საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გეგმა, შეიძლება არა მარტო გადაიხედოს, არამედ გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ მიღწეულია შეთანხმება, რომ არსებულ ვითარებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ დაუბრუნდება. ვასილ მაღლაფერიძისა და მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხუთსაათიან შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია.
როგორც ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, შეხვედრაზე შეკითხვები არ იყო, არამედ წარდგენილ დოკუმენტს გადიოდნენ. რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, ამბობს, რომ სრული თანხვედრა იყო. მისივე თქმით, სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება, რომ ერთი კვირის თავზე მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ, რეტინიგი და კიდევ ორი, სამი, ოთხი კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები. მისივე ინფორმაციით, სამეურვეო საბჭო ექსპერტებთან ერთად იმუშავებს.
„ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ლიდერი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაჩნდეს არსებულ მედიაბაზარზე, ამ ტელევიზიებთან კონკურენციაში. ჩვენ ამ გზას ვთავაზობდით. თუ სამეურვეო საბჭო და საზოგადოება იტყვის, რომ ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ სხვა სივრცეში და სხვა კრიტერიუმებით, ამას შევხედავთ და შევაფასებთ.
როდესაც ვსაუბრობთ ტელევიზიის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, თუ ამ მედიაბაზარზე კონკურენციაში უნდა შევიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით საუბარიც კი ზედმეტია რაიმე კონკურენციის გაწევაზე. ვინც ოდნავ იცის ტელებიზნესი როგორ წარმოებს, ეს არის 10 წლის წინანდელი, ჩამორჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მაგრამ, თუ სხვა გზა იქნება არჩეული საზოგადოებაში, ეს სხვა გზა იქნება“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
გადაწყვეტილება მიღებულია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო ერთ კვირაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს მენეჯმენტს წარუდგენს. როგორც არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გოგელიამ განაცხადა, წარმოდგენილი კრიტერიუმები გახდება საზოგადოებრივი განსჯის საგანი.
„გენერალური დირექტორის წარმოდგენილი გეგმა ეყრდნობოდა რეიტინგის კრიტერიუმებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. საქმიანი შეხვედრის შემდეგ მივედით კონსენსუსამდე, რომ საბჭო დააკონკრეტებს მაუწყებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს, რომელსაც ერთ კვირაში წარუდგენს მენეჯმენტს და გახდება ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი“, – განაცხადა გიორგი გოგელიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის ინფორმაციით, ბორდისა და გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრაზე რაიმე ახალი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტექსტში რეიტინგთან დაკავშირებულ თემებზე. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ რეიტინგი არ არის გადამწყვეტი და აუცილებელი ელემენტი. ცხადია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი კრიტერიუმი არ არის.
არავინ დავობს, რომ შენობა ავარიულია, ტენიკური ბაზა საჭიროებს განახლებას, შესაძლებელია გარკვეულწილად ოპტიმიზაციაც იყოს საჭირო, თუმცა როდესაც ამ თემებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, რა არის გამოსავალი. მე არ მიმაჩნია მისაღებად 102 გადაცემიდან 101 დახურო“, –განაცხადა სულხან სალაძემ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისივე თქმით, მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს.
„დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, საინტერესო. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხდადასხვა მიდგომების ჭიდილი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს. მინდა წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის მხარდაჭერას იზიარებს მეორე არხის გენერალური დირექტორი, დოდო შონავა და აცხადებს, რომ ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეფორმების გატარებაში. შონავა აქვე აცხადებს, რომ ცვლილებების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მოითხოვს კომპეტენტურ მენეჯმენტს და ადამიანური და ფინანსური რესურსების მართლზომიერ მართვას.
„ჩვენთვის მისაღებია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმა და მოდერნიზება, ოღონდ დამუშავებული კონცეფციით და სამოქმედო გეგმით. ჩვენთვის მიუღებელია მაუწყებლის შეჩერება 11 თვით, თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები იხილება. ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ, ჩვენ წლებია ცვლილებებს მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართლზომიერ მართვას“, – აცხადებს დოდო შონავა.
რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს ინტერნეტ გამოცემა for.ge–ს მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი, რომლის განცხადებით, როდესაც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწებელი, როდესაც არსებობს ფინანსური და ადამიანური რესურსი საიმისოდ, რომ შეიქმნას პროდუქტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები და კარგი იქნება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება მაუწყებლის არსებობა. რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის განცხადებას, იაკობაშვილის განცხადებით, სხვადასხვანაირად კრიტიკულად შეიძლება შევაფასოთ პრემიერის განცხადება.
„მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში კრიტიკოსები, არ ითვალისწინებენ იმას, რომ პრემიერ–მინისტრი არის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, როლიც ასევე იხდის გადასახადს და რომელიც, ასევე არის მაყურებელი, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქე. ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ფსევდო–ლიბერალები წინააღმდეგნი არიან, რომ ადამიანს აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონდეს. რას ვიზამთ, ისინი იყვნენ წინააღმდეგი და ჩვენ თემაზე უნდა ვისაუბროთ. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება დისკუსიაში და რაც უფრო მეტი დაადასტურებს, რომ უნდა გვქონდეს არხი და უნდა იყოს ხარისხიანი, ეს უფრო წაადგება საქმეს. ასე რომ, პრემიერის განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რაც ამ ლიბერალებმა, არასამთავროება, ნაციონალება და ელისაშვილმა ატეხეს“, – აცხადებს გია იაკობაშვილი.
როგორც იაკობაშვილი აცხადებს, ამ პროცესში საინტერესოა მაღლაფერიძის განცხადება, რომ მოუსმენენ ყველა მოქალაქეს, ვინც შესთავაზებს როგორ წარმოუდეგენია რეფორმა.
„როდესაც გამოცხადდა გენერალურ დირექტორზე კონკურსი, დაახლოებით 20 ადამიანმა შეიტანა განცხადება, წესით ყველას უნდა ჰქონოდა თავისი კონცეფცია. საქმისა და საჭიროებიდან გამომდინარე წარმოედგინათ ეს კონცეფცია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, ეს ადამიანები მხოლოდ ქილიკით და კრიტიკით არიან დაკავებული, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს იმას, რომ ამ 20 ადამიანიდან გაიმარჯვა იმან, ვისაც კონცეფცია ჰქონდა.
რამდენად კარგია და რამდენად ცუდი, ეს სხვა თემაა, ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ დანარჩენ 18 თუ 17 კანდიდატს არც კონცეფცია ჰქონდა და არც წარმოდგენა - რა უნდა გაეკეთებინა. ეს დასტურდება იმით, რომ სწორედ ის ხალხი გვეუბნება, რომ არ არის საჭირო „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ამ მაუწყებელს დიდი ბულდოზერით უნდა გადაუარონ და ააშენონ აბსოლუტურად ახალი ტელევიზია.
ამდენი წელი არავინ გააკეთა რეგიონალური ბიუროები. საზოგადოებრივი მაუწყებელი დასულია მხოლოდ იმაზე, რომ გადაამღერონ ის, რასაც სხვა ტელევიზიები აჩვენებენ - აჩვენონ რუსული არხებიდან და სხვა ტელევიზიებიდან მოპარული სიუჟეტები, რომელსაც თარგმნიან. უბრალოდ, ლოგოა შეცვლილი და ეს არის დღესდღეობით საზოგადოებრივი მაუწყებელი და მერე უკვირთ რატომ არავინ გვიყურებსო. იტრაბახონ თავის დაბალანსებულობაზე. იყოს დაბალანსებული, თუ არავინ არ უყურებს ამ დაბალანსებულს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია იაკობაშვილი.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე იმ ექსპერტთა საბჭოს წევრია, რომელიც აფასებდა არა ყველას, მაგრამ გარკვეულ პროგრამებს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. იგი ადასტურებს, რომ პირველ არხს გააჩნია და აქვს საკმაოდ კარგი პროდუქცია, მაგრამ ეს პროდუქცია არის მწირი, არ აქვს რეიტინგი, რაც მისი თქმით, მაუწყებლის პრობლემაა და ბუნებრივია, ამ პრობლემიდან გამომდინარე მაუწყებელი საჭიროებს რეფორმირებას.
„საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ არის მნიშვნელოვანი რეიტინგი, არის ბოდვა. თუ გადავხედავთ ამ არხის ბიუჯეტს, ვნახავთ, რომ ბიუჯეტი აღემატება ყველა იმ არხის ბიუჯეტს, რომლის რეიტინგიც აღემატება, ან თანაზომადია საზოგადოებრივი მაუწყებლის. თვალსაჩინოა, რომ დანახარჯი არ არის ადეკვატური იმ შედეგის, რასაც დებს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
პრობლემის მეორე ასპექტი არის დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა, როდესაც დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა ორჯერ აღემატება იმ თანამშრომლების რაოდენობას რომელიც გააჩნია „რუსთავი 2“–ს, „იმედს“ და „მაესტროს“. ამ დროს, პირველი ორი კომპანია მნიშვნელოვანდ უსწრებს რეიტინგებში, ხოლო „მაესტრო“ თანაზომადია თავისი რეტინგული მაჩვენებლით.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რომ ხომ არის მაუწყებელი წლების განმავლობაში სოციალური პროექტი გარკვეული ადამიანებისთვის, რომლებიც ან საერთოდ არ აკეთებენ საქმეს, ან ცუდად ასრულებენ თავის მოვალეობებს?! ესეც ძალიან ლოგიკურია. ფაქტია, რომ ეს არის ღუზა, მძიმე ტვრთი, რომლის ტარება უწევს „საზოგადებრივ მაუწყებელს“ და რატომ? ეს ხომ ჩვენი გადასახადებია“, – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ დანახარჯები და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, არ შეესაბამება შექმნილ პროდუქციას და რეიტინგს. ამიტომაც ბევრი ექსპერტი საუბრობს არხის რეფორმირების აუცილებლობაზე. რაც მთავარია, არხის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობდა გენერალური დირექტორობის ყველა კანდიდატი.
„მეტსაც ვიტყვი, ნებისმიერი კრიტიკოსი, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ასევე საუბრობდა რეფორმების აუცილებლობაზე. რატომ გახდა ეს რეფორმა მიუღებელი მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა დირექტორად და რატომ დაიწყო ასეთი ორგანიზებული წინააღმდეგობა ამ რეფორმირების პროცესში? ბუნებრივია, რომ ზოგი პოპულისტობს და ძალიან შესტკივა გული ამ დასაქმებულ ადამიანებზე, ვისაც შესტკივა გული, იმან უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არის ერთადერთი ჰუმანისტი. საქმე ეხება ძალიან კონკრეტულ საბიუჯეტო პროექტს“, – ამბობს ვალერიან გორგილაძე.
როგორც სოციოლოგი აცხადებს, სახელმწიფო დოტაციაზე არსებული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მისთვის მიუღებელია. ფიქრობს, რომ საზოგადობა ტყუილად იხდის ფულს მაუწყებლის შენახვისთვის, რადგან არხი ვერ დებს რეიტინგს.
„ე.ი. არის სისტემური პრობლემა. თუკი გადაწყვიტა ბორდმა და სახელმწიფომ ამ არხის შენახვა, ბუნებრივია, რომ ეს არხი მინიმალურად უნდა აზარალებდეს მოქალაქეებს, ვგულისხმობ დანახარჯებს და საბიუჯეტო დტაციებს. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია არხის რეფორმირება რადიკალური ზომებისა და მათ შორის ადამიანური რესურსის გარეშე.
ნურავინ ნუ შეეჯიბრება ნურავის ჰუმანიზმში. ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ ეს არის გარდაუვალი პროცესი. ვერ ვხედავ სხვა ალტერნატულ გამოსავალს. მეჩვენება, რომ ვინც ამბობს შესაძლებელია ამ საშტატო ერთეულის შენარჩუნება, ეს არის დემაგოგია და უსინდისო ცინიკური პოპულიზმი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.