ალიანსი გამარგინალდა?!

ალიანსი გამარგინალდა?!

[ანნა მანია]
“ჩვენ შევცვლით“, “ერთადერთ ლიდერ ოპოზიციურ ძალად ჩამოვყალიბდით”, - ამბიციების მიუხედავად, ალასანიას ალიანსმა ერთობა ვერ შეინარჩუნა.
არჩევნებმა ბევრი რამ გამოაშკარავა: ხელისუფლებამ 65% ჩაიწერა, სწორედ ის პროცენტი, რაც გამომცემლობა „კომერსანტთან“ ივარაუდა შსს-ს მინისტრმა, „ეროვნული საბჭოს“ ე.წ. ხვედრითი წილიც, ანუ მეოთხე ადგილი, ვერ იყო შთამბეჭდავი.

ვერც ალიანსელებმა შეცვალეს და ვერც „ეროვნულ საბჭომ“ დაიცვა ხმები, ისე, რომ ხელ-ფეხის დალეწვამდეც არ მისულა საქმე. თუმცა ალიანსი დაიშალა, ხოლო „ეროვნული საბჭოს“ წევრები გაფართოების პერსპექტივებზე გვესაუბრებიან.

ექსპერტთა ნაწილი ამგვარ კონფიგურაციას, რაც არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა გლბალურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს: ალიანსის დაშლით ოპოზიციურ სპექტრში დასავლური გავლენები შესუსტდა, პარალელურ რეჟიმში პრორუსული პარტიების გამსხვილება შეინიშნებაო. რაც “ამერიკანიზებულ” პოლიტიკოსებს განგაშის საფუძვლად მიაჩნიათ.

როგორც ჩანს, ალიანსი ერთ-ერთ კონკრეტულ ოპოზიციურ ბლოკზე მეტად ზე-ამბიციურ მისიას ითავსებდა. ამის დასამტკიცებლად, იმ მოლოდინების გახსენებაც საკმარისია, რაც აშშ-დან ჩამოსვლამდე ირაკლი ალასანიას პერსონის ირგვლივ ყალიბდებოდა. ექსპერტთა ჯგუფი წინ და წინ დებდა ფსონს ალასანიას გაპრეზიდენტებაზე. ისე, ალასანიას და მის ქომაგებს ერთი თავისებურება ახასიათებთ, კონსტრუქციულობით გამოირჩევიან. აბსოლუტურად კომფორტულად, ხაზგასმული მოურიდებლობით საუბრობდნენ კიდეც, რომ ალასანია სააკაშვილს უმტკივნეულოდ შეცვლის, რომ ჩანაცვლება, ესე იგი, ხელისუფლების გადაცემა მოხდება. რასაკვირველია, „პრაგმატული“ ძალები ამ დროის მოლოდინში წინ და წინ ილესავდნენ კბილებს.

ისე, ამბიციურობა ალიანსში შემავალ პარტიებს ალასანიამდეც არ აკლდათ, პირიქით, უფრო ჭარბად ჰქონდათ, მანამდე „ხალხი ირჩევს გონიერ ხელისუფლებას“ -ამ სლოგანის ირგვლივ შეიკრიბნენ და თანდათან უალტერნატივობაზეც გაუჩნდათ პრეტენზია. თუმცა ამბიცია პოლიტიკოსებისთვის დასაძრახი სულაც არ არის და ხშირ შემთხვევაში პოლიტდივიდენდების მომტანია. ასე მაგალითად, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ალიანსს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს: „ერთადერთი ლიდერი ოპოზიციური ძალის ნაცვლად, დაქსაქსული ბლოკი ვიხილეთ. არჩევნების შემდეგ სულ სხვა რეალობა დადგა. ასეთი არათანმიმდევრულობა გახდა გახდა შარშან 9 აპრილის აქციების წარუმატებლობის საწინდარი“.

ახლა ოპოზიციური ერთიანობის მესაჭედ კვლავ ბურჯანაძე მიიჩნევა, ისევე როგორც აპრილის აქციების მსვლელობისას. ალიანსიდან განაწყენებულმა ერთი მეორის მიყოლებით იწყეს ახალ ბლოკში გაერთიანება. ახლა, ალიანსი პოლიტიკურად გაკოტრებულია, ლიდერის პერსპექტივებიც ვეღარ ჟღერს დამაჯერებლად. ალასანიას ელექტორატთან მობოდიშებაც დაჭირდა-დამოუკიდებელ პოლიტმანქანას ვაყალიბებ და პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას აწი ვიწყებო.

თუ რამე კოზირი ჰქონდათ ალიანსელებს ეს პირველ რიგში პროდასავლურობის დეკლარირება იყო. თუმცა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას თქმით, „სულ მალე ვნახავთ ერთმანეთის მიყოლებით მოსკოვში წაცუნცულებულ პოლიტიკოსებს, იმათ, ვინც ლაყუჩებს იხევდა, ყველას მინუს ნოღაიდელის ყვირილით. პრორუსულობა მხოლოდ საბაბია რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის, ამით საკუთარი უსუსურობის გადაფარვას ცდილობენ“.

დაახლოებით იდენტური მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს: - „ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც დიალოგში შედიან რუსეთთან. არსებობენ რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც არ შედიან დიალოგში და ბოიკოტის რეჟიმში არიან. არც ბოიკოტის რეჟიმში მყოფს არ ეთქმის ანტი რუსული და არც დიალოგში მყოფს არ ეთქმის პრორუსული. რადგან არც ერთი და არც მეორე არ ამბობს, რომ რუსული პოლიტიკა სწორია.

ისინი პოლიტიკას კი არ უჭერენ მხარს, ისინი მხარს უჭერენ დიალოგს, ამიტომ პრორუსულად მათი მონათვლა, მაინც უფრო პოლიტიკური ორთაბრძოლის, პოლიტიკური იარლიყის, როგორც ერთგვარი ხერხის გამოყენების მაგალითია. ასე რომ, ეს პროცესი, როცა საქმე ალიანსის დაშლას შეეხება გეოპოლიტიკურ კონტექსტში საერთოდ ნაძალადევად არის ჩასმული“.

ექსპერტთა ნაწილი ალასანიას ალიანსის პირობებში უცხო სხეულად მიიჩნევდა და ვარაუდობდნენ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსების გვერდით დიდ ხანს ვერ გაძლებდა. მართალია, ბლოკის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებებს ალიანსელები საგულდაგულოდ მალავდნენ, მაგრამ ფაქტების ანალიზი ლოგიკურ სურათს აყალიბებდა. კერძოდ, პირველი განხეთქილება თანაგუნდელებსა და ლიდერს შორის, ჭადრაკის სასახლეში მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ განაპირობა.

არადა, ალასანიას უნდა გაეთვალისწინებია თანაგუნდელების გამოცდილება და ამბიციები, მაშინ როცა, რესპუბლიკელები პირველები იყვნენ, ვინც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და მანდატები დახია, ანალოგიური გაიმეორეს კოლეგა ოპოზიციონერებმაც. თუმცა მოგვიანებით ამ ინიციატივის ატაცება ინანეს: პარალამნეტს გარეთ, რომ დავრჩით, იმიტომ მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენები და მასთან ერთად ბევრი უკანონობებიცო. სულ ახალახან გავრცელებული ფორმულირება „ყველას მინუს ნოღაიდელი“ ისევ ალიანსელებიდან წამოვიდა, ოღონდ ამჯერად, მოწოდების ავტორი „მემარჯვენეები“ იყვნენ.

ჭადრაკის სასახლეში ალასანია ნოღაიდელის გვერდით ექს-პრემიერის «გათეთრებაზე» იყო გათვლილი და ალასანიას ალიანსის საწინააღმდეგოდ მუშაობდა, გამოცდილ და უკვე უალტერნატივობის ამბიცია ჩასახული პოლიტიკოსებისთვის მათი ლიდერის გვერდით ნოღაიდელის ხილვა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. პირველი განხეთქილება „რესპუბლიკელებს“ და მათ ლიდერს შორის, სწორედ მაშინ წარმოიშვა. თუმცა, ამ დაპირისპირებას დიდი რეზონანსი არ მიეცა და ჩაიფარცხა კიდეც. ალიანსი ისევ ერთ გუნდად მოიაზრებოდა, (რა ხდებოდა კულუარებში სერიზული მსჯელობის საგნად ხომ ვერასდროს იქცევა)

მეორე „პენალტი“ ალასანიამ ბლოკს მაშინ დაურტყა, როცა უგულავას გამარჯვება მიულოცა, კიდევ უფრო გასაოცარი თანაგუნდელებისთვის მათი ლიდერის და უგულავას ფარული შეხვედრა აღმოჩნდა. აქ უკვე „რესპუბლიკელებს“ ნერვებმა უმტყუნეს და როგორც ერთ-ერთმა მათმა თანაპარტიელმა პრივატულ საუბრებში გვითხრა, „ალასანიას თვითნებობა ყოველგვარ ზღვარს გაცდა“.

არ იცი... ასე ჯობია...აპრობირებულია და მსგავსი შეგონებები ახალგაზრდა ლიდერისათვის ძნელად მისაღები აღმოჩნდა. მით უფრო, თუ ირაკლი ალასანიას პიროვნული შტრიხებიდან ვიმსჯელებთ: „მოკრძალებული. დელიკატური. თავაზიანი. კარგად აღზრდილი“-ამგვარი ეპითეტებით ამკობდნენ ფსიქოლოგ-ექსპერტები. ასე რომ, ალასანიას ზეამბიციურ პოზაში ყოფნა გაუჭირდა, მისი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი, პოლიტიკოსის ამპლუაში ჭადრაკის სასახლეში ერთიანობისთვის გადადგმული ჟესტი იყო და საპასუხოდ გაუთვალისწინებელი რეალობა, თანაგუნდელებისგან გარიყვა მიიღო.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:
– „ალიანსის დაშლა დამარცხებამ გამოიწვია.
როცა გადაწყვეტილებას რამოდენიმე თავი იღებს, როცა მათ შორის ფუნქციები გადანაწილებულია, მერე ყოველთვის დგება საკითხი, ვინ არის დამნაშავე მარცხში. დამნაშავის გარკვევა ძნელია, ამიტომ ამ სიძნელეების თავიდან აცილების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველამ თავისი საქმე თვითონ აკეთოს და თვითონვე იყოს პასუხისმგებლი.

რა თქმა უნდა იყო ფრაგმენტი, რაც ალიანსში დაპირისპირების არსებობისკენ გვიბიძგებს. როცა ალასანიამ გადადგა ის ნაბიჯები რაც რესპუბლიკელებმა საჯაროდ გაკიცხეს, მაგრამ არ მგონია, რომ მხოლოდ რესპუბლიკელებში, ან მხოლოდ ამ ფრაგმენტში იყოს ძაღლის თავი დამარხული, საერთოდ ნებისმიერი გაერთიანება აჩენს სირთულეს რასაც ფუნქციების სწორი გადანაწილება და შემდეგ ამ ფუნქციების შესრულება ჰქვია.

ისე, როგორც ჩანს უფრო ლიდერია უფრო უკმაყოფილო იმათი, ვინც მის ჯარისკაცად წარმოადგინა თავი, ვიდრე ჯარისკაცები მხედართმთავარისა. ალასანიამ ბოლოს და ბოლოს განაცხადა კიდეც, ეს ჩემი გადასაწყვეტია, თუ ვის უნდა შევხვდეო.

ისე, ჯობდა, ჯერ დამოუკიდებელი პოლიტიკური მანქანა ჩამოეყალიბებინა და მერე ეფიქრა სხვა სახის კონფიგურაციაზე. პოლიტიკა ჯგუფური თამაშია და არა ინდივიდუალური“.

ალიანსი დამარცხებას არ ურიგდება და ბლოკის დაშლას ახალ რეჟიმზე გადასვლად აფასებს. თავის მხრივ, არჩევნების შემდგომ დაშლილი ბლოკის ამარად დარჩენილი ლიდერი ალასანია აშშ-ში მიემგზავრება და როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. ვოიაჟები, ისევ და ისევ, იმ კოზირის გათამაშებისთვიც რითაც დივიდენდების მიზიდვას შეეცდება.

ირაკლი ალასანიამ გამგზავრებამდე არჩევნების პერიოდში ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა: „ერთგვარი ლუსტრაცია იყო. პრორუსულმა ძალამ იჩინა თავი, პროდასავლური და პრორუსული მიმართულებები გაიმიჯნა, შემდეგ ეტპაზე უკვე იდეოლოგიური განსხვავებებიც გამჟღავნდება. ეს მხოლოდ მისასალმებელია“.

კიდევ ერთი ფრაზა, რაც წასვლამდე ალასანიამ დაგვიტოვა: „არჩევნების დროს უპირატესი ჩემთვის საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის განმტკიცება იყო“-ეს განცხადება ოპოზიციის რიგებში უარყოფითად შეაფასეს და ამომრჩეველზე ზრუნვის ნაცვლად, ალასანია ამბიციურობასა და ეგოიზმში დაადანაშაულეს. მეორე მხრივ, ყოფილმა ლიდერმა ამის დეკლალირებით კიდევ ერთხელ განამტკიცა ვარაუდი, ალიანსში განხეთქილება დღითი-დღე მწიფდებოდა და მოვლენები ლოგიკურ ფინალამდე - ბლოკის დაშლამდე მივიდა.

მიუხედავად იმისა, ალიანსელები კოორდინირებული მუშაობის წინააღმდეგი არც მომავალში არიან, შეძლებს თუ არა ალასანია ყოფილ თანაგუნდელებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას ამას დრო გვიჩვენებს, ისე, რიგი პოლიტიკური ლიდერებისთვის მწარე გაკვეთილი უნდა იყოს თუ რა შედეგი მოუტანა ოპოზიციურ სპექტრს მინუს ფორმულებმა.

ფაქტია, ალასანიამ ლიდერობა უკვე დაკარგა და პოლიტიკაში დამკვიდრებისთვის ბრძოლას ახალი ძალისხმვით უნდა შეხვდეს. რამდენად გაამართლებს ის მანქანა, რისი მშენებლობაც ახალი პოლიტდივიდენდებისთვის დაჭირდა ამას დრო გვაჩვენებს.

P.S.- პარალელურად, მიუხენში ახალი ბლოკი ყალიბდება. ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამშობლოში დაბრუნებასა და პოლიტდივიდენდების მოპოვებისთვის იწყებს მზადებას.

ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღიადელი- მიუხედავად იმისა, რევანშისტულ მოძრაობასთან ასოცირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებად ბრუნდებიან და სხვათაშორის, ზეამბიციებიც გააჩნიათ.