„საქართველოს ბანკის“ მიერ რუსთავის „აზოტის“ ხელში ჩაგდების მაქინაციური სქემა გაშიფრულია?

„საქართველოს ბანკის“ მიერ რუსთავის „აზოტის“ ხელში ჩაგდების მაქინაციური სქემა გაშიფრულია?

რუსთავის აზოტის გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდება. ქარხნის ახალმა მფლობელმა კომპანიამ 350-მდე მუშა-მოსამსახურე სამსახურიდან დაითხოვა, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. დათხოვნილები და მათი გულშემატკივრები მომხდარის მიზეზების ახსნას და სამასახურში მათ უპირობო აღდგენას ითხოვენ. 2 თებერვალს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ახალმა ადმინისტრაციამ პოლიციას მოუხმო ქარხნის ჭიშკართან შეკრებილი ხალხის შესაჩერებლად, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ. გაღიზიანებულმა საზოგადოებამ შუადღისთვის მაინც მოახერხა კორდონის გარღვევა და ადმინისტრაციულ შენობაში შეღწევა. გათავისუფლებულ მუშა-მოსამსახურეებს მხარს უჭერს დარგობრივი პროფკავშირი, ასევე გაერთიანებული პროფკავშირული მოძრაობა, მთელი რიგი არასამთავრობო, სტუდენტური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რაც მთავარია, ამჟამად ქარხანაში მომუშავე თანამშრომლები. მუშებთან პირდაპირ საჯარო შეხვედრას ადმინისტრაცია ამ დრომდე გაურბის.

საპროტესტო მსველელობები გაიმართა რუსთავის მერიასთან და თბილისში, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში ქარხანაში გათავისუფლებების ახალი ტალღა დაიწყება.

საინტერესოა, რეალურად რა მოხდა და რა ხდება 50 წლის ისტორიის მქონე საწარმოში - რუსთავის აზოტში, - სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ქიმიურ ქარხანაში, რომელიც აზოტოვან სასუქს აწარმოებს.

როგორც ჩანს, იმას, რაც ხდება, კონკრეტული რეჟისორები ჰყავს, რომელთა მიზანი საწარმოს გაჩერებაა. ამჟამინდელი „მეპატრონის“ ს.ს. „ეუ ინვესთმენტისა“ და მისი მფლობელის ეფრემ ურუმაშვილის უკან „საქართველოს ბანკი“ დგას, რომლის გუნდმაც მთელი რიგი გაუმჭვირვალე და, შესაძლოა, უკანონო ქმედებების შედეგად ქიმიური ქარხანა ხელში ჩაიგდო.

ამ საქმესთან უშუალო კავშირშია ასევე ბიზნესმენი რომან ფიფია - ქარხნის ყოფილი მფლობელი, რომელმაც რუსთავის აზოტი საკუთარი კრედიტორების მძევლად აქცია.

როგორც ჩანს, ქარხნის ახალ მფლობელებს ნაკლებად აინტერესებს ხალხი, საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია და თავად ქარხანა. მათთვის მთავარია ფული და ცხადია, რაც შეიძლება სასწრაფოდ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

ქარხანა მძევალი

რომან ფიფიას კონტროლქვეშ არსებულმა კომპანია Loyal Capital Group - მა 2014 წლის ზაფხულში ლუქსემბურგული ბანკიდან მიიღო 100 მლნ აშშ დოლარის მოცულობის მიზნობრივი კრედიტი. კრედიტის მიზნობრიობა რუსთავის აზოტის აქციათა პაკეტის შესყიდვა იყო. ფიფია ისედაც ფლობდა აზოტის 55%-იან წილს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კრედიტის მეშვეობით, მას მთელი აქტივების მის საკუთარ ხელში კონსოლიდირება ჰქონდა ჩაფიქრებული.

თუმცა, შემდგომ მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. კერძოდ - ამ სესხიდან 40 მლნ აშშ დოლარი პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გადაირიცხა არამიზნობრივად , სრულიად უცხო კომპანიაზე. ჩვენი ინფორმაციით, Loyal Capital Group -ი პარტნიორების კითხვებს, თუ რატომ მოხდა ასე, რომან ფიფია დიდხანს არიდებდა თავს და აბსურდული ახსნა-განმარტებებით იფარგლებოდა. ამ ვითარებას მალე აეხადა ფარდა, როცა გაირკვა, რომ 40 მილიონი დოლარის მიმღები კომპანიაც რომან ფიფიასთან აფილირებული აღმოჩნდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ლუქსემბურგული ოფისი იმავე სახლში და იმავე სადარბაზოშია რეგისტრირებული, სადაც Loyal Capital Group-ი, მრავლისმეტყველია.

მას შემდეგ, რაც ფიფიამ კრედიტის თითქმის ნახევარი „მეზობელს“ მისცა, 2015 წელს ის 100 მილიონიანი კრედიტის რეფინანსირებას შეეცადა, თუმცა, ვეღარ შეძლო. შესაბამისად, როცა კრედიტის დაბრუნების დრო დადგა, ხოლო Loyal Capital Group -მა ეს ვერ მოახერხა, ლუქსემბურგულმა ბანკმა სასამართლოს მიმართა.

ერთი შეხედვით, ფიფიას სიხარბე ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება აიხსნას კიდეც. - იმ პერიოდისთვის აზოტის ქარხნის ძირითადი პროდუქტის (ამონიუმის გვარჯილა) ფასი მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ იყო დაცემული, ხოლო ძირითადი საწარმო საშუალების - ბუნებრივი აირის ფასი, ფაქტობრივად არ შემცირებულა. ამასთან ერთად, რუსთავის აზოტის ძირითადი საწარმო საშუალებები და აქტივები უკვე მოქცეული იყო „საქართველოს ბანკის“ გირაოს ქვეშ და კრიზისის დასაძლევად მათი გამოყენებაც ვერ მოხერხდებოდა.

ცხადია, ამ ყველაფრის შედეგად ქარხანაში პრობლემები გამძაფრდა. შემცირდა საბრუნავი საშუალებები და გაჩნდა სახელფასო დავალიანებები.

ვა-ბანკი

სწორედ ამ რთულ მომენტში „საქართველოს ბანკმა“ მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა საწარმოს და დაგირავებულ ძირითად საშუალებებზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის პროცესში ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ სხვა კრედიტორების ინტერესები უგულებელყოფილიყო. კერძოდ, ლუქსემბურგული ბანკის ინტერესები, რომელმაც აქციათა პაკეტის შესაძენად ფიფიას კრედიტი გამოუყო და ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინტერესები, რომელიც პრობლემური კრედიტის რეფინანსირებით იყო დაკავებული. ისინი უბრალოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და აუქციონში მონაწილეობის საშუალებაც კი არ მიეცათ.

როგორც ირკვევა, 2016 წლის 1 სექტემბერს დანიშნული აუქციონის შესახებ ინფორმაცია „ევრობანკმა“ მხოლოდ 2 დღით ადრე, 30 აგვისტოს მიიღო. გასაოცარი დეტალია ისიც, რომ ჩვენი ინფორმაციით, ევროპაში შეტყობინება აუქციონის შესახებ მხოლოდ ქართულ ენაზე გაიგზავნა.

რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ აუქციონის გამარჯვებული და შესაბამისად, „რუსთავის აზოტის“ მესაკუთრე და ყველა საწარმო აქტივის მფლობელი გახდა „ეუ ინვესთმენთი“, რომელსაც „საქართველოს ბანკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი ეფრემ ურუმაშვილი ხელმძღვანელობს.

ახალი მეპატრონეც ისეთივე ბუნდოვანი და არაკეთილსინდისიერი სქემებით ამოქმედდა, როგორც ამას „აზოტთან“ მიმართებით, მანამდე მისი ყოფილი დამსაქმებელი „საქართველოს ბანკი“ აკეთებდა. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა „აზოტი“ აუქციონის მეშვეობით საკუთარ აქტივებს და ძირითად საშუალებებს კარგავდა, ეფრემ ურუმაშვილმა დაარეგისტრირა „რუსთავის აზოტის“ ორეული კომპანია და მასაც „რუსთავის აზოტი“ დაარქვა.

საინტერესოა ისიც, რომ ეფრემ ურუმაშვილმა რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა რეალური „რუსთავის აზოტის“ რეგისტრაციის გაუქმება იმ გასაოცარი მიზეზით, რომ არ იძებნებოდა კომპანიის იურიდიული მისამართი...

ამგავარი კომბინაციის მიზანი იყო და არის ის, რომ ქიმიური ქარხნის ყველა აქტივი აღმოჩნდა ორეული კომპანიის კონტროლის ქვეშ, ხოლო ძველი იურიდიული პირი დარჩა აქტივების გარეშე მხოლოდ ვალებისა და ვალდებულებების ამარა.

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ეფრემ ურუმაშვილმა და „ეუ ინვესთმენთმა“ უკვე გააფორმეს ხელშეკრულებები „რუსთავის აზოტის“ ძირითადი საშუალებების ლიზინგის შესახებ, ცხადია, ორეულ კომპანიასთან. შესაბამისად, ქიმიური ქარხანა იძულებული გახდება საკუთარი მანქანა-დანადგარები იჯარით აიღოს მათგან და ამაში ფული გადაიხადოს. მათ შორის ის ფული, რაც შეიძლებოდა სწორედ გათავისუფლებული რამდენიმე ასეული მუშა-მოსამსახურის შრომის ანაზღაურებას მოხმარებოდა. 

„რუსთავის აზოტის“, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქიმიური ქარხნის შემდგომი ბედი ბუნდოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ ქარხნის ძირითად საწარმო საშუალებაზე - ბუნებრივ აირზე - ფასი იზრდება, ხოლო ძირითად პროდუქციაზე - ამონიუმის გვარჯილაზე უცვლელი რჩება, ქარხანა სერიოზულ ფინანსურ შემოსავლებს არ უნდა ელოდოს. შესაბამისად, დიდია საშიშროება, რომ რუსთავის აზოტის ქარხანა საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას და სამსახურის გარეშე დარჩება ის 2000 მუშა-მოსამსახურეც, რომლებიც გათავისუფლებების პირველ ტალღას ჯერ-ჯერობით გადაურჩნენ.