ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 2017 წლის 14 იანვარს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ალავიძის და ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში, რომლებიც მოსამართლეებმა მთავარ პროკურატურაში წარმოადგინეს, იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები. ამ ეტაპზე გამოძიების სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა არ საუბრობს.
მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნება უკრაინულ პორტალ „Українська революція“ -ზე ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, საყვარელიძე სწორედ ამ მოსამართლეებს ახსენებს და განმარტავს, რომ მათ „ამანათები გაეგზავნათ“.
დავით საყვარელიძე: ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან. მოკლედ იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად ასეც და ისეც, კარიერულად ერთი მინისტრად, მეორე თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არ გევალებათ, მოკლედ, თემა უნდა ააფეთქოთ-თქო.
ზეწოლის, თვალთვალის, დატერორების და დაშინების რეჟიმში გვამყოფებენ და აღარ ავიტანთ ამას-თქო. ოდნავ გაახმოვანეთ და, ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავს-თქო. მაგათი ამბავი ზოგადადაც ხომ ხედავთ წასულია-თქო. თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთ-თქო. მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ რომ არ შეშინებულიყვნენ.
მიხეილ სააკაშვილი: ანუ იმედი გვაქვს?
დავით საყვარელიძე: დარწმუნებული ვარ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა. რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას.
მიხეილ სააკაშვილი: და საბოლოოდ როდის აპირებენ განხილვას?
დავით საყვარელიძე: არ ვიცი, თუმცა როცა არ უნდა იყოს ესენი ბოლომდე მიაწვებიან და იტყვიან, რომ სრული სისულელეა და უნდა გაუქმდეს.
მიხეილ საააკაშვილი: იტყვიან, კი?
დავით საყვარელიძე: კი, უეჭველი. მაგათ ცოტა ტელევიზიებთან გამოსვლა უჭირთ საჯაროდ თემების გასკანდალურებას ერიდებიან, თორე მაგაში რომ გასაუქმებელია, ბოლომდე მიაწვებიან.
მიხეილ სააკაშვილი: და სხვა მოსამართლეები? ხომ ბევრნი არიან და როგორ იქნება?
დავით საყვარელიძე: ჯერ შემადგენლობაც არ დასახელებულა. როგორც კი დაასახელებენ იმათაც წავემუშავებით, ვისთანაც აზრი აქვს. ვისთანაც არა და ვინც დაგვაპაშოლებს, უნდა გავაშაოთ ბოლომდე. პიარს გვარამია მიხედავს და გააფორმებს. ეგენი ხომ იცი კიდევ ღამურებივით არიან, ოღონდ საჯაროდ არ გამოაჭენო და მიკროფონი არ დაანახო, ხმას ვერ ამოიღებენ. ადვოკატების თავმჯდომარე ზაზაც მზადაა, რომ ბოლომდე გადაუაროს მაგათ, ენჯეოებიც მომართულნი არიან და მოკლედ, მთელი ორკესტრი ამუშავდება.
საყვარელიძის მიერ გამოგზავნილი „ამანათები“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავენ, ირაკლი შოთაძეს გადასცეს და მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, პირი, რომელმაც მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის მაღალჩინოსანია, თუმცა, მის ვინაობას არ აკონკრეტებს. როგორც მურუსიძე აცხადებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მოისმინა ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.
„თავად მოსამართლეებს არ ჰქონდათ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კონტაქტი. დღეს გახდა გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილი. სრულად არ ვიცი, რა ხდება და როგორ. შევიტყვე, რომ ორ მოსამართლეს - ბესო ალავიძეს და პაატა ქათამაძეს მიუვიდათ წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით და შემდეგ მიუვიდათ სატელეფონო შეტყობინებები.
მათ აღნიშნული წერილები გადასცეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს წერილები პროკურატურას გადაუგზავნა. კარგი იქნებოდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებს - შესაძლო ზეწოლის საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭო საქმის კურსში ჩაეყენებინათ“, - აცხადებს ლევან მურუსიძე.
საქმის გამოძიებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა „რუსთავი 2“ - ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის მოსამართლეებს სთხოვდნენ, პროკურატურაში შეტანილი განცხადება ან უკან გაეტანათ, ან ის სუბიექტები შეეცვალათ, რომლებსაც ზეწოლაში ადანაშაულებენ. გვარამია ირწმუნება, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრეზიდენტის გარდა, ყველა სახელისუფლებო შტოა ჩართული.
„ჩვენ გავასაჯაროვებთ რამდენიმე ინფორმაციას: პირველ რიგში, გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან - რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვება? - ეს კითხვა რიტორიკულია, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე. ის არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ.
მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები - დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები.
ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე პროკურატურის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს, როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები სახელმწიფო სისტემაში, მათ შორის, პირველ რიგში, სამართალდამცავ სისტემაში“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
„რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეების საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ტელეკომპანიის იურისტს. თამთა მურადაშვილის გნცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რაღაც უკანონო მიმოწერა ჰქონდათ მოსამართლეებს, ეს რაღაც ფაბრიკაცია, რომელიც და მიუთითებს იმაზე, რომ ხორციელდება გარკვეული შეთქმულება იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც სავარაუდოდ გაუძლეს ზეწოლას თავის დროზე, როცა უზენაეს სასამართლოში შევიდა პირველად ჩვენი საქმე. როგორც ჩანს, ახლაც უძლებენ ზეწოლას“, - აცხადებს თამთა მურადაშვილი.
„რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობაც“ და აცხადებენ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა, რის გამოც პარტიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნა დააყენა. ბრალდებას „არასერიოზულს“ უწოდებენ სუს-ში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს „ევროპული საქართველო“. დავით ბაქრაძის განცხადებით, მიმართავენ პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს და სთხოვენ, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმის გამოძიებაში და აქტიურად მიადევნოს თვალყური გამოძიების მიმდინარეობას.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საქმის ჩაფარცხვის და მიჩუმათების საშუალება, არ მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ ამ საქმეზე რეაგირება არ მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოების მომავალს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
უმცირესობისგან განსხვავებით საქმის გარეშემო კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს, კერძოდ, ხომ არ აქვს ადგილი სასამართლო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩარევის ფაქტსა და მცდელობას? თალაკვაძის განცხადებით, ამ პროცეში არის რამდენიმე სერიოზული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უმოკლეს ვადაში უნდა გაეცეს.
„აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა კავშირი აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ შორის ნიკა მელიას საერთოდ ამ საქმესთან, რა კომუნიკაციაში იმყოფება ის ან მოსამართლეებთან ან სხვა მხარეებთან, რომლებზეც კომენტარებს აკეთებს? საიდან იცის, რა თემებზე შედგა შესაძლო საუბარი მოსამართლეებთან, რომელშიც თვითონ არ ყოფილა ჩართული? ამითაც, ჩემი აზრით, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები. ასევე ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულად გვაინტერესებს, რა კვაშირი აქვს ინტერნეტმედიით გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს იმ ადამიანებთან, ვინც ამ საუბარში ფიგურირებენ“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს საუბარი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და თუ ეს კავშირები რეალურად დადგინდება, ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს, რადგან, მისი თქმით, აშკარაა, ადგილი აქვს სასამართლო საქმის სამართლებრივი სივრციდან გამოტანის პირდაპირ მცდელობებს.
„ეს უკვე მერამდენედ ხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაჭრას მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლებრივი მექანიზმები და ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ასევე კითხვა გვიჩნდება, თუ ამ ორმა მოსამართლემ იცოდა რაიმე შესაძლო ზეწოლის შესახებ იანვრის შუა რიცხვებში, ვინ სთხოვა მათ ორი კვირით მოეცადათ და მერე ჩაეტარებინათ ეს ბრიფინგი?“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს იურისტი ირამა ჭკადუა, რომლის განცხადებით, უდავოა, რომ ეს არის იმ პიარ გეგმის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძროაბა“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ეწევა, რომელთა მიზანია, ყველა სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაცია, რასაც ახერხებენ.
„რაც შეეხება სასამართლოს და მოსამართლეებს, ყველა მოსამართლე, რომელიც ამ საქმეში პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული, თავდახმის და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. მათ კარგად იციან, როდის რა განცხადება უნდა გააკეთონ. ამიტომ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს სააკაშვილი-საყვარელიძის ჩანაწერის ავთენტურობა. ჩანაწერი გვაფიქრებინებს, რომ საყვარელიძე და სხვადასხვა ადამიანები შესაძლოა, რაიმე ფორმით ცდილობდნენ იმ მოსამართლეთა კორპუსზე ზეწოლას და დაშანტაჟებას, რომელიც მათ 9 წლის განმავლობაში ჯიბეში ეჯდათ“, - ამბობს ირმა ჭკადუა.
იურისტის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს „რუსთავი 2“-ის საქმის პოლიტიკურ ნაწილში გადატანას და ამისთვის მათ სჭირდებათ ყვირილი, ყველა იმ მოსამართლის და ადამიანების დისკრედიტაცია, რომელთაც იციან რეალურად რა ხდება.
„ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილება ერთიანად არ არის მისაღები მხარეებისთვის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო მუდმივად არსებობდა კითხვები. მეპატრონეები იცვლებოდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ტელეკომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არის პროპაგანდის მანქანა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
სამართლმცოდე თემურ მონიავას განცხადებით, ვიდრე არ მოხდება სააკაშვილი-საყვარელიძის სატელეფონო საუბრის იდენტიფიცირება, რთულია საუბარი რასთან გვაქვს საქმე.
„რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ალავიძე და ქათამაძე არიან ის მოსამართლეები, რომელთა მოსყიდვა ვერ შეძლეს? მათზე ხდებოდა ზეწოლა, მაგრამ როდესაც არ დაეთანხმნენ, შეუთხზეს ეს თემა და შექმნეს იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს ადამიანები მათ მიერ უკვე მოსყიდულია, რომ საქმე სხვა შემადგენლობას გადაეცეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მიზანიც ამოძრავებდეს მათ. ამიტომ, გამოძიებით უნდა დადასტურდეს, რა მიზანს ისახავდა სააკაშვილი-საყვარელიძის საუბარი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავა.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს შიდა ჩარევის ფაქტს, მონიავას განცხადებით, არსობობს სამართლებრივი რესურსი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აღკვეთოს მისი მოქალაქის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტი.
„გუბერნატორობის პერიოდში, როგორც საჯარო მოხელეს ეკრძალებოდა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მაშინ ეროდა საქართველოს შიდა საქმეებში. დღეს, ის არის კერძო პირი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ოპოზიციაშია იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელის მოქალაქეც არის, რა დაუშლის მას ასეთ ქმედებას?
ამ შემთხვაში სააკაშვილის განცხადებაზე რეაგირებას ვერ მოახდენს უკრაინული მხარე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მისი განცხადება შეიცვას სისხლის სამართლის ნიშნებს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ აღიკვეთოს მისი მოქმედება. საკითხის დასმა შეიძლება, მაგრამ მთავარია რა შედეგი მოჰყვება ამას. რეაგირება ყველა შემთხვევაში საჭიროა, თუ მის მოქმედებაში არის დანაშაული.
ვიცით, რომ ტრამპის ინაგურაციის დასასწრებად ჩასული იყო ამერიკაში. ახლა მაინც არ წარმოადგენდა დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილ პიროვნებას და თუკი ის ქვეყანა ჩვენი პარტნიორია, მაშინ რატომ არ დააკავებს, რატომ არ ჩაავლეს ხელი და არ ჩამოიყვანეს საქართველოში?“, - აცხადებს თემურ მონიავა.