ყოველი ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება იძაბება. გია ჭანტურიას დათხოვნის შემდეგ მისი შემცვლელი გიორგი ბარათაშვილი ბორდმა თანამდებობიდან მაშინ გადააყენა, როცა ის ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებელთა სამიტზე დასწრებას გეგმავდა და უცხოეთში იმყოფებოდა. ამის გამო გიორგი ბარათაშვილმა ევროპაში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. მოგვიანებით მან სასამართლოს მეშვეობით თავი აღიდგინა, თუმცა გასული წლის ნოემბერში არხის გენდირექტორობიდან ყოველგვარი მიზეზების ახსნის გარეშე გადადგა.
ამბობდნენ იმასაც, რომ შესაძლებელი იყო „პირველი არხისა“ და „მეცხრე არხის“ გზები გადაკვეთილიყო. ნაწილობრივ, ამ ხმებს დასაბამი თავად ბიძინა ივანიშვილმა დაუდო, რომელიც არ მალავდა, რომ „პირველი არხის“ ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემთხვევაში, მზად იყო, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ქონება მთლიანად გადაეცა.
ვასილ მაღლაფერიძის მისვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მაუწყებლის „მეორე არხის“ გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა აცხადებს, რომ ორჯერ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს შეხვედრა, თუმცა მისგან პასუხად მიიღო, რომ ჯერ ბიუჯეტი უნდა დათვალოს. For.ge დოდო შონავას ესაუბრა.
ყოველი ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ მაუწყებელში ვითარება მძიმდება. თავის დროზე სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ მან არხზე კრიზისული სიტუაციის შექმნა ვერ აღკვეთა. დღესაც ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ მას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა გააჩნია. რა სახის კრიზისია საზოგადოებრივ მაუწყებელში?
- საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოქმედებითი კრიზისი არასდროს არ არის, აქ არის მართვისა და კომუნიკაციის კრიზისი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენთან ვერც ერთმა არჩეულმა დირექტორმა ვერ მიაღწია საკუთარი ვადის ბოლომდე. ყოველ ორ წელიწადში იცვლებოდნენ გენერალური დირექტორები. ალბათ, გახსოვთ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ბოლო კადრი „მე ამისგან გავაკეთებ“... სწორედ ამ ლოზუნგით მოდიოდნენ გენერალური დირექტორები ჩვენს არხზე. არასწორი ფინანსური და ადამიანური რესურსებით მართვის პირობებში ყველა ძალის მობილიზება გვიხდებოდა, რომ ღირებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის. ამ დროს ყოველი ახალი მენეჯერი ანგრევდა იმას, რაც აქ ხვდებოდა, იწყებდა ახლის მშენებლობას. მუდმივი რეფორმების პირობებში აქ სტრესული ვითარება იყო, განვითარების ერთიანი ხედვა არ არსებობდა. ყოველი ახლად მოსული ახალ ხედვას გვთავაზობდა. ახლაც იგივე ხდება. ბოლო მენეჯმენტის ხედვა განვითარების ხედვა კი არ არის, ეს არის გაჩერების ხედვა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაჩერება წინასაარჩევნოდ დიდი მენეჯერული შეცდომაა.
ეს ნიშნავს, რომ არჩევნების წინ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მაუწყებელი ვეღარ შეძლებს?
- ახალი მენეჯმენტი გვეუბნება, რომ „მოამბე“ შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, თუმცა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც კანონი გვალდებულებს. თვითონაც არ წარმოუდგენიათ ბადე და ფორმატი, რომლითაც ამას განახორციელებენ. ტექნიკური გადაიარაღება ტელევიზიისთვის ჩვეული ამბავია. ყველა ტელევიზია ამას ეტაპობრივად ახორციელებს. ჩვენი ტექნიკური სამსახური გვეუბნება, რომ აქ არ არის კოლაფსური მდგომარეობა. ჩვენ მივაწოდეთ შენიშვნები ახალ მენეჯმენტს, რაც შეეხებოდა ტექნიკურ საშულებებს, რომლებიც არ მოითხოვს მილიონობით დანახარჯს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ვასილ მაღალაფერიძის ხედვა არ არის განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ჩვენვე წარმოვადგენთ შენიშვნებსა და წინადადებებს.
როგორც ჩანს, ახალი მენეჯმენტისგან განსხვავებით, თქვენ არ თვლით, რომ ტელევიზია ღრმა კრიზისშია. სხვათა შორის, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძეც აცხადებს, რომ გასაუბრების დროს ვასილ მაღლაფერიძეს არხის განვითარების ასეთი რადიკალური გეგმა არ წარმოუდგენია. რა მოხდა შემდგომში? ვასილ მაღლაფერიძე არხზე მისვლის შემდეგ დარწმუნდა კრიზისულ სიტუაციაში?
- თუკი ასეთი კრიზისი იყო მაუწყებელში, მაშინ ბორდს კონკურსის გამოცხადებისთანავე საკონკურსო პირობებში უნდა ჩაედო კრიზისის აღმოფხვრის მოთხოვნა და ისეთი ხედვა უნდა მოეთხოვა კანდიდატებისთვის, რომლებიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანდნენ. ვასილ მაღლაფერიძე აირჩია ბორდმა და მის ხედვაში კრიზისი არ იყო ნახსენები. მაშინ არ ჰქონია ასეთი რადიკალური ზომები. ერთი თვის განმავლობაში აქ არაფერი ფორსმაჟორული არ მომხდარა, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გამხდარიყო საჭირო. ამიტომ ეს ბევრ ეჭვს ბადებს. ამ ეჭვების იდენტიფიცირება დღეს არ შემიძლია. მაქვს ეჭვი, რომ ჩვენი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ისეთი შეფასებები ისმის, რომლებიც შეკვეთილს ჰგავს.
ჩვენ გვესმის ახალი მენეჯმენტისა და მათი სამეგობრო წრის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეფასებები, რომ თურმე ამ მაუწყებელში არაფერი ღირებული არ შექმნილა. არადა, „ოქროს ფონდი“, რომელიც ასე ღირებულია მთელი ქვეყნისთვის, სწორედ ამ მაუწყებელში შეიქმნა. როდესაც ერთ-ერთი რეჟისორი ამბობს, რომ ეს არხი დასახური და აღსაგველია პირისაგან მიწისა, მე მას შევახსენებ, რომ ამ მაუწყებელში შეიქმნა ისეთი ფილმი, როგორიცაა, მაგალითად, „თუში მეცხვარე“, რომელიც დღეს ყველა ტელევიზიის ეთერში ნებისმიერ რეიტინგს ხსნის. დღესაც ჩვენი დოკუმენტური ფილმების სტუდია ისეთ ფილმებს იღებს, რომელიც მაშინვე „ოქროს ფონდში“ ჩადის. თუ ეს დაგეგმილი მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, მაშინ ისინი იმეორებენ წინა ხელისუფლების შეცდომებს. პირადად მე დეჟა ვუს გრძნობა მეუფლება.
ია ანთაძის თქმით, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები კონკურენტუნარიანები არ არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან მიმართებით.
- ჯერ ია ანთაძემ მოიკითხოს, როგორი მენეჯერები ჰყავს ამ საინფორმაციო ბლოკს, რა მედიაგამოცდილებით მოვიდნენ ისინი. როდესაც რვასაათიანი „მოამბე“ გასულა ეთერში, ერთხელ მაინც დარჩენილა და განუხილავს, რომელი სიუჟეტი იყო სტანდარტების მიხედვით და რომელი არა? ქალბატონი ია ანთაძე ამ განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ძალიან მიკვირს, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში მედიაომბუდსმენის როლში გამოდიოდა, როგორ ლახავს მედიის უფლებებს? ეს ფენომენი შესასწავლილია.
მატარებელზე გვითითებენ და, ეტყობა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაკრიალებულ ელმავალში ისხდნენ თვითონ და რეალობის გრძნობა დაკარგეს. ჩვენ კი იმ მატარებელში ვსხედვართ და კვლავაც უნდა ვისხდეთ, რომელიც ხალხითაა დახუნძლული, რადგან ეს „საზოგადოებრივი მაუწყებელია“. ჩვენ ყველა ადამიანის აზრი უნდა გავითვალისწინოთ. თუ ჩვენი პროდუქტი არ მიდის და დისტრიბუცია არ ხერხდება, ეს მენეჯმენტის ბრალია, რომელმაც ვერანაირად ვერ გათვალა ის რისკები, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეიქმნებოდა გადაცემების გავრცელების მიზნით. ამიტომ მოვითხოვთ, შეისწავლონ ყველა ის შეცდომა, რომელიც წინა მენეჯმენტმა დაუშვა. აგრეთვე, შეფასდეს ის ერთთვიანი მენეჯერული კომუნიკაცია თანამშრომლებთან, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა განახორციელა.
წინა ხელისუფლების დროს ვიცოდით, რომ ადამიანისთვის გამარჯობის თქმა დეფიციტი იყო ამ შენობაში მენეჯმენტის მხრიდან. ეს ახლა მეორდება. ბრძენი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ იმის გონიერება არ გვყოფნის, სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ.
მოდით, შეცდომებზე ვისაუბროთ. ბევრს საუბრობენ, რომ არხს არ ჰყავს მაყურებელი. როგორ უნდა ანაზღაურდეს ეს დანაკლისი?
- ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ვინც ამას ამბობს, ჩართოს ჩვენი არხი, უყუროს და მერე გააკეთოს დასკვნები. ქუჩაში გვცნობენ, მადლობას გვეუბნებიან, მარტო „რეალური სივრცე“ რად ღირს. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჩვენი ეთერით სარგებლობს, დოკუმენტური ფილმების განყოფილება იღებს საჭირბოროტო ფილმებს. რომელი მაუწყებლის ეთერშია ამდენი გადაცემა? აქ სულ 1250 თანამშრომელია, ნახონ ჩვენი პრიორიტეტები და ვალდებულებები.
ოპტიმიზაციაზე საუბრობენ, ჩვენ რეფორმის მომხრეები, კვალიფიციური მენეჯმენტის მომხრეები ვართ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა წლების მანძილზე. არავინ დაიხვიოს ხელზე, რომ ჩვენ რეფორმას ვეწინააღმდეგებით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით არაკომპეტენტურ, გაუთვლელ რეფორმას. მაუწყებლის რამდენიმეწლიანი, თუნდაც ერთწლიანი გაჩერება რა რისკებს შეიცავს? თუკი მაყურებელი საერთოდ არ გვყავს, მაშინ ჩვენს საინფორმაციოს შეხედავენ? ეს ხომ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მაუწყებლის არსებობის საკითხი, რაც ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა? ეს პირდაპირ დაარტყამს დღევანდელ ხელისუფლებას. ვიზიარებთ მათ პათოსს, რეფორმა საჭიროა, ოღონდ არა იდეის დისკრედიტაციის ხარჯზე. თუ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, რომ მათი განვითარების ხედვა კომპეტენტურია, მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება კითხვა, საერთოდ რას ნიშნავს კომპეტენცია და პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში. არასწორი მენეჯერული კომუნიკაცია საზმაუს თანამშრომლებთან ძალიან დიდი იმიჯური მინუსია არა მხოლოდ აქ მოსული ახალი მენეჯმენტის, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ გაუთვლელ რეფორმებს.
პრობლემის სათავე, ალბათ, ის არის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჩვენი საზოგადოებისგან ათეულ მილიონობით ლარს იღებს. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა და მანვე განმარტა, რომ ამ თანხის შესაბამისი პროდუქცია უნდა დაიდოს.
- ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის სტრუქტურაც წინა ხელისუფლების დროს ადაპტაციის გარეშე გადმოვიტანეთ, ნახევარი მილიარდი ევროს დაფინანსება აქვს. ეს იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვენმა მაუწყებელმა ათი წლის განმავლობაში დახარჯა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სწორედ იმაში იღებს ფულს, რომ ჩვენს ეთერში მზადდება ის მედიაპროდუქტი, რომელსაც კომერციული ტელევიზიები არ დაამზადებენ. მაუწყებელი ფულს იღებს იმაში, რომ ჩვენთან არის ღია ეთერი ყველა პოლიტიკურად აქტიური მოთამაშისთვის, რომ „ოქროს ფონდი“ შეივსოს, რადგან არც ერთი სხვა კომერციული მაუწყებელი არ არის ვალდებული, გააკეთოს არარეიტინგული გადაცემა. სამწუხაროდ, საქართველოში რეიტინგული ინდური და თურქული სერიალებია, რომლებიც სიყვითლის მასშტაბით აჭარბებს ყველა ქვეყნის დასაშვებ ეთიკურ ნორმებს. სწორედ ამას ჰყავს მაყურებელი.
ჩვენ უარი ვთქვით სკანდალზე ორიენტირებულ დისკუსიებზე, ჩვენთან დისკუსია არსებითია, ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტს. თუ არ მიყურებ, არ იცი, რა მიდის ჩემს ეთერში, ცხადია, ამბობ, რომ ხუთი გადაცემაც არ დაგროვდება. ხუთი კი არა, 15 ძალიან ხარისხიანი გადაცემა ახლავე შემიძლია დაგისახელოთ, რადიო და რადიოში მომუშავე ადამიანების გმირობა კიდევ ცალკე თემაა.
თქვენმა გადაცემებმა ვიღაცას არასასიამოვნო ფონი შეუქმნა და ეს არის სკანდალის რეალური მიზეზი?
- ეს იმიტომ არ გაკეთებულა, რომ მაუწყებელი ვიღაცას ხელს უშლის თავისუფლების ხარისხით. უბრალოდ, ეს არის ვიღაცის კომპლექსების რეალიზაცია, ოღონდ არ ვიცით, ეს შურისძიება ამ ხალხის მიმართ რას ეყრდნობა. მოტივს ვერ ვიგებთ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ მოტივზე და, რომ გავიგებთ რა მოტივია, უფრო ღრმა დასკვნებს გავაკეთებთ. კანონის ფარგლებში ვაპირებთ მოქმედებას, ჩვენ არ გავალთ კანონის ფარგლებიდან. შევეცდებით, ის შენიშვნები მივაწოდოთ სამეურვეო საბჭოს, რომელიც მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ე.წ. ხედვას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მართვის კრიზისია. აქ შემოქმედებითი კრიზისი არ არის, აქ ყოველთვის მართვის კრიზისი იყო. აქ არის არასწორი მენეჯმენტი, ბადის არასწორი გათვლა, მენეჯერებად ყოველთვის მოდიოდნენ ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ტელევიზია. ტელეწარმოებას თავისი სპეციფიკა აქვს, უნდა იცოდე ტელევიზიის მართვა, ეს არის პროდუქტის შემქმნელი საწარმო. ბორდის თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე მიდიოდა და ამბობდა, წინ მივდივართო. ვერ გავიგე, ახლა რა ხდება. თუ ბორდს მიაჩნდა, რომ მაუწყებელი ვითარდებოდა, მაშინ რატომ უნდა დაეთანხმოს ვასილ მაღლაფერიძის ასეთ რადიკალურ ხედვას? თუ ვასილ მაღლაფერიძეს დაეთანხმა ბორდი, ეს ნიშნავს, რომ ბორდი პასუხისმგებელია ასეთ ვითარებაზე. მაშინ ბორდის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და პარლამენტმა უნდა განიხილოს ბორდის პასუხისმგებლობა, რომ იგი თურმე პარლამენტს ატყუებდა.
თურმე ვასიკო მაღლაფერიძე მოვიდა, ერთ თვეში შეისწავლა ყველაფერი და აღმოაჩინა, რომ აქ არის კრიზისი. ტექნიკური გადაიარაღება ყველა ტელევიზიისთვის ნორმალური პროცესია. ნორმალური მენეჯმენტის პირობებში ეს ადვილად გადასაწყვეტია. გამოდის, რომ ოთხი წლის წინ მრჩევლად მოსულმა გიგი გოგელიამ ვერ შეძლო ჩვენი პრობლემების იდენტიფიცირება უამრავი მრჩევლისა და თანაშემწის და მათი დიდი ხელფასების პირობებში?! მაშინ უნდა დადგეს ბორდის პასუხისმგებლობის საკითხი და ბატონმა ვასიკომ ჩვენ კი არ უნდა გაგვყაროს, არამედ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ბორდი სწორ ანგარიშს არ აბარებდა პარლამენტს. ასეთი ინფრასტრუქტურის პირობებში დღე და ღამე ვქმნიდით პროდუქციას და არაფერში დამნაშავენი არ ვართ. დანაშაული აღიაროს იმან, ვინც ეს კრიზისი შექმნა. მიმაჩნია, რომ აქ კრიზისი არ არის. თქვენ გგონიათ, სხვა ტელევიზიებს უკეთესი ტექნიკური მდგომარეობა აქვთ? უბრალოდ, იქ ნორმალური მენეჯმენტია. იქ მენეჯერები პატივს სცემენ საკუთარ თანამშრომლებს. ამ დროს კი ახლად მოსულმა მენეჯმენტმა ყველა საშუალებით დაგვამცირა. მენეჯერისთვის მთავარი თვისება კომუნიკაციის უნარია. თუ ერთი თვის მანძილზე მეგობრებს მტრებად აქცევს, ის მენეჯერი არ ვარგა.