„მარტო ის რად ღირს, რომ ტანვარჯიშის ცენტრში სამასამდე სოციალურად დაუცველ ბავშვს დედაქალაქის მერია უხდის საფასურს“

„მარტო ის რად ღირს, რომ ტანვარჯიშის ცენტრში სამასამდე სოციალურად დაუცველ ბავშვს დედაქალაქის მერია უხდის საფასურს“

„ლაგუნა ვერეს“ მახლობლად მდებარე ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი უამრავ ტანმოვარჯიშეს უზრდის საქართველოს. აღნიშნული ცენტრის დირექტორი ლაშა ლომიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დედაქალაქის მერია მათი ცენტრის მიმართ დიდ თანადგომას გამოხატავს და სწორედ მერიის დაფინანსებით 300-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი უფასოდ ეუფლება სპორტის ამ ლამაზ სახეობას.

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი ისევე, როგორცლაგუნა ვერესმიმდებარე ტერიტორია, ყველაზე მეტად გაპარტახდა. როგორ შეძელით მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა?

- 2015 წელს მომხდარმა წყალდიდობამ ჩვენი ცენტრი ძალიან დააზარალა. ფაქტობრივად, მთელი ცენტრი გაპარტახდა, წყალმა წაიღო ყველა დანადგარი, სპორტული ინვენტარი. ეზოში ოთხ მეტრამდე წყალი იდგა, ფაქტობრივად, ტბა იყო ცენტრის წინ. არადა, ყველაფერი მანამდე მოწყობილი იყო, მერიას ახლად დასრულებული ჰქონდა რემონტი. წყალდიდობის შემდეგ მერიამ კვლავაც დაიწყო ჩვენი ცენტრის აღდგენა, მოხდა გარე თუ შიდა ტერიტორიის გაწმენდა, გამოიყო სპეციალური მანქანები. ამის შემდეგ „ვითიბი ბანკმა“ გამოთქვა სურვილი, ჩვენი ცენტრი სავარჯიშო ინვენტარით აღეჭურვა და გაერემონტებინა. მერია ამას დასთანხმდა, სამუშაოებმა 2-3 თვე გასტანა და კვლავაც მერიის გვერდში დგომით ჩვენი ცენტრის ხელმეორედ რეაბილიტაცია განხორციელდა. გაიწმინდა და აღდგა ცენტრის ქვედა სართული, ნახევრად სარდაფი და სხვა.

თქვენთან ფუნქციონირებს ტანვარჯიშის ოთხი სახეობა: სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა და სპორტული აკრობატიკა. როგორც ჩანს, ტანვარჯიში კვლავაც პოპულარული ხდება და თქვენი ცენტრიც მომსვლელთა ნაკადს არ უჩივის.

- მომსვლელთა ნაკადს არ ვუჩივით. გვაქვს კიდევ ფიტნესცენტრი, რომელიც ქალაქში ყველაზე ძვირადღირებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, მწყობრში სრულად ჩადგომისთვის გარკვეული ხანი კიდევ დაგვჭირდა. რემონტის შემდეგაც ბევრი რამ იყო დასამთავრებელი, რაშიც ისევ მერია დაგვიდგა გვერდში. ჩვენი ცენტრი იურიდიულად ერთია, მაგრამ ორ მისამართზეა. ამ ერთი დიდი ცენტრის გარდა გვაქვს კიდევ მეორე, ზაზიაშვილის ქუჩაზე. ის აკრობატიკის ცენტრია, სადაც 400 ბავშვამდე გვყავს, „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე ტანვარჯიშის ცენტრში კი 1100 ბავშვი დადის.

მაინცდამაინც ტანვარჯიშზე რატომ აიღეთ აქცენტი? გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცენტრი თავიდანვე ტანვარჯიშის ტრადიციების მქონედ ითვლებოდა?

- ცხადია, აქ თავიდანვე, ანუ 1956 წლიდან ტანვარჯიშის სწავლება მიმდინარეობდა, ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. ცენტრის პირველი დირექტორი გახლდათ ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელი, რომელმაც, ფაქტობრივად, დააარსა ეს ცენტრი. დღესდღეობით ყველა ხედავს, როგორი სახე მიიღო ამ ადგილმა, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი. ტანმოვარჯიშეებისთვის სრული კომფორტი გვაქვს შექმნილი.

თქვენს აღზრდილებს შორის უკვე გამოიკვეთა პროფესიონალიზმის ნიშნები?

- ოლიმპიელი გვყავს ბატუტზე ხტომაში - ლუბა გოლოვინა. ის ჩვენი აღზრდილია, მეშვიდე ადგილზე გავიდა ახლახანს მსოფლიო ჩემპიონატზე. ლუბას გარდა, კიდევ ძალიან ბევრი პერსპექტიული ბავშვი გვყავს. ახლახანს გახლდით შეჯიბრებაზე ვიტებსკში, სადაც კარგი შედეგი აჩვენეს ჩვენმა ბავშვებმა. არაერთ შეჯიბრზე წასვლას ვგეგმავთ, ახლა მაინც წლის დასაწყისია და კიდევ ბევრი რამ ელით ჩვენს აღსაზრდელებს.

საქართველოში სპორტის ამ სახეობის აღორძინების პერსპექტივას ხედავთ?

- იცით, რა არის? წინა წლებთან შედარებით, ჩვენს ცენტრში ბავშვების ნაკადის 40-45%-იანი ზრდა შეიმჩნევა.

რა ასაკიდან იწყებენ ვარჯიშს?

- ოთხი წლიდან, ზოგიერთი სამი წლის ან სამწლინახევრისაა.

ძირითადად გოგონები არიან?

- არა, ბიჭებიც. გოგონები მაინც უფრო მხატვრულ ტანვარჯიშზე არიან, მხატვრული ტანვარჯიში ბიჭებისთვის არ არსებობს. ჩვენი დიდი დარბაზი ტანვარჯიშის ყველა სხვა სახეობას იტევს, გარდა მხატვრული ტანვარჯიშისა. გვაქვს, ასევე, ერთი სახეობის, ანუ მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზიც.

გარდა იმისა, რომ ტანვარჯიშის ცენტრის აღდგენაში დაგეხმარნენ, ხელისუფლება რას აკეთებს ტანვარჯიშის, როგორც სპორტული სახეობის, განვითარებისთვის?

- დღეს რომ თანადგომა აქვს სპორტს, ასეთი არასდროს ჰქონია.

ბიუჯეტს გულისხმობთ თუ მორალურ მხარდაჭერას?

- ყველანაირ მხარდაჭერას - ფინანსურს, ჩვეულებრივ ყურადღებას. სპორტის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის მერია. მარტო ტანვარჯიშის სახეობაში სადღაც 30 მწვრთნელს ხუთასლარიან დახმარებას ურიცხავენ მერიიდან. მერიაში ფუნქციონირებს მწვრთნელთა დახმარების პროგრამაც. სპორტის სამინისტროს კიდევ ცალკე პროგრამები აქვს, იქ დიფერენცირებულია მთავარი მწვრთნელის ხელფასი და სხვა. თუმცა მერიას დამატებით აქვს სტიპენდიის პროგრამა პერსპექტიული სპორტსმენებისთვის. ჩვენთან არის კიდევ ტანვარჯიშის ქალაქის ფედერაცია და, როგორც კი შევატყობთ ბავშვს პერსპეტივას, თუ იგი რაიონულ ან რესპუბლიკურ შეჯიბრში გამოიჩენს თავს, მერიასთან შეთახმებით, მას ვათავისუფლებთ გადასახადისგან. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ბავშვს უჭირს გადასახადის გადახდა. ანუ გარდა იმისა, რომ ბავშვი ჩვენი გადასახადისგან თავისუფლდება, მას სტიპენდიაც ენიჭება.

როგორც ვიცი, თქვენთან სამასამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი ეუფლება ტანვარჯიშს.

- რა თქმა უნდა, ეს ღარიბი ოჯახების წახალისებაა. რაც ყველაზე მთავარია და, რაც ხალხმა არ იცის, მარტო მე მყავს სამასამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი ერთ დარბაზში, რომელსაც მერია უხდის საფასურს. გულსატკენია, რომ არავინ იცის ამის შესახებ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მერიამ გაარემონტა ჩვენი ცენტრი და წავიდა. არსადაც არ წასულა, ყოველთვიურად სამას ბავშვს ეხმარება და ამით ჩვენც გვეხმარება, რადგან მწვრთნელი ბავშვს უფულოდ არ ამეცადინებს. ვიმეორებ, მერია უხდის იმ ბავშვს თანხას და მწვრთვნელი იქიდან ხელფასს იღებს. მერიის მიერ გადახდილი თანხიდან ბავშვიც სარგებლობს, მწვრთვნელიც და ტანვარჯიშის ცენტრიც. ეს ძალზე დიდი პროექტია. წარმოიდგინეთ, მარტო ერთ ცენტრში სამასი ასეთი ბავშვია. დაახლოებით იგივე ხდება სხვადასხვა „აიიპ“-ებში, ცურვის თუ სხვა სპორტულ ცენტრებში, სადაც მერია ახორციელებს თავის პროექტს. სხვაგანაც სამას-სამას ბავშვს ეხმარებიან.

გლდანის აუზიც მერიისაა. ნახეთ, როგორი მომენტია. ბავშვი, რომელსაც არც თანხა აქვს, ვერც პერსპექტიულ ბავშვთა შორის მოხვდა და პერსპექტიულთათვის განკუთვნილ სტიპენდიას არ იღებს, ჯანმრთელი მაინც იქნება. მერია აკეთებს იმას, რომ ეს ბავშვი სახლში არ წავიდეს და ქუჩისკენ არ იყოს მიდრეკილი. ამის გამო ჯანმრთელი თაობა იზრდება. ჩემთან ცენტრში ვინც შემოდის, გამოკრული მაქვს და ყველას შეუძლია გაეცნოს მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალს. ეს ციფრი ყოველთვიურად იცვლება, რადგან შესაძლოა, სოციალურად დაუცველი ბავშვები ჩემთან აღარ მოვიდნენ და წავიდნენ საცურაო აუზზე, ცეკვაზე. ცხადია, იქაც აფინანსებს მერია. ჩვენ ამ სიებს ვუგზავნით მერიას, რომელიც მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით ამ სიის ნამდვილობას სწავლობს და ქულების რაოდენობის მიხედვით, აფინანსებს ბავშვებს. ეს მწვრთვნელისთვის სტიმულია.

თქვენი მწვრთვნელების შესახებ რას გვეტყვით? სპორტული კარიერის თვალსაზრისით, რა გზა გაიარეს ამ ადამიანებმა?

- თითქმის ყველა სახეობაში კვალიფიციური მწვრთვნელები გვყავს. არიან ახალბედა მწვრთვნელებიც, რომლებიც ოსტატდებიან. უცხოს არ ვიღებთ, არამედ-სპორტის ოსტატებს, ყოფილ სპორტსმენებს, რომლებიც თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას გადასცემენ ბავშვებს. ახლა ვიღაც მოვიდეს და ტანვარჯიშის მწვრთვნელობა მინდაო, ასე არ არის. მას ან სპორტის აკადემია უნდა ჰქონდეს დამთავრებული, ან მწვრთვნელად უნდა იყოს ნამუშევარი საქართველოში, ან უცხოეთში. ჩვენს ცენტრში მწვრთვნელებად მუშაობენ ცოლ-ქმარი, რომლებიც ამერიკაში იყვნენ ამავე პროფესიით, დატოვეს ამერიკა და საქართველოში ჩამოვიდნენ. სხვათა შორის, ისინი წარმატებული მწვრთვნელები არიან.

ტანვარჯიშის მოწინავე ქვეყნებთან მიმართებით რა პერსპექტივა აქვთ ქართველ ბავშვებს?

- საერთოდ, ტანვარჯიშის მოწინავე ქვეყნებია იაპონია, ჩინეთი, კორეა, რუსეთი და ამერიკა. ისინი წინ არიან, მიღწევები აქვთ, მაგრამ თანდათანობით ჩვენც ვიზრდებით.

თუ არის ქვეყანა, რომლის ტანმოვარჯიშეთა დონემდე ასვლასაც ქართველი ტანმოვარჯიშეები ცდილობენ?

- სამსახურეობრივი მივლინებით ბელორუსიაში შეჯიბრზე გახლდით. სხვათა შორის, ბატუტში ჩატარდა ტურნირი და კარგად გამოვიდნენ ჩვენი ბავშვები. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბევრად ჩამოვრჩებით. უბრალოდ, ცოტა მეტი მუშაობა, მწვრთვნელთა შორის კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო. ეს პრობლემები მოგვარებადია.

ბოლო წლებიდან გამომდინარე, სპორტის ამ სახეობაშიც ხომ არ იყო წყვეტა?
- სპორტში საერთოდ წყვეტა იყო. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ფაქტობრივად, დაინგრა ჩვენი სპორტი. წარმოიდგინეთ, საქართველო მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის პირველობებში, რომელიც ზღვა გამოცდილება, დიდი აკადემია იყო. ამ დიდ ჭიდილში კონკურენციას რომ გაივლიდა სპორტსმენი და აქედან დააღწევდა თავს, უკვე საერთაშორისო არენაზე იოლად გადიოდა. შესაბამისად, ვხდებოდით ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები.

ტანვარჯიში სპორტის ლამაზ სახეობად ითვლება. სხვა სახეობის სპორტსმენები თუ გაკითხავენ?

- ეს მართლაც ლამაზი სახეობაა. ტანვარჯიში ყველა სპორტის საძირკველია. ჩვენთან დადიან ფეხბურთელები, კალათბურთელები, წყალში თუ ტრამპლინიდან მხტომელები. ისინი კოორდინაციისთვის, გაწელვა-ელასტიურობისთვის ვარჯიშობენ. ტანვარჯიში კარგი საშუალებაა, სპორტსმენი ათლეტად ჩამოყალიბდეს. მოვუწოდებ მშობლებს, ჩააბან ბავშვები ტანვარჯიშში, რადგან ტანვარჯიში გამოკვეთს ბავშვს, როგორც სპორტსმენს. როცა გამოიკვეთება და ჩამოყალიბდება ბავშვი, კუნთოვანი სისტემა გაუმაგრდება და მომძლავრდება, შესაძლოა, თვითონვე აირჩიოს სპორტის სასურველი სახეობა.

სამედიცინო თვალსაზრისით, გარკვეული ფიზიკური დარღვევების დროს ტანვარჯიში საუკეთესო გამოსავალია.

- ამ მხრივ ძალიან ბევრ ბავშვს აღენიშნება სქოლიოზი. ტანვარჯიში, მძლეოსნობა, საერთოდ, სპორტის ყველა სახეობა კარგია, ბავშვისთვის ცუდი სპორტული სახეობა არ არსებობს. ტანვარჯიში ხსნის სისხლძარღვებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ტვინს სისხლი უფრო აქტიურად მიეწოდება. უფრო განვითარებული, გონიერი, მობილიზებული ხდება ბავშვი. ტანვარჯიში და მძლეოსნობა შედარებით კარგად გამოკვეთს ბავშვს, როგორც სპორტსმენს და მერე თუ უნდა, დარჩეს ტანვარჯიშზე, თუ უნდა, გადავიდეს. არ გაიგოთ ისე, თითქოს მოვუწოდებ, რომ გადავიდნენ, მაგრამ, თუ გადავლენ სხვა სახეობაზე, ტანვარჯიში ამისთვის შეამზადებს ყველა ბავშვს. ტანვარჯიში ნებისმიერი სპორტის საძირკველია.

უფრო მეტ გაფართოებას თუ აპირებთ?

- კიდევ ერთ დარბაზს ვამატებთ. ქვემოთ კიდევ ქორეოგრაფიის დარბაზი გვექნება და, ვინც გაივლის ქორეოგრაფიას, როგორც სპორტულ, ისე მხატვრულ ტანვარჯიშს, ის ბავშვები ჩავლენ ქვედა დარბაზში, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. დაახლოებით სამასბავშვიან მატებას კიდევ ველით.

მეცადინეობა რამდენ ხანს გრძელდება?

- ერთი საათი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა ივარჯიშოს. თუკი ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდება და მწვრთვნელი მიხვდება, რომ საჭიროა მასთან ინტენსიურ ვარჯიშზე გადასვლა, ამ შემთხვევაში, ცალკე ჯგუფში გადაიყვანს ამ ბავშვს და უკვე სანაკრებო დონეზე დაიწყებს მუშაობას.

გარდა ბავშვებისა, უფროსების ჯგუფებთან არ მუშაობთ?

- ახლა გვინდა დავიწყოთ „დენს აერობიკა“, საღამოს საათებში, 8-9 საათის შემდეგ საცეკვაო ჯგუფები გავაკეთოთ ასაკის შეუზღუდავად. გვაქვს კიდევ ერთი სერვისი. ნანა ნებიერიძემ (რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ცეკვავდა და წყალში მხტომელია) დედებისა და ბავშვების ერთობლივი ვარჯიში დანერგა ჩვენს ცენტრში. ამ გოგონას ხელს ვუწყობთ, მით უმეტეს, უცხოეთში ძალზე პოპულარულია დედებისა და შვილების ერთობლივი ვარჯიში. ბავშვი რომ ხედავს დედის ვარჯიშს, თავიდანვე ეჩვევა დისციპლინას. ეს ახლად მოსიარულე ბავშვისთვის კარგი სტიმულია, დედა და შვილი ერთობლივ მოძრაობებს აკეთებენ, ხტუნაობენ. ამის ბევრი მსურველია. თანაც, თუ ბავშვი სახლში ჰიპერაქტიურია და ვერ აჩერებენ, ჩვენს ცენტრში ენერგიას დახარჯავს და სახლში რომ მივა, დაისვენებს. რაც შეეხება „დენს აერობიკას“, ამით დაკავდება მთელი ოჯახი. ღამის საათებში საცეკვაო მოთხოვნა უკვე წამოვიდა. მოკლედ, თუ გაჯანსაღებას გადაწყვეტენ, ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ. გამუდმებით ახლის ძიებაში ვართ. ჩვენთან მიღება 3-4 წლიდან 16-20 წლამდე შეიძლება. ახალი პროექტების ფარგლებში კი უფრო ზრდასრულების მიღებასაც შევძლებთ და ასაკობრივი ზღვარი არ იარსებებს.

ერთხელ ერთმა ჩვენმა მშობელმა მითხრა, რას აკეთებს მერია, რაში გეხმარებათო, ცოტა აგრესიულად იყო განწყობილი. ამოვიდა და, რომ გავაცანი ეს პროექტები, გაგიჟდა, ამის შესახებ მე არ ვიცოდიო. იმის ლაპარაკს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ჯოხი ჩასცხო თავში, კარგი იქნება, თუ სხვა ჟურნალისტებიც დარწმუნდებიან, როგორ ჯანსაღდებიან ბავშვები, როგორი ლამაზი მომავალი თაობა გვყავს. საოცარი სილამაზეა ჩვენს ორივე დარბაზში, სადაც არ უნდა შევიდნენ. პატარა ბავშვები კოტრიალობენ, ხტუნაობენ. ამას ყოველდღიურად ვუყურებ და მინდა, სხვამაც ნახოს. ზოგიერთი ოთხი წლის ბავშვი წესიერად ვერც დადის, ჩემთან კი მოტივირებულად მოდიან, სერიოზულ მოძრაობებს აკეთებენ და უკვე ფიქრობენ, რომ უფრო დიდ ასპარეზზე გავიდნენ და დასწავლილი პროგრამა შეასრულონ. ამ დროს სულ რაღაც ოთხი წლისანი არიან, სკოლაში არც დადიან, პომპონჩიკებიანი კაბებით ვარჯიშობენ. ამ ბავშვების მოძრაობებს რომ უყურებენ, ყველა სტუმარი მეუბნება, რა კარგი ხედი გაქვსო.

მასობრივ სპორტზე უფრო მეტი მოთხვნა უნდა წამოვიდეს. ყველა რომ დაინტერესდება სპორტით, სახელმწიფოც გაცილებით მეტად ჩაერთვება, აშენდება, გაკეთდება ბევრი სპორტული ობიექტი. ასე ხდება შვეიცარიაში, ჩინეთში. მთელი ჩინეთი ვარჯიშობს დილაობით, მთელი ევროპა ვარჯიშობს.