მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით ჩვენს კანონმდებლებს თავგზა აუბნია. სავარაუდოდ, არც ნაციონალი დეპუტატები არიან ამ იდეით აღფრთოვანებულნი, მაგრამ პარტიული სოლიდარობის პრინციპით, სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების კორექტირებას ვერ ბედავენ. თავის დროზე ყოფილ პრეზიდენტს სურდა, პარლამენტის ქუთაისში გადატანით ქუთაისი გამხდარიყო პოლიტიკური ცენტრი. თუმცა პოლიტიკურ ცენტრობას ვერა, მაგრამ ამხელა გზაზე ბენზინისა და დეპუტატისთვის ძვირფასი დროის ხარჯვას კი მიაღწია ამ იდეის ხორცშესხმამ.
საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი პირველ საგნად სწორედ პარლამენტის თბილისში გადმოტანა ჩაინიშნა. თავის დროზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობას მაშინ დაიწყებდნენ, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მაგრამ მიიჩნევდა, რომ პარლამენტის გამართულად მუშაობის წინააღმდეგი არც ქუთაისელი და არც თბილისელი არ იქნებოდა.
მუნიციპალური სამართლის სპეციალისტი, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოხდეს, რადგან პარლამენტის ქუთაისში დატოვება სისულელეა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს დედაქალაქია თბილისი. ეს უკვე იმთავითვე გამორიცხავს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ყველაზე ძირითადი ორგანო, როგორიცაა საკანონმდებლო ხელისუფლება და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყოს სხვაგან, გარდა დედაქალაქისა. მაშინ თბილისმა უნდა დაკარგოს დედაქალაქის სტატუსი.
„ნაციონალების იდეა, რომ ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი გამხდარიყო, იმთავითვე აბსურდი იყო. პოლიტიკური ცენტრობა ასე იოლი არ არის. ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი ოფისი თბილისშია, ყველა საელჩო თბილისშია, ყველა პოლიტიკური მოძრაობის დასაწყისი თბილისშია. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თბილისის ცენტრი პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაა? ასე არის 1989 წლიდან მოყოლებული, ყველა ძირითადი მოვლენა ხდება ამ ადგილას და ამ სივრცის სადმე გადატანა ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობას ვინც ებრძვის, წაიმტვრევს ცხვირს. მექანიკური გადატანით ეს რომ ხდებოდეს, მაშინ რა გვიჭირდა? ყველასთვის გასაგებია, რომ სააკაშვილს საერთოდ უნდოდა პარლამენტის მოშორება, მთელი თავისი ინსტიტუციით. საჯარო სივრციდან მის განდევნას ლამობდა, რუსთაველზე ამ ადგილის მოსპობას ცდილობდა. ჯერ კიდევ რომაელებს როდის აქვთ ნათქვამი, ყველა გზა რომში მიდის. ყველა პოლიტიკური პროცესი მიდის პარლამენტში და პარლამენტი არის გულის გული, რომლის ადგილიც რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილ შენობაშია“.
ურბანისტი ირაკლი მასხარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისი დედაქალაქია და დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პარლამენტის არსებობა. არ შეიძლება, პარლამენტი არ იყოს თბილისში, რადგან ის მთლიანად დედაქალაქის ფუნქციის განუყოფელი ნაწილია.
ირაკლი მასხარაშვილი ანომალიად და კაპრიზად მიიჩნევს „ნაციონალების“ სურვილს, ქუთაისი გადაექციათ პოლიტიკურ ცენტრად. მისი თქმით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამხელა გზაზე სიარულს უნდებიან ჩვენი პარლამენტარები. ეს არის უზარმაზარი დანახარჯი, რადგან პარლამენტს ყოველთვის აქვს კონტაქტი სამინისტროებთან. ამდენად, დაუშვებელია ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს გაყოფა.
„პარლამენტის გადატანა წარმოუდგენელი სისულელე იყო. როდესაც პოლიტიკური დაძაბულობაა ქვეყანაში, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ერთ ადგილას არ იყოს თავმოყრილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები. მით უმეტეს, საუბარია დედაქალაქზე. წარმოუდგენელია პარლამენტის დატოვება ქუთაისში. შესაძლოა, ქუთაისელებს ბინის გაქირავება უნდოდათ ამ პარლამენტის გადამკიდე, მაგრამ ბინის გაქირავების დონემდე ხომ არ უნდა დავეშვათ?! ეს არ არის სახელმწიფოებრივი მოწესრიგება. ბოლოს და ბოლოს, დავით აღმაშენებელმა, როგორც იქნა, შეძლო და ჯერ მთლიანად დაამთავრა ქვეყნის შემოერთება და ამის შემდეგ თბილისში შემოვიდა ისე, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. მაშინ თბილისი სავაჭრო ცენტრი იყო, აქ აბრეშუმის გზა გადიოდა, მაგრამ დავით აღმაშენებელმა ნებისმიერ კონფლიქტს აარიდა თავი.
ქუთაისს სხვა ხიბლი აქვს. კი არ მეჯავრება ქუთაისი, პირიქით, წარმოშობით თითქმის ყველანი ქუთაისიდან და კახეთიდან ჩამოსულები ვართ, მაგრამ არ შეიძლება თბილისისა და ქუთაისის გაიგივება. ქუთაისს სხვა ფუნქცია აქვს, ეს არის ძალიან დიდი ფუნქცია. თითქმის მთელი ჩვენი კულტურა ქუთაისიდანაა აღმოცენებული. კომუნისტებმა იქ ქარხანა ააშენეს, რომ მეტი დასაქმება ჰქონოდა ხალხს, ეს გასაგები იყო. თბილისის მახლობლად რუსთავში კიდევ მეტალურგიული ქარხანა ააშენეს, რაც, ასევე, ეკონომიკური ფაქტორით იყო გამოწვეული. მთლიანობაში, თბილისის ფუნქცია უცვლელად უნდა დარჩეს და წარმოუდგენელია პარლამენტის ქუთაისში დატოვებაზე მსჯელობა“, - აღნიშნა ირაკლი მასხარაშვილმა.
ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სხვა საქმეა, ინფრასტრუქტურულად და გლობალურად როგორ იქნება უმჯობესი, მაგრამ კარგი იქნება, თუკი პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდება. ასეა ამერიკაში, სადაც დედაქალაქშია პარლამენტი. რუსეთშიც დედაქალაქშია საკანონმდებლო ორგანო. აქ სიძვირე და თანხების გზაში დახარჯვა არ არის მთავარი, უბრალოდ, დედაქალაქი იმიტომაა დედაქალაქი, რომ პარლამენტი ქვეყნის ცენტრალურ ქალაქში უნდა იყოს.
„თუ პარლამენტი დედაქალაქში არ სჭირდებათ, მაშინ რატომ უნდა იყოს იგი ქუთაისში და არა-თელავში? თელავს რა, არ სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება? მაშინ ნახევარი პარლამენტი გადავიტანოთ თელავში, კომისიები შეიკრიბონ თელავში და ნახევარი პარლამენტი დარჩეს ქუთაისში. განა ასე შეიძლება? დიდი პრობლემა ესეც არ არის, შეუძლიათ ერთი ჩარტერული რეისი დანიშნონ და იფრინონ აქეთ-იქით, ნახევარ საათში ქუთაისში იქნებიან, ნაკლები ხარჯი დაუჯდება სახელმწიფოს თვითმფრინავით დეპუტატების ჩაფრენა ქუთაისში, ვიდრე მანქანებით რომ დადიან და უფრო მეტ ბენზინს წვავენ ჩვენი პარლამენტარები“, - განმარტა სოსო ზაალიშვილმა.