ახალი გენერალური დირექტორის წყალობით, „საზოგადოებრივ მაუწყებელი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ვასილ მაღლაფერიძე თვლის, რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა. თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ გეგმა, კონკრეტული გადაწყვეტილებები კი ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
„ჩვენ არ ვიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას. ჩვენ გამოგვაქვს სადისკუსიოდ. ეს არის საექსპერტო გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს 39 მილიონი. ამ 39 მილიონით უნდა შევძლოთ ყველა ამოცანის გადაჭრა - გადაიარაღება, ოფისები, არქივი და ამავე დროს განვითარება“, - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
გენერალური დირექტორის გეგმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად, მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.
იმ შემთხვევაში, თუკი რეფორმა იქნება დამტკიცებული, ისე განხორციელდება, რომ არ მოხდება კანონის დარღვევა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა გეგმის გაჟღერებას, რომ გადაცემები იხურება. მისი თქმით, ახალმა დირექტორმა წარმოადგინა ხედვა, რომ თუ საზოგადოებას უნდა გადარჩეს ტელევიზია, ამისთვის საჭიროა რაღაც გადაცემების დროებით შეჩერება. ჭიჭინაძე აქვე აცხადებს, კანონით გენერალურ დირექტორს არ აქვს უფლებამოსილება, რომ დახუროს გადაცემები.
„თუ ამ თვეში დაიწყება პროცესი, წლის განმავლობაში გადაცემების შეჩერებიდან 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება. 2017 წელს საჭიროა დაიხარჯოს 15 მილიონი ლარი ახალი შენობის მოწყობაზე, ოფისების შეძენა-აღჭურვაზე, თუმცა 9 ოფისის შეძენა-აღჭურვაა საჭირო და წელს ვერ მოესწრება, წელს საუბარია 4 ოფისის შეძენაზე. გარკვეული თანხები ტექნიკაზე წავიდეს და ასევე არქივის შენარჩუნებაზე. ჯამში, სამ წელში, 2019 წლამდე, რეფორმა ითვალისწინებს 45 მილიონის დახარჯვას შენობაზე, ტექნიკაზე, იმ ფუნდამენტური ფაქტორების შენარჩუნებაზე.
2016 წელს ჯამში 38 მილიონამდე დაიხარჯა 102 გადაცემაზე და ჩვენ ვამბობთ, რომ 15 მილიონი ლარი უნდა გამოთავისუფლდეს. თუ ბორდი დაამტკიცებს ამ რეფორმას და მოხდება თანამშრომლების ოპტიმიზაცია, იქ არის 45-დღიანი ვადა გაშვებამდე, შემდგომ ორთვიანი კომპენსაცია, ამას ყველაფერს სჭირდება დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე. ამასთან, ოპტიმიზაციასაც თავისი ხარჯი აქვს“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე ამბობს, რომ ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით, მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა ეს იქნება ამ ეტაპზე რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობს რეფორმის ეტაპი. როგორც ანთაძემ განმარტა, საზოგადოებრივ მაუწყებელში არავითარი სია არ არსებობს იმ პირების, ვინც სამსახურიდან უნდა გაუშვან, თუმცა მისივე თქმით, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში გარკვეული ცვლილება განხორციელდება და თუ რამდენიმე გადაცემა გაუქმდა, მოხდება ამ გადაცემაზე დასაქმებული პირების გათავისუფლებაც.
„სამეურვეო საბჭოში შეტანილია სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც ბორდმა უნდა დაამტკიცოს. სტრუქტურა პრინციპულად არ იცვლება, თუმცა, სტრუქტურაში ცვლილება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს თანამშრომლების კუთხით და გადაცემის კუთხით და ეს არის და ეს. სია ადამიანების, ვინც შეიძლება არ იმუშაოს, არ არსებობს და არ შეიძლება ასეთი სია არსებობდეს.
მაგალითად, თუ სტრუქტურიდან ამოვარდა, მაგალითად, მედიაწარმოების ბლოკი და თუ ამას მხარი დაუჭირა ბორდმა, ეს ნიშნავს, რომ ვინც მედიაწარმოების ბლოკში მუშაობდა, ისინი შეიჩერებენ უფლებამოსილებას. ეს იქნება პროცესი, რომელსაც კანონის მიხედვით მასობრივი დათხოვნა ჰქვია, თუმცა ეს იქნება ამ ეტაპზე რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობს რეფორმის ეტაპი. ყველაფერი არის და იქნება კანონის კალაპოტში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ია ანთაძემ.
უკვე ცნობილია, რომ რადიკალური სახით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციას მხარს არ დაუჭერს, სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე, რომლის განცხადებით, მას, ისევე როგორც ბორდის სხვა წევრებს, აქვთ საკმაოდ ბევრი კითხვა, რომელთაც შეხვედრაზე დასვამენ და შეჯერდებიან.
„კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რა საჭიროა ერთი წლით გაჩერება და რამდენად შეინარჩუნებს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების ამოქმედების შემდეგ რეიტინგს. გადაცემების დახურვას, შეჩერებას მოჰყვება თანამშრომლების გათავისუფლება და გუშინ მხოლოდ სიტყვებით მანიპულირება მოისმინა საზოგადოებამ შეჩერებასა და დახურვას შორის.
მე კონკრეტულად მაინტერესებს შენობის საკითხი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა ტენდერი. გაიმარჯვა სამშენებლო კამპანიამ და დღე-დღეზე იგეგმებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე ახალი ნიუსრუმის მშენებლობა. ამისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამი წელი შეინახა კომერციული შემოსავალი.
თუმცა ეკონომიკის სამინისტროდან დაურეკეს საბჭოს თავმჯდომარეს და უთხრეს, რომ გაეუქმებინათ ეს ტენდერი, რადგან ეს შენობა აუქციონზე უნდა გაეტანათ. აქ მაქვს პრეტენზია, რატომ დარეკეს და შეგვაფერხეს, თუ ინვესტორი არ იყო და თუ ინვესტორი იყო, მაშინ რა მოხდა? ასე რომ, ჩნდება კითხვები, რომ შეიძლება ვიღაცების ინტერესი იკვეთებოდეს“, - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი გეგმის სისრულეში მოყვანა ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად 500-დან 800 თანამშრომლამდე იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი გეგმა დამტკიცებული არ არის.
„ბორდი გახსნის დისკუსიას. მე სკეპტიკურად ვარ ამ დისკუსიის მიმართ განწყობილი, თუმცა შევინარჩუნოთ ფორმალური სიმშვიდე, დაინტერესებული პირები ამ დისკუსიაში ჩაერთვებიან. ჩავერთვები ასევე მეც და ჩემს ალტერნატიულ ხედვას დავდებ თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.
ერთ-ერთი ვინც „საზოგადოებრივ მაუწყებლზე“ მუდმივ რეჟიმში მიმდინარე რეფორმას მხარს არ უჭერდა, ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილია. იგი ამბობს, რომ მუდმივად ტარდებოდა რეფორმა, მათ შორის ბოლო რეფორმა 2015 წლის ოქტომბერს ჩატარდა.
„5 ოქტომბერს ინტერნეტში გამოკიდებული რეფორმა. იმის მერე ორი თვეა ვეძებეთ უფროსები, ბლოკები, საერთოდ ვისთან ვიყავით და რას ვაკეთებდით. მანამდე კიდევ იყო რეფორმა და ასე გრძელდებოდა წლები. არავის არ სჯერა უკვე ამ რეფორმების. რეფორმა თუ საჭიროა, მაშინ შევიყვანოთ ექსპერტი, რომ მოხდეს სამათლიანი დანაწილების პრინციპი. დიდი რეფორმა სჭირდება იმას, რომ სამართლიანობის პრინციპით მოხდეს ხელფასების გადანაწილება, ვიღაცას 500 ლარი აქვს ხელფასი და ვიღაცას 8 ათასი. რეფორმა არ სჭირდება იმას, რომ ვიღაცის ფავორიტებს საკუთრი გადაცემა ჰქონდეს და ვიღაცას არაფერი.
ერთი წლის, როდესაც მე პირადად ვწერდი ჩემი ბლოკის დირექტორს, ბატონ გვიმრაძეს, არ დახარჯოთ ამხელა ფული, არაფერქტური იქნება, არ გაამართლებს-თქო, ამის გამო კინაღამ გამაგდეს სამსახურიდან. სხვათა შორის ეს წერილები შენახული მაქვს. 8 თვის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ჰაერში გაისროლეს იმხელა ფული, დღეს, იმავე კაცმა მე არ უნდა მომთხოვოს პასუხი რეფორმის არაეფქტურობაზე“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გასათავისუფლებელ თანამშრომლთა სიის არსებობას არ ადასტურებს, სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე, რომლის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი ზედმეტია, რადგანაც მსგავსი სია სამეურვეო საბჭოს არ უნახავს.
„მნიშვნელოვანია საუბარი შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მენეჯმენტმა კარგად უნდა დაასაბუთოს გადაცემების შეჩერებას გულისხმობს, თუ დახურვას, რადგან სამართლებრივი შედეგი სხვადასხვაა. ეს არის იმ კითხვების ნაწილი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
ზოგადად, გადაცემის გაშვება ან დახურვა არის ტელევიზიის კომპეტენცია. ვერც სასამართლო ვერ დაავალდებულებს ესა თუ ის გადაცემა უნდა იყოს თუ არა ეთერში. სხვა თემაა შრომის სამართლებრივი მხარე, როდესაც საუბარია მუდმივ ხელშეკრულებებზე და ამ თანამშრომლების დათხოვნაზე, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს დასაბუთებული“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.