პარლამენტის მანდატურთხუცესი შეცვლილია, მიზეზად - ოჯახური მდგომარეობა სახელდება

პარლამენტის მანდატურთხუცესი შეცვლილია, მიზეზად - ოჯახური მდგომარეობა სახელდება

პარლამენტის მანდატურის სამსახურის უფროსი მურთაზ შალუაშვილი აღნიშნული პოსტიდან გათავისუფლებულია და ის სამეურნეო სამსახურშია გადაყვანილი. პარლამენტის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ შალუაშვილმა აღნიშნული პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება საკუთარი ნებით დაწერა, რომელიც თანამდებობაზე ძალოვანი უწყების კადრმა ალეკო ყაველაშვილმა ჩაანაცვლა.

თუ რამდენად მოსალოდნელია პარლამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელება, ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის აპარატის უფროსს, ანრი ოხანაშვილს ესაუბრა:

მურთაზ შალუაშვილმა თანამდებობა რატომ დატოვა, რომელიც ამ პოსტზე წლების განმავლობაში მუშაობდა?

- ეს თავად შალუაშვილს უნდა ჰკითხოთ. მან გათავისუფლების თაობაზე განცხადება პირადად დაწერა და მე დავაკმაყოფილე.

რამდენად სარწმუნოა ის, რომ მანდატურის სამსახურის უფროსმა პოსტიდან წასვლის და სამეურნეო სამსახურში მუშაობის გაგრძელების სურვილი თავად გამოთქვა?

- თავად თქვა, რომ რაღაც პირადი საკითხები აქვს, რომელიც ოჯახურ თემებს უკავშირდება და სურს, რომ ოჯახური საკითხებისთვის უფრო მეტი დრო ჰქონდეს.

ვაზუსტებ, ეს თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა? ანუ, თქვენ მისთვის პოსტიდან წასვლა არ გირჩევიათ?

- არა, ეს გადაწყვეტილება შალუაშვილის განცხადება იყო, რომელიც გავიარეთ.

პარლამენტში ოპტიმიზაციას ან რეორგანიზაციას თუ გეგმავთ?

- როგორც ვთქვით, გეგმაზომიერად მივდივართ იმ ფუნქციური ანალიზის ფარგლებში, რაც ჩვენ მიზანად დავისახეთ. ფუნქციური ანალიზის შედეგად გამოკვეთილ რეკომენდაციებს პარლამენტის თავმჯდომარეს წარვუდგენთ, თუ რა მდგომარეობაა აპარატში. ეს რეკომენდაციები უკავშირდება იმას, რომ სტრუქტურა უფრო გამართული იყოს. რაც შეეხება რეორგანიზაციას, ეს არ ხდება. დანარჩენ შემთხვევაში, კანონი რასაც ითვალისწინებს - ატესტაციას და ა.შ. ამას მივყვებით.

ამ ეტაპზე რა ინფორმაციასა ფლობთ, აპარატის მუშაობაში ხარვეზები და პრობლემი იკვეთება?

- ამხელა დაწესებულებაში არის საკითხები, რომლებიც უკეთესად უნდა დაიგეგმოს დაგადაიჭრას. შესაბამისად, აპარატის რიგ საკითხებს გაუმჯობესება სჭირდება, რაც თავად თანამშრომლების მოთხოვნაც და სურვილიცაა. თანამშრომლებს იმის გამო ვხვდებით, რომ მათგან ინფორმაცია მივიღოთ იმის თაობაზე, რომ მუშაობა გააუმჯობესონ და გავიგოთ, უკეთესად დაგეგმვა რომელი საკითხების სურთ.

ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილია?

- აქ არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ დევს. ეს აპარატის სტრუქტურის გაუმჯობესებაა ისევ და ისევ თანამშრომლების მოთხოვნით და სურვილით. ამის გამო ძალიან დიდ მადლობას გვიხდიან და კარგად თანამშრომლობენ. თავად გვიცხადებენ, რომ ფუნქციური ანალიზის გაკეთება დროული და სასურველია, რათა მათ საკუთარი საქმიანობა უფრო უკეთესად განახორციელონ.

ანუ, ფუნქციურ ანალიზს ის პროცესი არ მოჰყვება, რაც წინა პარლამენტში იყო, როცა საკანონმდებლო ორგანოს აპარატიდან კვალიფიციური კადრების გადინება დაიწყო?

- ჩვენ კვალიფიციური კადრები გვჭირდება, პირიქით, ჩვენთვის კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები ძვირფასია. ასე რომ, მათ ყველანაირად შევინარჩუნებთ.

რაც შეგეხებათ თქვენ, იმის გამო, რომ მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა, „ქართული ოცნებისსიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა თქვენ გიწევთ. დეპუტატობას ამჯობინებთ, თუ პარლამენტის აპარატის უფროსობას?

- მართებული არ იქნება, ამ საკითხზე ჩემი პასუხი გითხრათ. პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები მქონდა და პარლამენტის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.