე ის საპარლამენტო პარტია არ გახდა. არავინ საუბრობს, რომ ნიჭიერი ადამიანები არ არიან „პირველ არხზე“. არიან, როგორც ძველ გვარდიაში, ისე ახალ თაობაში, უბრალოდ, ხარვეზი იყო პოპულარობაში, რეიტინგში, პროდუქციის საზოგადოებამდე მიტანაში, მაღალხარისხიანი გადაცემების შექმნაში. ბევრი შესანიშნავი ჟურნალისტი მოღვაწეობდა და მოღვაწეობს ამ ტელევიზიაში, თუნდაც არაჩვეულებრივი ინტელექტუალი ლევან ლორთქიფანიძე, რომელსაც კარგი გადაცემა მიჰყავს მოზარდებისა და მოსწავლეებისთვის.

მთლიანობაში, არხი არ არის ყურებადი და მოწყვეტილია საზოგადოებრივ პროცესებს. ყველაზე აქტუალური პრობლემები ან არ შუქდება, ან ისე შუქდება, რომ ვერ იპყრობს საზოგადოებრივ ყურადღებას. მე ვფიქრობ, ასეთი არხი უნდა არსებობდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. საუბარია ქართულ სახელმწიფოზე, მართლმადიდებლური რელიგიის განსაკუთრებული როლით და, ამავე დროს, მრავალეროვანი მოსახლეობით, უმდიდრესი ტრადიციითა და კულტურით. მაგალითად, ვარძიაში ფრესკები ხანძარმა რომ დააზიანა, ამ ფაქტში „ნაციონალების“ გავლენის ქვეშ მყოფი „რუსთავი 2“ მაინც პოლიტიკურ ინტერესებს ეძებს. მაშინ, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ჩვენ პირუთვნელი და მიუკერძოებელი ინფორმაცია და ანალიზი გვაინტერესებს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკეთ ამას კერძო კომერციული ტელევიზია არ გააშუქებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა, ამაზე ჩვენი ფული დახარჯოს, დროულად მოგვაწოდოს ინფორმაცია და გაამწვავოს ეს თემა. თვალთმაქცები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობს, მთავარ საინფორმაციო საშუალებებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდეს, უარეს შემთხვევაში, არ ჰქონდეს ზეგავლენა. ასე არის საქართველოშიც, ასეა ყველგან. ხომ ხედავთ, რა ხდება აშშ-ში? ფაქტობრივად, ტრამპმა ბოიკოტი გამოუცხადა „სი-ენ-ენ“-ს, „ეი-ბი-სი“-ს, „ენ-ბი-სი“-ს, ამ მსოფლიო მასშტაბით მაუწყებელ იმპერიებს. ყველა ხელისუფლება ცდილობს ამას. სააკაშვილმა დაიქვემდებარა მთელი მედია, განსაკუთრებით, ელექტრონული მედია და მხოლოდ რამდენიმე ინტერნეტგამოცემა და ბეჭდური მედია დარჩა თავისუფალი. მან მთლიანად დაიქვემდებარა საზოგადოებრივი მაუწყებელიც და ამას აკეთებდა სხვა მეთოდებით, სხვანაირად მუშაობდა და აბა, მაშინ ამოეღო ხმა ვინმეს საზოგადოებრივ მაუწყებელში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ? ან სააკაშვილს ხელს რომ არ აძლევდა, ისეთი კუთხით გაეშუქებინა მოვლენები? ეს ხომ წარმოუდგენელია, ჩვენ ხომ ვიცით, რაც მოხდებოდა? იქ იმუშავებდა შესაბამისი სტრუქტურები და ძალიან ბევრი ვინმე ციხეში წავიდოდა. ეს ხელისუფლება ამას არ აკეთებს, აქ საუბარია, რომ ვითარება შეიცვალოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ეფექტურად დაიხარჯოს ეს ფული. გაირკვას, ვის ჯიბეში მიედინება დიდი ოდენობით თანხა და, ვისაც ეკუთვნის, იქამდე რატომ არ მიდის?! ეს ხელისუფლება გვთავაზობს რეფორმას.

დარწმუნებული ვარ, შემოთავაზებული ვარიანტი გონივრულ კონდიციამდე დაიხვეწება და კომპრომისით დამთავრდება. დესტაბილიზაციის გამომწვევ სიტუაციამდე არ მივალთ. ისედაც ქვეყნის გარშემო რთული ვითარებაა, მსოფლიოში მიმდინარეობს სახიფათო პროცესები და აქ ყველა უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ სიტუაციის სირიიზაციის მიმართულებით წაყვანის მცდელობებს გასაქანი არ მივცეთ.