მცხეთის მოსახლეობა მცხეთის ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების აღდგენას ითხოვს. ქალაქის განვითარების ახალი გეგმა დამკვეთმაც დაიწუნა და ექსპერტებმაც. მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობის მიერ მიწების გასხვისებასა და მშენებლობების დაწყებაზე მორატორიუმის ორი წლით გახანგრძლივებამაც. ადგილობრივი ხელისუფლება თუ სპეციალისტები უკან დახევას არ აპირებენ. მათი თქმით, სამთავროს მონასტრის შემოგარენში მშენებლობა არ შეიძლება.
მორატორიუმი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას და ხელს უშლის ქალაქის სამომავლო განვითარებას, მოიცავს არა მხოლოდ ქალაქ მცხეთის ტერიტორიას, არამედ სოფელ წიწამურის ტერიტორიასაც. მცხეთელები აცხადებენ, რომ საშუალება არ აქვთ გამოიყენონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
წლების განმავლობაში მცხეთის მოსახლეობა ითხოვდა მშენებლობის კოეფიციენტების დადგენასა და წესების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობდა ქალაქის განაშენიანებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისე, რომ გათვალისწინებული იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობისა და მცხეთის ისტორიული იერსახის მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა.
საქართველოს უძველეს დედაქალაქში, გარკვეულწილად, გამოუვალი ვითარება შეიქმნა. ერთ მხარეს არის მოსახლეობა, რომელიც კერძო საკუთრებით სარგებლობას, მის განვითარებას 2015 წლიდან, ანუ მემორანდუმის ამოქმედების პერიოდიდან, ვერ ახერხებს; მეორე მხარეს კი, მცხეთა თავისი ისტორიული ღირებულებებით, რომელსაც საფრთხე ემუქრება.
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, სამთავროს მონასტრის შემოგარენში მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არეალია.
„მცხეთაში ძალიან დიდი რაოდენობით ნაკვეთები უსისტემოდ არის გაცემული და ზოგადად, მცხეთას აქვს ტერიტორიული პრობლემა - ძალიან მწირი სივრიცითი რესურსი, მით უმეტეს, იქ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამშენებლო თვალსაზრისით იქ შეზღუდვები უნდა დაწესდეს და სწორედ ამას ვიხილავდით ჩვენს პროექტში. მრავალი პრობლემის ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სამთავროს მონასტრის თავზე განაშენიანება, რაც დაუშვებელია. იქ გახლავთ სამაროვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგია“, - განმარტა მერაბ ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, არქიტექტორებმა გასულ წელს იუნესკოს ექსპერტებთან ერთად, სამთავროს მონასტრის მიმდებარედ განაშენიანების ესკიზი გააკეთეს, თუმცა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება არ შეიძლება.
არქიტექტორის ინფორმაციით, მიწათსარგებლობის გეგმაში, რომელიც საკრებულოს გადაეცა და შემდეგ ამ უკანასკნელმა დაიწუნა, ალტერნატიულ მიწის ნაკვეთებზეა ინფორმაცია მოცემული, რომლის მოსახლეობისთვის შეთავაზება შეიძლება. „ეს ტერიტორიები ბევრი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქ შეიძლება ადგილმონაცვლეობა, განვითარება, კომპენსაცია, თუ სხვა ღონისძიებები“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ ბოლქვაძემ.
რაც შეეხება გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, როგორც არქიტექტორი განმარტავს, ეს, ძირითადად, ბუფერული ზონების დადგენას ეხება, რაზეც სპეციალისტები მუშაობის გასაგრძელებლად მზად არიან.